Facebook Twitter

საქმე № 340210115773524

საქმე №ას-555-530-2016 9 სექტემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ. ბ.-ი (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.- ბ.-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ვ. ბ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.- ბ.-ის (შემდგომში – მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა 2015 წლის 16 თებერვალს ნოტარიუსის მიერ გაცემულ №... სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის შემცირება 9100 აშშ დოლარამდე, ხოლო პირგასამტეხლოს განსაზღვრა 0.03%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სანოტარო წესით დადებული სესხისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც კრედიტორებად მონაწილეობდნენ სხვა პირებიც. მოსარჩელემ მოპასუხისაგან ისესხა 10 000 აშშ დოლარი, სარგებლის დარიცხვისა და, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდის პირობით.

3. მოსარჩელე სისტემატიურად იხდიდა სარგებელს, თუმცა დათქმულ ვადაში თანხა სრულად ვერ დაფარა. მოპასუხის მიმართვის საფუძველზე ნოტარიუსმა ამოწერა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორის მოთხოვნამ შეადგინა სულ 10990 აშშ დოლარი და 120 ლარი, რაც არასწორია და უნდა შემცირდეს.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ შედგენილი სააღსრულებო ფურცელი კანონშესაბამისია და მისი გაუქმების წინაპირობა არ არსებობს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 16 თებერვალს გაცემულ №... სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების იმდაგვარად შეტანაზე, რომ სესხის ძირითადი თანხა შემცირდეს 900 აშშ დოლარით და განისაზღვროს 9100 აშშ დოლარით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი პირგასამტეხლოს თანხის შემცირების ნაწილში და 2015 წლის 16 თებერვალს ნოტარიუსის მიერ გაცემულ №... სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს ნაწილში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 0,05%-ის (5 აშშ დოლარის) ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2014 წლის 12 დეკემბრიდან აღსრულებამდე, სააღსრულებო ფურცელი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 12 ივნისს, ერთი მხრივ, მოსარჩელეს (მსესხებელი) და, მეორე მხრივ, მოპასუხესა და სხვა სამ პირს შორის (გამსესხებლები) გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამსესხებლებმა მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით 2014 წლის 12 დეკემბრამდე ასესხეს სხვადასხვა თანხა, მათ შორის მოპასუხემ –10 000 აშშ დოლარი. მხარეთა შეთანხმებით, სესხისთვის განისაზღვრა სარგებელი ყოველთვიურად 3%-ის ოდენობით.

9. გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

10. ხელშეკრულების მე-5 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში სესხის ან/და მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაერიცხებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,15% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

11. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2015 წლის 16 თებერვალს მოპასუხის მიმართვის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი და 2014 წლის 12 დეკემბრის მდგომარებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგი სახით: ძირითადი თანხა – 10 000 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო – 15.00 აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2014 წლის 12 დეკემბრიდან აღსრულებამდე; სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 100 ლარი, დღგ – 18 ლარი, სანოტარო მოქმედების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციისათვის – 2 ლარი. სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულია იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

12. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელემ მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოცემული სესხის ძირითადი თანხის შემცირება 900 აშშ დოლარით იმ საფუძვლით, რომ სესხი გაცემული იყო სამი თვით, 2014 წლის 13 სექტემბრამდე და, შესაბამისად, მის მიერ 2014 წლის ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში გადახდილი 900 აშშ დოლარი წარმოადგენს სესხის ძირი თანხის ანგარიშში გადახდილ თანხას. აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხემ განმარტა, რომ ხელშეკრულებით სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 12 დეკემბერამდე და მოსარჩელის მიერ მითითებული 900 აშშ დოლარი წარმოადგენს 2014 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის სარგებელს.

13. ამდენად, მხარეთა შორის სადავოა სესხის ხელშეკრულების ვადა და 2014 წლის ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში გადახდილი თანხის მიზნობრიობა. მხარეთა შორის დავის წარმოშობას საფუძვლად უდევს თავად იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 მუხლში ჩამოყალიბებული ჩანაწერი, რომლის თანახმადაც: ,,სესხი გაიცა სამი თვის ვადით და უნდა დაბრუნდეს 2014 (ორიათას თოთხმეტი) წლის 12 (თორმეტი) დეკემბრამდე“.

14. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა, რომ, მართალია, ხელშეკრულების აღნიშნული მუხლი შეიცავს დათქმას სესხის „სამი თვის“ ვადით გაცემის შესახებ, თუმცა ამ პუნქტის ბოლო ნაწილი ცალსახად, არამარტო ციფრით, არამედ სიტყვიერადაც განმარტავს, რომ სესხის დაბრუნების ვადა არის 2014 (ორიათას თოთხმეტი) წლის 12 (თორმეტი) დეკემბერი. მეტიც, ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნულ პუნქტში „სამი თვე“ შეცდომაა და სესხის ხელშეკრულების ვადის დასასრული არის სწორედ 2014 წლის 12 დეკემბერი, დასტურდება ამავე ხელშეკრულების პირველი პუნქტითაც, სადაც ცალსახადაა აღნიშნული, რომ გამსესხებლებმა მოპასუხეს ამ ხელშეკრულებით დადებული პირობებით 2014 (ორიათას თოთხმეტი) წლის 12 (თორმეტი) დეკემბრამდე ასესხეს თანხა. ამასთან, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომაც მართებულად განმარტა, სესხის ძირითადი თანხის დაბრუნებასთან მიმართებაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები შეთანხმებული იყვნენ, სესხის ძირითადი თანხის დაბრუნება მომხდარიყო ერთიანად, შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების წესის შეცვლისა და ნაწილ-ნაწილ დაბრუნების შემთხვევაში მხარეებს დამატებით შეთანხმება ესაჭიროებოდათ, რაც არ მომხდარა. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსარჩელე 2014 წლის 12 დეკემბრამდე ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით იხდიდა სარგებელს, რაც ამავე ხელშეკრულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ყოველთვიურად 300 აშშ დოლარს შეადგენდა.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 12 ივნისის ხელშეკრულებით სესხის დაბრუნების ვადა განსაზღვრული იყო 2014 წლის 12 დეკემბერამდე და მოვალის მიერ 2014 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში 900 აშშ დოლარი გადახდილ იქნა ხელშეკრულებით შეთანხმებული სარგებლის სახით. ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის 900 აშშ დოლარით შემცირების და 9100 აშშ დოლარით განსაზღვრის თაობაზე.

16. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში აპელანტი ითხოვს განაკვეთის შემცირებას 0.03%-მდე.

17. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით და არ არსებობს დაკისრებული პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების საფუძველი.

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 623-ე მუხლის, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის, ასევე, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ასესხა 10 000 აშშ დოლარი და არ დგინდება მოვალის მიერ სესხის ძირი თანხის სახით 900 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში გადასახდელ ძირ თანხად მართებულად განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარი. უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის 900 აშშ დოლარით შემცირების და 9100 აშშ დოლარით განსაზღვრის თაობაზე.

19. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 417-ე მუხლით, 418-ე მუხლის პირველი ნაწილით, 420-ე მუხლით და განმარტა, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს გარემოებებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა 0.15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეამცირა 0.05%-მდე.

21. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელშეკრულების საერთო თანხის ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა და განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრულ ოდენობით და დაკისრებული პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

22. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

23. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებანი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და განჩინება იმდენად არასრულად დაასაბუთა, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემცირება შეუძლებელია.

24. მხარის განმარტებით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ სადავო სააღსრულებო ფურცელში მითითებული 10 000 აშშ დოლარიდან სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში გადაიხადა 900 აშშ დოლარი, ვინაიდან სესხი გაიცა 3 თვის ვადით – 2014 წლის 12 სექტემბრამდე.

25. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სესხის ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 12 დეკემბრამდე.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

27. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

28. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 12 ივნისს, ერთი მხრივ, მოსარჩელეს (მსესხებელი) და, მეორე მხრივ, მოპასუხესა და სხვა სამ პირს შორის (გამსესხებლები) გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამსესხებლებმა მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით 2014 წლის 12 დეკემბრამდე ასესხეს სხვადასხვა თანხა, მათ შორის, მოპასუხემ სესხის სახით გადასცა 10 000 აშშ დოლარი ყოველთვიურად სარგებლის სახით 3%-ის დარიცხვით.

29. გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

30. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2015 წლის 16 თებერვალს მოპასუხის მიმართვის საფუძველზე ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი და 2014 წლის 12 დეკემბრის მდგომარებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განსაზღვრა შემდეგი სახით: ძირითადი თანხა – 10 000 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო – 15.00 აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2014 წლის 12 დეკემბრიდან აღსრულებამდე; სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 100 ლარი, დღგ – 18 ლარი, სანოტარო მოქმედების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციისათვის – 2 ლარი. სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ იქნა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

33. განსახილველ შემთხვევაში კასატორი პრეტენზიას აცხადებს გასაჩივრებული განჩინების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი დასაბუთებულების მიმართ.

34. საკასაციო საჩივარში მხარე უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სესხის ხელშეკრულების დადების დროდ არასწორად დაადგინა 2014 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდი. აღნიშნული პრეტენზია უკავშირდება კასატორის არგუმენტს, რომ სადავო სააღსრულებო ფურცელში მითითებული 10 000 აშშ დოლარიდან მოსარჩელემ სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში გადაიხადა 900 აშშ დოლარი, ვინაიდან სესხი გაიცა 3 თვის ვადით – 2014 წლის 12 სექტემბრამდე.

35. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად მიჩნეულ გარემოება, რომ 2014 წლის 12 ივნისის ხელშეკრულებით სესხის დაბრუნების ვადა განსაზღვრული იყო 2014 წლის 12 დეკემბერამდე და მოვალის მიერ 2014 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში 900 აშშ დოლარი გადახდილ იქნა ხელშეკრულებით შეთანხმებული სარგებლის სახით. ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის 900 აშშ დოლარით შემცირების და 9100 აშშ დოლარით განსაზღვრის თაობაზე.

36. რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინების იურიდიულ დაუსაბუთებლობას, კასატორს არ დაუსაბუთებია, კანონის რომელი ნორმა უნდა გამოეყენებინა, ან არასწორად გამოიყენა სააპელაციო სასამართლომ, ასევე, რაში გამოიხატება მისი დაუსაბუთებლობა. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილშიც მხარის პრეტენზია დაუშვებელი და უსაფუძვლოა.

37. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური