Facebook Twitter

საქმე №ა-2970-შ-61-2015 7 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე. ა.-ა

წარმომადგენელი – ს. ბ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ქ.-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ქ.-ასა და საქართველოს მოქალაქე ე. ა.-ას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

ე. ა.-ას წარმომადგენელმა ს. ბ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საქმის მასალებით, დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 27 თებერვალს და ე. ა.-ას წარმომადგენელ ს. ბ.-ის განმარტებით, იგი აღსრულებულია თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ე. ა.-ა კვლავ საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით ე. ა.-ას წარმომადგენელ ს. ბ.-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ე. ა.-ას წარმომადგენელ ს. ბ.-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ქ.-ასა და საქართველოს მოქალაქე ე. ა.-ას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 27 თებერვალს და შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული რწმუნებულებით დასტურდება, რომ ე. ა.-ა საქართველოს მოქალაქეა.

ე. ა.-ას წარმომადგენელმა ს. ბ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ა.-ას წარმომადგენელ ს. ბ.-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის სამსუნის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ქ.-ასა და საქართველოს მოქალაქე ე. ა.-ას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე