Facebook Twitter

1 ივლისი, 2016 წელი,

ას-1306-1226-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენა

კასატორი - შპს ,,ს.კ.უ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.ყ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი :

1. 2014 წლის 14 ივლისს ი.ყ–სა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი) და შპს „ს. კ. უ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი ან მზღვეველი) შორის გაფორმებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (MERSEDES-BEBZ E200 SDI, სახ# N...) დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი #019989 (შემდეგში: პოლისი) {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ-ის, 799.1 მუხლი}.

2. მოსარჩელემ გადაიხადა სადაზღვევო პოლისით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მხოლოდ პირველი (14.07.2014წ. – 302.95 აშშ დოლარი) და მეორე (14.10.2014 წ. - 302.95 აშშ დოლარი) სადაზღვევო პრემიის პორცია - გადასახდელი ჯამური სადაზღვევო პრემიის 1211.80 აშშ დოლარიდან 605.90 აშშ დოლარი {სსკ-ის 799-ე მუხლის მეორე ნაწილი}.

3. სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენდა ავტომობილის დაზიანება, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანიც. სადაზღვევო თანხა (მზღვეველის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ლიმიტი) 15 000 ლარი იყო {სსკ-ის 820-821-ე მუხლები}.

4. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მზღვეველი სადაზღვევო ანაზღაურებას არ გასცემდა იმ შემთხვევაში, თუ: ა) ავტოტრანსპორტისათვის მიყენებული ზიანი ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების მდგომარეობაში ყოფნისა ან იმ სამკურნალო პრეპარატების მიღებისას, რომლებიც უკუჩვენებაშია ავტოტრანსპორტის მართვასთან, ავტომანქანის მართვისას დადგებოდა; ან ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რომელიც მზღვეველს ანიჭებდა უფლებას უარი ეთქვა ანაზღაურებაზე.

5. 2014 წლის 3 ნოემბერს მოსარჩელემ დაარღვია მანევრირების წესები და დაზღვეული მანქანით შეეჯახა მის წინ მდგომ ავტომანქანას „ჰუნდაი“ სახ. №.....

6. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი დაზღვეული ავტომანქანა.

7. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი წესით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #აა 005823 (შემდეგში: სამართალდარღვევის ოქმი).

8. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოსარჩელე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.

9. მოსარჩელემ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ გაასაჩივრა და დადგენილ ვადაში გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა, 250 ლარი.

10. მოსარჩელემ წერილობით მიმართა მზღვეველს, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

11. მზღვეველმა უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე, იმ მოტივით, რომ დამზღვევმა სადაზღვევო შემთხვევა გამოიწვია უხეში გაუფრთხილებლობით {სსკ-ის 829-ე მუხლი}.

12. სადაზღვევო ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით და 2014 წლის 4 ნოემბრის #2899 აღწერის აქტით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დაზღვეული ავტომანქანის აღსადგენად საჭირო იყო 2796.50 ლარი.

13. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ზიანის, 9875 ლარის დაკისრების მოთხოვნით {სსკ-ის 799.1, 820-821-ე მუხლები}.

14. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სსკ-ის 829-ე მუხლის საფუძველზე წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი.

15. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა, მოსარჩელეზე გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის - 606.90 აშშ დოლარის დაკისრება.

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს დაეკისრა მოპასუხის სასარგებლოდ 605.90 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 799-ე და 829-ე მუხლები.

17. გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მზღვეველს აპელანტის სასარგებლოდ დაეკისრა 2796.50 ლარის გადახდა.

19. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოიხატა მარტივ გაუფრთხილებლობაში, რადგან მისი ფსიქიკური დამოკიდებულება ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიმართ არ წარმოადგენდა იმ ხარისხის ბრალეულობას, რაც მის უხეშ გაუფრთხილებლობად მიჩნევის საფუძველს შექმნიდა, რაც თავის მხრივ, გამორიცხავდა იმგვარი შემთხვევის არსებობას, რომლის დროსაც, მზღვეველი თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გადახდისაგან. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, მზღვეველის არგუმენტი დამზღვევის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მითითებისა და ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე {სსკ-ის 829-ე მუხლი} მოკლებული იყო საფუძველს.

20. მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა; უდავოდ იქნა მიჩნეული, რომ აპელანტის მიერ მზღვეველისათვის გადახდილი არ იყო სადაზღვევო პოლისით დადგენილი გრაფიკის შესაბამისად მესამე და მეოთხე სადაზღვევო პრემიის ნაწილი, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, აპელანტის მიერ გადასახდელი ჯამური სადაზღვევო პრემია არსებული მდგომარეობით შეადგენდა 605.90 აშშ დოლარს.

21. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ (2796,50 ლარის დაკმაყოფილების ნაწილში) გაუქმების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა კასატორმა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

21.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. კერძოდ, ბრალის შეფასებისას კონკრეტულ საქმეზე, მოსამართლემ უნდა დაადგინოს მისი არსებობა და ხარისხი, მაგრამ ამგვარი შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. განსახილველ შემთხვევაში ამ თვალსაზრისით გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

21.2. სასამართლომ დადგენილი პრაქტიკის (საქმე#ას-745-713-2014, 30.04.2015, #სა-943-901-2013, 17.02.2014, #ას-1217—1146-2012, 22.10.2012 და #ას-1510-1425-1212, 18.02.2013) საწინააღმდეგოდ განმარტა სსკ-ის 829-ე მუხლი, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილება.

21.3. სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. მან უკრიტიკოდ გაიზიარა აპელანტის ახსნა-განმარტება, მაშინ როდესაც, მის მიერ მითითებული გარემოებები არ დასტურდებოდა საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის აქტითა და საგზაო შემთხვევის ამსახველი ნახაზით.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

23. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, ასევე, მხარეთა მოსაზრებების ზეპირი მოსმენით შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობის თაობაზე, სახელდობრ:

24. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). 25. საკასაციო საჩივრის პრეტენზია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორ განაწილებას ეფუძნება. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 829-ე მუხლი, რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება. მისი არგუმენტი ემყარება იმას, რომ მოსარჩელე შემთხვევის დღეს მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით და ამიტომ ის უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე.

26. საქმეზე დადგენილი გარემოებების ანალიზი კასატორის ზემოაღნიშნული არგუმენტის საწინააღმდეგო დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. როგორც კასატორის მიერ მითითებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული: „სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ასეთი განმარტება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას“ (იხ. საქმე №ას-745-713-2014 30.04.2015).

27. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტები: შემთხვევის დღეს დამზღვევი მოძრაობდა დაშვებული სიჩქარით თავის სამოძრაო ზოლში, იგი ფხიზელი მართავდა ავტომობილს (არ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ), მოძრაობის დროს არ არღვევდა საგზაო მოძრაობის წესებს. გზაზე წარმოქმნილი სავარაუდო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მან იმოქმედა გაუფრთხილებლად, გააკეთა არასწორი მანევრი, რასაც შედეგად მოჰყვა ავტოავარია. სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ ფაქტების ერთობლიობა იძლეოდა დამზღვევის მოქმედების მარტივ, და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას.

28. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასკვნას და დამატებით განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის ფარგლები, (უფრო მკაცრი ან მსუბუქი პასუხისმგებლობა), შეიძლება გარიგებით ან კანონით დაწესდეს. ამ შემთხვევაში, მხარეებს ხელშეკრულებით არ დაუკონკრეტებიათ ეს ფარგლები, ანუ არ გაუმიჯნიათ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები. შესაბამისად, სსკ-ი 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ.

29. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სსკ-ის 829-ე მუხლის სააპელაციო სასამართლოსეული განმარტება ეწინააღმდეგება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (საქმე#ას-745-713-2014, 30.04.2015, #სა-943-901-2013, 17.02.2014, #ას-1217—1146-2012, 22.10.2012 და #ას-1510-1425-1212, 18.02.2013). მის მიერ მითითებული არც ერთი საქმე არ გამოდგება პრეტენზიის დასასაბუთებლად, რადგანაც მითითებულ საქმეებში ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი, რომლებიც არსებითად განსხვავდება მოცემული საქმის გარემოებებისაგან. კერძოდ:

29.1. საქმე #ას-745-713-2014 - ამ საქმეზე დადგენილი იყო, რომ მძღოლი მისი მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებით უკნიდან შეეჯახა ავტობუსს, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა და რომელიც გაჩერებული იყო მონიშნულ ადგილას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ეს ფაქტი იმაზე მიუთითებდა, რომ მას არ ჰქონდა დაცული საკმარისი დისტანცია, ასევე, სათანადო ყურადღებითა და სიფრთხილით არ ადევნებდა თვალყურს მგზავრების გადამყვან ავტობუსს. ანუ, ადგილი ჰქონდა აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას.

29.2. საქმე #1217-1146-2012 - ამ საქმეზე დადგინდა, რომ მომხდარ ფაქტზე მოსარჩელის (დამზღვევის) მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში იყო მისაღები, რომ მოსარჩელე მოძრაობდა სწორ, 6.5მ. სიგანის ცალმხრივი მიმართულების მქონე უდეფექტო გზაზე, მშრალ ამინდში, ყოველგვარი წინაღობისა და ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე, რა დროსაც შეეჯახა სამანქანე გზის გვერდით არსებულ ტროტუარზე მდგარ ხეს.

29.3. საქმე #ას-943-901-2013 - ავტომობილის მძღოლმა, რომელიც მოძრაობდა გადაჭარბებული, 70 კმ/სთ სიჩქარით, მაშინ, როდესაც დასაშვები სიჩქარე 40 კმ/სთ იყო, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს.

29.4. საქმე №ს-1510-1425-2012 - ამ საქმეშიც ადგილი ჰქონდა ქარაფშუტული მანევრირებით გზის სავალი ნაწილიდან გადასვლას და ხეზე შეჯახების შედეგად ავტომანქანის დაზიანებას.

30. ამრიგად, ცხადია, რომ ყველა ჩამოთვლილ საქმეზე დამრღვევის მხრიდან ადგილი ჰქონდა აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას და მათი მოშველიება საკასაციო პრეტენზიის დასაკმაყოფილებლად გაუმართლებელია.

31. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას ასევე ამახვილებს დაზღვევის სამართლებრივ ბუნებაზეც. დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, დამზღვევის პასუხისმგებლობის ფარგლების კასატორისმიერი განმარტება ეწინააღმდეგება დაზღვევის, როგორც სამართლებრივ, ისე ეკონომიკურ არსსაც, რადგანაც ასეთი მიდგომა შესაძლებლობას იძლევა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დამზღვევის ნებისმიერი მოქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასდეს და მზღვეველმა არ აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.

32. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონი არ დარღვეულა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.3, 410-ე მუხლებით და

დაადგინა :

1. სს "ს.კ.უ–ს" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. ი.ყ–ის შუამდგომლობა საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების დართვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

4. ი.ყ–ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები 24 ფურცლად;

5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი