Facebook Twitter

№010210114511511

საქმე №ას-581-556-2016 14 სექტემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – შპს „ლ--“; შპს „ზ-“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ა“(მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2014 წლის 09 იანვარს, შპს ,,ს -ას’’ (შემდეგში: „გამყიდევლი“ ან „მოსარჩელე“) და შპს ,,ზ -ს’’ (შემდეგში: „მყიდველი“ ან „პირველი მოპასუხე“) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველს მიყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა 500ტ. კარტოფილი (შემდეგში: „პროდუქტი“). მყიდველს მიწოდებული პროდუქტის ღირებულება უნდა აენაზღაურებინა ტვირთის საქართველოს საბაჟო პუნქტზე შემოსვლიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომლის ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა გადაუხდელი თანხის 0,5%-ს.

2. 2014 წლის 8 თებერვალს გამყიდველისა და მყიდველის სახელზე საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვის მეშვეობით განხორციელდა 7800 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქტის მიწოდება. 2014 წლის 15 თებერვალს მყიდველს მიეწოდა 7800 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქტი. 2014 წლის 17 თებერვალს - 3900 აშშ დოლარის, ხოლო 2014 წლის 27 თებერვალს კი, - 6355.80 აშშ დოლარის. ჯამში, მიწოდებული პროდუქტის ღირებულებამ შეადგინა 25,855.80 აშშ დოლარი.

3. 2014 წლის 09 იანვარს გამყიდველსა და შპს ,,ლ -’’-ს (შემდეგში: „მეორე მყიდველი“ ან „მეორე მოპასუხე“) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველს მეორე მყიდველისათვის უნდა მიეწოდებია 500ტ. პროდუქტი. მეორე მყიდველს მიწოდებული პროდუქტის ღირებულება უნდა აენაზღაურებია ტვირთის საქართველოს საბაჟო პუნქტზე შემოსვლიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომლის ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა გადაუხდელი თანხის 0,5%-ს.

4. გამყიდველის მიერ მეორე მყიდველის სახელზე საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვის მეშვეობით, 2014 წლის 9 იანვარს, განხორციელდა 26000 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქტის მიწოდება. 2014 წლის 22 იანვარს მყიდველს მიეწოდა 13000 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქტი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 39000 აშშ დოლარი.

5. გამყიდველმა სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა: ა) მყიდველისათვის ნასყიდობის საფასურის - 25,855.80 აშშ დოლარისა და ვალდებულების დარღვევის ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს - 129.27 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ბ) მეორე მყიდველისათვის ნასყიდობის საფასურის - 39,000 აშშ დოლარისა და ვალდებულების დარღვევის ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს - 195 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

6. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 477-ე და 417-ე მუხლები.

7. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მხარეებს შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზე, გამყიდველმა მყიდველსა და მეორე მყიდველს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მიაწოდა საქონელი შეთანხმებული ოდენობით. თავის მხრივ, მოპასუხეებს ვალდებულება პროდუქტის საფასურის ანაზღაურების თაობაზე არ შეუსრულებიათ. იმავდროულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლო. შესაბამისად, გამყიდველს აქვს მოთხოვნის უფლება მიწოდებული პროდუქტის ღირებულებასა და პირგასამტეხლოზე.

8. პირველმა და მეორე მოპასუხემ წარმოადგინეს მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი, სახელდობრ, მიუთითეს, რომ პროდუქტის ღირებულება გამყიდველის დავალებით გადაუხადეს ციტრუსის დამამზადებლებს, გამყიდველის დავალიანების დასაფარავად.

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 39000 აშშ დოლარის გადახდა; ასევე, პირგასამტეხლო - 39000 აშშ დოლარის 0.05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 19.5 აშშ დოლარს 2014 წლის პირველი თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 25,855.80 აშშ დოლარის გადახდა, ასევე, პირგასამტეხლო - 25855.80 აშშ დოლარის 0.05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 12.92 აშშ დოლარს 2014 წლის 07 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

10. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პპ: 1-4 ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

13. ამასთან, დადგენილ იქნა მოპასუხეთა მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, რაც მიწოდებული პროდუქტის ღირებულების აუნაზღაურებლობაში გამოიხატა.

14. დავალიანების არსებობის გასაქარწყლებლად მოპასუხეებმა წარმოადგინეს შემდეგი შინაარსის წერილი: „2014 წლის 23 იანვარს, თქვენ გადაგვიხადეთ 500ტ. კარტოფილის საფასური - 68 000 აშშ დოლარი. ჩვენ გამოგზავნილი გვაქვს 39 000 დოლარის ღირებულების 260ტ. პროდუქტი. დამატებით გამოსაგზავნია 29 000 დოლარის ღირებულების 194ტ. პროდუქტი. დარჩენილ პროდუქტს მოგაწოდებთ უახლოეს დროში შეთანხმებული ღირებულებით. გარდა ამისა, ჩვენი თხოვნით თქვენს მიერ გადახდილ იქნა საქართველოში მოსარჩელის მოვალეებისათვის 97 495 ლარი. თანხმობის შემთხვევაში, გადახდილი თანხის - 97 495 ლარი, სანაცვლოდ ჩვენ პარტიებად მოგაწვდით დაახლოებით 377ტ. პროდუქტს შეთანხმებული ღირებულებით.”

15. მოსარჩელემ სადავოდ გახადა წერილზე არსებული მოსარჩელის ხელმოწერის ნამდვილობა და დოკუმენტზე დასმული ბეჭდის ავთენტურობა.

16. სადავო საკითხის გადასაწყვეტად საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა. ექპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დაისვა შემდეგი შეკითხვები: ა) არის თუ არა მეორე მოპასუხის წარმომადგენლის მიერ, სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი, გამოსაკვლევი დოკუმენტი - ფერადი ტუტულიანი ფურცელი ავთენტური და შეესაბამება თუ არა იგი სამოქალაქო საქმეში არსებულ ტიტულოვან ფურცელს“; ბ) არის თუ არა გამოსაკვლევ დოკუმენტზე არსებული ნაბეჭდი გვარის „კ---------ის” გასწვრივ არსებული ხელმოწერა ავთენტური და შესრულებული ავტორის მიერ. გ) არის თუ არა გამოსაკვლევ დოკუმენტზე არსებული ლურჯი ფერის ბეჭედი ავთენტური და შეესაბამება თუ არა იგი მოსარჩელის კუთვნილ რომელიმე ბეჭედს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა ტიპის ინფორმაციის დადასტურებისთვისაა განკუთვნილი აღნიშნული ბეჭედი?

17. 2016 წლის 29 თებერვალის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: „1. გამოსაკვლევი, 2014 წლის 17 აპრილს, დ.კ--ის სახელით შედგენილი წერილის ბლანკი და ნიმუშად წარმოდგენილი მოსარჩელის ბლანკი დამზადებულია ერთიდაიგივე ფაბრიკული წარმოების წესის დაცვით („ოფსეტური ბეჭდვა”). 2. 2014 წლის 17 აპრილს კ--ის სახელით შედგენილ წერილზე არსებული ბეჭდის ანაბეჭდი დატანილია ფაბრიკული წარმოების წესის დაცვით დამზადებული ბეჭდით. 2014 წლის 17 აპრილს კ-ის სახელით შედგენილ წერილზე არსებული ბეჭდის ანაბეჭდი არ არის დატანილი მოსარჩელის ბეჭდით, რომლის ანაბეჭდი წარმოდგენილია ნიმუშად, არამედ დატანილია მოსარჩელის ლოგისტიკის განყოფილების ბეჭდით, რომლის ანაბეჭდი წარმოდგენილია ნიმუშად. დასკვნის გაცემა საკითხზე, ხელმოწერა კ--ის სახელით (რუსულ ენაზე) განლაგებული: მიმართვაზე 2014 წლის 17 აპრილის თარიღით გრაფაში ”директор” , შესრულებულია თუ არა კ-ის მიერ - შეუძლებელია, შეუსაბამობის გამო, გამოსაკვლევი ხელმოწერა შესრულებულია რუსულ ენაზე, ხოლო შესადარებელი მასალა სომხურ ენაზე და არ შეიცავენ ერთნაირ წერით ნიშნებს საიდენტიფიკაციოდ.”

18. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი დასკვნით 2014 წლის 09 იანვრის ხელშეკრულებებით მიწოდებული პროდუქტის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შესრულება არ დასტურდებოდა. ამ გარემოების დასადსატურებად არც სხვა მტკიცებულება ყოფილა წარმოდგენილი. არ დადასტურდა აპელანტთა განმარტება იმის თაობაზეც, რომ 2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებებით მიწოდებული პროდუქტის რეალიზაციით მიღებული თანხები, მოსარჩელის დავალებით, მათ გადაუხადეს ციტრუსის დამამზადებლებს, რომელთა ვალიც მოსარჩელეს ქონდა 2013 წლიდან.

19. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 477-ე მუხლით და მიიჩნია, რომ სარჩელი დასაბუთებული იყო. შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ ნასყიდობის საფასურის გადახდა.

20. საფუძვლიანად იქნა მიჩნეული მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილშიც, ხოლო შედავება პირგასამტეხლოს არაგონივრულობასთან დაკავშირებით (სსკ-ის 420-ე მუხლი) სასამართლომ არ გაიზიარა.

საკასაციო პრეტენზია აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და დარღვევებზე:

21. საკასაციო საჩივრით სადავოა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების სამართლებრივი შეფასება, სახელდობრ, 2014 წლის 17 აპრილს, კ-ის სახელით შედგენილი წერილი, რომლითაც დასტურდებოდა ვალდებულების შესრულების ფაქტი. იმავდროულად, კასატორი არ ეთანხმება საქმის განხილველი სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესს და მიიჩნევს, რომ დოკუმენტის ნამდვილობის მტკიცების ტვირთი კრედიტორის მხარეზე იყო. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელემ შეგნებულად შეუშალა ხელი ექსპერტიზის მიერ კატეგორიული დასკვნის გაკეთებას, იმგვარად, რომ გამოსაკვლევ ნიმუშად მხოლოდ კ-ის მიერ სომხურ ენაზე შესრულებული ნიმუშები წარადგინა, მაშინ როდესაც გამოსაკვლევი ხელმოწერა შესრულებული იყო რუსულ ენაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

23. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

24. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოა ფულადი ვალდებულების შესრულება. კასატორები სადავოდ არ ხდიან ფულადი ვალდებულების წარმოშობის ფაქტობრივ გარემოებას. მათი პრეტენზია პროდუქტის ღირებულების კრედიტორის დავალებით მე-3 პირისათვის („ციტრუსის დამამზადებლებისათვის“) გადახდას შეეხება, რაც მათი მოსაზრებით, დავალიანების არარსებობას ადასატურებს.

25. საკასაციო პალატა განმარტავს რომ კანონმდებლობაში ზოგადი წესებიდან დაშვებულია გამონაკლისი. მოვალის მიერ ვალდებულება შეიძლება ფაქტობრივად რომელიმე მე-3 პირის მიმართაც შესრულდეს. ეს შეიძლება იყოს აგრეთვე, კრედიტორის მიერ შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ე.წ. შესრულების ფაქტობრივი მიმღები (სსკ-ის 373-ე მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვის მიმართაც მოვალემ უნდა შეასრულოს ვალდებულება, იხ., სუსგ №ას-570-541-2015, 11 ნოემბერი, 2015 წელი). თუმცა, მოვალის მიერ მე-3 პირისათვის ვალდებულების შესრულებისას, ასევე, მხედველობაშია მისაღები კრედიტორის ნება-სურვილი. ამ შემთხვევაში, მოვალე საჭიროებს კრედიტორის თანხმობას. თანხმობა შეიძლება გამოიხატოს შესრულების განხორციელებამდე ან შესრულების განხორციელების შემდეგ (შესრულების მოწონება).

მეტად მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს ვალდებულების შესრულება არაუფლებამოსილი პირის მიმართ. თუ ეს არ ხდება კრედიტორის თანხმობით, მოვალის მიერ ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლება. თუმცა, იმ საკითხის გადაწყვეტამდე დავალიანების გადახდა ჩაითვლება თუ არა კრედიტორის წინაშე შესრულებად (სსკ-ის 373-ე მუხლი) ან მიიღებს თუ არა ამგვარ შესრულებას კრედიტორი (თანხმობა შესრულების მიღებაზე), სასამართლომ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა საერთოდ ადგილი დავალიანების გადახდას სხვა პირისათვის.

26. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე, მიუთითეს დავალიანების მე-3 პირის მიმართ („ციტრუსის დამამზადებლებისათვის“) გადახდაზე და განმარტეს, რომ მითითება მე-3 პირისათვის პროდუქტის ღირებულების გადახდაზე კრედიტორისაგან მიიღეს, რაც 2003 წლიდან კრედიტორის არსებული დავალიანების დაფარვას ემსახურებოდა. ამ გარემოების დასადასატურებლად წარმოადგინეს მოსარჩელე კომპანიის დირექტორის მიწერილობა მოპასუხეებისადმი. მოსარჩელემ სადავოდ გახადა რა წერილის ნამდვილობა (ხელმოწერა და დასმული ბეჭდის ავთნტურობა), საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტიზამ კატეგორიული დასკვნის გაცემა კითხვაზე: ხელმოწერა კ---ის სახელით (რუსულ ენაზე) განლაგებული: მიმართვაზე 2014 წლის 17 აპრილის თარიღით გრაფაში ”директор” , შესრულებულია თუ არა კ--ის მიერ, ვერ შეძლო, რაც მათი მითითებით, განაპირობა შესადარებელი ხელმოწერის ნიმუშების რუსულ ენაზე წარმოუდგენლობამ (გამოსაკვლევი ხელმოწერა შესრულებულია რუსულ ენაზე, ხოლო შესადარებელი მასალა სომხურ ენაზე და არ შეიცავენ ერთნაირ წერით ნიშნებს საიდენტიფიკაციოდ იხ., წინამდებარე განჩინების პ: 17).

27. მოცემულ შემთხვევაში, კასატორები მართალია მიუთითებენ მოსარჩელის მხრიდან ექსპერტიზის ჯეროვნად ჩატარებისათვის ხელშეშლაზე, რაც ხელმოწერის სათანადო ნიმუშების წარმოუდგენლობაში გამოიხატა. თუმცა, ეს საკითხი საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ იქნება (სსსკ-ის 407.2 მუხლი). ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების შესაბამისად, (სსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები) მხარეებს ეკისრებათ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და სადავოობის შემთხვევაში, მათი დადასტურების ტვირთიც. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი აღიძრა რა დავალიანების გადახდის მოთხოვნით, ხოლო მოპასუხეებს დავალიანების წარმოშობა (პროდუქტის მიწოდება სადავოდ არ გაუხდიათ), მისი გადახდის/შესრულების მტკიცების ვალდებულება სწორედ მოპასუხეთა საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენდა. წარმოდგენილი დოკუმენტით მოპასუხეებს უნდა დაედასტურებინათ მიწოდებული პროდუქტის დავალინების გადახდა მე-3 პირის მიმართ, სხვა საკითხია ჩაითვლებოდა თუ რა ამგვარი გადახდა კრეტიდორის სასარგებლოდ შესრულებად (განჩინების პ: 25), პირველ რიგში გადახდის ფაქტობრივი გარემოება უნდა დაედასტურებინათ, რომელი გარემოების დადასტურება კი, წარმოდგენილი წერილით შეუძლებელი აღმოჩნდა, მისი ნამდვილობაზე შედავებისა და ავთენტურობის დაუდასტურებლობის გამო. ამ კუთხით, დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია კასატორების მიერ წამოყენებული არ არის.

27. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ფულადი ვალდებულების შესრულების სამართლებრივ საკითხებზე არსებობს სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით კასატორებს გადაუვადდათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამადე, აღნიშნულისა და აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%. კერძოდ, პირველ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2000 აშშ დოლარის 30%, - 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო მეორე მოპასუხეს - 3018 აშშ დოლარის 30%, - 905.4 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ლ-ისა“ და შპს „ზ-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გ

2. დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 905.4 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. შპს „ზ--ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე