საქმე №ა-1285-შ-29-2016 29 ივლისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ვ. ს-ი
წარმომადგენელი _ ე. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ქ-ი (ქ-უ)
წარმომადგენელი _ დ. კ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის, ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თურქეთის რესპუბლიკის, ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხე მამას (ვ. ს-ი) უფლება მიეცა, წაიყვანოს ბავშვი თავისთან და დაამყაროს პიროვნული ურთიერთობა ყოველი თვის პირველ და მესამე შაბათ დღეს დილის 09:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე; რელიგიური დღესასწაულების მეორე დღის დილის 10:00 საათიდან მესამე დღის საღამოს 17:00 საათამდე; სასწავლო პერიოდის სემესტრული არდადეგების პირველი კვირის შაბათ დილის 09:00 საათიდან მომდევნო პარასკევის 17:00 საათმდე, ასევე, ყოველწლიურად, პირველი ივლისს დილის 09:00 საათიდან 30 ივლისის საღამოს 17:00 საათამდე; წყვილ წლებში ბავშვის დაბადების დღეს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე; წყვილ წლებში 31 დეკემბერს 12:00 საათიდან მომდევნო დღეს _ პირველ იანვარს 12:00 საათამდე; ყოველწლიურად, მამის დღეს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე. გადაწყვეტილების თანახმად, მხარეს, რომელსაც მიეცა მეურვეობა, დაევალა, მეორე მხარეს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან; განათლებასთან (სემესტრული და სასწავლო წლის დასრულებისას, ბავშვის სწავლის მდგომარეობის შესახებ წერილობითი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია ნიშნების ფურცლის ასლთან ერთად); ბავშვის საცხოვრებელი მისამართისა და მასთან დასაკავშირებელი ტელეფონის ნომრის შესახებ, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარისგან დამოუკიდებლად შეეძლება ბავშვს საუბარი. ამავე გადაწყვეტილებით განემარტათ მხარეებს, რომ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მეურვეობასთან და პიროვნულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია, მოხდეს მეურვეობისა და პიროვნული ურთიერთობის შეცვლა, ასევე, განისაზღვრა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, რომ არასრულწლოვნის მეურვეობა მინიჭებული აქვს ა. ქ-ის.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ვ. ს-მა და აღნიშნა, რომ მას უფლება მიენიჭა, იქონიოს ურთიერთობა ყოფილ მეუღლესთან თანაცხოვრებისას შეძენილ შვილთან _ ო. ს-თან, შესაბამისად, მხარემ მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც იგი მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში, მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე (საქმის განხილვაში მონაწილეობდა წარმომადგენლის მეშვეობით), ასევე, დასტურდება, რომ არასრულწლოვნის/მისი კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილი საქართველოშია.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად, რის თაობაზეც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელიც არ დაეთანხმა შუამდგომლობას და, ერთი მხრივ, სადავოდ გახადა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის საკითხი, ხოლო, მეორე მხრივ, იმ პირობებში, როდესაც არასრულწლოვნის მეორე მშობელს _ მამას საქართველოში არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება არ იქნება შესაბამისი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებისათვის. საკასაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შუამდგომლობის ავტორმა თავად მიმართა სასამართლოს მეურვეობის საკითხის შეცვლის მოთხოვნით, რის დასადასტურებლადაც მოგვიანებით წარმოდგენილ იქნა თურქეთის რესპუბლიკის, ქ.ანკარის #9 საოჯახო სასამართლოდან საქმის მასალები, თუმცა გადაწყვეტილების გაუქმებისა თუ მის კანონიერ ძალაში არყოფნის ფაქტი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებასაც ვ.ს-ი მოითხოვს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული. გარდა აღიშნულისა, მხარეთა მიერ წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებები _ ელექტრონული მიმოწერის ასლები იმის თაობაზე, რომ მამა-შვილს აქვთ ურთიერთობა და ამას ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი, დედა _ ა. ქ-ი (ქ-უ) ხელს არ უშლის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მხარეთა მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ ვ. ს-ის შუამდგომლობა ა. ქ-ის (ქ-უს) მიმართ თურქეთის რესპუბლიკის, ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. თურქეთის რესპუბლიკის, ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხე მამას (ვ. ს-ი) უფლება მიეცა, წაიყვანოს ბავშვი თავისთან და დაამყაროს პიროვნული ურთიერთობა ყოველი თვის პირველ და მესამე შაბათ დღეს დილის 09:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე; რელიგიური დღესასწაულების მეორე დღის დილის 10:00 საათიდან მესამე დღის საღამოს 17:00 საათამდე; სასწავლო პერიოდის სემესტრული არდადეგების პირველი კვირის შაბათ დილის 09:00 საათიდან მომდევნო პარასკევის 17:00 საათმდე, ასევე, ყოველწლიურად, პირველი ივლისს დილის 09:00 საათიდან 30 ივლისის საღამოს 17:00 საათამდე; წყვილ წლებში ბავშვის დაბადების დღეს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე; წყვილ წლებში 31 დეკემბერს 12:00 საათიდან მომდევნო დღეს _ პირველ იანვარს 12:00 საათამდე; ყოველწლიურად, მამის დღეს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე. გადაწყვეტილების თანახმად, მხარეს, რომელსაც მიეცა მეურვეობა, დაევალა, მეორე მხარეს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან; განათლებასთან (სემესტრული და სასწავლო წლის დასრულებისას, ბავშვის სწავლის მდგომარეობის შესახებ წერილობითი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია ნიშნების ფურცლის ასლთან ერთად); ბავშვის საცხოვრებელი მისამართისა და მასთან დასაკავშირებელი ტელეფონის ნომრის შესახებ, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარისგან დამოუკიდებლად შეეძლება ბავშვს საუბარი. ამავე გადაწყვეტილებით განემარტათ მხარეებს, რომ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მეურვეობასთან და პიროვნულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია, მოხდეს მეურვეობისა და პიროვნული ურთიერთობის შეცვლა, ასევე განისაზღვრა საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, რომ არასრულწლოვნის მეურვეობა მინიჭებული აქვს ა. ქ-ის.
3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ვ. ს-მა და აღნიშნა, რომ მას უფლება მიენიჭა, იქონიოს ურთიერთობა ყოფილ მეუღლესთან თანაცხოვრებისას შეძენილ შვილთან _ ო. ს-თან, შესაბამისად, მხარემ მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში. გადაწყვეტილების ცნობის საკითხი რეგულირებულია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის საკითხი, სახეზე ხომ არ გვაქვს მოთხოვნის გამომრიცხავი კანონით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა. გადაწყვეტილების ცნობის საკითხის განხილვის თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო, ბუნებრივია, მხედველობაში იღებს ქვეყნის მიერ ამა თუ იმ საერთაშორის შეთანხმებით (ორმხრივი/მრავალმხრივი) ნაკისრ ვალდებულებებსაც. ამ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებას, რომლის მე-19-მე-20 მუხლებით რეგულირებულია სამოქალაქო და სავაჭრო საქმეებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების საკითხი. მითითებული საერთაშორისო ხელშეკრულების მე-20 მუხლის „ზ“ 2. და „ზ“ 3. ქვეპუნქტები, მოთხოვნის გამომრიცხავ წინაპირობად, მსგავსად „საერთაშორის კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა, მიიჩნევს შემთხვევას, როდესაც გამოყენებული კანონი/გადაწყვეტილება პრინციპულად განსხვავდება მეორე მხარის კანონმდებლობისაგან ან ეწინააღმდეგება კანონმდებლობის ძირითად პრინციპებსა და საჯარო წესრიგს.
4.1. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვან შვილთან ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობის წესის განსაზღვრაა და მხედველობაში იღებს საკითხის მომწესრიგებელ საერთაშორისო თუ შიდა კანონმდებლობის შემდეგ ნორმებს:
4.1.1. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
4.1.2. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.
4.1.3. საკასაციო სასამართლო, ბუნებრივია, ვერანაირ დაბრკოლებას ვერ ხედავს იმაში, რომ მამამ იქონიოს ყოველდღიური ან დროის ხანმოკლე ინტერვალებით ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, რომელიც მასთან არ ცხოვრობს, ამგვარი მიდგომა, პალატის მოსაზრებით, ბავშვის ინტერესების შესაბამისიც კი არის, თუმცა, როგორც წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-4 პუნქტში აღინიშნა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას საკასაციო პალატა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის გადასინჯვას ვერ განახორციელებს. როგორც საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეთა წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ შეიცვალა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლისა და შესაბამისად, თავად ო. ს-ის ძირითად საცხოვრებელ ადგილს ამჟამად საქართველო წარმოადგენს, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება არ შეიცავს რაიმე განმარტებას მამა-შვილის ურთიერთობის იმ წესების თაობაზე, რომლებიც ხანმოკლე, ერთდღიან ურთიერთობას შეეხება, კერძოდ, იგი უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ შესაძლებელია ბავშვის ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანა. ამასთანავე, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოც ვერ განმარტავს გადაწყვეტილებას, ამ თვალსაზრისით მივიღებთ შემთხვევას, როდესაც მართლმსაჯულების აქტი პრაქტიკულად, აღუსრულებელი გახდება, ანუ სახეზე გვექნება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
4.1.4. გარდა აღნიშნულისა, პალატის მოსაზრებით, როდესაც საკითხი სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).
4.1.5. საკასაციო პალატა მოხმობილი მსჯელობიდან გამომდინარე, განმარტავს იმასაც, რომ თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ცნობაზე უარი, ბუნებრივია, არ უკრძალავს მამას შესაძლებლობას, ინახულოს არასრულწლოვანი შვილი, აღნიშნულით არ შეიძლება დაირღვეს ბავშვის ოჯახთან გაერთიანების უფლება, რადგანაც, მშობლისა და შვილის ურთიერთობა სწორედ ბაშვის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. საკასაციო სასამართლო ამ შემთხვევაში ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმადაც: ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას, ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც _ ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი (ECHR, Judgement: Johansen v. Norway).
4.1.6. სწორედ ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ს-ს უარი უნდა ეთქვას თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაზე, რომლითაც განსაზღვრულია მისი უფლება, წაიყვანოს ბავშვი თავისთან და დაამყაროს პიროვნული ურთიერთობა:
ა) ყოველი თვის პირველ და მესამე შაბათ დღეს დილის 09:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე;
ბ) რელიგიური დღესასწაულების მეორე დღის დილის 10:00 საათიდან მესამე დღის საღამოს 17:00 საათამდე;
გ) წყვილ წლებში ბავშვის დაბადების დღეს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე;
დ) წყვილ წლებში 31 დეკემბერს 12:00 საათიდან მომდევნო დღეს _ პირველ იანვარს 12:00 საათამდე;
ე) ყოველწლიურად, მამის დღეს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე.
5. რაც შეეხება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე განჩინებით თურქეთის რესპუბლიკის, ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი ნაწილი აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე-71-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რომ:
ა) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ბ) მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე (საქმის განხილვაში მონაწილეობდა წარმომადგენლის მეშვეობით);
გ) არასრულწლოვნის/მისი კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილი საქართველოშია.
6. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ს-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე იმ ნაწილში, რომლითაც:
ა) ვ. ს-ს უფლება მიეცა, წაიყვანოს ბავშვი _ ო. ს-ი თავისთან და დაამყაროს პიროვნული ურთიერთობა:
ა.ა) სასწავლო პერიოდის სემესტრული არდადეგების პირველი კვირის შაბათ დილის 09:00 საათიდან მომდევნო პარასკევის 17:00 საათამდე;
ა.ბ) ყოველწლიურად, პირველ ივლისს დილის 09:00 საათიდან 30 ივლისის საღამოს 17:00 საათამდე;
ბ) მხარეს, რომელსაც მიეცა მეურვეობა, დაევალა, მეორე მხარეს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია:
ბ.ა) ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ საკითხებზე;
ბ.ბ) სემესტრული და სასწავლო წლის დასრულებისას ბავშვის განათლებასთან დაკავშირებით (სწავლის მდგომარეობის შესახებ) ნიშნების ფურცლის ასლთან ერთად;
ბ.გ) ბავშვის საცხოვრებელი მისამართისა და მასთან დასაკავშირებელი ტელეფონის ნომრის შესახებ, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარისგან დამოუკიდებლად შეეძლება ბავშვს საუბარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ს-ის შუამდგომლობა ა. ქ-ის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც:
ა) ვ. ს-ს უფლება მიეცა, წაიყვანოს ბავშვი _ ო. ს-ი თავისთან და დაამყაროს პიროვნული ურთიერთობა:
ა.ა) სასწავლო პერიოდის სემესტრული არდადეგების პირველი კვირის შაბათ დილის 09:00 საათიდან მომდევნო პარასკევის 17:00 საათამდე;
ა.ბ) ყოველწლიურად, პირველ ივლისს დილის 09:00 საათიდან 30 ივლისის საღამოს 17:00 საათამდე;
ბ) მხარეს, რომელსაც მიეცა მეურვეობა, დაევალა, მეორე მხარეს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია:
ბ.ა) ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ საკითხებზე;
ბ.ბ) სემესტრული და სასწავლო წლის დასრულებისას ბავშვის განათლებასთან დაკავშირებით (სწავლის მდგომარეობის შესახებ) ნიშნების ფურცლის ასლთან ერთად;
ბ.გ) ბავშვის საცხოვრებელი მისამართისა და მასთან დასაკავშირებელი ტელეფონის ნომრის შესახებ, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარისგან დამოუკიდებლად შეეძლება ბავშვს საუბარი.
3. დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობის ავტორს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ნ. ბაქაქური