№ა-4086-შ-84-2015 15 დეკემბერი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რუსეთის ფედერაციის უდმურტიის რესპუბლიკის ბალეზინსკის რაიონული სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე – ტ.კ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე ითხოვს რუსეთის ფედერაციის უდმურტიის რესპუბლიკის ბალეზინსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების ცნობა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და აღსრულება
დავის საგანი – სახელმწიფო ბაჟის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის უდმურტიის რესპუბლიკის ბალეზინსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ტ.კ-ს ჩამოერთვა მშობლის უფლება არასრულწლოვანი შვილის ი.კ-ს მიმართ (დაბ. 30.10.2001წ) და დაეკისრა ალიმენტის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით ტ.კ-ს დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 450 რუბლის ოდენობით.
2. ტ.კ-ს სათანადო წესით ეცნობა საქმის სასამართლოს სხდომის გამართვის ადგილისა და თარიღის შესახებ.
3. რუსეთის ფედერაციის უდმურტიის რესპუბლიკის ბალეზინსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 11 აგვისტოს და მისი აღსრულება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ მომხდარა.
4. რუსეთის ფედერაციის უდმურტიის რესპუბლიკის ბალეზინსკის რაიონულმა სასამართლომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის უდმურტიის რესპუბლიკის ბალეზინსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების ცნობა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და აღსრულება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინებით წარმოდგენილი შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინების ასლი და რუსეთის ფედერაციის უდმურტიის რესპუბლიკის ბალეზინსკის რაიონული სასამართლოს შუამდგომლობა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა ტ.კ–ს საქმეში არსებულ მისამართზე და ჩაბარდა 2015 წლის 19 ნოემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
9. სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის უდმურტიის რესპუბლიკის ბალეზინსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების (სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში) ცნობა და აღსრულება.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
10. რუსეთის ფედერაციის უდმურტიის რესპუბლიკის ბალეზინსკის რაიონული სასამართლოს შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის უდმურტიის რესპუბლიკის ბალეზინსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის (სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში) ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
11. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის უდმურტიის რესპუბლიკის ბალეზინსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილი, რომლის შესაბამისადაც ტ.კ–ს რუსეთის ფედერაციის უდმურტიის რესპუბლიკის ბალეზინსკის რაიონის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 450 (ოთხას ორმოცდაათი) რუბლის გადახდა და მოხდეს მისი აღსრულება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი