Facebook Twitter

საქმე №ას-630-601-2016 29 ივლისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ნინო ბაქაქური, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ო. ჯ-ა (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ჯ-ა (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

თავდაპირველი თანამოპასუხე ძირითად სარჩელში _ ქ. ბ-ია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში), საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა და სარჩელის/შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. დ. ჯ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, ასევე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) სარჩელი აღძრა სასამართლოში ო. ჯ-ას (შემდგომში _ მოპასუხე, ასევე, შეგებებული მოსარჩელე) და ქ. ბ-იას (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხე ძირითად სარჩელში) მიმართ ქ.თბილისში, ქ.#... მე-2 შესახვევში, #1 კორპუსში მდებარე ბინა #...-ის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.

1.1.1. სარჩელის თანახმად, უძრავი ქონება, რომლის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასაც მოსარჩელე მოითხოვს, შეძენილია მისი დედის მიერ, ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე, თუმცა, მოპასუხეები: მისი ძმა და ძმისცოლი, მხარეთა შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, უკანონოდ ფლობენ ქონებას და არ ათავისუფლებენ მას.

1.2. ო. ჯ-ამ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის _ 8 500 ლარის გადახდის სანაცვლოდ მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: შეგებებული მოსარჩელე წარმოადგენს სადავო საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლეს, აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შემდგომ მხარე ჩამოვიდა საქართველოში, გაყიდა საკუთრებაში მქონე ავტომობილი და 3 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ ნივთის იმდროინდელ მესაკუთრესთან _ ი.მ-თან დადო ფორმის დაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც შეგებებული მოსარჩელე ჩაეწერა ბინაში.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხეებმა თავდაპირველი სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინეს და განმარტეს, რომ სადავო ბინაში რეგისტრირებული არიან 1993 წლიდან, წარმოადგენენ მოსარგებლეს, რის გამოც მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.

2.2. მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით თავდაპირველმა მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შეგებებული მოსარჩელე არ წარმოადგენს ქონების მართლზომიერ მფლობელს, უძრავი ქონება ეკუთვნის მას და შეგებებული მოსარჩელე არის მისი უკანონო მფლობელი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაევალათ უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ქონების გათავისუფლება; დადგინდა, რომ მოხდეს სადავო ბინიდან, მდებარე ქ.თბილისში, ქ.#... მე-2 შესახვევი, კორპუსი 1, ბინა #...-დან მოპასუხეების გამოსახლება. ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შეგებებულმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. დ. ჯ-ამ სააპელაციო შესაგებელი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა, თუმცა, სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ დადგენილი სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე (№ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წ).

1.2.2. აპელანტი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა იმას, რომ ო. ჯ-ამ სადავო ბინა 1993 წელს შეიძინა, რისთვისაც თანხა ბინის მეპატრონეებს - მ-ებს გადაუხადა; მ-ებისაგან შეძენილი ბინა ჯ-ებმა ნ. შ-ის სახელზე გააფორმეს. ო. ჯ-ა სადავო ბინაში 1995 წლიდან არის რეგისტრირებული. 1993 წლიდან კომუნალურ გადასახადებს ო. ჯ-ა იხდის. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებულად მიჩნევის პირობებშიც არ იარსებებდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლისა და 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით აპელანტის მოსარგებლედ მიჩნევის წინაპირობები. საქმეზე წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დგინდებოდა ის, რომ 1993 წლის 8 ნოემბერს სადავო ბინა ი. მ-მა ნ. შ-ეს მიჰყიდა. ნ. შ-ემ, 2007 წელს ბინა მოსარჩელის დ. ჯ-ასა და მოპასუხის ო. ჯ-ას დედის - ნ. ჯ-ას სახელზე გაასხვისა. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო ბინა საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია 2014 წლის 24 იანვრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება. მოპასუხე მეუღლესთან ერთად სადავო ბინაში ცხოვრობს. დაზუსტებული შეგებებული სარჩელით ო. ჯ-ამ მესაკუთრე დ. ჯ-ასთვის სადავო ქონების ღირებულების 25%-ის (8500 ლარის) გადახდის სანაცვლოდ, ბინის მის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც დაადასტურა, რომ სარემონტო სამუშაოების ღირებულების - 11 000 ლარის დაკისრებას არ მოითხოვდა, თუმცა, განსახილველი დავა არ გამომდინარეობს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობებიდან, ვინაიდან, სახეზე არ არის საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესთან (ი. მ-თან) სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება ან საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება ან ადმინისტრაციული აქტი, რაც საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობებისათვის კანონით გათვალისწინებული სავალდებულო კომპონენტია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურებულად იქნებოდა მიჩნეული შეგებებულ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი საფუძვლები, აღნიშნული არა ამგვარი (კომპენსაციის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების მოპოვება), არამედ სხვა სახის მოთხოვნის წარდგენის სამართლებრივ წინაპირობას წარმოშობდა.

1.2.3. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო სახლი საკუთრების უფლებით აღრიცხულია დ. ჯ-ას სახელზე. ბინაში მოპასუხე ო. ჯ-ა ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ამ გარემოებების გაქარწყლება ძირითად სარჩელზე მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო, შესაბამისად, არსებობდა ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ მტკიცებულებათა არასწორი შეფასების გამო, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ კასატორი არ წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს, კერძოდ, შეფასება არ მისცემია იმას, რომ ო.ჯ-ა, ოჯახთან ერთად, ფაქტობრივად ფლობს სადგომს 1993 წლიდან. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ მფლობელი ნივთს მიიჩნევდა საკუთრად, რაც გამოიხატებოდა სარემონტო სამუშაოების ჩატარებაში, ამასთანავე, იგი რეგისტრირებულია აბონენტად. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება ასევე კასატორის მიერ ავტომანქანის გაყიდვა და ამ თანხის სადგომის მესაკუთრისათვის გადაცემა. მოწმე ნ. შ-ემ, რომლის სახელზეც იყო რეგისტრირებული სადავო ქონება, განმარტა, რომ იგი შეიძინეს ჯ-ებმა, მანვე მიუთითა ავტომანქანის რეალიზაციის ფაქტსა და იმ გარემოებაზე, რომ ქონების შესაძენად საჭირო გახდა რუსული რუბლის შეძენა, ხოლო ბინა აღირიცხა მოწმის სახელზე. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კასატორი 1995 წლიდანაა ჩაწერილი სადავო ბინაში, ხოლო ქორწინების სააქტო ჩანაწერით ირკვევა, რომ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა ამ მისამართზე.

1.5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან კანონის არასწორი გამოყენება-განმარტების თაობაზე და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლითა და 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და საქმეში არსებული მტკიცებულებების სწორი შეფასებით მივიდა დასკვნამდე, რომ კასატორი ზემოხსენებული კანონით გათვალისწინებულ სუბიექტს _ მოსარგებლეს არ წარმოადგენდა.

1.6. ქვემდგომმა სასამართლომ ასევე არსებითად სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე და 312-ე მუხლები და პალატის მსჯელობა ამ კუთხით არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკისაგან, რომლის თანახმადაც, „ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომლებიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი“ (იხ. სუსგ-ებები: №ას-1326-1252-2012, 25 მარტი, 2013 წელი; № ას-1142-1071-2012, 7 მარტი, 2013 წელი).

1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

2.1. კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო შესაგებელს დაურთო შსს ქ.თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების გამომძიებლის მიერ გაცემული ცნობა.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო სასამართლოს მხრიდან კასატორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაზიარება-შეფასების საფუძველი, შესაბამისად, მის ავტორს უნდა დაუბრუნდეს წარმოდგენილი ცნობა 1 (ერთი) ფურცლად.

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ჯ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. დ. ჯ-ას დაუბრუნდეს საკასაციო შესაგებელზე დართული შსს ქ.თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების გამომძიებლის მიერ გაცემული ცნობა 1 (ერთი) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

პ. ქათამაძე