საქმე № 330210014527492
საქმე №ას-608-581-2016 9 სექტემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს.-ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ს.-ამ“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის მითითებით, 2012 წლის 2 ივლისს მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის ბალანსზე რიცხული დემონტირებული ელექტრომოწყობილობა. შემსყიდველს (მოპასუხეს) ქონების ღირებულების სრული ოდენობა უნდა აენაზღაურებინა 2013 წლის 27 ივლისამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, 2 221 626 ლარის დათქმულ ვადაში სრულად არ დაფარა, რის საფუძველზეც დაეკისრა პირგასამტეხლო (ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე). ვადაგადაცილება 2013 წლის 27 ივლისიდან 2013 წლის 15 ნოემბრამდე შეადგინა 246 600,49 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, რაც გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. ამავე სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 123 300,28 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ნოემბრის საოქმო განჩინებით სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა მხარეთა მორიგების მიზნით 2014 წლის 8 დეკემბერს 12:00 საათზე გადაიდო. სასამართლო სხდომის თარიღისა და სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ მოსარჩელის და მოპასუხის წარმომადგენლებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ.
7. 2014 წლის 8 დეკემბერს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
8. მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 8 დეკემბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ,,ს.-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა (ტ.I, ს.ფ. 179-181).
9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2014 წლის 8 დეკემბრის სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი სადავოდ არ გაუხდია 2014 წლის 8 დეკემბერს დანიშნული მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ მისი წარმომადგენლის გაფრთხილების ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელმა სხდომის თარიღი არასწორად დაიმახსოვრა. აპელანტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს იმაზე, რომ თავად მხარეს სხდომის თაობაზე უწყება არ ჩაბარებია, ხოლო წარმომადგენელმა მიაწოდა არასწორი ინფორმაცია. შესაბამისად, მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობა სხდომაზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საპატიო მიზეზის დეფინიციას განამტკიცებს სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ავადმყოფობა წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. ამასთან, ასეთი გარემოების არსებობა უნდა დადასტურდეს სათანადო მტკიცებულებით.
12. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელი კანონით დადგენილი წესით 2014 წლის 19 ნოემბრის სხდომაზე ხელწერილით გაფრთხილებულ იქნა 2014 წლის 8 დეკემბერს დანიშნული სასამართლო სხდომის, ისე მითითებულ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების თაობაზე მას ეკისრებოდა ვალდებულება, აღნიშნული ინფორმაციის ხელწერილში მითითებული სახით მარწმუნებლისთვის მიწოდების და მითითებულ დროს სასამართლოზე გამოცხადების შესახებ. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლი წარმომადგენლის შეცდომას სხდომის თარიღის არასწორად დამახსოვრების თაობაზე სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად არ განიხილავს, ხოლო იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის წარმომადგენელი კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის შესახებ, სასამართლოს არ ჰქონდა ვალდებულება, უწყება დამატებით მოპასუხე კომპანიისთვის გაეგზავნა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მის მიმართ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა.
13. აპელანტმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნია ის საფუძველი, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რადგან არ იყო დადასტურებული სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი და ვალდებულების არსებობა-არ არსებობის მიუხედავად, მოთხოვნილი იყო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ზოგადი ანალიზიდან სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ ზემოაღნიშნულ პირობებთან ერთად, იმისათვის, რომ მხარის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა, არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი), ხოლო მითითებული გარემოებები კი, სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიჩნევა დამტკიცებულად (სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი). დაუსწრებელი წარმოების არსი მდგომარეობს სასამართლოს მიერ გამოძახებული, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებელი მხარის მიმართ გარკვეული სანქციის გამოყენებაში, რომელიც გამოიხატება სასამართლოს მიერ საქმის სრულყოფილი განხილვის გარეშე ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც არათუ ესადაგება, არამედ ეწინააღმდეგება გამოუცხადებელი მხარის ინტერესებს. აღსანიშნავია ასევე, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის რეჟიმში სასამართლო არ შედის მტკიცებულებებისა და საქმის არსებითი კვლევის სტადიაში. იგი მხოლოდ იკვლევს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აძლევს მათ სამართლებრივ შეფასებას.
15. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება არ შეასრულა და, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელის მიმართ ერიცხებოდა დავალიანება 246 600,49 ლარის ოდენობით. ნიშანდობლივია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში დადგენილად მიიჩნია, რომ ამ ფარგლებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევისა და 246 600.49 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს სახით დავალიანების არსებობის შესახებ იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
16. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რამდენად ამართლებდა სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემობები მოსარჩელის მოთხოვნას.
17. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკულებით გათვალისწინებული პირობა და მოპასუხის დავალიანება პირგასამტეხლოს სახით შეადგენდა 246 600.49 ლარს. საბოლოოდ, მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა მითითებული ოდენობით დაეკისრა. განსახილველ შემთვევაში სარჩელით ირკვევა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული სრულად, ხელშეკრულებით განსაზღვრული 2 221 626 ლარიდან ანაზღაურდა 1 835 326 ლარი, ხოლო გატანილ იქნა 2 173 580 ლარის ღირებულების საქონელი.
18. ძირითადი ვალდებულების მოცულობისა და მოსარჩელის მიერ მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხის დავალიანება პირგასამტეხლოს სახით შეადგენდა 246 600,49 ლარს, იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რამეთუ ვალდებულების დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო მოთხოვნილი იყო შეუსაბამოდ მაღალი ოდენობით და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასებისას არსებობდა სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. აღსანიშნავია, რომ აპელანტი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელში პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას.
19. სააპელაციო პალატამ ამ ნაწილში გაიზიარა აპელანტის პოზიცია და მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე პირგასამტეხლოს სახით ერიცხებოდა დავალიანება 246 600,49 ლარის ოდენობით ვალდებულების დარღვევის ხარისხის, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის და შეუსრულებელი ძირითადი ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით, არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
20. სსკ-ის 417-ე მუხლის, 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს პირგასამტეხლოს ოდენობა ხომ არ ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, ასევე, მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების ნაწილობრივ გაუქმების, ხოლო პირგასამტეხლოს 123 300.28 ლარამდე შემცირების საფუძველი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
21. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება შემდეგი საფუძვლებით:
22. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსკ-ის 420-ე მუხლი. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასაკმარისადაა დასაბუთებული, რადგან არ ირკვევა, რა საფუძვლით ჩათვალა სასამართლომ სადავო პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობის მქონედ და რა პრინციპით იხელმძღვანელა მისი შემცირებისას.
23. სსკ-ის 417-ე და 418-ე მუხლებით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს დეფინაცია და მისი დაკისრების საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში უდავოა მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი. მოქმედი კანონმდებლობით აღიარებულია მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლება. მხარეთა ნების თავისუფლების (ნების ავტონომიის) პრინციპს ეფუძნება პირგასამტეხლოს ოდენობის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობა. სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა ნორმის დებულებები, შესაბამის მსჯელობა განავითარა გადაწყვეტილებაში, თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.
24. კასატორმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დადებისას მოპასუხეს, როგორც სამეწარმეო სუბიექტს, გააჩნია სამეწარმეო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, ასევე, თანამშრომელთა პროფესიული რესურსი, შესაბამისად, იგი ვალდებულილ იყო, სცოდნოდა, რომ ვალდებულების არაჯეროვნად და ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრებოდა პირგასამტეხლო იმ ოდენობით, რაზეც მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ.
25. მხარის მოსაზრებით, დაუსაბუთებელი და ბუნდოვანია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების ერთ-ერთი საფუძველია ვალდებულების დარღვევის ვადის უმნიშვნელო ხანგრძლივობა ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობასთან მიმართებით. შეუძლებელია დაეთანხმო პალატის განმარტებას იმ პირობებში, როცა მოვალე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს ხელშეკრულების მოქმედების 16 თვის განმავლობაში და დარღვევა გრძელდება 3 წელზე მეტ ხანს.
26. კასატორის განმარტებით, დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა ადგენს, რომ „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც პირგასამტეხლოს შემცირებას ითხოვს. აღნიშნულ შემთხვევაში კი, ასეთი მტკიცებულებები მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია და სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო მხოლოდ აპელანტის ზეპირსიტყვიერი მტკიცებულება – „პოზიცია“, რითაც დაარღვია სსსკ-ის მე-4 მუხლის დებულება.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის – 6165 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
28. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
29. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გააჩნდა მოსარჩელის მიმართ ფულადი ვალდებულება. მოპასუხემ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება სრულად არ შეასრულა, ხელშეკრულებით განსაზღვრული 2 221 626 ლარიდან ანაზღაურდა 1 835 326 ლარი, ხოლო გატანილ იქნა 2 173 580 ლარის ღირებულების საქონელი. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელის მიმართ ერიცხებოდა დავალიანება 246 600,49 ლარის ოდენობით.
30. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს პირგასამტეხლოს 123 300.28 ლარამდე შემცირების საფუძველი.
31. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რა საფუძველით შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
35. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრება გათვალისწინებულია სსკ-ის 417-ე და 418-ე მუხლებით, რომელთა თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
36. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
37. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
38. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
39. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სავსებით სწორად იქნა გაგებული პირგასამტეხლოს სამართლებრივი არსი და მიზნები. მისი ნაწილობრივ შემცირებული ოდენობა კი პასუხობს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (ვალდებულების დარღვევის მოცულობას, ხანგრძლივობას და სხვა ზემოთ ჩამოთვლილ წინაპირობებს).
41. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2015 წლის 2 დეკემბრის №ას-1035-977-2015 განჩინება, 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება, სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება, 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება).
42. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია, საერთო საფუძვლებით იდავოს ზიანის ანაზღაურების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ პირგასამტეხლოს სადავო ოდენობა არ არის საკმარისი მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის (შესრულების დაყოვნებისა თუ სხვა გარემოებების გამო) მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის საკომპენსაციოდ.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
44. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის – 6165 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
45. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 6165 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს.-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 6165 ლარის ანაზღაურება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური