საქმე №ას-546-521-2016 15 ივლისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან სამინისტრო) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მენარდე) მიმართ და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს სახით 137 517,30 ლარის დაკისრება მოითხოვა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2014 წლის 24 მარტს, მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #... ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა ვალდებულება, 2014 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით, განეხორციელებინა ქ.ა-ეში, რუსთაველის ქ#...-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველი და მეორე კორპუსის სამშენებლო სამუშაოები. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება განსაზღვრული იყო 763,983 ლარით. სამინისტრომ დროულად და ჯეროვნად განახორციელა დაკისრებული ვალდებულებები. მოგვიანებით კი, იქიდან გამომდინარე, რომ შენობაში მცხოვრები დევნილები დროულად არ ტოვებდნენ ტერიტორიას და აფერხებდნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მხარეთა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ვალდებულების შესრულების ვადა გაგრძელდა 2014 წლის 15 ნოემბრამდე, თუმცა სამუშაოები დასრულდა 2015 წლის 13 თებერვალს, რის გამოც, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით, რასაც არ ასრულებს მოვალე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით, მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ვალდებულება 13 დღის დარღვევით შესრულდა. სამუშაოების დიდი ნაწილი 2014 წლის 28 ნოემბერს დასრულდა, მხარეთა შეთანხმებით კი ეს ვადა 2014 წლის 15 ნოემბრით იყო განსაზღვრული. ვადის გადაცილება გამოწვეული იყო მოსარჩელის მიერ ლტოლვილების გამოსახლების შესახებ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით, რაც რეალურად ფორს-მაჟორს წარმოადგენდა. ეს ფაქტები მოსარჩელემ არ გაითვალისწინა და მოითხოვა პირგასამტეხლოს დაკისრება იმ პერიოდზეც, რომლის გადაცილებაშიც მენარდეს ბრალი არ მიუძღოდა. მოპასუხემ ასევე სადავო გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გამოანგარიშების წესი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13 700 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სამინისტროს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2014 წლის 24 მარტს, მხარეთა შორის დაიდო #... სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო, 2014 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით, განეხორციელებინა ქ.ა-ეში, რუსთაველის ქ#...-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველი და მეორე კორპუსის სამშენებლო სამუშაოები. ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების მიწოდების საერთო სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 763 983 ლარით.
1.2.2. ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ „შემსყიდველი“ უფლებამოსილი იყო, ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოს მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, „მიმწოდებელისგან“ მოეთხოვა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი სამუშაოს სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.
1.2.3. ხელშეკრულების 15.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
1.2.4. 2014 წლის 14 სექტემბერს, სამინისტროსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის გაფორმდა #... შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება #...-ში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, მხარეებმა განსაზღვრეს 2014 წლის 24 მარტის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელება. შეთანხმების მიხედვით, სამუშაოს მიწოდების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდენენ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 0.2%-ის ოდენობით.
1.2.5. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოები ვერ დაასრულა. 2015 წლის 12 მარტის საბოლოო #... მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, 2014 წლის 24 მარტის #... ხელშეკრულების შესაბამისად, მენარდემ ქ.ა-ეში, რუსთაველის ქ#...-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველი და მეორე კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. ამასთან, განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 16 თებერვლის #... სამსახურებრივი ბარათის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები რეალურად დასრულდა 2015 წლის 13 თებერვალს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი, რადგანაც პირგასამტეხლოზე შეთანხმება წარმოადგენდა მენარდის დამატებით მოტივაციას, დროულად შეესრულებინა ვალდებულება. ხელშეკრულების საგანი შეეხებოდა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ჯეროვანი საცხოვრებელი პირობების შექმნას, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, კონტრაქტორისათვის სერიოზული ფინანსური სანქციების დაკისრება წარმოადგენს ქმედით მექანიზმს, რათა თავიდან იქნას აცილებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დროული შეუსრულებლობა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დებულებებით, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლი და 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმპერატიული ხასიათისაა და ამკვიდრებს კეთილსინდისიერების პრინციპს ვალდებულების შესრულებაში. დადგენილია გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება, ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კრედიტორს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვა, რომელიც ამავე კოდექსის 416-ე და 418-ე მუხლების შესაბამისად, სწორედ პირგასამტეხლოს დაკისრებაში გამოიხატებოდა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,2%-ით იყო განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და სულ 137 517,30 ლარი შეადგინა. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების დასაბუთებისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით, თუმცა, სწორედ სასამართლოს განმარტების გაზიარების შემთხვევაში დასტურდება, რომ სამინისტროს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის ადეკვატური იყო. კასატორმა ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე (#ბს-1840-1794(კ-10)).
1.5. პალატა განუმარტავს კასატორს, რომ კერძოსამართლებრივი ურთიერთობა მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობაა და კანონი თანაბარ მდგომარეობაში განიხილავს მის სუბიექტებს. იმისათვის, რათა დაცული იყოს მხარეთა თანასწორობის საყოველთაო უფლება, კანონმდებელი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების შესაძლებლობას. უპირველესად, საკასაციო პალატა აღნიშნავს იმას, რომ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა, რომელიც კასატორის მიერ იქნა მოშველიებული, გამოტანილია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილულ საქმეზე და ემყარება საჯარო კანონმდებლობიდან გამომდინარე ურთიერთობას, რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების საკითხს, პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, „სამოქალაქო კოდექსი იცნობს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით საშუალებებს, რომელთაგან პირველს გირავნობა (სკ-ის 254-ე მუხლი) და იპოთეკა (სკ-ის 286-ე მუხლი), ხოლო მეორეს _ პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია (სკ-ის 416-ე მუხლი) განეკუთვნება. მითითებულთაგან ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას სწორედ პირგასამტეხლო წარმოადგენს და იგი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით. განსხვავებით ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ საჭიროებს მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობას, პირგასამტეხლო ყოველთვის სახელშეკრულებო პირობად გვევლინება. ზიანის ანაზღაურების სახელშეკრულებო პირობის ერთადერთი გამონაკლისია ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას პროცენტზე შეთანხმება (სკ-ის 403-ე მუხლი), თუმცა, ეს შემთხვევა სახეზე არ გვაქვს. მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე