Facebook Twitter

საქმე №ა-1163-შ-26-2015 2 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ვ. ს.-ი

წარმომადგენელი – ე.ბ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ქ.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – ბავშვთან ურთიერთობის წესის შეცვლა (სარჩელში) და მეურვეობის შეცვლა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის ... E.K. სასამართლო დოკუმენტით ვ. ს.-ი და ა. ქობაქლი, მოლაპარაკების გზით, განქორწინდნენ. 2007 წელს დაბადებულ საერთო შვილზე მეურვეობა გადაეცა დედას – ა. ქ.-ის. მამის – ვ. ს.-ის მოთხოვნას, რომ ყოველ შაბათ-კვირას ბავშვი დარჩებოდა მამასთან, დედამ მოსამართლის წინაშე თანხმობა განაცხადა და სიტყვიერ გარანტიაზე დაყრდნობით, იმ პირობით, რომ ყოველ შაბათ-კვირას ბავშვი მამასთან დარჩებოდა მოხდა პიროვნული ურთიერთობის მოგვარება.

ა. ქ.-იმ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მამის – ვ. ს.-ის ბავშვთან ურთიერთობის წესის შეცვლა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს. ვ. ს.-მა მოითხოვა ბავშვზე მეურვეობის შეცვლა.

თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინებით: 1. გაუქმდა რეგულირებული პიროვნული ურთიერთობა. მოპასუხე მამას შეუძლია ბავშვი წაიყვანოს თავისთან და დაამყაროს პიროვნული ურთიერთობა ყოველი თვის პირველი და მესამე შაბათი დღეების დილის 09:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე; რელიგიური დღესასწაულების მეორე დღეს დილის 10:00 საათიდან მესამე დღის საღამოს 17:00 საათამდე; სასწავლო პერიოდის სემესტრული არდადეგების პირველი კვირის შაბათი დღის დილის 09:00 საათიდან მომდევნო პარასკევი დღის 17:50 საათამდე; ასევე, ყოველწლიურად 1 ივნისის დილის 09:00 საათოდან 30 ივნისის საღამოს 17:00 საათამდე; წყვილ წლებში ბავშვის დაბადების დღეებში დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე; წყვილ წლებში 31 დეკემბერს 12:00 საათიდან მომდევნო დღეს 01 იანვარს 12:00 საათამდე; ყოველწლიურად მამის დღეს დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე; მხარემ, რომელსაც მიეცა მეურნეობა მეორე მხარეს; ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ საკითხებზე წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია; ბავშვის განათლებასთან დაკავშირებით სემესტრული და სასწავლო წლის დასრულებისას, ბავშვის სწავლის მდგომარეობის შესახებ წერილობითი ფორმით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ნიშნების ფურცლის ასლთან ერთად; წერილობითი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია ბავშვის საცხოვრებელი მისამართისა და ბავშვთან დასაკავშირებელი ტელეფონის ნომრის შესახებ, რომლითაც საწინააღმდეგო მხარისგან დამოუკიდებლად შეეძლება ბავშვს საუბარი; მხარეებს განემარტათ, რომ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მეურვეობასთან და პიროვნულ ურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს მეურვეობისა და პიროვნული ურთიერთობის შეცვლა, გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე, მეურვეობა და პიროვნული ურთიერთობა განხორციელდება ზომების მიღებით; გადაწყვეტილების განხორციელებაზე ზომების მიღება განხორციელდეს ანკარის მორიგე სააღმსრულებლო სამმართველოს მიერ; გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში თურქეთის სამოქალაქო კოდექსის 353 და თურქეთის სამოქალაქო კოდექსის „მფარველობის, მეურვეობის და მემკვიდრეობის დებულებათა განხორციელების შესახებ“ წესდების მე-4 მუხლის თანახმად; შეხსენებულ იქნას (შეხსენებულ იქნა), რომ მხარეს, რომელსაც გადაეცა მეურვეობა, მოეთხოვოს მცირეწლოვანთა ქონების ამსახველი ინფორმაციის ჟურნალის წარდგენა, ბავშვის ქონების მართვაზე საკმარისი ყურადღების მოუქცევლობის შემთხვევაში, თურქეთის სამოქალაქო კოდექსის 360 და 361 მუხლებში აღნიშნული ზომების მიღება მოხდება ჩვენი სასამართლოს მიერ, ამ წინადადებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ისე როგორც მოთხოვნილ იქნას ქონების გადაცემა, ასევე შესაძლებელია ბავშვის ქონების მართვა გადაეცეს კურატორს; მოსარჩელე - დაპირისპირებული მოპასუხის მხრიდან ჩარიცხული 50.40 თურქული ლირის 42.70 თურქული ლირის სასამართლო ხარჯი აღებული იქნა მოსარჩელე-დაპირისპირებული მოსარჩელისაგან და გადაეცეს მოსარჩელე-დაპირისპირებულ მოპასუხეს; იმის გამო, რომ მოსარჩელე-დაპირისპირებული მოპასუხე წარმოდგენილი იყო რწმუნებულის სახით, საადვოკატო მინიმალური ანაზღაურების ტარიფის თანახმად 1 500,00 თურქული ლირის ოდენობის საადვოკატო ანაზღაურება აღებულ იქნა მოპასუხე-დაპირისპირებული მოსარჩლისაგან და მიეცა მასარჩელე-დაპირისპირებულ მოპასუხეს; ძირითადი სარჩელისა და შესაგებელი სარჩელის მხრივ წინასწარ გადახდილი მოსაკრებლიდან ჩათვლის გამო, ხელახლა მოსაკრებლის აღება საჭიროებას არ წარმოადგენდა. 2. მეურვეობის შეცვლასთან დაკავსირებული შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე-დაპირისპირებული მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯები დაეკისრა მასვე; იმის გამო, რომ მოსარჩელე-დაპირისპირებული მოპასუხე წარმოდგენილია რწმუნებულის სახით, საადვოკატო მინიმალური ანაზღაურების ტარიფის თანახმად 1 500,00 თურქული ლირის ოდენობის საადვოკატო ანაზღაურება აღებულ იქნა მოპასუხე-დაპირისპირებული მოსარჩელისაგან და მიეცა მოსარჩელე-დაპირისპირებულ მოპასუხეს; მხარეთა მიერ გადახდილი ხარჯების ავანსიდან დარჩენილი ნაწილი განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 333 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ხარჯების საავანსო ტარიფის მე-5 მუხლის თანახმად დაუბრუნდა მხარეებს.

ვ. ს.-ის წარმომადგენელმა ე.ბ.-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მაისის განჩინებით ვ. ს.-ის წარმომადგენელ ე.ბ.-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, ვ. ს.-ის წარმომადგენელ ე.ბ.-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებებს გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 4 მაისის განჩინებით ვ. ს.-ის წარმომადგენელ ე.ბ.-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

მოწინააღმდეგე მხარემ ა. ქ.-იმ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც წარმოდგენილ შუამდგომლობას არ დაეთანხმა იმ საფუძვლით, რომ თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინება არ არის შესული კანონიერ ძალაში და მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

2015 წლის 28 ივლისის სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის ავტორს მიეცა ვადა წარმოედგინა ცნობა თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხი, საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით, განიხილება ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.

განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ წარმოადგინა ცნობა თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის თოაბაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო სარჩელს (კერძო საჩივარს) დატოვებს განუხილველად ან შეწყვეტს საქმის წარმოებას იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვისას გაირკვა, რომ არ არსებობს მისი წარმოებაში მიღების ესა თუ ის პირობა, ამასთან მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი – საქმის წარმოების შეწყვეტა ან საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება გამომდინარეობს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა თვლის, რომ ვ. ს.-ის წარმომადგენელ ე.ბ.-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ს.-ის წარმომადგენელ ე.ბ.-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქ.ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე