Facebook Twitter

საქმე №ას-458-440-2016 15 ივლისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. დ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ა-ე (მოსარჩელე)

გასა.ვრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასააჩვრებული განჩინების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. რ. ა-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. დ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი) მიმართ მცირეწლოვანი შვილის _ ა. ა-ის ნახვის დღეების შემდეგი წესით განსაზღვრის მოთხოვნით: ყოველ პარასკევს 19:00 საათიდან კვირის 20:00 საათამდე, ასევე, არდადეგებზე დასვენების დღეების ნახევრის ბავშვის მოსარჩელესთან ღამით დარჩენის უფლებით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მხარეებს რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ორი შვილი: ა. ა-ე, დაბადებული 2008 წლის 6 სექტემბერს და ა. ა-ე, დაბადებული 2009 წლის 26 აგვისტოს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით, მხარეთა რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა და ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ა. ა-ე იზრდება დედასთან, ხოლო ა. _ მამასთან. მოსარჩელეს სურს, ა. შაბათ-კვირას წაიყვანოს სახლში და ჰყავდეს მეორე შვილთან ერთად, მაგრამ მის წაყვანაში ხელს უშლის ბავშვების დედა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ ერთი შვილი ისედაც მამასთან იზრდება, მოსარჩელე გადაიბირებს მეორე არასრულწლოვანსაც და იგი დედასთან საცხოვრებლად აღარ დაბრუნდება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილის _ ა. ა-ის ნახვისათვის დაუდგინდა შემდეგი დღეები: 10 წლამდე ყოველი კვირის ორშაბათი და ოთხშაბათი, 16:00 საათიდან 19:00 საათამდე, ასევე, პარასკევს 17:00 საათიდან შაბათს 19:00 საათამდე, ღამე დარჩენის უფლებით, მასვე დაერთო ნება, არასრულწლოვანი შვილი ზამთრის არდადეგებზე 10 დღით, ხოლო ზაფხულის არდადეგებზე ერთი თვით წაიყვანოს საკუთარ ოჯახში ან სხვაგან. გადაწყვეტილების თანახმად, თუ მხარეები სხვა თარიღზე არ შეთანხმდებიან, ზამთრის არდადეგებზე ბავშვის წაყვანა დადგინდა 10 იანვრიდან 20 იანვრის, ხოლო ზაფხულში _ 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით. არასრულწლოვნის მიერ 10 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ განისაზღვრა მოსარჩელის მიერ მის ნახვისა და ურთიერთობის დღეების საკითხის მხარეთა ურთიერთშეთანხმებით გადაწყვეტა, ხოლო ამგვარი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში _ სასამართლო წესით დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის საქალაქო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მხარეები დაქორწინდნენ 2008 წლის 23 აპრილს და ჰყავთ ორი საერთო შვილი, 2008 წლის 6 სექტემბერს დაბადებული ა. ა-ე და 2009 წლის 26 აგვისტოს დაბადებული ა. ა-ე.

1.2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით მეუღლეები განქორწინდენ. ამავე გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანი შვილების მისამართი განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილით. საქმის განხილვის მომენტისათვის ა. ა-ე ცხოვრობს და იზრდება დედასთან, ხოლო ა. ა-ე _ მამასთან.

1.2.3. მოპასუხე ცხოვრობს მშობლებთან ერთად ქ.ბათუმში მეჯინისწყლის დასახლება, გ-ის ქ№19-ში. ა. ა-ე ცხოვრობს და იზრდება დედასთან; რ. ა-ე ცხოვრობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ბ-ში.

1.2.4. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს წარმოუდგინა პაციენტ ა. ა-ის ამბულატორიული სამედიცინო ბარათის ასლი, რომლის თანახმად, პაციენტს დაენიშნა ფსიქოლოგის კონსულტაცია. ფსიქოლოგის 2016 წლის 12 თებერვლის კონსულტაციის თანახმად, ა. ა-ე ადვილად შედის კონტაქტში, ცდილობს კითხვებზე პასუხის გაცემას, აღენიშნება დაძაბულობა, ინარჩუნებს სიმშვიდეს. პაციენტი მორიდებულია, თუმცა იჩენს ინტერესს გამოკვლევისადმი. ადვილად ეგუება უცხო პირებს და შედის კონტაქტში. ემოციურად გასადავებულია, არ შეენიშნება აგრესიული ქცევა, უჭირს ყურადღების კონცენტრაცია და გაძნებულია დამახსოვრების უნარი. საუბრის საშუალებით შეუძლია თავისუფლად გადმოსცეს აზრი. სააზროვნო პროცესი წარმოდგენილია ელემენტარული მარტივი ოპერაციებით. ფსიქიკური ფუნქციების განვითარება შეესაბამება ასაკობრივ ნორმას. ადაპტირებულია გარემოსთან, საჭიროებს მშობლის მხარდაჭერასა და დახმარებას.

1.2.5. აპელანტმა სასამართლო სხდომაზე მოითხოვა იმის შეფასება, დასაშვებია თუ არა შაბათსა და კვირას მოსარჩელემ საკუთარ სახლში წაიყვანოს ა. ა-ე, ასევე, მიუთითა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებაზე, როგორც ახალ გარემოებაზე და აღნიშნა, რომ მოცემული საქმე განხილულია უკანონო შემადგენლობის მოსამართლის მიერ, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია პირველი ინსტანციის წესით საქმის კანონიერი შემადგენლობით განხილვა, რადგანაც ამავე მოსამართლეს ამავე მხარეებს შორის უკვე განხილული და გადაწყვეტილი აქვს დავა. გარდა ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა არასრულწლოვნის მდგომარეობა, რომელიც არც თუ ისე სახარბიელოა, მას უჭირს სწავლა, გადის მკურნალობას ფსიქიატრთან და ფსიქოლოგთან კვირაში ოთხჯერ, ხოლო გადაწყვეტილების თანახმად, მან დღეში 75 კილომეტრი უნდა გაიაროს.

1.5. საკასაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლით დადგენილი ინკვიზიციურობის პრინციპის ფარგლებში საკუთარი ინიციატივით შეისწავლა საქმის ის გარემოებებიც, რომლებიც კასატორს სადავო არ გაუხდია, გამოიკვლია საქმეში არსებული მასალები და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათში არსებული ინფორმაცია არ იძლევა დასკვნის საფძველს იმისა, რომ ბავშვის მამასთან ურთიერთობა რაიმე ფორმით გააუარესებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომაროებას, უფრო მეტიც, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში. სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლი უკრძალავს იმ მშობელს შეზღუდოს მეორე მშობლის ურთიერთობა ბავშვთან, რომელიც მასთან ცხოვრობს. მშობლის უფლების შეზღუდვის წინაპირობები საქმეში წარმოდგენილი სოციალური სამსახურის კვლევით არ დასტურდება, გარდა ამისა, გასათვალისწინებელ ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ კვირის დღეებში მამას ნება დაერთო ინახულოს ბავშვი, რაც, ბუნებრივია, ყველა შემთხვევაში 75 კილომეტრით მის გადაადგილებას არ გულისხმობს და საპირისპირო ვითარებაშიც კი, მშობლების უალტერნატივო ვალდებულებაა, საკუთარი უფლება-მოვალეობები განახორციელონ იმგვარად, რომ ამით არ შეილახოს ბავშვის ინტერესი, მისი ცხოვრების ჩვეული რეჟიმი და მკურნალობის კურსი. საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას იმ დასაბუთებითაც ეთანხმება, რომ არასრულწლოვანს ჰყავს ბიოლოგიური დედმამიშვილი, რომელიც მისგან ცალკე ცხოვრობს და იზრდება, შესაბამისად, ბავშვების განცალკევებით აღზრდა არ შეიძლება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდეს. ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც _ ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი. ევროსასამართლოს განმარტებით, მშობლებსა და ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვებს შორის კავშირი, კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პარაგრაფის ფარგლებში წარმოადგენს ოჯახურ ცხოვრებას. მსგავსი ბუნებრივი ოჯახური ურთიერთობები არ წყდება იმ საფუძვლით, რომ მშობლები დაშორდნენ ან განქორწინდნენ, როდესაც ამ მიზეზით ბავშვი ან ერთ მშობელთან ცხოვრობს ან მეორესთან (Cılız v. the Netherlands). ერთ-ერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, ოჯახური ცხოვრება სახეზე იყო იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც მშობლების განქორწინებამდე ერთად, ერთ სახლში ცხოვრობდნენ (inter alia, Olsson v. Sweden (no. 1), 24 March 1988, § 81, Series A no. 130). კონვენციის მე-8 მუხლის ძირითადი მიზანია, ინდივიდების დაცვა სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების თვითნებური ქმედებებისგან. ოჯახური ცხოვრების „პატივისცემის“ უფლება, აგრეთვე, მოიცავს დამატებით პოზიტიურ ვალდებულებებს, თუმცა, სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის არსებული ზღვარი ზუსტ განსაზღვრებას არ ექვემდებარება. მათ მიმართ გამოყენებადი პრინციპები იდენტურია: ორივე კონტექსტში ყურადღება უნდა გამახვილდეს სამართლიან ბალანსზე, რაც დაცული უნდა იქნას შეპირისპირებულ ინტერესებს შორის. გარდა ამისა, ორივე კონტექსტში სახელმწიფო სარგებლობს შეფასების ფართო ზღვარით (Tuquabo-Tekle and Others v. the Netherlands, 2005 წლის პირველი დეკემბერი). საქმეზე _ „MUSTAFA AND ARMAĞAN AKIN v. TURKEY“ სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვების განცალკევების თაობაზე წარმოადგენდა მომჩივნების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას. აღნიშნული გადაწყვეტილება არა მხოლოდ და-ძმას უკრძალავდა ერთმანეთის ნახვას, არამედ, პირველი მომჩივნისთვის (მამისათვის) შეუძლებელს ხდიდა, ორივე შვილი ერთდროულად ენახა. საკითხის განხილვისას, მხედველობაში იქნა მიღებული მე-8 მუხლთან მიმართებით დადგენილი პრეცედენტული პრაქტიკა, რომელიც ხაზს უსვამს ხელისუფლების ვალდებულებაზე, იხელმძღვანელონ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით (Maslov v. Austria [GC], 2008 წლის 23 ივნისი). გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხარისხის შეფასება ევროსასამართლოსაგან მოითხოვს, დაადგინოს, ჰქონდა თუ არა შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებას საკმარისი მტკიცებულებითი საფუძველი (რაც მოიცავს, მოწმეთა ჩვენებებს, კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოთა დასკვნებს, ფსიქოლოგისა და სხვა ექსპერტის შეფასებებს და სამედიცინო ცნობებს); აგრეთვე, დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის ბავშვებს, მიეცათ თუ არა საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა (Havelka and Others v. the Czech Republic, საჩ. ნომ. 23499/06, § 62, 2007 წლის 21 ივნისი; Haase v. Germany, საჩ. ნომ. 11057/02, § 97, ECHR 2004-III (extracts)). სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და-ძმას ერთმანეთის ნახვას არ უკრძალავდა, ვინაიდან ბავშვები სამეზობლოში ცხოვრობდნენ და, ამრიგად, ერთმანეთთან კონტაქტის შენარჩუნება შესაძლებელი იყო. სასამართლოს განმარტებით, ბავშვებს შორის კავშირის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და აღნიშნულის მშობლების დისკრეციისა და ახირებისთვის მინდობა დაუშვებელი იყო. დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული ეროვნული სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანთათვის შაბათ-კვირის ერთად გატარება იქნებოდა მიუღებელი ცვლილება ბავშვისათვის, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ისინი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ. ალტერნატივის სახით, მომჩივნების მიერ შეთავაზებული ვარიანტი შეუფერებლადაც რომ მიეჩნია, ეროვნულ სასამართლოს შეეძლო, ბავშვების მიერ ერთმანეთის ნახვის სხვა მეთოდები განეხილა და, ამრიგად, დაეცვა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მათი უფლებები. სტრასბურგის სასამართლო, აგრეთვე, არ დაეთანხმა მთავრობის არგუმენტს, რომ ცალკე მცხოვრები შვილის მიერ ყოველი შაბათ-კვირის მამასთან ერთად გატარება უარყოფითად იმოქმედებდა მის განვითარებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს აღნიშნული არგუმენტის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულება, როგორიცაა ფსიქოლოგის ან სხვა ექსპერტის შეფასებები. მშობლებისა და შვილების მიერ ერთმანეთის კომპანიით ორმხრივად სარგებლობა კონვენციის „ოჯახური ცხოვრების“ ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში (Kutzner v. Germany).

1.6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რამდენადაც ერთი და იგივე მოსამართლის მიერ, ერთსა და იმავე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა იმავე მხარეებს შორის, არ ქმნის სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, თანახმად, საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლისა.

1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკით (იხ. სუსგ #ას-1112-1047-2015), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასტორს უნდა დაუბრუნდეს ა. ა-ის მიერ 03.06.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ. დ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ა. ა-ის მიერ 03.06.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე