Facebook Twitter

საქმე № 010230816700017461

საქმე №ას-628-600-2016 2 სექტემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა.--ის“ მესაკუთრე წევრების – ი.- მ.-ი, მ. ჩ.-ი, მ. რ.-ი, ა. ვ.-ი, ნ. ბ.-ე, ვ. ნ.-ი, მ.- ი.-ი, თ. ყ.ი დ.-ე, ბ. ყ.ი, ს. კ.-ი, ა. კ.-ი, ნ. ბ.-ი, ე. ს.--ი, თ. ს.--ი, თ. ს.--ი, მ. დ.-ე, გ. ბ.-ი, ა. ა.-ი, ე. პ.-ე, ნ. გ.-ი, თ. დ.-ი, თ. ლ.-ა, რ.- თ.ე, ნ. გ.-ი, ი. მ.-ი, ი. კ.--ე, ი. გ.-ი, მ. ქ.-ე, ს. ი.-ი, გ. მ.-ი, გ. ც.-ი, თ. დ.-ი, ო. კ.-ი (განმცხადებლები, მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა.--ი“, ი.- ჟ.-ა, ხ. ა.-ე, თ. ზ.-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა.--ის“ მესაკუთრე წევრებმა განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

2. განმცხადებლების განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი „ა.--ის“ 2007 წლის 27 ნოემბრის სადამფუძნებლო სანოტარო აქტი. თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმეზე სწორედ აღნიშნული სანოტარო აქტის საფუძველზე დაადგინა, რომ მ. ხ.-ი უფლებამოსილი იყო, ამხანაგობის სახელით დაედო სესხის ხელშეკრულება, შესაბამისად, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებას აღარ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან სესხი გაფორმებულია არაუფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის განჩინებით განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. დ.-ის, მ.- ი.-ის, ო. ქ.-ის, ვ. ნ.-ის, ა. ქ.-ის, თ. ყ.ი დ.-ის, ა. ა.-ის, თ. დ.-ის, ი. მ.-ის, ს. ქ.-ის, თ. ლ.-ას, ნ.- გ.-ის, ი.- მ.-ის, მ. ჩ.-ის, ნ. ა.-ის, მ. დ.-ის, მ.- გ.-ის, მ. რ.-ის, ბ. ყ.ის, მ.- ქ.-ის, ს. ი.-ის, ი.-ის, ნ. ი.-ის, რ.- თ.-ის, ე. მ.-ის, ნ. ბ.-ის, გ. მ.-ის, ი. მ.-ის, ი. გ.-ის, გ. ც.-ის, ა. ვ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 16 თებერვალს თ. ზ.-ესა და ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა.--ს“ შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იპოთეკის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 28 იანვარს ინდივიდუალურ ბინამშენებლობის ამხანაგობა „ა.--სა“ და ხ. ა.-ეს, ი.- ჟ.-ას შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იპოთეკის ნაწილში.

6. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება 2009 წლის 16 თებერვალს თ. ზ.-ესა და ინდივიდულაური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა.--ს“ შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების სესხის ნაწილში ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 16 თებერვალს თ. ზ.-ესა და ინდივიდულაური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა.--ს“ შორის დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება სესხის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩეელეებმა, ისე მოპასუხე თ. ზ.-ემ.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

10. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადების შინაარსის თანახმად, განმცხადებლები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი ხ. ა.-ესა და ი.- ჟ.-ასთან დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების სესხის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე. ამდენად, განცხადება შეეხება გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რა ნაწილშიც სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო პალატის განმარტებით, სსსკ-ის 424-ე მუხლი ადგენს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განსჯადობის წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

12. განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 31 ოქტომბერს ნაწილობრივ შეცვალა რა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო პალატამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ თ. ზ.-ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში და სარჩელი სესხის ბათილად ცნობის თაობაზე დააკმაყოფილა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში კი, გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოა, რადგანაც სააპელაციო პალატა ამ ნაწილში დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას. შესაბამისად, განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე წარმოდგენილია არაგანსჯად სასამართლოში. რადგან არ არსებობს დასაშვებობის ისეთი წინაპირობა, როგორიცაა განსჯადობა, სააპელაციო პალატამ აღარ შეამოწმა წარმოდგენილი განცხადების დასაშვებობის სხვა საფუძვლები.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ამხანაგობის მესაკუთრე წევრებმა შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

14. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 424-ე მუხლი და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ არსებითად განიხილა საქმე, მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ გააუქმა.

15. მხარის მოსაზრებით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობა საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ სწორედ მის განსჯადად ჩაითვალოს სადავო განცხადება.

16. ზემოაღნიშნული ნორმით გამიჯნული არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ცვლის და რომელიც ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის შედეგს. ამავდროულად, არ უნდა მოხდეს „გადაწყვეტილებისა“ და „განჩინების“ არევა, რაც არ შეესაბამება ნორმის შინაარსს.

17. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება შეიცავს ისეთ გარემოებებზე მითითებას, რომლებიც პირველი ინსტანციით არ მოხმობილა (2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილები 4.6 პუნქტი), აღნიშნული ამტკიცებს, რომ სადავო განცხადება სწორედ ზემდგომმა სასამართლომ უნდა განიხილოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

19. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რომელი ინსტანციის სასამართლოს განსჯადობის სფეროს განეკუთვნება განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განსჯადობის საკითხს არეგულირებს სსსკ-ის 424-ე მუხლის დანაწესი, კერძოდ, მისი პირველი ნაწილის თანახმად განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

21. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც არსებითად იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნაზე და დაადგინა სამართლებრივი შედეგი, ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით გადაწყვეტა ამა თუ იმ მოთხოვნის სამართლებრივი ბედი. კანონმდებლის მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ განცხადება მიიღოს და განიხილოს იმ სასამართლომ, რომელმაც არსებითად დაადგინა შემდგომში დავის ფაქტობრივად დასრულებისათვის საჭირო საპროცესო მოქმედებები.

22. შესაბამისად, სასამართლო ვერ ჩაითვლება დავის არსებითად განმხილველად, როდესაც მან, მართალია, სრულყოფილად შეამოწმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება, თუმცა უცვლელად დატოვა მის მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგი.

23. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 16 თებერვალს თ. ზ.-ესა და ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა.--ს“ შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იპოთეკის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 28 იანვარს ინდივიდუალურ ბინამშენებლობის ამხანაგობა „ა.--სა“ და ხ. ა.-ეს, ი.- ჟ.-ას შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იპოთეკის ნაწილში.

24. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

25. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება 2009 წლის 16 თებერვალს თ. ზ.-ესა და ინდივიდულაური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა.--ს“ შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების სესხის ნაწილში ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 16 თებერვალს თ. ზ.-ესა და ინდივიდულაური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა.--ს“ შორის დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება სესხის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

26. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოსარჩეელეებმა, ისე მოპასუხე თ. ზ.-ემ.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

28. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადების შინაარსის თანახმად, განმცხადებლები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი ხ. ა.-ესა და ი.- ჟ.-ასთან დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების სესხის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე.

29. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ განცხადება შეეხება გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომელშიც სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მხარემ მიმართა არაგანსჯად სასამართლოს და განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.

30. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა.--ის“ მესაკუთრე წევრების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე