Facebook Twitter

საქმე № 160210014609801

საქმე №ას-645-616-2016 2 სექტემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. და ს. ვ.-ები (მოპასუხეები, აპელანტები)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. დ.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ქონების, როგორც იპოთეკის საგნის, გარდაცვლილი მესაკუთრის უფლებამონაცვლეების სახელზე დარეგისტრირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ. დ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ., ს. და ფ. ვ.-ების (შემდგომში – მოპასუხეები) მიმართ გარდაცვლილი მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონების მემკვიდრეების – მოპასუხეების სახელზე აღრიცხვის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2012 წლის 27 ივნისს მოპასუხეთა აწ გარდაცვლილ მამკვიდრებელთან დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, თუმცა ნაკისრი ფულადი ვალდებულებანი კრედიტორს სიცოცხლეში არ შეუსრულებია.

3. 2012 წლის 23 დეკემბერს მოვალე გარდაიცვალა.

4. სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი 6 თვიანი ვადა ამოიწურა 2013 წლის 23 ივნისს, მაგრამ სამკვიდროს მისაღებად სამკვიდრო ქონებაზე არავის მიუმართავს. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულის მიმართვითა და მეზობლების მიერ შედგენილი აქტით დადასტურდა ის გარემოება, რომ ამჟამად სამკვიდრო უძრავ ქონებას ფლობენ მოპასუხეები. ისინი თავს არიდებენ ვალდებულების შესრულებას და სწორედ ამ მიზეზით არ ახდენენ უძრავი ქონების საკუთარ სახელზე აღრიცხვას, რითიც ირღვევა მოსარჩელის უფლება და კანონიერი ინტერესი.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხეებმა მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც ლ. და ს. ვ.-ებმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო პალატაში მოცემული საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები, რომელთაც წარადგინეს შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე. მათ მიუთითეს, რომ წარმომადგენლის მინდობილობას გაუვიდა ვადა და დრო ესაჭიროებოდათ ახალი ადვოკატის ასაყვანად.

9. მოწინააღმდეგე მხარემ შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირა.

10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე და 216-ე მუხლებით და სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისათვის მიზანშეუწონლად მიიჩნია, რადგან წარმომადგენლის მინდობილობას ვადა ამოეწურა 2016 წლის 29 მარტს. მას შემდეგ გავიდა 2 თვე და აპელანტს საკმარისი დრო ჰქონდა, აეყვანა ახალი ადვოკატი ან გაეცა ახალი მინდობილობა. სასამართლომ, ასევე, გაითვალისწინა, რომ აპელანტები თავად პროცესზე არ გამოცხადებულან.

11. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატროვება.

12. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა და სსსკ-ის 372-ე მუხლის, 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 229-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად, სასამართლო სხდომაზე აპელანტების არასაპატიოდ გამოუცხადებლობის გამო.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტებმა შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

14. კერძო საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ სასამართლო უწყების გამოგზავნისას იმყოფებოდნენ ა.-ის რესპუბლიკაში და სხდომის დანიშვნის შესახებ მათ აცნობა მამიდამ. საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად აპელანტები დაბრუნდნენ საქართველოში 2016 წლის 1 ივნისს, რა დროსაც გაირკვა, რომ წარმომადგენლისათვის მიცემულ მინდობილობას გაუვიდა ვადა. იმავე დღეს ახალი მინდობილობის შედგენა ვერ მოხერხდა, რადგან ადვოკატი მონაწილეობდა სხვა პროცესში. აღნიშნულის გამო, აპელანტებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს პროცესის სხვა დროისათვის გადადების მოთხოვნით, რაც არ ემსახურებოდა საქმის განხილვის გაჭიანურებას და მსგავსი შუამდგომლობის წარდგენის პირველი შემთხვევა იყო მათი მხრიდან. მითითებული გარემოება სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და საქმის განხილვით დაინტერესებულ მხარეს შეუზღუდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. თავად აპელანტების გამოცხადებას პროცესზე არავითარი აზრი არ ექნებოდა, რადგან ისინი დამოუკიდებლად ვერ დაიცავდნენ საკუთარ ინტერესებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

17. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

18. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

19. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

20. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.

21. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში სადავო სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 2 ივნისს, 11.00 საათზე, რის შესახებაც აპელანტებს ეცნობა კანონით დადგენილი წესით 2016 წლის 26 მარტს. სასამართლო უწყება, ორივე აპელანტის ნაცვლად, ჩაბარდა ს. ვ.-ას (ტომი 2, ს.ფ. 48-49).

22. აღნიშნულის მიუხედავად, აპელანტები საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

23. 2016 წლის 1 ივნისს აპელანტებმა განცხადებით მიმართეს სააპელაციო პალატას და მოითხოვეს საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება იმ საფუძვლით, რომ მათი წარმომადგენლის მინდობილობას გაუვიდა ვადა, ესაჭიროებოდათ დრო ახალი მინდობილობის გასაფორმებლად, ხოლო თავად აპელანტები ვერ შეძლებდნენ საკუთარი ინტერესების დაცვას, რადგან არ ფლობდნენ სამართალწარმოების ენას.

24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტებმა საქმის განხილვაზე თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა ვერ დაადასტურეს.

25. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

26. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრით მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ არსებობდა მითითებული ნორმით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება, რომელმაც ხელი შეუშალა აპელანტებს, გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში.

27. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად უნდა ჩაითვალოს წარმომადგენლისათვის მინდობილობის ვადის გასვლა.

28. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული საოქმო განჩინების მითითებას, რომ აპელანტებს ორი თვით ადრე ეცნობათ საქმის განხილვის შესახებ, ამდენად, საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ პროცესისათვის მოსამზადებლად, მათ შორის, ადვოკატის ასაყვანად.

29. ამავდროულად, აპელანტებს არც სააპელაციო სასამართლოსათვის და არც კერძო საჩივართან ერთად არ წარმოუდგენიათ იმ ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რაზეც საკუთარ პოზიციას აფუძნებენ (მტკიცებულება, რომ 2016 წლის 1 ივნისამდე მხარე იმყოფებოდა საზღვარგარეთ, 2016 წლის 1 ივნისს წარმომადგენლის მიერ სხვა პროცესში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი).

30. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. და ს. ვ.-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე