Facebook Twitter

საქმე № 330210114422930

საქმე №ას-577-552-2016 9 სექტემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ.-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ქ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს – 40 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხე უზრუნველყოფდა სამხედრო ნაწილებში სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას. მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე.

3. მხარემ მიუთითა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ვინაიდან სათანადო შემოწმებისას დაფიქსირდა კვების პროდუქტების არასაკმარისი რაოდენობა, კალორაჟი და ხარისხი.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ არსებითი შესაგებლის ფარგლებში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ უხარისხო პროდუქცია მოსარჩელისათვის არ მიუწოდებია. ამავდროულად, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არათანაზომიერად მაღალია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 ლარის ანაზღაურება, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარ ეთქვა უარი, ხოლო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6000 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 30 აპრილს მოსარჩელეს („შემსყიდველი“) და მოპასუხეს („მიმწოდებელი“) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურების უზრუნველყოფის ვალდებულება.

8. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ პირობებზე: ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს. (ხელშეკრულების 5.1 პუნქტი); საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს მიმწოდებელი, სამხედრო ნაწილებში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა კვებისათვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარით და სამზარეულო მოწყობილობა-დანადგარებით (ხელშეკრულების 8.1.1. პუნქტი); თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებას, რომლის გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ, რაც შეიძლება მოკლე დროში, უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება ამ გარემოებებთან დაკავშირებით (ხელშეკრულების 13.1. პუნქტი); შპს „ქ.-ა“ ვალდებულია, თავისი სახსრებით აწარმოოს გადაცემულ კვების ობიექტზე არსებული მატერიალური ქონების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები; უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა (ხელშეკრულების 8.2.4. და 8.2.6. პუნქტები); მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს, ამ ხელშეკრულებით და კონკრეტული შეკვეთით განსაზღვრულ მოთხოვნებს (ხელშეკრულების 10.1. პუნქტი).

9. ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის, ამავე ხელშეკრულების 15.1. პუნქტით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, კერძოდ, აღნიშნული პუნქტის თანახმად, თუკი, შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენს მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (მათ შორის: მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯრით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა), მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით.

10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 16 მაისს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების, მოპასუხე საზოგადოების სასადილოს მენეჯერისა და საწყობის უფროსის მიერ შედგენილ იქნა №-- აქტი, რომლის თანახმად შემოწმდა დაბა ვაზიანში დისლოცირებული პირველი საარტილერიო ბრიგადის სასადილო და სასადილოს საწყობი. დადგინდა, რომ მენიუს მიხედვით მომზადებული კერძი „ბარდის სუფი“ ნაცვლად 290 კგ-სა, მომზადებულია 259 კგ. სალათა „შუბა“, ნაცვლად 103,65 კგ-სა, მომზადებულია 80,75 კგ. ჩირის კომპოტს აღენიშნება არასასიამოვნო გემო, რაც გამოწვეულია ჩირის უხარისხობით, აღენიშნება ობი მცირე რაოდენობით და დამზადებულია ჭიანი ვაშლისაგან. წვნიანი კერძების მომზადებისას გამოყენებულია გახევებული ღეროიანი მწვანილი, რომელიც მოხარშვის შედეგად არ იღეჭება. დარღვეულია დღიური კალორაჟის განაწილების პრინციპი. მენიუს შემოწმებისას ასევე აღმოჩნდა, რომ კვირის განმავლობაში (7 დღე) შეცვლის ნორმით გამოიყენება „სპრედი - კულინარკა“ -82% ცხიმიანობით (100 გრ. პროდუქტში 25 გრამი ძროხის ცხიმი). საერთო საჯარისო ნორმებით ერთ სამხედრო მოსამსახურეს კვირის განმავლობაში ეკუთვნის 1750 გრ. გამაგრილებელი სასმელი, აქედან 700 გრ. ეძლევა მინერალური წყალი „ლიკანი“, რომელიც არ არის გამაგრილებელი სასმელი და არც შეცვლის ნორმებით არ არის გათვალისწინებული. საწყობში დაფიქსირდა უხარისხო (დამპალი) გადასარჩევი ბოსტნეული: კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, მწვანილი, რის გამოც გაიზარდა პირველადი დანაკარგი ბოსტნეულის დამუშავებისას, რამაც გამოიწვია „ბარდის სუფისა“ და სალათა „შუბას“ დანაკლისი დიდი რაოდენობით. აქტი ხელმოწერილია მოსარჩელისა და მოპასუხის წარმომადგენლების მიერ.

11. 2013 წლის 16 მაისის აქტის საფუძველზე 2013 წლის 5 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით.

12. 2013 წლის 16 მაისს სამხედრო ნაწილი №44762-ის მეთაურის მიერ შედგენილ პატაკში აღნიშნულია, რომ ამავე დღეს დილით სამხედრო ნაწილის სასადილოში საკვების გაცემის წინ სამხედრო ნაწილის მორიგე მედდის მიერ შემოწმდა საკვების ხარისხი, რა დროსაც მედდამ დააფიქსირა, რომ ოთხი ქილა ორკოლოგრამიანი არაჟანი იყო დაობებული, რის გამოც მან არ დართო ნება, სასადილოში მომსახურე საკვების გამცემ პერსონალს არაჟნის გაცემაზე, რის შესახებაც ასევე მოახსენა სამედიცინო პუნქტის უფროსს, რომელსაც შემდგომ განუმარტეს, რომ დაობებული არაჟანი მომსახურე პერსონალმა გადაღვარა.

13. ზემოთ მითითებული პატაკის საფუძველზე 2013 წლის 25 სექტემბერს მოსარჩელის მიერ მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტხელო – 10 000 ლარი.

14. 2013 წლის 11 ივნისს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ხარისხის კონტროლის სამმართველოს სანივთე ქონების საწვავისა და სურსათის ხარისხის კონტროლის განყოფილების ოფიცრების, მოპასუხის სასადილოს მენეჯერის მიერ შედგა №63 აქტი, სადაც აღნიშნულია, რომ შემოწმდა ქ.თბილისში დისლოცირებული საჰაერო ბრიგადის სასადილო და სასადილოს საწყობი. მენიუს შემოწმებისას დაფიქსირდა, რომ კვირის განმავლობაში, კარაქის ნაცვლად, გაიცემა სპრედი; გამაგრილებელი სასმელის ნაცვლად, კვირაში ორჯერ გაიცემა „ლიკანი“, რომელიც არის მინერალური წყალი. კერძების: „ოსტრის“, „გულიაშის“, კოტლეტის, თევზისა და სხვა კერძების მოსამზადებლად გამოიყენება ფქვილი, რომლის ხარისხი არ აკმაყოფილებს პირველი ხარისხის ფქვილის მოთხოვნებს, მუქი ფერისაა და არ აქვს გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა; მაისის თვიდან დღემდე სამხედრო მოსამსახურეებს არ მიუღიათ ხილი. სასადილოს არ გააჩნია საჭირო ინვენტარი – ჭიქები, ღრმა ჯამები, პურისა და ბოსტნეულის საჭრელი დანადგარი, ხორცის საკეპი, ბლენდერი და სხვა. არ მუშაობს ღუმელი და, დაფების ნაკლებობის გამო, გაძნელებულია კოტლეტის და შემწვარი კარტოფილის მომზადება. სამრეცხაოში დამონტაჟებულია პატარა ზომის ნიჟარა, რის გამოც გაძნელებულია დიდი ზომის ქვაბების რეცხვა. სასადილოს და საწყობის შენობა-ნაგებები მოძველებული და მოსაწესრიგებელია. ჩამოდის წვიმის წყალი, საღებავი იყრება ინვენტარზე, რის გამოც გაძნელებულია მათი სუფთად შენახვა; ჩამჩები და ქაფქირები ჩამოკიდებულია გაზის მილზე.

15. ზემოთ მითითებული №63 აქტის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ №.. აქტით, მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით.

16. 2013 წლის 12 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების და მოპასუხეს სასადილოს მენეჯერის მიერ შედგა №65 აქტი, რომ შემოწმდა ქ.თბილისში დისლოცირებული საინჟინრო ბრიგადის სასადილო და სასადილოს საწყობი. მენიუს მიხედვით, სადილზე გაიცემოდა მინერალური წყალი „ლიკანი“, გამაგრილებელი სასმელის ნაცვლად. ოთხშაბათის მენიუში სადილზე არ არის გაწერილი არც ხილი და არც საკონდიტრო ნაწარმი. სასადილოს პერსონალს არ აცვია უნიფორა. სასადილოს არ გააჩნია ბოსტნეულის შესანახი საწყობი სათანადო პირობებით. საწყობში, სადაც ინახება ბოსტნეული მუშაობს 9 მაცივარი, რის გამოც არის მაღალი ტემპერატურა, ამასთან, საწყობში დამონტაჟებული „კონდიციონერი“ არის მწყობრიდან გამოსული და არ ექვემდებარება შეკეთებას. გაცემის ცხელი ხაზი არ მუშაობს და საჭიროებს შეკეთებას.

17. დასახელებული აქტის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ №.. აქტით, მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით.

18. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანება ერთმანეთისგან მიჯნავს გამაგრილებელ სასმელსა და მინერალურ წყალს და მინერალური წლის, როგორც გამაგრილებელი სასმელის მიწოდება წარმოადგენდა ხელშეკრულების დარღვევას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ ყურადღება გამახვილა, როგორც მხარეთა შორის გაფორებულ 2013 წლის 30 აპრილის №.. ხელშეკრულებაზე, ასევე, თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაზე და აღნიშნა, რომ არცერთი მათგანი აპელანტის პოზიციის საწინააღმდეგოდ მინერალურ წყალს გამაგრილებელი სასმელისგან არ მიჯნავს, ამდენად, არც ხელშეკრულება და არც ზემოთ დასახელებული ბრძანება მოპასუხეს მინერალური წყალი „ლიკანის“, როგორც გამაგრილებელი სასმელის, მიწოდებას არ უკრძალავდა. გარდა ამისა, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გადასარჩევ ბოსტნეულთან და ოთხ ქილა ორკილოგრამიან არაჟანთან დაკავშირებით, დაფიქსირებულმა დარღვევებმა გამოიწვია მიმწოდებლის მიერ უხარისხო საკვები პროდუქტების მომზადება, გამოყენება, მეტიც, 2013 წლის 16 მაისის პატაკის თანახმად დგინდება, რომ დაობებული არაჟანი სასადილოს მომსახურე პერსონალმა გადაღვარა.

19. 2013 წლის 11-12 ივნისს შედგენილ აქტებში მითითებულია, რომ სასადილოს არ გააჩნია ბოსტნეულის შესანახი საწყობი სათანადო პირობებით. საწყობში, სადაც ინახება ბოსტნეული, მუშაობს 9 მაცივარი, რის გამოც არის მაღალი ტემპერატურა, ამასთან, საწყობში დამონტაჟებული „კონდიციონერი“ არის მწყობრიდან გამოსული და არ ექვემდებარება შეკეთებას. გაცემის ცხელი ხაზი არ მუშაობს და საჭიროებს შეკეთებას. სასადილოს არ გააჩნია საჭირო ინვენტარი – ჭიქები, ღრმა ჯამები, პურისა და ბოსტნეულის საჭრელი დანადგარი, ხორცის საკეპი, ბლენდერი და სხვა. არ მუშაობს ღუმელი და, დაფების ნაკლებობის გამო, გაძნელებულია კოტლეტის და შემწვარი კარტოფილის მომზადება. სამრეცხაოში დამონტაჟებულია პატარა ზომის ნიჟარა, რის გამოც გაძნელებულია დიდი ზომის ქვაბების რეცხვა. სასადილოს და საწყობის შენობა-ნაგებები მოძველებული და მოსაწესრიგებელია. ჩამოდის წვიმის წყალი, საღებავი იყრება ინვენტარზე, რის გამოც გაძნელებულია მათი სუფთად შენახვა; ჩამჩები და ქაფქირები ჩამოკიდებულია გაზის მილზე, პალატა შენიშნავს, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, ინვენტარითა და შესაბამისი საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს, ამ მხრივ ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია, ვინაიდან, აქტის მიხედვით, დარღვევას რაიმე შედეგი, მაგალითად, ანტისანიტარია, კვებით მომსახურების შეფერხება, ულუფის ოდენობის დადგენის შეუძლებლობა და ა.შ. არ მოჰყოლია. გარდა ამისა, აღნიშნულთან მიმართებით გასათვალისწინებელია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ №--- ხელშეკრულების 8.1.1. პუნქტი, რომლის მიხედვით, შემსყიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს, მიმწოდებელი, სამხედრო ნაწილებში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა კვებისათვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარით და სამზარეულოს მოწყობილობა-დანადგარებით.

20. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მასზე დაკისრებული ვალდებულება შეასრულა და მოპასუხის სამზარეულოს ტექნიკური აღჭურვილობა მუშა მდგომარეობაში გადასცა.

21. ამდენად, მითითებული გარემოებების აღმოჩენა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველი კი არა, თავად სამინისტროს მხრიდან მისთვის დაკისრებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მოპასუხისათვის ნორმალური სამუშაო პირობების შექმნის საფუძველი უნდა გამხდარიყო. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული ტექნიკური ხარვეზი მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების პროცესს აფერხებდა ან მისი მხრიდან ვალდებულების ჯეროვან შესრულებას გამორიცხავდა. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მტკიცება, რომ მოპასუხეს, ხელშეკრულების 13.1 პუნქტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წერილობითი შეტყობინების, ე.წ. „შეფერხების აქტის“, გაგზავნის ვალებულება ჰქონდა. აღნიშნულის თაობაზეც სააპელაციო საჩივარში მითითებული არ არის.

22. 2013 წლის 12 ივნისის აქტის მიხედვით, სასადილოს პერსონალს არ ეცვათ უნიფორმები. ნიშანდობლივია, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება სასადილოს პერსონალის მიერ სპეციალური ტანსაცმლის – უნიფორმის ტარების ვალდებულებას არ ითვალისწინებდა. ამდენად, აღნიშნული არ შეიძლება ხელშეკრულების დარღვევად შეერაცხოს მოპასუხეს. გარდა ამისა, მხარეები არ დავობენ, რომ, ჩანაცვლების ნორმების შესაბამისად, მოპასუხე უფლებამოსილი იყო, ხილი ჩაენაცვლებინა მურაბით, ხილფაფით, ჯემით და სხვა პროდუქტებით. საქმეში წარმოდგენილი მენიუს თანახმად დგინდება, რომ სადილის დროს კვების რაციონში არ შედიოდა არც ჯემი და არც სხვა რაიმე ჩანაცვლებული პროდუქტი.

23. რაც შეეხება კერძების მოსამზადებლად პირველი ხარისხის ფქვილის გამოუყენებლობაზე და ამ პროდუქტზე მისი ვარგისიანობის ვადის მიუთითებლობაზე აპელირებას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება ან რომელიმე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ერთმნიშვნელოვნად კერძების მხოლოდ პირველი ხარისხის ფქვილისგან მომზადებას არ ითვალისწინებდა. რაც შეეხება მის ვარგისიანობაზე მითითებას, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომ აქტი არ შეიცავს თუნდაც ვარაუდის არსებობას, რომ ფქვილი არ იყო ვარგისიანი და ის ვადაგასული იყო. სააპელაციო საჩივარი მითითებას აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით არ შეიცავს.

24. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლება-მოვალეობების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ №63, №65 აქტებში და №44762 პატაკში აღწერილი დარღვევები მოპასუხეს ბრალად არ უნდა შეერაცხოს, ხოლო №--, აქტით გათვალისწინებული დარღვევების არასასიამოვნო გემოს „ჩირის კომპოტის“ მიწოდების და გახევებულღეროებიანი მწვანილის საკვებში გამოყენების გათვალისწინებით დარღვევის სიხშირის, სიმძიმისა და სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, მიმწოდებელს პირგასამტეხლოს სახით, 10 000 ლარის ნაცვლად, 6 000 ლარი უნდა დაეკისროს.

25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 417-ე მუხლის, 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2013 წლის 30 აპრილს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №… ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობა, კერძოდ, ხელშეკრულების მე-15 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ, თუკი, შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენს მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას, მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლება აქვს, მოითხოვოს პირგასამტეხლოს დაკისრება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, არსებობს აპელანტის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების წინაპირობები.

26. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს დანიშნულება არის ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია და სასამართლოს უფლება აქვს, პირგასამტეხლო შეამციროს იმ ოდენობამდე, რომ იგი ამ დანიშნულებას არ გასცდეს. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით 6 000 ლარის დაკისრება არის გონივრული და მიზნის შესაბამისი.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

27. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

28. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსლუტურ საფუძვლებს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი და არასრულია.

29. სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, „მინერალური წყლისა“ და „გამაგრილებელი სასმელის“ განმარტება განეხორციელებინა საკანონმდებლო თუ ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 22 დეკემბრის №1-1-/282 ბრძანება პირდარპირ იძლევა გამაგრილებელი სასმელისა და მინერალური წყლის განმარტებას და აღნიშნული ბრძანების მიხედვით გამაგრილებელი სასმელი და მინერალური წყალი წარმოადგენენ განსხვავებულ კლასიფიკაციებს.

30. კასატორის განმარტებით, 2013 წლის 11 ივნისის №63 აქტში აღნიშნულია, რომ „ფქვილს არ აქვს მითითებული გამოშვების თარიღად ვარგისიანობის ვადა“. „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 101 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველთან, მცენარესთან, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, პესტიციდთან და აგროქიმიკატთან დაკავშირებული აუცილებელი, უტყუარი, სრული ინფორმაცია, რაც მას სწორი არჩევანის საშუალებას მისცემს. აღნიშნული მუხლი ასევე მოიცავს ვარგისიანობის ვადასა და გამოშვების თარიღზე მითითების ვალდებულებას, რისი შეუსრულებლობაც მიმწოდებლის მხრიდან №… ხელშეკრულების 5.1 პუნქტის დარღვევას წარმოადგენს.

31. №63 აქტში ასევე აღნიშნულია, რომ „სასადილოში და სამზარეულოში ჩამოდის წვიმის წყალი, ნალესი, ქვიშა, საღებავი იყრება ინვენტარზე, რის გამოც გაძნელებულია ინვენტარის სუფთად შენახვა“. №… ხელშეკრულების 8.2.4 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, თავისი სახსრებით აწარმოონ გადაცემულ კვების ობიექტზე არსებული მატერიალური ქონების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, რაც არ განუხორციელებია აქტში დაფიქსირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. შესაბამისად, მიმწოდებლის მხრიდან დარღვეულია №… ხელშეკრულების 8.2.4 პუნქტის მოთხოვნა, რაც წარმოადგენს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.

32. ზემოაღნიშნულის გარდა ამავე აქტში დაფიქსირებული სხვა ფაქტები წარმოადგენს მიმწოდებლის მხრიდან №… ხელშეკრულების 13.1 პუნქტის დარღვევას, რისი შეფასებაც სასამართლოს მიერ არ განხორციელებულა.

33. კასატორმა ყურადღება გაამახვილა 2013 წლის 12 ივნისის №65 აქტის შინაარსზე, რომ „სადილზე მენიუში არ არის გაწერილი არც ხილი და არც საკონდიტრო ნაწარმი ოთხშაბათ დღეს. კერძების მომზადების და გაცემის ხაზზე სასადილოს მომსახურე პერსონალს არ აცვიათ უნიფორმები“.

34. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული ფაქტების შეფასებისას ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ №… ხელშეკრულებას გააჩნია დანართი, რომელიც განსაზღვრავს რა სახის საკვები უნდა იქნეს გაცემული. აღნიშნული დანართის მიხედვით ოთშაბათი დღის სადილი ითვალისწინებს ხილის გაცემას. შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხილის გაუცემლობა წარმოადგენს ხელშეკრულების პირობების დარღვევას, ხოლო უნიფვორმების ჩაუცმელობა კი, პირდაპირ მიუთითებს ხელშეკრულების 8.2.6 პუნქტის დარღვევაზე.

35. №65 აქტში ასევე დაფიქსირებულია, რომ „სასადილოს არ გააჩნია ბოსტნეულის შესანახი საწყობი სათანადო პირობებით. საწყობში, სადაც ინახება ბოსტნეული მუშაობს მაცივარი, რის გამოც არის მაღალი ტემპერატურა. ამასთან, საწყობში დამონტაჟებული კონდიციონერი არის გამოსული მწყობრიდან და არ ექვემდებარება შეკეთებას. გაცემის ცხელი ხაზი არ მუშაობს და საჭიროებს შეაკეთებას“.

36. კასატორმა მიუთითა №… ხელშეკრულების 13.1 პუნქტზე, სადაც აღნიშნულია, რომ თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელისშემშლელ გარემოებას, რომელიც აფერხებს ხელშეკრულების პირობების შესრულებას, მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს შეტყობინება მეორე მხარეს შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, №2 ხელშეკრულების 8.2.4 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, თავისი სახსრებით აწარმოოს გადაცემული კვების ობიექტზე არსებული მატერიალური ქონების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მიმწოდებლის მხრიდან გაფუჭებული კონდიციონერის შეცვლასთან დაკავშირებით რაიმე შეტყობინება სამინისტროს მიმართ და, ასევე, ხელშეკრულების 8.2.4 პუნქტის თანახმად, არ განუხორციელებია გაცემის ხაზის შეკეთების სამუშაოები, არსებობს ხელშეკრულების პირობების დარღვევის აქტი და, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველიც, რაც სააპელაციო სასამართლოს ხელშეკრულების 13.1 და 8.2.4 პუნქტებთან მიმართებით არ შეუფასებია.

37. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია და სათანადოდ არ შეუფასებია 2013 წლის 16 მაისის პატაკი, კერძოდ, სასამართლოს ყურადღება არ მიუქცევია პატაკში არსებულ ჩანაწერზე, რომ მედდამ არ დართო ნება სასადილოს პერსონალს, დაობებული არაჟნის გაცემაზე. აღნიშნულის შეფასებისას სასამართლოს ყურადღება უნდა მიექცია იმ ფაქტზე, რომ მედდის მიერ მოხდა დაობებული არაჟნის გამოყენებაზე ხელშეშლა.

38. მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ მომხდარა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა, რაც შეიძლება გამხდარიყო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.

39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

40. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

41. მოცემული საქმიდან ირკვევა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება) რომლითაც მოპასუხემ იკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურების უზრუნველყოფის ვალდებულება.

42. მხარეებმა გაითვალისწინეს ვალდებულების დარღვევისას პირგასამტეხლოს – 10 000 ლარის გადახდის მოვალეობა.

43. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა მოპასუხის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, თუმცა მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა საჭიროებს შემცირებას.

44. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ ჩათვალა, რომ სააპელაციო პალატამ არასრულად გამოიკვლია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა.

45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

46. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

47. საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის სამართლებრივ წინაპირობას არ ქმნის კასატორის არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა.

48. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

49. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

50. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

51. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

52. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014).

53. ამდენად, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

54. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

55. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნული შესაძლებლობა და სადავო პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება კანონიერად ჩათვალა.

56. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

57. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სუს 2015 წლის 6 მარტის №ას-1342-1380-2014 განჩინება, სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება, 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება, სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება, სუს 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება).

58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური