საქმე № 010298816700019369
საქმე №ას-754-722-2016 13 სექტემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ბ. მ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ვ.-ა“ (განმცხადებელი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
განმცხადებლის მოთხოვნა:
1. სს „ვ.-ამ“ (შემდგომში – განმცხადებელი) განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ბ. მ.-ის (შემდგომში – თავდები) უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.
სარჩელის საფუძვლები:
2. განმცხადებელმა განმარტა, რომ საარბიტრაჟო სარჩელი აღძრა შპს „ვ.-ს“ (მსესხებელი), ბ. და ვ. მ.-ების (თავდებები) მიმართ მოსარჩელესა და შპს „ვ.-ს“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების – 10 150,23 ლარის ანაზღაურების შესახებ შესახებ.
3. მხარემ მიუთითა, რომ, ერთი მხრივ, ბანკს, ხოლო, მეორე მხრივ, ბ. და ვ. მ.-ებს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა ძალით თავდებებმა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს საკრედიტო ვალდებულების შესრულებაზე.
4. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სესხი არ არის უზრუნველყოფილი იპოთეკით. ამავდროულად, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. შესაბამისად, არსებობს იმის საშიშროება, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მომავალში მიღებული გადაწყვეტილება ვეღარ აღსრულდება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის განჩინებით განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თავდებს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ჩ.–ის ქუჩა №..-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
საჩივრის ავტორის მოსაზრება
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თავდებმა შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
7. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული განჩინებით უზრუნველყოფის ღონისძიება მიექცა მის კუთვნილ უძრავ ნივთზე მაშინ, როდესაც თავად მსესხებელი გადახდისუნარიანია და შეძლებს სადავო თანხის დაფარვას. შესაბამისად, სესხის გადახდა პირველ რიგში მსესხებლის ქონებიდან უნდა მომხდარიყო. ამავდროულად, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის ვარაუდი, რომ არსებობს საშიშროება სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისას სირთულეების გამოვლენის ან მისი შესაძლო აღუსრულებლობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის განჩინებით საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველად შემდეგი დასაბუთებით:
9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე პუნქტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 1971 მუხლით, 191-ე, მუხლით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში საარბიტრაჟო სარჩელის ავტორი მოითხოვს 2016 წლის 3 ივნისის მდგომარეობით 10 150,23 ლარის ანაზღაურებას, საიდანაც ძირითადი თანხა არის 7449,38 ლარი, სარგებელი – 780,05 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 1920,80 ლარი. ამასთან, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და საფრთხე ექმნება სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების შეფასების შედეგად გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორია სასარჩელო მოთხოვნის ხასიათი და შინაარსი. იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების აუცილებლობის შესახებ, ეკისრება განმცხადებელს. ამასთან, საკმარისია მარტოოდენ მითითება ასეთ გარემოებებზე და სავალდებულო არ არის მათი დადასტურება რაიმე მტკიცებულებებით. სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ, სხვაგვარად, აღნიშნული გარემოებების არსებობის ალბათობამ უნდა გადაწონოს ვარაუდი მისი არარსებობის შესახებ.
11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე აკმაყოფილებდა სსსკ-ის 191-198-ე მუხლების მოთხოვნებს და სააპელაციო პალატამ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება კანონშესაბამისად გამოიყენა. საჩივრის ავტორი ვერ უთითებს იმ გარემოებებზე, რის გამოც უნდა გაუქმდეს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. საჩივრის ავტორის ზოგადი მითითება გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობაზე ვერ გახდება საჩივრის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც დადგინდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერება და მხარეს აეკრძალა კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
14. საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრისას მისი უზრუნველყოფის წესს ითვალისწინებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, რომელიც ადგენს მსგავს შემთხვევებში სსსკ-ის XXIII თავის გამოყენების შესაძლებლობას.
15. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
16. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ უნდა მიუთითოს უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სარწმუნო და დამაჯერებელ საფუძველზე, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
17. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
18. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
19. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.
20. განსახილველ შემთხვევაში საარბიტრაჟო სარჩელი აღძრულია როგორც უშუალოდ მსესხებლის, ისე სოლიდარულად პასუხისმგებელი თავდები პირების მიმართ საკრედიტო დავალიანების ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელე უთითებს, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის საწინააღმდეგოდ სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
21. საჩივრის ავტორი (თავდები) პრეტენზიას აცხადებს იმ ფაქტის მიმართ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა მისი უძრავი ქონების მიმართ მაშინ, როდესაც მსესხებელი გადახდისუნარიანია და კრედიტორს დაკმაყოფილება უპირველესად მისი ქონებიდან უნდა მოეთხოვა.
22. საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 895-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
23. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სოლიდარული თავდების მიმართ და სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფა მოახდინა არა უშუალოდ მოვალის, არამედ თავდების უძრავი ქონებით, რისი სამართლებრივი საფუძველიც გააჩნდა.
24. რაც შეეხება წარმოდგენილ საჩივარს, სავსებით დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სარწმუნო წინაპირობაზე არ მიუთითებია, კერძოდ, არ გაუბათილებია სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში აღნიშნული ვარაუდი სამომავლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო პალატის განჩინებები კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. მ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 და 29 ივნისის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე