Facebook Twitter

№330210014634672

საქმე №ას-612-585-2016 02 სექტემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე- ხ-ე (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ-ი“ (მოსარჩელე, მოწინაარმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ლ-ი“ (შემდეგში: მოსარჩელე) რეგისტრირებულია ქ.თბილისში, უ--ის ტერიტორიასა და ქ--ის ქუჩას შორის მდებარე, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულებისა და 662მ2 დაზუსტებული ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის (შემდეგში: პირველი სადავო მიწის ნაკვეთი) მესაკუთრედ.

2. ე- ხ-ე (შემდეგში: მოპასუხე) რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ქ-ის ქუჩასა და უ-ის მაღლივ კორპუსს შორის მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულებისა და 598მ2 დაზუსტებული ფართობის მქონე მიწის ნაკვეთისა (შემდეგში: მეორე მიწის ნაკვეთი) და მასზე განლაგებული 562,61მ2 საერთო ფართის მქონე შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ.

3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ სადავო უძრავი ქონებით სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოპასუხის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის საზღვრებში აშენებული 58 გრძივი მეტრის რკინა-ბეტონის ღობის დემონტაჟისა და ამ მოქმედების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისაგან მიწის ნაკვეთის გათავისუფლების მოთხოვნით.

4. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 170-172-ე მუხლები.

5. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების საზღვრებში მოპასუხემ ნებართვის გარეშე, მოაწყო რკინა-ბეტონის ღობე.

6. მოპასუხემ მარტივი შესაგებლით უარყო მოსარჩელის სადავო უძრავი ქონების საზღვრებში რკინა-ბეტონის ღობის მოწყობის შესახებ ფაქტობრივი გარემობა და აღნიშნა, რომ ღობე განლაგებულია მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაევალა ქ.თბილისში, უ-ის ტერიტორიასა და ქ-ის ქუჩას შორის მდებარე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულებისა და 662მ2 დაზუსტებული ფართობის მქონე მიწის ნაკვეთით სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით აღნიშნული მიწის ნაკვეთის საზღვრებში აშენებული 58 გრძივი მეტრის რკინა-ბეტონის ღობის დემონტაჟი და ამ მოქმედების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისაგან მიწის ნაკვეთის გათავისუფლება.

8. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პპ: 1-2 ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

11. ამასთან, დადგენილ იქნა, რომ რკინა-ბეტონის ღობე სცდება მეორე მიწის ნაკვეთის საზღვრებს და ღობის ნაწილი 58 გრძივი მეტრით განლაგებულია (შეჭრილია) მომიჯნავედ, მდებარე სადავო მიწის ნაკვეთის საზღვრებში (წითელ ხაზებში) (სსიპ ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, 05.12.2--.

12. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ხოლო მოპასუხის ღობის ნაწილი განლაგებულია მითითებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში და ამ ღობით სარგებლობა მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ ხდება სსკ-ის 170-172-ე მუხლების საფუძველზე არსებობდა ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი საფუძვლები.

13. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარისთქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა.

საკასაციო პრეტენზია აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და დარღვევებზე:

14. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, თითქოს ღობე მხოლოდ მოპასუხის სარგებლობაშია. საქმის მასალებში, თავად მოსარჩელის მიერაა წარმოდგენილი სიტუაციური გეგმა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №- დასკვნა, რომლითაც ადგილი აქვს სრულიად სხვა ვითარებას, კერძოდ, ღობე აღმართულია ცენტრალური ქუჩის მხრიდან და მის მიღმა რამოდენიმე საკუთრების ობიექტია, მათ შორისა, მოდავე მხარეთა მიწის ნაკვეთებიც. მაშასადამე, საკუთრების ობიექტები განთავსებულია ერთ დიდ ეზოში. არსებული ვითარების შესაბამისად, ყველა მესაკუთრე აქედან უნდა აღწევდეს თავის ქონებასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, არცერთ მესაკუთრეს, მეტადრე, მოსარჩელეს, თავიანთი საკუთრების ობიექტებით სარგებლობის უფლება არ და ვერ შეიზღუდება. ასე რომ ყოფილიყო, მოწინააღმდეგე მხარე სათანადო მტკიცებულებას წარმოუდგენდა სასამართლოს მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სიტუაციური ნახაზის შესაბამისად, ეზოს სხვა შესასვლელი არ გააჩნია. სასამართლომ კი, მარტოოდენ ღობის არსებობა დაუდო საფუძვლად მოწინააღმდეგე მხარის საკუთრების უკანონო ხელყოფას და თანადროულად არასწორად მიიჩნია ამ ღობით მხოლოდ ე- ხ-ის მიერ სარგებლობა.

ზემოაღნიშნული პოზიცია, როგორც დაგვიანებით მითითებული სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რაც კასატორის მოსაზრებით უსაფუძვლოა, რადგან, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო იყო ის გარემოება, რომ მხოლოდ მოპასუხის ნაკვეთს რომ არ ემსახურება სადავო ღობე. ამასთან, მოდავე მხარეებმა მომიჯნავედ მდებარე საკუთრების ობიექტები შეიძინეს ასეთივე მდგომარეობაში, ანუ ღობე აღმართულია წინა მესაკუთრეთა მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები: 01.03.2014 წ. სიტუაციური გეგმა და სასამართლო ექსპერტიზმის ეროვნული ბიუროს №-- დასკვნა არ შეაფასა სსსკ–ის 105–ე მუხლით დადგენილი წესით.

სამოტივაციო ნაწილი:

VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

16. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

17. კასატორის ძირითადი პრეტენზია იმ გარემოებას ეფუძნება, რომ ღობე მხოლოდ მოპასუხის სარგებლობაში არ იმყოფება და ამასთან, მოდავე მხარეებმა მომიჯნავედ მდებარე საკუთრების ობიექტები შეიძინეს ასეთივე მდგომარეობაში, ანუ ღობე აღმართულია წინა მესაკუთრეთა მიერ.

18.კასატორი პრეტენზიას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტები, რომელთა შესახებ ცნობილია მხარეებისათვის უნდა წარედგინოს პირველი ინსტანციის სასამართლოს. ახალი ფაქტები ეს ისეთი ფაქტებია, რომლებიც ადრე არ იყო მითითებულ მხარეების მიერ იმის გამო, რომ არ იყო ცნობილი მათ შესახებ და წარმოიშვნენ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის შემდეგ. მხარეებს, რომლებმაც მიმართეს სასამართლოს სააპელაციო საჩივრით ან ამ საჩივარზე შესაგებლით, შეუძლიათ მოიყვანონ ახალი ფაქტები და წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, მაგრამ სააპელაციო სასამართლო მიიღებს მათ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ, სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომელიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ახალი ფაქტებისა და ახალი მტკიცებულებების მიღებისა და გამოკვლევის დასაშვებობის 380-ე მუხლით დადგენილი პირობები. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კასატორის მიერ მითითებული ძირითადი საკასაციო პრეტენზია აგრეთვე წარდგენილი იყო სააპელაციო სასამართლოში, რომელზდაც იმსჯელა სასამართლომ და მასზე, როგორც სსსკ-ის 380-ე მუხლის დარღვევით მითითებულზე არ იმსჯელა.

19. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები; პპ: 1-2; 13 იძლევიან უალტერნატივი დასკვნის საფუძველს იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნია დაცვის ღირსი ინტერესი სსკ-ის 170-172-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვოს უფლების დარღვევის აკრძალვა და წარმოდგენილი ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილება.

20. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, მოცემული დავის საგანია საკუთრებით სარგებლობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლებს.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე- ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ე-- ხ-ეს უკან დაუბრუნდეს ა-ჯ-ას მიერ 2016 წლის 16 ივნისს საგადახადო დავალებით N3 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე