Facebook Twitter

ას-1281-1202-2015 14 ივნისი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი - შპს ”ნ.ი.ჯ.” (მოპასუხე)

წარმომადგენელი - დ.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ს.ს.ე.კ. (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ი.ა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2013 წლის 30 აგვისტოს შპს "ს.ს.ე.კ–ს" (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, აპელანტი, პირველი გამყიდველი, პირველი მიმწოდებელი) და შპს "ნ.ი.ჯ."-ს (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, კასატორი, მყიდველი, შემძენი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება 2013 წლის 31 დეკემბრამდე მყიდველისათვის მიეწოდებინა 400 000 კბ.მ. ბუნებრივი გაზის საორიენტაციო მოცულობა {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 477-ე მუხლი}.

2. პირველი გამყიდველის მიერ მყიდველისათვის მისაყიდი ყოველი 1000 კბ.მ. ბუნებრივი გაზის ფასი ლარში შეადგენდა 325 აშშ დოლარის ეკვივალენტს.

3. ფასში არ შედიოდა სემეკის მიერ დადგენილი მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გაზის ტრანსპორტირების გადასახადი და დ.ღ.გ.

4. 2013 წლის 30 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით, ანგარიშსწორების ვადების დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 0,07%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე {სსკ-ის 417-418-ე მუხლები}.

5. 2013 წლის სექტემბერში, პირველმა გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა 47 076 კბ.მ., ხოლო 2013 წლის ოქტომბერში - 7 061 კბ.მ. ბუნებრივი აირი, რომლის ღირებულება შემძენს არ აუნაზღაურებია.

6. 2013 წლის 27 სექტემბერს, პირველმა მიმწოდებელმა წერილით მიმართა მყიდველს და აცნობა, რომ ენერგობაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მათი კომპანია ვეღარ მოახერხებდა ნაკისრი ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებას და აქედან გამომდინარე, მოითხოვა 2013 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა.

7. 2013 წლის 5 ოქტომბერს, მყიდველსა და შპს "ს.ჯ.გ.- კ–ს“ (შემდეგში: მეორე გამყიდველი/მიმწოდებელი) შორის გაფორმდა ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მეორე გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, მიეწოდებინა მოპასუხისათვის გაზი ყოველ 1000 კბ.მ. - 593,22 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ხოლო დღგ-სა და აქციზის ღირებულების ჩათვლით - 700 ლარად.

8. მეორე მიმწოდებელმა მყიდველს მიაწოდა შემდეგი მოცულობის ბუნებრივი აირი: 2013 წლის ოქტომბერში - 56 050 კბ.მ.; 2013 წლის ნოემბერში - 89 191 კბ.მ.; 2013 წლის დეკემბერში - 63 502 კბ.მ., სულ ჯამში - 208 743 კბ.მ.

9. 2014 წლის 14 მარტს, პირველმა მიმწოდებელმა სარჩელი აღძრა მყიდველის წინააღმდეგ და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მისთვის 35 846,82 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 3 135.10 ლარის - 2014 წლის 21 თებერვლამდე, ხოლო 2014 წლის 21 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დავალიანების 0.07% დაკისრება მოითხოვა.

10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან შეგებებული სარჩელი აღძრა შემდეგი საფუძვლებით:

10.1. მყიდველი 2013 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე, პირველი გამყიდველისგან ბუნებრივ აირს იღებდა 325 აშშ დოლარად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ 2013 წლის ოქტომბერშივე შეწყვიტა მყიდველისათვის გაზის მიწოდება, რის გამოც, შემძენს მოუწია აირის სხვა კომპანიისგან შეძენა უფრო მაღალ ფასად, რითაც მიიღო ფინანსური დანაკლისი.

10.2. ამასთან, სხვა კომპანიისგან აირის მისაღებად, შემძენს დასჭირდა საჭირო სისტემის ხელმეორედ რეკონსტრუქცია, რასაც დამატებითი ხარჯები მოჰყვა და შესაბამისად, იზარალა.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით, ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების 35 846,82 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე, დაეკისრა პირგასამტეხლოს 500 ლარის გადახდა, ხოლო 2014 წლის 21 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - დავალიანების 0.05%-ის პირგასამტეხლოს ანგარიშში გადახდა. მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და პირველ მიმწოდებელს მყიდველისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დაეკისრა 11 112 ლარის გადახდა, შეგებებულ მოსარჩელეს უარი ეთქვა ზიანის სახით 2929.85 ლარის დაკისრებაზე. სასამართლომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძველზე, საბოლოოდ, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ 25 234.82 ლარის გადახდა დააკისრა. მან დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 477-ე, 417-ე, 420-ე, 394-ე 442-ე მუხლები.

12. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგი საფუძვლებით:

12.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხემ პირველი მიმწოდებლისაგან თითოეული 1000 კბ.მ ბუნებრივი გაზი შეისყიდა 325 აშშ დოლარად (სებ-ის მიერ დადგენილი იმდროინდელი გაცვლითი კურსის მიხედვით 539.5 ლარი); მართალია, მყიდველისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი აღნიშნული თანხით განისაზღვრა, მაგრამ მას ემატებოდა სემეკის მიერ დადგენილი მაღალი წნევის მაგისტრალურ გაზსადენის მეშვეობით გაზის ტრანსპორტირების გადასახადი და დღგ, შესაბამისად, 1000 კბ.მ. გაზის ღირებულება 593 ლარი იყო, რისი გათვალისწინებითაც, როგორც ძველი, ასევე ახალი მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ ფასთა შორის სხვაობა ფაქტობრივად არ არსებობდა და ამდენად, ზიანიც არ დამდგარა.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისა და მოსარჩელისათვის მოპასუხის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს ძირითად სარჩელში მოპასუხის მიმართ დაეკისრა ზიანის 7681.74 ლარის ანაზღაურება, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძველზე, მოპასუხეს ძირითად სარჩელში საბოლოოდ დაეკისრა 28 175.08 ლარის გადახდა.

13.1. პალატის მოსაზრებით, მხარეთა შეთანხმება დაახლოებით 400 000 კუბური მეტრის ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, გულისხმობდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მისაწოდებელი აირის საორიენტაციო ოდენობას მყიდველის საჭიროებისამებრ; შესაბამისად, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისას 208 743 კბ.მ. ბუნებრივი გაზის მიწოდება წარმოადგენდა პირველი გამყიდველის ვალდებულებას, რაც მან არ შეასრულა და ამის გამო, მყიდველი იძულებული გახდა, მითითებული ოდენობა მიეღო მეორე მიმწოდებლისგან უფრო მაღალ ფასში. ამდენად, პირველი მიმწოდებელი ვალდებული იყო, ზიანის ანაზღაურების სახით, მყიდველისათვის აენაზღაურებინა ფასთა შორის სხვაობა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 7 681,74 ლარი.

13.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მყიდველს პირველი მიმწოდებლის სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 30 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების - 35 846, 82 ლარის გადახდა, რაც მას არ გაუსაჩივრებია. უდავოა, რომ დავალიანება - 35 846, 82 ლარი წარმოადგენდა მყიდველისათვის პირველი გამყიდველის მიერ 2013 წლის სექტემბერში მიწოდებული 47 076 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის და 2013 წლის ოქტომბერში მიწოდებული 7 061 კუბური მეტრი აირის ღირებულებას. კერძოდ, 31 152,54 ლარი წარმოადგენდა 2013 წლის სექტემბერში მიწოდებული 47 076 კუბური მეტრის, ხოლო 4 694.28 ლარი - 7 061 კუბური მეტრი აირის ღირებულებას. შესაბამისად, 2013 წლის სექტემბერში მიწოდებული ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ღირებულება 0,66174 (31 152,54/47 076=0,66174), ხოლო 1000 კუბური მეტრი გაზის ღირებულება 661.74 ლარი იყო (0,66174X 1000). 2013 წლის ოქტომბერში მიწოდებული ერთი კუბური მეტრი გაზის ღირებულება 0.6648 (4 694.28/7 061 = 0.6648), ხოლო 1000 კუბური მეტრი გაზის ღირებულება 664,8 ლარს (0.6648 X 1000) შეადგენდა.

13.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაადგინა, რომ 2013 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში 1000 კუბური მეტრი გაზის ღირებულება, ხელშეკრულებაში მითითებული ყველა კომპონენტის (325 აშშ დოლარს დამატებული სემეკის მიერ დადგენილი ბუნებრივი გაზის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გაზის ტრანსპორტირების გადასახადი და დ.ღ.გ) ჩათვლით, საშუალოდ შეადგენდა 663,2 ლარს. მყიდველსა და მეორე გამყიდველს შორის დადებული გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მყიდველის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასური განისაზღვრა 0.70 ლარი კუბური მეტრისათვის, ამდენად, 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ღირებულება ამ შემთხვევაში შეადგენდა 700 ლარს. პალატამ მიიჩნია, რომ ზიანის ოდენობის დაანგარიშებისათვის, მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული რეალურად გადახდილი თანხები და აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაზღვრულიყო ფასთა შორის სხვაობა. პალატის შეფასებით, ფასთა შორის სხვაობამ 1000 კუბური მეტრ აირზე განსახილველ შემთხვევაში შეადგინა 36.8 ლარი (700-663,2=36.8), ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მიმწოდებლისგან 2013 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის განმავლობაში შესყიდული იქნა ჯამში 208 743 კბ.მ ბუნებრივი გაზი, პალატამ დაასკვნა, რომ ხელშეკრულების მოშლით მყიდველისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 7681,74 ლარი იყო. სააპელაციო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 394.1, 408.1, 412-ე მუხლები.

14. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მყიდველმა შემდეგი საფუძვლებით:

14.1. 2013 წლის 30 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა იტვირთა ვალდებულება მყიდველისათვის 2013 წლის 31 დეკემბრამდე მიეწოდებინა 400 000 კბ.მ ბუნებრივი გაზი, თითოეულ 1000კბ.მ - 325 აშშ დოლარის ფასად, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა სულ 54 137 კბ.მ ბუნებრივი აირი, ხოლო მეორე გამყიდველის მიერ მიწოდებული პროდუქციის მოცულობამ 2013 წლის 31 დეკემბრამდე, შეადგინა 208 743 კბ.მ ბუნებრივი აირი, რაც არ სცდება სადავო ხელშეკრულებით დადგენილ მისაწოდებელი აირის საორიენტაციო მოცულობას. ამდენად, 208 743 კბ.მ ბუნებრივი გაზის მიწოდება ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისას წარმოადგენდა მოსარჩელის ვალდებულებას, რაც მან დაარღვია.

14.2. აღნიშნულმა გარემოებამ მყიდველი აიძულა, ბუნებრივი გაზის მითითებული ოდენობა მიეღო მეორე მიმწოდებლისგან უფრო მაღალი ღირებულებით 1000კბ.მ - 593 ლარად. პირველი მიმწოდებლის მიერ გატარებული 208 743 კბ.მ აირის საფასური 539 ლარის გათვალისწინებით შეადგენს 112 717 ლარს, ხოლო მეორე მიმწოდებლის მიერ იგივე ოდენობის გაზის გატარებისას მოპასუხემ გადაიხადა 123 830 ლარი, ღირებულებებს შორის სხვაობამ შეადგინა 11 112 ლარი; სწორედ აღნიშნული თანხა წარმოადგენს მოპასუხის მიერ მიღებულ მატერიალურ ზიანს, რაც უსაფუძვლოდ შეამცირა სააპელაციო სასამართლომ.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

16. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე, მხარეთა მოსაზრებების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობის თაობაზე, სახელდობრ:

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. კასატორის ერთადერთი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა იმ ზიანის მოცულობა, რომელიც პირველი გამყიდველის მიერ 2013 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობას მოჰყვა და ამის გამო ის იძულებული გახდა, ბუნებრივი აირი მეორე გამყიდველისაგან უფრო მაღალ ფასში, 1000კბ.მ - 593 ლარად შეეძინა, მაშინ, როდესაც პირველ გამყიდველს ის იმავე რაოდენობის ბუნებრივ გაზში 539.5 ლარს უხდიდა.

19. მტკიცების ტვირთის მატარებელმა კასატორმა {სსსკ-ის 102-ე მუხლი} ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ 2013 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულების 6.1. პუნქტით გათვალისწინებული 1000 კუბ.მეტრი გაზის ფასი - 325 აშშ დოლარი - მოიცავდა ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდეგში: სეწმეკი) მიერ დადგენილ გაზის ტრანსპორტირების გადასახადსა და დამატებითი ღირებულების გადასახადს.

20. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სრულიად სამართლიანად დაადგინა, რომ 2013 წლის სექტემბერში და ოქტომბერში 1000 კუბური მეტრი გაზის ღირებულება, ხელშეკრულებაში მითითებული ყველა კომპონენტის (325 აშშ დოლარს დამატებული სემეკის მიერ დადგენილი მაღალი წნევის მაგისტრალურ გაზსადენის მეშვეობით გაზის ტრანსპორტირების გადასახადი და დ.ღ.გ) ჩათვლით საშუალოდ შეადგენდა 663,2 ლარს. მყიდველსა და მეორე გამყიდველს შორის დადებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მყიდველის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასური განისაზღვრა 0.70 ლარი კუბური მეტრისათვის, ამდენად, 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის ღირებულება ამ შემთხვევაში შეადგენდა 700 ლარს. პალატამ სწორად დაასკვნა, რომ ზიანის ოდენობის გაანგარიშების დროს მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული რეალურად გადახდილი თანხები და აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაზღვრულიყო ფასთა შორის სხვაობა. ამ სხვაობამ 1000 კუბურ მეტრ აირზე განსახილველ შემთხვევაში, შეადგინა 36.8 ლარი (700-663,2=36.8), ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მიმწოდებლისგან 2013 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის განმავლობაში შესყიდული იქნა ჯამში 208 743 კბ.მ ბუნებრივი გაზი, პალატის მოსაზრებით, ხელშეკრულების მოშლით მყიდველისათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა არა 11 112, არამედ 7681,74 ლარი.

21. ამრიგად, 2013 წლის 30 აგვისტოს ხელშეკრულება 400 000 კბ.მ. ბუნებრივი აირის მიწოდებაზე, რომელიც მოქმედებდა იმავე წლის 31 დეკემბრამდე, დაარღვია პირველმა გამყიდველმა, ვადაზე ადრე, იმავე წლის ოქტომბერში შეწყვიტა მიწოდება, ანუ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რასაც შედეგად მოჰყვა მყიდველისათვის 7681,74 ლარის ოდენობის ზიანის მიყენება. შესაბამისად, რადგანაც განხორციელებული იყო სსკ-ის 477-ე, 394-ე და 408-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები, სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად დააკისრა მოპასუხეს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

22. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონი არ დარღვეულა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით

გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.1.-ე, 408.2-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს "ნ.ი.ჯ.ს" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მზია თოდუა

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი