Facebook Twitter

ბს-978-833-კ-04 23 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ბინის პრივატიზაციისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 11 ივლისს ი. წ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში დე. კ.-ის მიმართ და მიუთითა, რომ მისი მეუღლე ომში დაიღუპა. ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების საბინაო-საექსპლუატაციო განყოფილებამ თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით გამოუყო ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ..., სადაც იგი ინვალიდ დედასთან და ობოლ შვილებთან ერთად ცხოვრობდა. სადავო ბინა საბინაო-საექსპლუატაციო განყოფილების ბალანსზე იმყოფებოდა, მისი ყოფილი მფლობელი _ პ. ლ.-ი კი სტავროპოლის მხარეში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული იყო. მოსარჩელის თქმით, 2003წ. 24 ივნისს მასთან გამოცხადდა დე. კ.-ე და წარუდინა ლ.-ის მიერ გაცემული მინდობილობა ბინის განკარგვის თაობაზე.

ი. წ.-ს თქმით, როგორც მისთვის ცნობილი გახდა, პ. ლ.-ს ჩუმად მოუხდენია სადავო ბინის პრივატიზაცია და გაცემული მინდობილობის საფუძველზე დე. კ.-ს გაუსხვისებია სადავო ბინა. მოსარჩელის თქმით, პ. ლ.-მა დაარღვია სამსახურებრივი ბინის ჩაბარების ვალდებულება და მის მიერ გაცემული მინდობილობა ყალბია, ამდენად, მან ბინასთან დაკავშირებული ყველა გარიგებების ბათილად ცნობა და ბინის კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნება მოითხოვა.

2003წ. 20 ნოემბერს დ. კ.-ემ ი. წ.-სა და ე. კ.-ს მიმართ შეგებებული სარჩელი აღძრა და მათი სადავო ბინიდან გამოსახლება მოითხოვა იმ მოტივით, რომ 2003წ. 1 ივლისს მან დე. კ.-ისაგან ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა სადავო ბინა, სადაც მოპასუხეები კანონიერი საფუძვლის გარეშე შეჭრილები იყვნენ. დ. კ.-ე აქვე განმარტავდა, რომ, ი. წ.-ს სარჩელის გამო, სადავო ბინას ყადაღა ჰქონდა დადებული, რის გამოც მისი საჯარო რეესტრში აღრიცხვა ვერ ხერხდებოდა. შეგებებული სარჩელის ავტორმა, საბოლოოდ, სადავო ბინის უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლება მოითხოვა.A

საქმის განხილვისას მოცემულ დავასთან გაერთიანდა ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების საბინაო-საექსპლუატაციო განყოფილების სარჩელი მოპასუხე დ. კ.-ის მიმართ, რომელიც სადავო ბინასთან დაკავშირებით დადებული გარიგებების ბათილად ცნობას მოითხოვდა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ბინა 1992წ. 9 ოქტომბერს პრივატიზებულ იქნა პ. ლ.-ის მიერ, მაგრამ, ვინაიდან პრივატიზაციის ხელშეკრულება დროულად ვერ გატარდა საჯარო რეესტრში, ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა და ბინა კვლავ ძველ მესაკუთრეს დაუბრუნდა. მოსარჩელე განმარტავდა, რომ პ. ლ.-ს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოჯახთან ერთად საკუთრების უფლებით საცხოვრებელი სახლი გამოუყო ქ. ბუდიონოვსკში, ხოლო სადავო ბინა მის სამსახურებრივ ბინას წარმოადგენდა და მასში მისი შვილი _ რ. ლ.-ი ცხოვრობდა, რომელიც 2003წ. 26 იანვარს გარდაიცვალა, რის შემდგომაც სადავო ბინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის მეუღლე, მცირეწლოვანი შვილები და მოხუცი დედა შესახლდნენ. 1997წ. 7 ოქტომბერს პ. ლ.-მა თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით ტექაღრიცხვის ბიუროში პრივატიზაციის ხელშეკრულების რეგისტრაციის ვადა აღიდგინა და ბინა თავის სახელზე Aაღრიცხა.Aამდენად, მოსარჩელის თქმით, პ. ლ.-მა სამხედრო უწყებიდან ორი ბინა მიიღო, ამასთან, სადავო ბინა დე. კ.-ემ თავის შვილზე _ დ. კ.-ეზე გაასხვისა, რაც ბათილობის საფუძველი იყო.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად თავდაცვის სამინისტრო ჩაება.

ამავე სასამართლოს 2003წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. წ.-სა და ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების საბინაო-საექსპლუატაციო განყოფილების სარჩელები არ დაკმაყოფილდა, ხოლო დ. კ.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და ი. წ.-ა და ე. კ.-ა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ სადავო ბინიდან.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს გაშვებული ჰქონდათ ხანდაზმულობის ვადა, რადგან სამგორის რაიონის სასამართლოს 1997წ. 17 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულება ცნობილ იქნა კანონიერად და გადაწყვეტილების ბათილად ცნობის 5-წლიანი ვადა გასული იყო. სასამართლო საქმის არსებით მხარესაც შეეხო და მიიჩნია, რომ სადავო ბინასთან დაკავშირებული გარიგებების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ი. წ.-მ, ე. კ.-მ და ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების საბინაო-საექსპლუატაციო განყოფილებამ გაასაჩივრეს.

სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვისას ი. წ.-ს ნაცვლად საქმეში სათანადო მოსარჩელედ თავდაცვის სამინისტრო ჩაება, რომელმაც 1992წ. 9 ოქტომბრის პრივატიზაციისა და 2003წ. 1 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და სადავო ბინის თავის ბალანსზე აღრიცხვა მოითხოვა იმ მოტივით, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით ბინები უსასყიდლოდ გადაეცემოდათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და აკრძალული იყო სამსახურებრივი დანიშნულების ბინების პრივატიზება, პ. ლ.-ი კი რუსეთის მოქალაქეს წარმოადგენდა და, ამასთან, მას სხვა ბინა რუსეთში უკვე მიღებული ჰქონდა.

დე. და დ. კ.-ეების წარმომადგენელმა თავდაცვის სამინიტროს მოთხოვნა უსაფუძვლოდ და ხანდაზმულად მიიჩნია იმ მოტივით, რომ სამგორის რაიონული სასამართლოს 1997წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში პრივატიზაციის ხელშეკრულების რეგისტრაციის თაობაზე კანონიერ ძალაში იყო შესული და არ გაუქმებულა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 14 ივლისის ახალი გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროსა და ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების საბინაო-საექსპლუატაციო განყოფილების სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისში, ... მდებარე სადავო ბინის 1992წ. 9 ოქტომბრის პრივატიზაციისა და 2003წ. 1 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებები და ბინა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე აღირიცხა. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ. კ.-ის შეგებებული სარჩელი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა უძრავ ნივთზე დადებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილ დავათა კატეგორიას განეკუთვნებოდა და მასზე 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა უნდა გავრცელებულიყო. ამდენად, სარჩელი ხანდაზმულად ვერ იქნებოდა მიჩნეული. სასამართლო აქვე პრივატიზაციის კანონიერებას შეეხო და მიიჩნია, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფებას არ ჰქონდა უფლება, გაესხვისებინა სადავო ბინა, რის გამოც პრივატიზაციის ხელშეკრულება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი თანმდევი შედეგებით.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. კ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ არამართებული იყო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1997წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება პრივატიზაციის კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტად ვერ იქნებოდა მიჩნეული.

კასატორმა დამატებით მიუთითა, რომ სასამართლომ ისე მიიჩნია პრივატიზაციის ხელშეკრულება კანონის დარღვევით მიღებულად, რომ საერთოდ არ გამოუკვლევია, სადავო ბინის პრივატიზაციისას არსებობდა თუ არა ბინის გასხვისების ნებართვა.

კასატორმა, საბოლოოდ, სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სადავო ბინაზე ყადაღის მოხსნა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და სადავო ბინიდან მოპასუხეთა გამოსახლება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ დ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 14 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის. ვინაიდან წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ამდენად, დადგენილად მიიჩნევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ი. წ.-ს მეუღლე ომში დაიღუპა. ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების საბინაო-საექსპლუატაციო განყოფილებამ თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მას გამოუყო ბინა, მდებარე ქ. თბილისში, ..., სადაც იგი ინვალიდ დედასთან და ობოლ შვილებთან ერთად ცხოვრობდა. სადავო ბინა საბინაო-საექსპლუატაციო განყოფილების ბალანსზე იმყოფებოდა, მისი ყოფილი მფლობელი _ პ. ლ.-ი კი სტავროპოლის მხარეში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული იყო. სადავო ბინა 1992წ. 9 ოქტომბერს პრივატიზებულ იქნა პ. ლ.-ის მიერ, მაგრამ პრივატიზაციის ხელშეკრულება დროულად ვერ გატარდა საჯარო რეესტრში. 1997წ. 17 ოქტომბერს პ. ლ.-მ თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით ტექაღრიცხვის ბიუროში პრივატიზაციის ხელშეკრულების რეგისტრაციის ვადა აღიდგინა და ბინა თავის სახელზე აღრიცხა. 2003წ. 1 ივლისს დ. კ.-მ დე. კ.-ისაგან, რომელსაც პ. ლ.-ისაგან ბინის გაყიდვის თაობზე მინდობილობა ჰქონდა მიღებული, ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა სადავო ბინა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი, ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე ხანდაზმულად ვერ იქნება მიჩნეული, რადგან მოცემული დავა უძრავ ნივთზე დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დავათა კატეგორიას განეკუთვნება და მასზე, როგორც ძველი, ისე 1997წ. სკ-ის თანახმად, 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება. ამ უკანასკნელის ათვლა კი მოცემულ შემთხვევაში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ იწყება, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმული არ არის.

საკასაციო სასამართლო დამატებით კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1997წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება მართებულად მიიჩნია ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ტექაღრიცხვის ბიუროში რეგისტრაციის ვადის აღდგენად და არა პრივატიზაციის ხელშეკრულების ნამდვილ ცნობად, რადგან სასამართლოს მის კანონიერებაზე საერთოდ არ უმსჯელია.

საკასაციო სასამართლო აქვე მოიხმობს სკ-ის 59-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისათვის საჭიროა ნებართვა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ პ. ლ.-ს სადავო ბინის პრივატიზებისას მიღებული არ ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 9 ოქტომბრის ¹984 დადგენილების თანახმად შექმნილი სამთავრობო კომისიის ნებართვა სამხედრო დანიშნულების ბინების გასხვისების თაობაზე, რაც კანონით დადგენილ იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენდა. აღნიშნული დადგენილება სადავო პრივატიზაციის ხელშეკრულების დადებისას მოქმედებდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგან კანონდარღვევით განხორციელებული პრივატიზაციის ხელშეკრულება ბათილია, ანუ მას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს დ. და დე. კ.-ებს შორის 2003წ. 1 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხსენებული ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ მომხდარა, რის გამოც, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ დ. კ.-ს სადავო ბინაზე საკუთრების უფლება, სკ-ის 183-ე მუხლის მიხედვით არ წარმოშობია და მას არც უფლება ჰქონდა, სადავო ბინიდან შესახლებულ პირთა გამოსახლება მოეთხოვა. საკასაციო სასამართლო დამატებით მოიხმობს სკ-ის 172-ე მუხლს, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ამდენად, ნივთის მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება მხოლოდ მესაკუთრეს აქვს და რადგან დ. კ.-ე სადავო ბინის კანონით დადგენილ მესაკუთრეს არ წარმოადგენდა, მას არც უფლება გააჩნდა, ბინის მფლობელთა გამოსახლება მოეთხოვა. ამრიგად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას შეგებებული სარჩელის უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ცნობის თაობაზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 14 ივლისის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლო კოლეგიამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 14 ივლისის გადაწყვეტილება;

3. დ. კ.-ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.