საქმე №ას-551-526-2016 15 ივლისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. გ. ბ-მა (შემდეგში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში _ მოპასუხე ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, ხ-აში მდებარე, მოსარჩელის კუთვნილი 650 კვ.მ (დაზუსტებული ფართობი) მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) ჯეროვანი გამოყენებისათვის საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 29 მაისის #... დასკვნის პირველი დანართის შესაბამისად, მოპასუხის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ხ-ის მიმდებარედ არსებული, 1358200 კვ.მ (დაზუსტებული ფართობი) მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი ...) სამანქანე გზისათვის საჭირო ფართის აუცილებელ გზად აღიარება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება _ მიწის ნაკვეთი. სამშენებლო პროექტის შეთანხმებისა და გზის მოწყობის მიზნით, მან განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს, თუმცა, ობიექტური მიზეზის გამო, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ ასევე მიმართა ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის, გზის მოწყობისა და ნაკვეთის შესყიდვის მოთხოვნით, თუმცა, არც ამჯერად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, მისი განმარტებით, კუთვნილ მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად ოპტიმალურ ვარიანტს იძლევა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, გზის მოწყობა შესაძლებელია მოპასუხის კუთვნილი მიწის გამოყენებით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მარტივი შედავების ფარგლებში მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი ქონების მართვის სააგენტოს წერილებით დგინდება მიწის სერვიტუტით დატვირთვის შეუძლებლობა, რადგანაც სააგენტომ აღნიშნული მიზანშეუწონლად მიიჩნია, გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, საკუთრების ბოჭვის კანონსმიერი საფუძველი არ არსებობს, ხოლო მესაკუთრე უფლებამოსილია იგი განკარგოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ხ-ის მიმდებარედ მდებარე, 1358200 კვ.მ დაზუსტებული ფართობის მქონე მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი ...), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 29 მაისის #... დასკვნის პირველი დანართის შესაბამისად, ქ.თბილისში, ხ-აში მდებარე, მოსარჩელე გ. ბ-ის საკუთრებაში არსებული, 650 კვ.მ დაზუსტებული ფართის მქონე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) ჯეროვანი გამოყენებისათვის საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, სამანქანე გზისათვის საჭირო ფართობზე აღიარებული იქნა მოსარჩელის აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. საკასაციო საჩივარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, ხ-აში მდებარე, 650 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება.
1.2.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისადვე, ქ.თბილისში, ხ-ის მიმდებარედ განთავსებული, 1358200 კვ.მ დაზუსტებული ფართის მქონე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულია მოპასუხე ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება.
1.2.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 29 მაისის #... დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს (ს/კ ...) საჯარო გზასთან დამაკავშირებელი დამოუკიდებელი მისასვლელი არ გააჩნია; საჯარო გზასთან კავშირი მხოლოდ მეზობლად (მომიჯნავედ) განთავსებულ მიწის ნაკვეთებზე გადაადგილების შემთხვევაშია შესაძლებელი. ამავე დასკვნით დგინდება, რომ აუცილებელი გზით სარგებლობის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი გულისხმობს ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან (ს/კ ...) შესაბამისი ნაწილის სამანქანე გზისათვის საჭირო ფართის გამოყენებას.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სასაართლომ არასწორად შეაფასა დავის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი, რადგანაც საქმეში არსებული სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ მის უძრავ ქონებას გააჩნდა საჯარო გზასთან დაკავშირების საშუალება და სადავო მიწის აუცილებელ გზად გამოყენება არ იქნა მიზანშეწონილი. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ასევე დასტურდება სხვა გზის მოწყობის შესაძლებლობა, რათა მოსარჩელე დაუკავშირდეს საჯარო გზას. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით არა მხოლოდ მესაკუთრის, არამედ, საჯარო ინსტერესიც შელახა, რადგანაც სწორედ სსიპ ქონების მართვის წერილით დასტურდება, რომ სადავო ტერიტორია წარმოადგენს დენდროლოგიურ პარკს.
1.5. საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება, თანახმად საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებისა, შეჯიბრებითობის საწყისს ემყარება და მოქმედებს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპი, კონკრეტულ შემთხვევაში, საპროცესო სამართლის მოხმობილი ფუნდამენტური პრინციპები შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს მისი მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობის არსებობის დადასტურება წარმოადგენს, ამ მხრივ, მოსარჩელემ კანონისმიერი ზემოაღნიშნული ვალდებულება დაძლია, ხოლო მოპასუხემ ანალოგიური ან უფრო მეტი იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულებებით ვერ გააქარწყლა სადავო ფაქტები, თავის მხრივ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ დაიცვა საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტი, რომლის წინააღმდეგაც კასატორი მხოლოდ ზეპირი განმარტებებით შემოიფარგლა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენის ცენტრალურ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი წარმოადგენს და მისი პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში, პრაქტიკულად, შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით იხ. სუსგ-ებები: №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი, №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი)
1.6. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ზემოხსენებული ნორმა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სწორი ანალიზის შედეგად, მართებულად დატოვა უცვლელად სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე