Facebook Twitter

საქმე №ას-574-549-2016 15 ივლისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ის“ უფლებამონაცვლე სს „ა-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბენეფიაციარი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან გარანტი, უფლებამონაცვლე სს „ა-ა“, იხ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12.01.2015წ. საოქმო განჩინება) მიმართ საბანკო გარანტიის თანხის _ 532 451,76 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში ბენეფიციარს მოთხოვნა ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად არ წარუდგენია, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 532 451,76 ლარის გადახდა

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გარანტმა, მოითხოვა მისი, ასევე საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განჩინებით, წინამდებარე საქმის განხილვა შეჩერდა #... საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობის თაობაზე დაუსაბუთებელია, რადგანაც წინამდებარე დავის ფარგლებში მოპასუხე გარანტმა სახელმწიფო შესყიდვების საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიით ბენეფიციარი მოსარჩელის წინაშე იკისრა ვალდებულება, პრინციპალის მიერ 12.04.2013წ. #... ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაებრუნებინა საავანსო ანგარიშსწორების წესით გადახდილი თანხა. გარანტისათვის არა ერთი შეტყობინების გაგზავნის მიუხედავად, რომ პრინციპალს ვალდებულება არ შეუსრულებია, გარანტს რაიმე მოქმედება არ განუხორციელებია, შესაბამისად, უგულებელყოფილია სამოქალაქო კოდექსის 886-ე-887-ე მუხლების მოთხოვნები, მოსარჩელე მოითხოვს საგარანტიო ვალდებულების შესრულებას და მისი კუთვნილი თანხის დაბრუნებას, რომელიც საავანსო ანგარიშსწორების მიზნით იქნა გაცემული. შესაბამისად, უსაფუძვლოა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის დადასტურება პრინციპალის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს, რაც წინამდებარე დავის ფარგლებში გამორიცხავს ბენეფიციარის სარჩელის დაკმაყოფილებას გარანტის მიმართ. ამგვარი მსჯელობის უსაფუძვლობას ადასტურებს ის, რომ #... ხელშეკრულების ფარგლებში, პრინციპალს არც ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში და არც ამ ვადის გასვლის შემდეგ, ვალდებულების შესრულება არ უცდია, მისი მტკიცებით, შესრულება თურქეთში მომხდარმა ფორს-მაჟორულმა სიტუაციამ გამოიწვია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მხარის მიერ მითითებულ გარემოებას ადგილი არა ვალდებულების შესრულების, არამედ, ხელშეკრულების დადებამდე ჰქონდა, ასეთ შემთხვევაში, პრინციპალს შეეძლო არც კი გაეფორმებინა ხელშეკრულება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ ორ საქმეს შორის არსებობს ურთიერთკავშირი, თუმცა ამ გარემოების დადგენილად მიჩნევის შემთხვევაში, მას წინამდებარე საქმის წარმოება კი არ უნდა შეეჩერებინა, არამედ, საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაეერთიანებინა ისინი ერთ წარმოებად. კერძო საჩივერის ავტორის განმარტებით, განჩინების გაუქმების საფუძველს ის გარემოებაც წარმოადგენს, რომ მასში მხარედ მითითებულია „ს-ი“, მაშინ, როდესაც მან საქმის წარმოების განმავლობაში შეიცვალა სახელწოდება და გარდაიქმნა სს „ა-ად“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ბენეფიციარის მოთხოვნა, გარანტის მიმართ, რომელიც, შეეხება პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევას და ამ დარღვევის გამო, საავანსო თანხის დაბრუნებას, რასაც არ ეთანხმება გარანტი;

1.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია პრინციპალის სარჩელი ბენეფიციარის მიმართ, რომელითაც მოთხოვნილია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ იმ ხელშეკრულების შესრულებულად აღიარება, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაფორმდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულება და სწორედ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარეა განსახილველი, წარმოეშვა თუ არა თანხის ანაზღაურების ვალდებულება გარანტს, კერძოდ, საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული დავის საგანია: ა) აღიარებულ იქნას შპს „ვ-ს“ (პრინციპალი) მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #... ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი 904 ერთეული მატრასის ოდენობით _ ღირებულებით 62 960,89 ლარი; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #... ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული მატრასების _ 7 596 ერთეულის მიღება.

1.3. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებას ზემოხსენებული ორი სამოქალაქო საქმის მჭიდრო ურთიერთკავშირის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით. წინამდებარე დავის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმით ბენეფიციარისათვის მინიჭებული მოთხოვნის უფლება არ არის შეუზღუდავი (იხ. მაგ: სკ-ის 886.1 მუხლი), რამეთუ არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი სამოქალაქო უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

1.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ერთგვაროვანი დავები, რადგანაც მათი საფუძველი და საგანი განსხვავებულია, შესაბამისად, მხარის ეს არგუმენტი მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლიანობას.

1.5. ასევე ვერ იქნება გაზიარებული მხარის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ის გარემოებაა, რომ მასში მოპასუხე მხარის ნაცვლად მითითებულია რეორგანიზებული იურიდიული პირის დასახელება, რადგანაც, მართალია, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ასევე სააპელაციო პალატის 2015 წლის 12 იანვრის საოქმო განჩინებით დადგენილია რეორგანიზაციის ფაქტი და ადრე რეგისტრირებული საწარმოს უფლებამონაცვლეც ჩაბმულია დავაში, თუმცა მისი თავდაპირველი სახელწოდების განჩინებაში მითითება არ წარმოადგენს იმგვარ დარღვევას, რაც მიღებული განჩინების კანონიერებაზე იქონიებდა გავლენას. საქმის განმხილველ სასამართლოს, ამ შემთხვევაში, როგორც მხარეთა მითთებით, ისე _ საკუთარი ინიციატივით შეუძლია იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით და გაასწოროს დაშვებული უსწორობა.

1.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

1.7. რაც შეეხება გარანტის მიერ წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებაზე დართულ სატენდერო მასალებს, პალატა მიიჩნევს, რომ მათ წინამდებარე კერძო საჩივრისათვის რაიმე მნიშვნელობა არ აქვთ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სს „ა-ას“ დაუბრუნდეს მის მიერ #... განცხადებაზე (მოსაზრებაზე) დართული მტკიცებულებები 11 (თერთმეტი) ფურცლად.

4. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე