Facebook Twitter

საქმე №ას-470-451-2016 1 ივლისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ც. ჩ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ი. რ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზ-ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 იანვრის განჩინებით, ი. რ-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის განჩინებით, საჩივრის დაუსაბუთებლობის მოტივით საქმე გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 მარტის განჩინებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და ი.რ-ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ც. ჩ-ისა და თ. ხ-ის მიმართ ი. რ-ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ც.ჩ-ისა და თ.ხ-ის 17-17% წილებს შპს სასწავლო საწარმოო წამოწყება „ზ-ში“.

3. მოგვიანებით, ი.რ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ც. ჩ-ისა და თ. ხ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის, როგორც შპს სასწავლო საწარმოო წამოწყება „ზ-ის“ პარტნიორებისათვის ზიანის _ 45 064 ლარის სოლიდარულად, ხოლო ც.ჩ-ისათვის დამატებით 12 130 ლარის დაკისრება.

4. ც. ჩ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა მისთვის 2012 წლის 21 სექტემბრიდან სარჩელის აღძვრამდე საწარმოში შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის კუთვნილი წილის სანაცვლოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხიდან სესხის პროცენტის _ 1 135,81 აშშ დოლარის, ხოლო სარჩელის აღძვრიდან სესხის დაფარვამდე, ყოველთვიურად 37,86 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

5. ზ-ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განჩინებით, შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს სასწავლო საწარმოო წამოწყება „ზ-ში“ ი.რ-ის კუთვნილ 17%-იან წილს, ხოლო ამავე სასამართლოს 2015 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, მხარეთა სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა სარჩელის/შეგებებული სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებები.

6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. ამავე სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა ც.ჩ-მა, რომელმაც საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო/შეგებებული სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ც.ჩ-ს ი.რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელიც, ი. რ-ეს შეგებებული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 364 ლარის გადახდა.

8. სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა ი.რ-ემ და მოითხოვა დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, რაც სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა, კერძოდ, 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო შპს სასწავლო საწარმოო წამოწყება „ზ-ში“ ც. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ 17%-იან წილს, ხოლო ამავე სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის განჩინებით, ც.ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეცა საკასაციო სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინებების დასაბუთებულობის შემოწმებისა და ც. ჩ-ის საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მასში მითითებული პრეტენზიები არ ქმნიან მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:

1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ი. რ-ის განცხადება შინაარსობრივად წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნას, რამდენადაც მისი მიზანი, სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობაა, შესაბამისად, პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს შეფასებას საკითხის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის კონტექსტში შეფასების თაობაზე და ყურადღებას გაამხვილებს შემდეგ გარემოებებზე:

2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა რა ი.რ-ის სარჩელი, მოპასუხე ც.ჩ-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის _ 5 000 ლარის, ასევე სასამართლო ხარჯის _ 400 ლარის ანაზღაურება. გადაწვეტილების რეალურად აღსრულების ხელშეწყობის/მისი აღსრულების გარანტიის შექმნის მიზნით, კრედიტორმა განცხადებით მიმართა გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა დაასაბუთა შემდეგნაირად:

2.1.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილით ირკვევა, რომ შპს „ზ-ში“ 17%-იანი წილი 33 000 ლარად იყო შეფასებული, მაგრამ მისი გასხვისება ნულოვან აუქციონზე 3 300 ლარად მოხდა. გადახდილი თანხიდან მარტო ბიჯში გადახდილი იქნა 1 650 ლარი. აქედან გამომდინარე, 17 %-იანი წილის აუქციონზე გატანით ვერ განხორციელდება ც. ჩ-ისათვის დაკისრებული თანხის ამოღება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სააღსრულებო ბიუროში დამატებით გადასახდელია აღსრულების საფასური ჯამში 7%-ის ოდენობით, შესაბამისად, უზრუნველყოფის მიზნით, განმცხადებელმა მოითხოვა ც. ჩ-ის 17%-იანი წილის დაყადაღება. მითითებული გარემოებების დადასტურების მიზნით, ი.რ-ის მიერ წარმოდგენილია ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების შპს სასწავლო საწარმოო წამოწყება „ზ-ში“ ც. ჩ-ს საკუთრებაში გააჩნია 34%-იანი წილი, საიდანაც 17% დაყადაღებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 მარტის განჩინების საფუძველზე.

3. ც. ჩ-ი საჩივარს ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:

3.1. ი. რ-ის სარჩელთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, მიღებულია უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა ადევს ც. ჩ-ის 17%-იან წილს შპს „ზ-ში“, შესაბამისად, არ არსებობდა საჭიროება დამატებით, მეორე 17%-იანი წილის დაყადაღებისა, რადგან 17% წილის ღირებულება შპს საზოგადოებაში შეადგენს 33 000 ლარს, ამდენად, აღნიშნული ღირებულების ქონება უზრუნველყოფს კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. საკითხის განხილვისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მითითებული დოკუმენტით, სადაც აღნიშნულია ქონების ღირებულება და მხედველობაში არ უნდა მიეღო ის თუ რა ფასად გაიყიდა ქონება აღმასრულებლის მიერ ნულოვან აუქციონზე.

4. საკასაციო პალატა არ იზიარებს საჩივრის მოტივებს და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე სასამართლოს დასაბუთება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე და 191-ე მუხლებით განსაზღვრულ იმ საფუძვლებს უნდა ემყარებოდეს, რაც რეალურად შეუწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას, რამდენადაც ზემოხსენებული ნორმების თანახმად, სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი მართლმსაჯულების რეალური განხორციელება და სასამართლოს მიერ ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი სიკეთით კრედიტორის სარგებლობის ხელშეწყობაა, რათა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის მისი ინტერესი მოვალის ქმედებით არ შეილახოს, ხოლო მართლმსაჯულება ფორმალური ხასიათის მატარებელი არ გახდეს.

5. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელმა შეძლო და უტყუარი მტკიცებულებებით დაადასტურა ის გარემოება, რომ მიუხედავად საბაზრო ფასისა, ფაქტობრივად, 10-ჯერ ნაკლები ღირებულებით იქნა გასხვისებული ამავე საზოგადოებაში იმ ოდენობის წილი, რაც განმცხადებლის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იყო დაყადაღებული საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უკვე დაყადაღებული 17%-იანი წილი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში ამ სახით შესვლის შემთხვევაში, შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი, რამაც განაპირობა საჩივრის ავტორის დარჩენილი 17%-იანი წილის დამატებით დაყადაღება. თავის მხრივ, საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გამოყენების თაობაზე, რის გამოც, პალატა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებული ზომის პროპორციულობის საკითხს ვერ შეაფასებს.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებები კანონიერია და არ არსებობს მათი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილისა და 2016 წლის 16 მაისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე