Facebook Twitter
ას-1294-1214-2015 27 ივნისი, 2016 წელი,
თბილისი


სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი


საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი - სს ,,ს.ნ. და გ.კ.'' (მოსარჩელე)

წარმომადგენლები - ლ.ე., მ.გ.

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ,,ს.ა.ი.“ (მოპასუხე)

წარმომადგენლები - გ.ა., გ.კ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2012 წლის 13 იანვარს, სსიპ „ს.ა.ი–მა“ (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, შემსრულებელი) სს „ს.ნ. და გ.კ–ას“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში, შემკვეთი, კომპანია, კორპორაცია) მოსარჩელეს შესთავაზა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტის ჩატარება და ფინანსური და იურიდიული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.
2. შეთავაზების საგანი იყო კორპორაციის 2010-2011 წლებში გაწეული საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტი, რაც ასევე, იმავე წლებში მოსარჩელის მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის ოპერაციების მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობისა და ხარჯების მიზნობრიობის აუდიტსა და გაწეული ხარჯებისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიანობასაც გულისხმობდა {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილი}.
3. მოსარჩელემ მიიღო შეთავაზება {სსკ-ის 330-331-ე მუხლები} და მხარეებმა 2012 წლის 20 იანვარს გააფორმეს წერილობითი ხელშეკრულება {სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი}.
4. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, 305 320 ლარით განისაზღვრა.
5. მოსარჩელემ მოპასუხეს ხელშეკრულების ანგარიშში წინასწარ (ავანსად) გადაუხადა 228 990 ლარი.
6. ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების დასრულებისთანავე მოხდებოდა შესრულების დადასტურება ორივე მხარის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით.
7. 2012 წლის 30 აგვისტოს, შემსრულებელმა დამკვეთს წარუდგინა ანგარიში გამოვლენილ ნაკლოვანებებზე, ასევე წერილობითი რეკომენდაციები მათ აღმოსაფხვრელად. წერილში მან მიუთითა, რომ ჩაატარა კომპანიის 2010-2011 წლების საქმიანობის შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტი, რომელმაც მოიცვა შემდეგი ძირითადი საკითხები: კომპანიაში არსებული სტრუქტურული და ინსტიტუციონალური საკითხები; ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; შიდა კონტროლის მექანიზმები; პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები; კომპანიის მიერ განხორციელებული შესყიდვები; ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებული საკითხები; გარდა ზემოჩამოთვლილისა, წერილში აღინიშნა, რომ მოპასუხეს ევალებოდა აუდიტის საფუძველზე გამოეთქვა მოსაზრება იმის შესახებ, თუ რამდენად შესაბამისობაშია კომპანიის საქმიანობა მოქმედ კანონმდებლობასთან და მარეგულირებელ ნორმებთან. ასევე შეეფასებინა, თუ რამდენად ეკონომიური, პროდუქტიული და ეფექტიანია კორპორაციის ძირითადი საქმიანობა.
8. მოპასუხემ შეადგინა მოსარჩელის საქმიანობის შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, კომპანიის მიერ 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელებული საქმიანობა, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, შესაბამისობაში იყო მოქმედ კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან. ამავე ანგარიშის თანახმად, „აუდიტორული საქმიანობა წარიმართა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც გულისხმობს აუდიტის დაგეგმვასა და ჩატარებას იმგვარად, რომ გაკეთდეს შეფასება კორპორაციის საქმიანობა რამდენად ეკონომიური, პროდუქტიული და ეფექტიანია“. მოპასუხის შეფასებით „კომპანიის 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელებული საქმიანობა, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, ეკონომიური, პროდუქტიული და ეფექტიანი იყო“.
9. 2013 წლის 4 ივნისს, მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობითი პრეტენზია გაუგზავნა და აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული ეფექტიანობისა და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში და სარეკომენდაციო წერილი არა მარტო ვერ აკმაყოფილებდა ხელშეკრულების საგნით გათვალისწინებულ პირობებსა და წერილში აღნიშნულ კრიტერიუმებს, არამედ ვერ ჯდებოდა აუდიტორული მომსახურებისათვის საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებშიც. შესაბამისად, ინსტიტუტის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არსებული სახით, კორპორაციისათვის იყო არაპროდუქტიული, აუდიტორული თვალსაზრისით კი არ წარმოადგენდა სრულყოფილ და ღირებულ დოკუმენტს. შემკვეთმა მოითხოვა კორექტირებული ანგარიში, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა როგორც მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.
10. 2013 წლის 21 აგვისტოს წერილით, მოპასუხემ უარყო მოსარჩელის პრეტენზიები იმაზე მითითებით, რომ აუდიტი წარიმართა ISSAI-ის (International Standarts of Supreme Audit Institutions) სტანდარტებისა და ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად.
11. ხელშეკრულებით დადგენილი წესით შესრულებული სამუშაოს მიღება არ მომხდარა.
12. 2013 წლის 18 ნოემბერს, მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა 228 990 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნით.
13. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი შემდეგი დასაბუთებით:
13.1. ერთი მხრივ ხელშეკრულებით, ხოლო მეორე მხრივ, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი შეთავაზების შესაბამისად, მოპასუხეს ევალებოდა დამკვეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და წარმართული პროცესების შეფასება, ამა თუ იმ სუბიექტის ეფექტიანობის აუდიტი არც ერთ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ამ სუბიექტის გარეთ მიღებული გადაწყვეტილებების, მაგ: მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, ცენტრალური ან ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლების წარმომადგენლების გადაწყვეტილებების ან მათი გავლენის შეფასებას ამ სუბიექტის საქმიანობაზე. ეფექტიანობის აუდიტი გულისხმობს კომპანიაზე დაკისრებული ამოცანების, ვალდებულებების, მანდატის და ფუნქციების შესრულების, ასევე დანერგილი მართვის სისტემების ეფექტიანობის გაზომვას, შესაბამისად, მოპასუხე ვერ შეაფასებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიღებული იყო არა კომპანიის ხელმძღვანელობის, არამედ ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოების მიერ.
13.2. მოსარჩელის არგუმენტი, რომ მოპასუხე ახლადშექმნილი ორგანიზაციაა და ამის გამო მის მიერ მომზადებული ანგარიში ვერ იქნება სათანადოდ დასაბუთებული, წარმოადგენს მცდარ მსჯელობას. მოპასუხე ხელმძღვანელობს იგივე საერთაშორისო სტანდარტებით, რომლითაც ყველა ცნობილი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე აუდიტორული კომპანია.
14. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის წინააღმდეგ 6330 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი და დამკვეთს შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ 6330 ლარის გადახდა დაეკისრა.
16. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში მითითებული გარემოებები, ამასთან კოლეგიამ დაასკვნა, რომ ძირითადი სარჩელის მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა. სასამართლომ დავის გადასაწყვეტად გამოიყენა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 327-ე, 629-ე, 361-ე, 380-ე, 394-ე, 427-ე მუხლები.
17. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კომპანიამ შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
17.1. 2010-2011 წლებში, კორპორაციამ საქართველოს მთავრობის დავალების საფუძველზე განახორციელა სხვადასხვა სახის არაპროფილური პროექტები, რის უზრუნველსაყოფადაც კომპანიის მიერ ჯამურად გადახდილმა თანხამ დაახლოებით 75 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნული პროექტების განხორციელებიდან, კორპორაციას როგორც კომერციული, ასევე სხვა თვალსაზრისით, სარგებელი არ მიუღია. მოპასუხის მხრიდან კომპანიის საქმიანობის 100%-ით ეფექტურად მიჩნევა, არ შეესაბამება ობიექტურ რეალობას. კომპანია ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობას და არსებულის რეაბილიტაციას, იმ პირობებში კი, როცა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გაზიფიცირებული არ არის, არაპროფილურ პროექტებში დახარჯული 75 000 000 ლარით შეიძლებოდა მრავალი დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება.
17.2. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ არ გაიზიარა კომპანიის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ეფექტიანობის აუდიტის ნაწილში გაცემული დასკვნა არის უხარისხო, შესაბამისობის აუდიტის ნაწილში გაცემულ დასკვნას ღირებულება აღარ გააჩნია.
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
19. პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.
20. პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოპასუხის ანგარიში მიუღებელი აღმოჩნდა შემკვეთისათვის, საკმარისი არ იყო იმის შესაფასებლად, რომ მომზადებული დასკვნა უხარისხო იყო და ადგილი ჰქონდა ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას.
21. პალატამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო შემსრულებლის ვალდებულების ფარგლების დადგენა, კერძოდ, 2012 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებით ევალებოდა თუ არა მას შემკვეთის იმ საქმიანობის გამოკვლევა და შეფასება, რომელიც კორპორაციამ საანგარიშო პერიოდში განახორციელა საქართველოს მთავრობისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაწყვეტილებებისა და დავალების საფუძველზე? მართალია, ხელშეკრულებით აუდიტი შეზღუდული არ ყოფილა, თუ რომელ კონკრეტულ მიდგომას (მაგ: შედეგზე, პრობლემაზე ან სისტემაზე ორიენტირებული) გამოიყენებდა საანგარიშო პერიოდში აუდიტის ობიექტის საქმიანობის ეფექტიანობის დასადგენად. თუმცა, ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული ის პირობა, რომ აუდიტს სწორედ კორპორაციის არაპროფილური საქმიანობის გამოკვლევის გზით და აღნიშნულის გათვალისწინებით მოეხდინა ამ უკანასკნელის საქმიანობის ეფექტიანობის დადგენა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, არ მიუთითებია იმ მტკიცებულებებზე, რომლის მიხედვითაც მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო მოეხდინა კორპორაციის მიერ განხორციელებული არაპროფილური საქმიანობის შეფასება.
22. აქედან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხეს ხელშეკრულების ფარგლებში არ გააჩნდა კომპანიის არაპროფილური საქმიანობის გამოკვლევის და შეფასების ვალდებულება, შესაბამისად, მას ვალდებულება არ დაურღვევია.
23. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (აპელანტმა). მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივებით:
23.1. პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2010-2011 წლებში, კომპანიამ საქართველოს მთავრობის შეკვეთით, განახორციელა სხვადასხვა ტიპის არაპროფილური საქმიანობა 75 მილიონი ლარის ინვესტირებით; აღნიშნული პროექტებიდან კომპანიას არც კომერციული და არც სხვა თვალსაზრისით, სარგებელი არ მიუღია. გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ არაპროფილური საქმიანობით მიღებული აქტივები კორპორაციამ უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. მოპასუხე ვალდებული იყო, ეფექტიანობის აუდიტი ჩაეტარებინა უშუალოდ კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე და შეეფასებინა, რამდენად ემსახურებოდა საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა კორპორაციის სადამფუძნებლო მიზნების მიღწევას და იმავდროულად იყო თუ არა აღნიშნული საქმიანობა ეკონომიკურად გამართლებული.
23.2. პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა ის გარემოება, რომ კორპორაციის მხრიდან ხსენებული მომსახურების შესყიდვა მეტწილად უკავშირდებოდა საფონდო ბირჟებიდან და სხვა წყაროებიდან ინვესტიციების მოზიდვის შემდეგ ინვესტორებთან წარმატებული ურთიერთობის დამყარების მიზანს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც 2010-2011 წლებში კორპორაციამ პროფილურ და კომერციულად მომგებიან პროექტებზე მეტად, არაპროფილური და წამგებიანი პროექტები განახორციელა, კომპანიის საქმიანობის 100%-ით ეფექტურად მიჩნევა არ შეესაბამებოდა ობიექტურ რეალობას. კომპანიის მოლოდინი იყო ის, რომ დასკვნაში ასახულიყო ობიექტური რეალობა, რომლის გათვალისწინებითაც, კომპანიის საქმიანობა საანგარიშო წლებში უნდა შეფასებულიყო ნაწილობრივ არაეფექტურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასკვნა გამოიწვევდა უნდობლობას იმ სუბიექტებში, რომლებიც იცნობენ კომპანიის 2010-2011 წლების საქმიანობას.
23.3. ეფექტურობის დასკვნის უხარისხობამ მნიშვნელობა დაუკარგა შესაბამისობის დასკვნასაც, აუდიტორული საქმიანობა ისეთ სფეროს განეკუთვნება, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა საქმიან რეპუტაციას, ნდობას და ავტორიტეტს ენიჭება. იმის გათვალისწინებით, რომ შემსრულებელმა ვერ შეძლო ერთი კატეგორიის დასკვნის ჯეროვნად მომზადება, ბუნებრივია, ეჭვქვეშ დადგა შესაბამისობის აუდიტიც, რადგანაც იგი შინაარსობრივი თვალსაზრისით, რაიმე ღირებულს არ შეიცავს.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.




ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


25. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე, მხარეთა მოსაზრებების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობის თაობაზე, სახელდობრ:
26. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
27. კასატორი თავის მოთხოვნას ამყარებდა იმაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარემ არაჯეროვნად შეასრულა 2012 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და აუდიტის დასკვნა, რომელიც მან 2012 წლის 30 აგვისტოს წარმოადგინა, არ პასუხობდა ISSAI-ის (International Standarts of Supreme Audit Institutions) სტანდარტებსა და ხელშეკრულების პირობებს, რაც გამოიხატა იმაში, რომ მასში არ ასახულა 2010-2011 წლებში საქართველოს მთავრობისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაწყვეტილებებისა და დავალების საფუძველზე კომპანიის მიერ განხორციელებული 75 მილიონი ლარის ღირებულების ის არაპროფილური საქმიანობა, რომელიც კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი არ ყოფილა.
28. მოცემულ შემთხვევაში, 228 990 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნის უარყოფა (წარუმატებლობა) განაპირობა იმან, რომ სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი და მეორე, 641-ე მუხლისა და 644-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები არ იყო განხორციელებული. კერძოდ:
28.1. მხარეთა შორის 2012 წლის 20 იანვარს დადებული ნარდობის ხელშეკრულებამ, რომელიც აკმაყოფილებდა გარიგების დადების ზოგად პირობებს {სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი, 54-59-ე მუხლები}, განსაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი.
28.2. მისი საგანი იყო კორპორაციის 2010-2011 წლებში გაწეული საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტი, რაც ასევე, იმავე წლებში მოსარჩელის მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის ოპერაციების მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობისა და ხარჯების მიზნობრიობის აუდიტსა და გაწეული ხარჯებისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიანობასაც გულისხმობდა. აქედან გამომდინარე, მხარეთა მიერ გამოხატული ნება ითვალისწინებდა განსაზღვრული შედეგის - აუდიტორული დასკვნის შედგენასა და შემკვეთისათვის გადაცემას. ეს კი, ფართო გაგებით, დასამზადებელ ნაკეთობად უნდა იქნეს განხილული {სსკ-ის 629-ე და 641-ე მუხლები}, რადგანაც ნარდობის ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს, როგორც სხეულებრივი ნივთი, ისე ინტელექტუალური, სამეცნიერო ან ხელოვნების შრომის ნაყოფი. ამ ტიპის ხელშეკრულების ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მენარდემ ისე უნდა შეასრულოს შეპირებული სამუშაო, რომ შემკვეთისათვის დადგეს სწორედ ის განსაზღვრული შედეგი, რაზედაც შეუთანხმდა მენარდეს, ანუ შესრულება უნდა შეესაბამებოდეს შეთანხმებულ პირობებს.
28.3. აქედან გამომდინარე, კასატორის {სსსკ-ის 102-ე მუხლი} ვალდებულებას წარმოადგენდა იმის დამტკიცება, რომ მოპასუხის მიერ 2012 წლის 30 აგვისტოს შედგენილი აუდიტის დასკვნა არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს, ანუ ნაკლის მქონე იყო, რაც მან ვერ შეძლო. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯერ ერთი, 2012 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებით, სპეციალურად არ ყოფილა შეთანხმებული საქართველოს მთავრობისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაწყვეტილებებისა და დავალების საფუძველზე კომპანიის მიერ განხორციელებული 75 მილიონი ლარის ღირებულების არაპროფილური საქმიანობის კვლევა და მისი ასახვა საბოლოო ანგარიშში, და მეორეც, მოპასუხეს, რომელმაც აუდიტორული დასკვნა შეადგინა ISSAI-ის (International Standarts of Supreme Audit Institutions) სტანდარტებისა და ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად, ევალებოდა არა პოლიტიკურ-ეკონომიკური გადაწყვეტილებების (მაგ. საქართველოს მთავრობის) ეფექტიანობის შეფასება, არამედ კორპორაციის მიერ დაკისრებული ამოცანების, ვალდებულებების, მანდატის და ფუნქციების შესრულების, ასევე დანერგილი მართვის სისტემების ეფექტიანობის კვლევა და შესაბამისი დასკვნების გაკეთება.
28.4. საკასაციო სასამართლო მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარ პრაქტიკაზე (იხ. სუსგ-ებები: # ას-944-894-2015, 27.11. 2015წ.; # ას-1326-1252-2012, 25.03.2013 წ.; # ას-1142-1071-2012, 07.03,2013 წ.) დაყრდნობით განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ტვირთის მატარებელია კასატორი.
28.5. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილი ფაქტი, რომ მოპასუხეს ხელშეკრულების ფარგლებში არ გააჩნდა კომპანიის არაპროფილური საქმიანობის გამოკვლევის და შეფასების ვალდებულება და მისი მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვერ გააბათილა კასატორმა. მარტოოდენ პრეტენზიის გაცხადება, სამართლებრივად წონადი მტკიცებულებების არქონის პირობებში და იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სამართალწარმოებისას, მოპასუხემ, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, საექსპერტო დასკვნის წარდგენა ვერ შეძლო, საკასაციო სასამართლოს არწმუნებს, რომ მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მოსარჩელემ საქმის განხილვის ვერც ერთ სტადიაზე ვერ მოახდინა კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება {სსსკ-ის მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები}, ვერ დაძლია მოწინააღმდეგის არგუმენტები და ვერ დაამტკიცა სარჩელში მითითებული გარემოებები.
29. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონი არ დარღვეულა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 399-ე, 372-ე, , 264.3-ე, 408.1.-ე, 408.2-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ,,ს.ნ. და გ.კ–ის'' საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.




თავმჯდომარე: მზია თოდუა






მოსამართლეები: პაატა ქათამაძე






ეკატერინე გასიტაშვილი