Facebook Twitter

საქმე № 330210015001004274

საქმე №ას-623-595-2016 2 სექტემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. კ.-ი (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ჯ.-ი (მოსარჩელე)

მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, მ. ჩ.-ე

მესამე პირები – ა. ჩ.-ა, ს. კ.-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ვ. ჯ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და მ. ჩ.-ის (შემდგომში – მოპასუხეები), ასევე, მესამე პირების – ე. კ.-ის (შემდგომში – აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი), ა. ჩ.-ასა და ს. კ.-ის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ.თბილისში, ჯ.-ის ქუჩა №-ში მდებარე უძრავი ქონებიდან დ. ჯ.-ას სახელზე რიცხული 1/4 წილი საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და მოსარჩელისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.

მოპასუხის პოზიცია:

2. სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მარტივი შედავების ფარგლებში მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. მ. ჩ.-ის განმარტებით, საჯარო რეესტრში დ.ჯ.-ას საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ საცხოვრებელ სადგომზე პრეტენზია არ გააჩნია, თუმცა მოსარჩელემ წლების წინ მიითვისა მისი მამკვიდრებლის კუთვნილი 40 კვ.მ, რომლის მოსარჩელისათვის გადაცემაზეც მოპასუხე თანახმა არ არის.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, სადავო უძრავი ქონებიდან დ. ჯ.-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი (1/4 ნაწილი) ცნობილ იქნა უმკვიდროდ და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა მოსარჩელეს, რაც ე. კ.-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 364-ე მუხლის, 88-ე და 89-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეში ე. კ.-ი წარმოადგენს მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს სსსკ-ის 364-ე მუხლით გათვალისწინებულ, გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტს, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:

11. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა საკასაციო პალატის მითითება იმის შესახებ, რომ „აპელანტი პრეტენზიას აცხადებს საკუთრების უფლების შელახვაზე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს ამ თვალსაზრისით არ შეუმოწმებია, არსებობს თუ არა სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობები. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-705-1078-06, 22 ნოემბერი, 2006 წელი; №ას-253-578-09, 28 მარტი, 2009 წელი; №ას-364-715-07, 16 ივლისი, 2007 წელი)“.

12. მხარის მოსაზრებით, თუ საკასაციო პალატა მიიჩნევდა, რომ მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე არც ერთ შემთხვევაში არ აქვს უფლება, წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, მაშინ აზრს კარგავს მითითება იმ ფაქტზე, რომ აპელანტი პრეტენზიას აცხადებს საკუთრების უფლების შელახვაზე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს ამ თვალსაზრისით არ შეუმოწმებია, არსებობს თუ არა სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობები. საკასაციო პალატა მიუთითებდა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმაზე და არ გააკეთებდა ამდაგვარ მითითებას, ასევე, არ მიუთითებდა მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე. თუ ხსენებულ განჩინებებს გავეცნობით, ყველგან არის მითითება შემდეგ გარემოებებზე – ამასთან, აღსანიშნავია, რომ მხარის მიერ გასაჩივრებული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მის მიმართ გამოტანილი არ არის და მის კანონიერ ინტერესებს არ ხელყოფს“.

13. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საკასაციო სასამართლო უშვებს შემთხვევებს, როდესაც მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე აქვს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება გამოტანილია მესამე პირის მიმართ და ხელყოფს მის კანონიერ ინტერესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონიერი ინტერესების შელახვაზე მითითება საფუძველს მოკლებული იქნებოდა და საკასაციო სასამართლო შემოიფარგლებოდა მხოლოდ სსსკ-ის 364–ე მუხლზე მითითებით.

14. სააპელაციო საჩივარში ნათლადაა მითითება იმის შესახებ, თუ რატომ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილი აპელანტის მიმართ და ხელყოფს მის კანონიერ ინტერესებს, კერძოდ: 2015 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე, ანუ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ, ვ. ჯ.-მა წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც, თავდაპირველი სარჩელისაგან განსხვავებით, მოითხოვა არა მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სადგომის მიღება (რომელსაც აპელანტი მხარე ეთანხმებოდა და პრეტენზიას არ გამოთქვამდე), არამედ დ. ჯ.-ას სახელზე აღრიცხული ქონების, ანუ ჯ--ის ქუჩა №---ში მდებარე სრული ქონების ¼ წილის უმკვიდროდ ცნობა და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა, ვინაიდან სარჩელის საგანი შეიცვალა, მოპასუხეები და მესამე პირი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნის ცვლილებას, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული, რითაც დაარღვია სსსკ 83-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა.

15. სარჩელის დაზუსტების და ამ სახით მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად გასაჩივრებული გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო ქონებრივ ინტერესებს. ვ. ჯ.-ი ცნობილ იქნა მესაკუთრედ იმ ფართზეც, რომელსაც ფაქტობრივად ფლობს აპელანტი და „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი წარმოადგენს მოსარგებლეს, რომელმაც მომავალში საკუთრებაში უნდა მიიღოს საცხოვრებელი სადგომი. აღნიშნული გადაწყვეტილებით ვ. ჯ.-ი იქცა მესაკუთრედ და, მითითებული კანონის შესაბამისად, აპელანტს გაუჩნდა ფინანსური ვალდებულებები მის მიმართ.

16. ამდენად, მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეილახება მისი საკუთრების უფლება, ისე რომ მას არ მიეცემა გასაჩივრების გზით ამ უფლების დაცვის შესაძლებლობა. აღნიშნულით, კი უხეშად დაირღვევა მისი კონსტიტუციური უფლებები.

17. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობა გადაწყვეტილების მიმართ შედავების ორ ფორმას იცნობს – გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით, ხოლო ძალაში შესვლის შემდგომ – გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადების წარდგენის გზით. ანუ, თუ აპელანტი მხარედ არ იქნებოდა მოწვეული საქმის განხილვაზე და გადაწყვეტილება ხელყოფდა მის კანონიერ ინტერესებს, მას მიეცემოდა შესაძლებლობა, განცხადების წარდგენის გზით დაეცვა თავისი უფლება და მოეთხოვა გადაწყვეტილების ბათილობა, მაგრამ ვინაიდან იგი პროცესის მონაწილეა, მისი საკუთრების ხელმყოფი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება წართმეული აქვს. ანუ, ასეთი მიდგომით გამოდის, რომ პირისათვის უმჯობესია, არ იყოს პროცესში მიწვეული მხარე, რათა შემდგომში შეძლოს თავისი უფლებების დაცვა.

18. სააპელაციო საჩივრის წარდგენასთან დაკავშირებული საპროცესო დანაწესი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც გადაწყვეტილება არ ლახავს სხვა პირთა, მათ შორის, მესამე პირთა ინტერესებს, ხოლო თუ გადაწყვეტილება შეეხო პირის ინტერესს, ასეთ შემთხვევაში მას გასაჩივრების უფლება არ უნდა წაერთვას.

19. ამდენად, მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა, კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება ხელყოფდა თუ არა აპელანტის კანონიერ ინტერესებს და მხოლოდ აღნიშნულის გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის განუხილველობასთან დაკავშირებით. ვინაიდან ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია იმ პირის მიერ, ვის კანონიერ ინტერესებსაც უშუალოდ შეეხო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ამდენად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის საფუძვლით განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

21. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო პალატის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ იმ მოტივით, რომ აპელანტი წარმოადგენს მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე და არ გააჩნია სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო უფლებამოსილება.

22. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა და 2016 წლის 22 აპრილის განჩინებით გააუქმა სააპელაციო პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინება, ხოლო საქმე დაუბრუნა იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით კონკრეტული საკითხების ხელახლა შესამოწმებლად.

23. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.

24. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეს აბრუნებს იმ საკითხებზე კონკრეტული მითითებით, რომლებიც საჭიროებს დამატებით კვლევასა და შეფასებას. თავის მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო მოვალეა, უკლებლივ გაითვალისწინოს საკასაციო პალატის მიერ აღნიშნული საფუძვლები, იმსჯელოს მათზე და საკუთარი დასკვნები ასახოს თავის გადაწყვეტილებაში.

25. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ სააპელაციო პალატას მოცემული საქმე დაუბრუნა შემდეგი მითითებით:

26. „თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივნისის საოქმო განჩინებით აპელანტი დავაში ჩაბმულ იქნა მესამე პირის სტატუსით დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. საქმეში წარმოდგენილი შესაგებლის, ასევე, სააპელაციო საჩივრის თანახმად, აპელანტი პრეტენზიას აცხადებს საკუთრების უფლების შელახვაზე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს ამ თვალსაზრისით არ შეუმოწმებია, არსებობს თუ არა ე.კ.-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობები. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა (იხ, სუსგ-ებები: №ას-705-1078-06, 22 ნოემბერი, 2006 წელი; №ას-253-578-09, 28 მარტი, 2009 წელი; №ას-364-715-07, 16 ივლისი, 2007 წელი).

27. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, რა გავლენას მოახდენდა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება აპელანტის კანონიერ უფლებებზე იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომ: 1. აპელანტს პრეტენზია გააჩნდა სადავო იმ უძრავი ქონების მიმართ, რომლის ახალი მესაკუთრისათვის გადაცემასაც წარმოდგენილი დავა შეეხება; 2. აპელანტი ჩაბმული იყო საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად, შესაბამისად, მისი პროცესუალური სტატუსი სათანადო შეფასებას საჭიროებდა.

28. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული მითითებების მიუხედავად და მათი გვერდის ავლით სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინება დააფუძნა მარტოოდენ სსსკ-ის 364-ე მუხლის დანაწესს და საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებულ საკითხებზე საერთოდ არ უმსჯელია.

29. შესაბამისად, დასაბუთებულია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოერკვია, კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება ხელყოფდა თუ არა აპელანტის კანონიერ ინტერესებს და მხოლოდ აღნიშნულის გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით.

30. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, კერძოდ, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. კ.-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე