№330210014574706
საქმე №ას-602-577-2016 02 სექტემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი- ფ-ი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (მოპასუხე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 04 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაო ადგილზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2012 წლის 04 იანვარს ი- ფ–ი (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) დაინიშნა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში (შემდეგში: მოპასუხე ან სააგენტო ან დამსაქმებელი) ლიცენზიებისა და აკრედიტაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით.
2. სააგენტოს უფროსის 2013 წლის 27 აგვისტოს N02–9/დ ბრძანებით (შემდეგში: პირველი სადავო ბრძანება) დასაქმებულს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება’’ სააგენტოს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ სააგენტოს უფროსის 2012 წლის 24 აპრილის N- ბრძანების დანართი N1-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების და მე-9 მუხლის დარღვევისთვის.
3. სააგენტოს უფროსის 2013 წლის 30 აგვისტოს N- ბრძანებით (შემდეგში: მეორე სადავო ბრძანება) დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2013 წლის 02 სექტემბრიდან. გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ” ქვეპუნქტი.
4. მეორე სადავო ბრძანება დასაქმებულს 2013 წლის 02 სექტემბერს გაეგზავნა ფოსტით და ჩაბარდა იმავე წლის 04 სექტემბერს.
5. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა პირველი და მეორე სადავო ბრძანებების ბათილად ცნობა და გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე აღდგენა.
6. პირველი სადავო ბრძანების ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესად მოსარჩელემ მეორე სადავო ბრძანების გამოცემის ფაქტობრივი საფუძვლის გაქარწყლება დაასახელა.
7. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 54-ე მუხლი და სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი.
8. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ დასაქმებული მაღალკვალიფიციურად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ შრომით მოვალეობებს. იგი 2013 წლის 23 ივლისიდან 23 აგვისტომდე სარგებლობდა ანაზღაურებადი შვებულებით. იმავე წლის 25 აგვისტოდან კი, დასაქმებულმა მოითხოვა ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობაზე ნებართვის მიცემა. ამ მოთხოვნით დასაქმებულმა წერილობით მიმართა ადმინისტრაციას 2013 წლის 26 აგვისტოს. 2013 წლის 04 სექტემბერს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მას უარი ეთქვა შვებულებით სარგებლობაზე. უფრო მეტიც, დასაქმებულს ერთდროულად ეცნობა დაეკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ, რასაც მოსარჩელე უმართებულოდ მიიჩნევს, რადგან მას ერთდროულად მიეწოდა ინფორმაცია ორივე სადავო ბრძანების შესახებ და არ ჰქონდა შესაძლებლობა უფრო ადრე მიეღო ინფორმაცია ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობაზე უარის თქმისა და პირველი სადავო ბრძანების გამოცემის შესახებ. ანაზღაურების გარეშე შვებულების მოთხოვნის წარდგენასა და მისით სარგებლობაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაციის მიღებას შორის დროის მონაკევთში კი, დასაქმებულს ჰქონდა საფუძვლიანი მოლოდინი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, რაც ემყარებოდა სამსახურში დამკვიდრებულ პრაქტიკას.
9. მოპასუხემ კვალიფიციურ შედავებაში უარყო კუთვნილი შვებულების უფლებით სარგებლობაზე უარის თქმისა და პირველი სადავო ბრძანების მხოლოდ 2013 წლის 04 სექტემბერს ჩაბარებაზე მოსარჩელის მითითება. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ მეორე სადავო ბრძანების გამოსაცემად არსებობდა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი, რაც დასაქმებულის სამსახურში სისტემატიურ გამოუცხადებლობაში გამოიხატა.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მეორე სადავო ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა სააგენტოს ლიცენზირებისა და აკრედიტაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. სარჩელი პირველი სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
11. სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 04 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პპ: 1-4 ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
14. ამასთან, დადგენილ იქნა, რომ გარკვეული პერიოდში, დასაქმებული იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, რომლის დახურვის შემდეგ, 2013 წლის 14 ივლისიდან 2013 წლის 23 ივლისამდე დასაქმებული სამსახურში არ გამოცხადებულა. საპატიო მიზეზის არსებობა, რაც სამსახურში მის გამოუცხადებლობას დაედებოდა საფუძვლად საქმის მასალებით დადასტურებული არ არის.
15. 2013 წლის 23 ივლისს დასაქმებულმა განცხადებით მიმართა სააგენტოს უფროსს, რომლითაც მოითხოვა 2013 წლის 15 ივლისიდან კუთვნილი შვებულებით სარგებლობაზე ნებართვა.
16. 2013 წლის 23 ივლისის ბრძანებით დასაქმებულს მიეცა 2013 წლის ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღით, 2013 წლის 23 ივლისიდან 23 აგვისტოს ჩათვლით.
17. 2013 წლის 24 აგვისტოს შემდეგ დასაქმებული სამსახურში არ გამოცხადებულა.
18. 2013 წლის 26 აგვისტოს დასაქმებულმა წერილობით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთლობის და სოციალური დაცვის მინისტრს და მინისტრის პირველ მოადგილეს, რომელშიც ყურადღება გაამახვილა სააგენტოს უფროსის მხრიდან 2006–2007 წლებში 14 ლიცენზიის კანონდარღვევით გაცემის, ასევე, მისი შევიწროების ფაქტებზე. იმავდროულად, მოითხოვა, 2013 წლის 25 აგვისტოდან უხელფასო შვებულებით სარგებლობის უფლების მიცემა 3 თვით, შიდა აუდიტის მოკვლევის დასრულებამდე; აღნიშნულის შეუძლებელობის შემთხვევაში, იგი უარს აცხადებდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე. განცხადება რეაგირებისთვის გადაიგზავნა სააგენტოში.
19. 2013 წლის 27 აგვისტოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის სატელეფონო შეტყობინებით მოსარჩელე ინფორმირებული იქნა პირველი სდავო ბრძანებისა და აგრეთვე, იმის შესახებ, რომ მას უარი ეთქვა 3-თვით უხელფასო შვებულებით სარგებლობაზე. სახელდობრ, 2013 წლის 27 აგვისტოს, 20:01 საათზე სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენელ გ. გრიგოლიასა და დასაქმებულს შორის შედგა სატელეფონო საუბარი. მხარეთა სატელეფონო საუბრის შინაარსის სადავოობის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თავად სარჩელის შინაარსსა და თანდართულ 09.09.2013 წლის წერილზე, რომელშიც მოსარჩელე განმარტავდა, რომ, როდესაც მან მოითხოვა 3-თვიანი უხელფასო შვებულება, იმედოვნებდა, რომ უწყებიდან დაუკავშირდებოდნენ შესაბამისი პასუხით, რადგან, სამსახურში დადგენილი პრაქტიკის თანახმად, თანამშრომელი დაუყოვნებლივ იღებდა, სულ მცირე, სატელეფონო შეტყობინებას თხოვნის დაკმაყოფილების ან საპირისპიროს თაობაზე, რასაც მასთან მიმართებით ადგილი ჰქონდა ივლისის თვეში.
სშკ-ის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო. საგამონაკლისო შემთხვევას კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, დასაქმებულს არ გააჩნდა გონივრული ვარაუდის საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნა 3-თვიან უხელფასო შევებულებაში გასვლის შესახებ – დაკმაყოფილდებოდა. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ წინასწარი შეტყობენების ვადები დარღვეული იყო.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი საფუძვლით, რაც არასაპატიო მიზეზით სამსახურში სისტემატიურ გამოუცხადებლობაში გამოიხატა, დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (მეორე სადავო ბრძანება).
საკასაციო პრეტენზია აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და დარღვევებზე:
20. საკასაციო საჩივრით სადავოა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების სამართლებრივი შეფასება, სახელდობრ, მოსარჩელის 2013 წლის 25 აგვისტოს წერილის შინაარსი, რომლის მიხედვით დასაქმებული მძიმე ზეწოლას განიცდიდა სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან, სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ სისტემატიურად ჩადენილი უკანონო ქმედებების გამო საჯარო მხილებისათვის. ეს უკანასკნელი მას უკრძალავდა თანამშრომლების ნაწილს მასთან ყველანაირ, მათ შორის, სატელეფონო ურთიერთობას, ამყოფებდა იზოლაციაში, უკრძალავდა სამსახურებრივ მოვალეობათა სრულფასოვან შესრულებას და სხვა არაფერი დარჩენოდა, რომ თხოვნით მიემართა სამინისტროსათვის ჩაეტარებინათ შიდა აუდიტის მოკვლევა და მოკვლევის დასრულებამდკე ითხოვდა დროებით უხელფასო შვებულებას. ამ წერილობით მოთხოვნაში, არ ყოფილა რაიმე მინიშნება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის შესახებ. წერილი ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ დასაქმებულს სამსახურის უფროსთან გ. თვალავაძესთან ურთიერთობა სწორედ მაშინ დაეძაბა, როცა ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოიძია და გაასაჯაროვა სააგენტში ჩადენილი დარღვევები, რის შემდეგაც, მას სამსახურში, სამსახურის უფროსთან შეექმნა გაუსაძლისი მდგომარეობა და ამიტომ მიმართავს ზემდგომს, რომ მიიღონ შესაბამისი ღონისძიებები მისი უფლებების დასაცავად. კასატორის მოსაზრებით, 2013 წლის 25 აგვისტოს წერილი ადასტურებს დასაქმებულისადმი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს.
20. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი მიიჩნევს, რომ არასწორად იქნა შეფასებული სააგენტოს წარმომადგენელ თ.პირველაშვილისა და გ. გრიგოლიას ახსნა-განმარტებები. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი წარმოადგენენ სააგენტოში დასაქმებულ პირებს, მათი ჩვენებები უნდა შეფასებულიყო უტყუარობისა და სანდოობის თვალსაზრისით, რა დროსაც, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მხარეთა (მათ შორის, მოწმის) დამოკიდებულება პროცესში მონაწილე სუბიექტთან.
მტკიცებულებათა არასწორი შეფასებით სააპელაციო სასამართლო მივიდა მცდარ დასკვნამდე, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობათა „უხეში დარღვევის“ საფუძვლით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერებაში გამოიხატა.
კასატორი აღნიშნავს, რომ მისი გათავისულების მოტივს, მის მიერ არა სამსახურში დროებით გამოუცხადებლობა, არამედ მისი როგორც სამსახურის უფროსისთვის მიუღებელი პიროვნების სამაგალითო დასჯა წარმოადგენდა. სამსახურის უფროსმა, ჯერ პირველი სადავო ბრძანებით დააკისრა წერილობითი გაფრთხილება, ხოლო აღნიშნულის საფუძვლად, მეორე სადავო ბრძანებით დაითხოვა სამსახურიდან. ორივე სადავო ბრძანებების მართლზომიერება საეჭვოა იმ მოცემულობაში, რომ აღნიშნულით სამსახურის უფროსი ფარულად მალავდა სამსახურიდან დათხოვნის რეალურ მოტივებს.
21. არასწორადაა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ კასატორი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, ინფორმირებული იყო, უხელფასო 3-თვიანი შვებულების მოთხოვნაზე უარის თქმისა და სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, დისციპლინარული ღონისძიების დადების თაობაზე. სასამართლომ ნაცვლად იმისა რომ გამოერკვია ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობას, კასატორი დაადანაშაულა სამსახურში გამოუცხადებლობაში, მაშინ, როდესაც სამსახურის უფროსის მხრიდან მის მიმართ ხორციელდებოდა აშკარად დისკრიმინაციული მოპყრობა.
სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტის მართლზომიერება შეაფასა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თითქოსდა მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ულტიმატუმის ფორმით მოვალეობის შეუსრულებლობას, სამსახურში გამოუცხადებლობას რამდენიმე დღის განმავლობაში, იმ პირობებში როდესაც მის მიმართ უკვე გამოყენებული იყო დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა – „წერილობითი გაფრთხილება“. შესაბამისად, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, განხორციელდა მის მიერ ჩადენილი დარღვევის თანაზომიერად.
სამოტივაციო ნაწილი:
VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
23. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
24. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოა დაკავებული თანამდებობიდან დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ ბრძანების მართლზომიერება. ბრძანების კანონიერება უნდა შემოწმდეს სადავო ბრძანების გამოცემის პერიოდში მოქმედ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილის „თ“ პუნქტთან მიმართებაში, რადგან დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან გათავისუფლების მომენტისათვის (სშკ-ის 2013 წლის 02 სექტემბრისათვის მოქმედი რედაქცია) მითითებული ნორმა ადგენდა დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის გამო, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, დასაქმებულს ედავება დამსაქმებელი.
25. პირველი სადავო ბრძანება ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, რომლითაც დასაქმებულს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება’’ სააგენტოს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ სააგენტოს უფროსის 2012 წლის 24 აპრილის N--------- ბრძანების დანართი N1-ის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების და მე-9 მუხლის დარღვევისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სშკ-ის 37-ე მუხლის „თ“ პუნქტის გამოყენების (სამსახურიდან გათავისუფლება) წინაპირობად მიიჩნევს დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში შრომითი ვალდებულების დარღვევის გამო, დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომის გატარებას.
26. იმავდროულად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის პრეტენზია შრომით სამართალში დამკვიდრებული Ultima Ratio-ს პრინციპის დარღვევასთან მიმართებაში. პალატა განმარტავს, რომ მითითებული პრინციპის ამოსავალი დებულება სწორედ იმაშია, რომ ჩადენილი დარღვევის გამო, დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებამდე უნდა შემოწმდეს ჩადენილ დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის პროპორციულობა. იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, დასაქმებულის მიმართ ჩადენილი დარღვევის გამო, ერთხელ უკვე გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმა, არსებობდა მეორე სადავო ბრძანების გამოცემისათვის საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი.
რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომელიც შეეხება მოწმეთა და წარმომადგენლის ახსნა-განმარტებების შეფასებას, აღნიშნულს საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს და იმავდროულად, განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც პირველი სადავო ბრძანება იურიდიული ძალის მქონეა და ქმნის მეორე სადავო ბრძანების გამოცემისათვის საკმარის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს, მითითებული პრეტენზია გავლენას ვერ მოახდენს სადავო აქტის მართლზომიერების შეფასებაზე.
27. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტასათან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი- ფ-–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ი- ფ-–ს უკან დაუბრუნდეს 2016 წლის 22 ივნისს საგადასახადო დავალებით N1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე