N020211416700015498
№ას-560-535-2016 25 იანვარი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ნ- ძ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ა“
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 02 სექტემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მიუღებელი ხელფასისა და დაყოვნებული თანხის 0,7%-ის ანაზღაურება
განმცხადებლის მოთხოვნა - განჩინებაში დაშვებული შეცდომის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ- ძ-მა (შემდეგში: განმცხადებელი) სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს „ს-ის“ მიმართ 2006 წლის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელე 2006 წლიდან მუშაობდა პოლიკლინიკაში ექიმ-სპეციალისტის თანამდებობაზე და პაციენტებს უწევდა აბულატორიულ და სტაციონარულ დახმარებას. სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილია 2006 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების (1ა26383201შ) საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ, გაფორმებული იყო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და სენაკის ა/პ გაერთიანებას შორის. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ როგორც მისთვის ცნობილი გახდა სახელმწიფო აფინანსებდა უმწეოთა სტაციონარულ მომსახურებას და ექიმ სპეციალისტებისათვის გამოყოფილი იყო თანხა თვეში 120 ლარის ოდენობით.
3. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი (ხანდაზმულობა) და იმავდროულად, მიუთითა სარჩელის ფაქტობრივი გარემოების უსაფუძვლობაზე.
4. 2015 წლის 26 ივნისს მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომლითაც უარყო მოპასუხის შესაგებელი პოზიცია და განცხადებას დაურთო მის მიერ საკასაციო პალატაში წარმოდგენილ განცხადებაში მითითებული N2რ26 და N2რ16 ხელშეკრულების ასლები.
5. სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 05 მაისის განჩინებით. სააპელაციო პალატამ სარჩელი და შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და სენაკის ა/პ გაერთიანებას შორის გაფორმებული 2006 წლის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოსახლეობის სტაციონარული/ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების შესყიდვა. იმავე მხარეებს შორის, იმავე წელს დაიდო N2რ16 ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა 2006 წლის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები. ამ პირობების მიხედვით, შემსყიდველი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესების შესაბამისად, ვალდებულებას იღებდა მიმწოდებლისათვის აენაზღაურებინა მოსახლეობის სტაციონარული დახმარების 2006 წლის სახელმწიფო პროგრამის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის კომპონენტის მიხედვით შესრულებული სამუშაო. N2რ26 ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მიხედვით, ექიმ-სპეციალისტის მიერ „პროგრამით“ შესრულებული სამუშაოს დაფინანსება განხორციელდებოდა ფიქსირებული ანაზღაურების წესით და დარიცხული ხელფასი განისაზღვრა 120 ლარით. დადგენილი იქნა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ექიმ-ალერგოლოგი იყო. დაუდასტურებელ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე მოპასუხე პოლიკლინიკაში მუშაობდა ექიმ-სპეციალისტად. 2006 წლის ხელშეკრულებით კი (რაც სარჩელის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა) დადგენილი იქნა, რომ ფინანსდებოდა არა ექიმი-ალერგოლოგის, არამედ ექიმი-სპეციალისტის ანაზღაურება (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 05 მაისის განჩინების პპ: 4.4; 4.5).
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 05 მაისის განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით წარდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 02 სექტემბრის განჩინებით დარჩა განუხილევლად დაუშვებლობის გამო.
7. 2016 წლის 25 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ნ- ძ-მა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ხელფასს ითხოვდა N2რ26 ხელშეკრულების საფუძველზე და არა N2რ16 ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც ეს არის მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 02 სექტემბრის განჩინებაში. განმცხადებლის განმარტებით, N2რ16 ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სპეციალისტის დაფინანსებას 120 ლარით, აღინიშნულს ითვალისწინებდა N2რ26 ხელშეკრულება. განმცხადებელმა მოითხოვა ამ შეცდომის გასწორება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილია N2რ26 ხელშეკრულება, რომლის შესახებაც ნამსჯელი არ აქვს პირველი ინსტანციით საქმის განმხილველ მოსამართლეს. აღნიშნულის თაობაზე მან აცნობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე, რომელმაც არ გაითვალისწინება ეს გარემოება, ხოლო საკასაციო პალატამ არ გაასწორა ეს შეცდომა და ძალაში დატოვა იგი.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ- ძ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 02 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული შეცდომის გასწორების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორის შეცდომა ან უზუსტობა იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ სასამართლო აქტში დაშვებული იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე.
10. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 02 სექტემბრის განჩინებაში დაშვებული შეცდომის გასწორების შესახებ მოკლებულია დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს გამომდინარე იქიდან, რომ დასახელებულ განჩინებაში რაიმე შეცდომას ან უზუსტობას ადგილი არ აქვს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სამართლებრივი საფუძვლით გამორიცხავს წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილებას.
11. იმავდროულად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა განმცხადებლის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თითქოს სასამართლოს არასწორად აქვს ნამსჯელი 2006 წლის ხელფასის გადახდევინების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველზე და ნაცვლად ხელშეკრულება N2რ26-სა, ეს მოთხოვნა განხილული აქვს ხელშეკრულება N2რ16-ის საფუძველზე.
12. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იმ გარემოებას დაეფუძნა, რომ მოსარჩელე 2006 წლიდან მუშაობდა პოლიკლინიკაში ექიმ-სპეციალისტის თანამდებობაზე და პაციეტებს უწევდა აბულატორიულ და სტაციონარულ დახმარებას. სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილია 2006 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების (1ა26383201შ) საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ გაფორმებული იყო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ფილიალსა და სენაკის ა/პ გაერთიანებას შორის. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ როგორც მისთვის ცნობილია სახელმწიფო აფინანსებდა უმწეოთა სტაციონარულ მომსახურებას და ექიმ სპეციალისტებისათვის გამოყოფილი იყო დაფინანსება თვეში 120 ლარის ოდენობით (იხ., სარჩელში დავის არსის მიმოხილვა და და დავის ფაქტობრივი გარემოება (ს.ფ. 2, 3; წინამდებარე განჩინების პ: 1). სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 05 მაისის განჩინებით, რომელშიც სასამართლომ იმსჯელა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და სენაკის ა/პ გაერთიანებას შორის გაფორმებული 2006 წლის ხელშეკრულების საგანზე, რასაც წარმოადგენდა მოსახლეობის სტაციონარული/ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების შესყიდვა. აგრეთვე, იმავე მხარეებს შორის, იმავე წელს დადებულ N2რ16 ხელშეკრულებაზე, რომლითაც განისაზღვრა 2006 წლის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები, რომლის მიხედვით, შემსყიდველი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესების შესაბამისად, ვალდებულებას იღებდა მიმწოდებლისათვის აენაზღაურებინა მოსახლეობის სტაციონარული დახმარების 2006 წლის სახელმწიფო პროგრამის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის კომპონენტის მიხედვით შესრულებული სამუშაო. სასამართლომ აგრეთვე იმსჯელა N2რ26 ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებზე, რომლის მიხედვით, ექიმ-სპეციალისტის მიერ „პროგრამით“ შესრულებული სამუშაოს დაფინანსება განხორციელდებოდა ფიქსირებული ანაზღაურების წესით და დარიცხული ხელფასი განისაზღვრა 120 ლარით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ექიმ-ალერგოლოგი იყო, ხოლო დაუდასტურებელ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე მოპასუხე პოლიკლინიკაში მუშაობდა ექიმ-სპეციალისტად. 2006
წლის ხელშეკრულებით კი (რაც სარჩელის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა) დადგენილი იქნა, რომ ფინანსდებოდა არა ექიმ-ალერგოლოგი, არამედ ექიმ-სპეციალისტის ანაზღაურება (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 05 მაისის განჩინების პპ: 4.4; 4.5).
13. ამდენად საფუძველს მოკლებულია განმცხადებლის პრეტენზია, თითქოს სასამართლოს არა აქვს ნამსჯელი ხელშეკრულება N2რ26-ზე და მისი მოთხოვნა მხოლოდ 2006 წლის ხელშეკრულებისა და N2რ16-ის ხელშეკრულების საფუძველზე იქნა განხილული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ- ძ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე