27 მაისი, 2016 წელი
№ას-300-285-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ჰ-ის“ 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი ი. გ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ს-ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ს-მა“ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „ჰ-ის“ (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა:
- 07.05.2012 წლის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
- 05.02.2013 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
- 28.05.2013 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
- 09.11.2013 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
- მოპასუხისათვის 100 000 ლარის დაკისრება 31.03.2012 წლის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო;
- მოპასუხისათვის 51 147.01 ლარის დაკისრება;
- მოპასუხისათვის 12 391.00 ლარის დაკისრება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 27.11.2015 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- ბათილად იქნა ცნობილი 07.05.2012 წლის, 05.02.2013 წლის, 28.05.2013 წლისა და 09.11.2013 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებები;
- მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 51 147.01 ლარისა და 12 391.00 ლარის გადახდა.
3. ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს „ჰ-ის“ 50%-იანი წილის მფლობელმა პარტნიორმა ი. გ-ძემ (შემდეგში კერძო საჩივრის ავტორმა, აპელანტმა ან საწარმოს პარტნიორმა), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 364-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ საწარმოს პარტნიორის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან ეს უკანასკნელი განსახილველ საქმეში არ წარმოადგენდა არც მხარეს და არც დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირს, ასევე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უშუალოდ არც მის ინტერესებს ეხებოდა, შესაბამისად, იგი არ წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის სუბიექტს.
6. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, ასევე, აპელანტის მოთხოვნა საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირად ჩაბმის შესახებ. პალატამ მიუთითა სსსკ-ის 88-ე და 90-ე მუხლებზე და განმარტა, რომ, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, დაინტერესებული პირის მხარედ ან დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა. იგი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
8. კერძო საჩივრის საფუძვლები:
8.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება აპელანტის, როგორც შპს „ჰ-ის“ 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის, უფლებებსა და ინტერესებს, შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივარი არასწორად იქნა დატოვებული განუხილველად;
8.2. არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ, მისი მოთხოვნის მიუხედავად, იგი არ ჩააბა საქმეში მესამე პირად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 364-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
11. მითითებული ნორმა განსაზღვრავს სააპელაციო გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილებები. ამავე ნორმით განსაზღვრულია, ასევე, სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტები, ანუ ის პირები, რომელთაც უფლება აქვთ გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები, კერძოდ, ესენი არიან მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. გარდა ამისა, დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ, ასევე, იმ პირებსაც, რომლებიც, მართალია, არ წარმოადგენდნენ საქმეში მხარეს ან მესამე პირს დამოუკიდებელი მოთხოვნით, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, დაინტერესებული პირი მხოლოდ მაშინაა უფლებამოსილი გაასაჩივროს გადაწყვეტილება, თუ იგი პირდაპირ აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას ერთ-ერთი მხარის მიმართ. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერ პირს, რომელიც არაა მოხსენიებული გადაწყვეტილებაში, მაგრამ რომელსაც მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებით შეილახა მისი უფლებები, შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელით ამ უფლების დასაცავად და არა საჩივრით ამ გადაწყვეტილებაზე.
12. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტი არ წარმოადგენს არც მხარეს და არც მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მას არ დაკისრებია რაიმე ვალდებულება ერთ-ერთი მხარის მიმართ, ანუ გადაწყვეტილებით არ განსაზღვრულა მისი მოვალეობები რომელიმე მხარის მიმართ. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტი ვერ მიიჩნევა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების სუბიექტად.
13. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ ეხება მის ინტერესებს, ვინაიდან იგი საწარმოს პარტნიორია და, შესაბამისად, უფლებამოსილია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ამ მოსაზრებას, ვინაიდან, ჯერ ერთი, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით თანხის გადახდა, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა საწარმოს (საზოგადოებას) და არა მის პარტნიორს (აპელანტს). გარდა ამისა, კრედიტორებთან ურთიერთობაში გამოდის თავად საწარმო და არა მისი პარტნიორი. სწორედ საწარმო აგებს პასუხს თავის ვალდებულებებზე კრედიტორების წინაშე მთელი მისი ქონებით და არა საწარმოს პარტნიორი/პარტნიორები („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლი). აქედან გამომდინარე, განსახილველ დავაში სათანადო მოპასუხეა საწარმო და არა ამ საწარმოს პარტნიორი, ამასთან, როგორც აღინიშნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საწარმოს პარტნიორს არ დაკისრებია რაიმე ვალდებულება რომელიმე მხარის მიმართ, შესაბამისად, მას არა აქვს უფლება გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი უფლება საწარმოს გააჩნია, რომელმაც შეიტანა კიდეც სააპელაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლო განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორს, რომ თუკი მას მიაჩნია, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით შეილახა მისი უფლებები, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელით ამ უფლების დასაცავად და არა საჩივრით ამ გადაწყვეტილებაზე.
14. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საწარმოს პარტნიორს (აპელანტს) მართებულად ეთქვა უარი მესამე პირად (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით) საქმეში ჩაბმაზე, ვინაიდან, ჯერ ერთი, სსსკ-ის 88-ე მუხლის მიხედვით, მესამე პირმა სარჩელით უნდა მიმართოს სასამართლოს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნას, რაც წაეყენება სარჩელებს ზოგადად (სსსკ-ის 178-ე მუხლი). გარდა ამისა, მესამე პირის სარჩელს წაეყენება დამატებითი მოთხოვნა, კერძოდ, იგი მიმართული უნდა იყოს დავის საგანზე ან მის ნაწილზე. მოცემულ შემთხვევაში, საწარმოს პარტნიორს სარჩელი არ წარუდგენია არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოსათვის ნებისმიერი სარჩელით მიმართვა დაუშვებელია (სსსკ-ის 381-ე მუხლი).
15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კერძო საჩივარზე დართულ საწარმოს პარტნიორის განცხადებას, სადაც იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს თხოვდა საქმეში მოპასუხედ ჩაბმას, ასევე, საწარმოს წარმომადგენლად დაშვებას, ვინაიდან, მისი მოსაზრებით, საწარმოს დირექტორი სათანადოდ არ იცავდა საწარმოს ინტერესებს, ამასთან, მას შეზღუდული ჰქონდა უფლებამოსილება.
16. ზემოაღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელე თავად იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოში სარჩელის შეტანის შესახებ და თავადვე განსაზღვრავს როგორც დავის საგანს, ასევე, მოპასუხეთა წრეს (სსსკ-ის მე-3 მუხლი). სასამართლოს, მხოლოდ მოსარჩელის თანხმობით, შეუძლია შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით (სსსკ-ის 85-ე მუხლი), ასევე, სავალდებულო თანამონაწილეობისას, შესთავაზოს მოსარჩელეს ყველა სავალდებულო თანამოპასუხის დასახელება და საქმეში ჩაბმა, მაგრამ თავისი ინიციატივით სასამართლო ვერ ჩააბამს მათ საქმეში. ასეთ დროს, თუ მოსარჩელე არ შეასრულებს სასამართლოს მითითებებს, სასამართლო უარს ეტყვის მას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო საწარმოს პარტნიორს ვერ ჩააბამდა საქმეში მოპასუხედ, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, იგი არ წარმოადგენს არც სათანადო მოპასუხეს და არც სავალდებულო თანამოპასუხეს ამ საქმეში. რაც შეეხება, სასამართლოში საწარმოს წარმომადგენლობას, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, ასეთი უფლებამოსილება გააჩნია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოცემულ შემთხვევაში, საწარმოს დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვა ეხება არა სასამართლოში წარმომადგენლობას, არამედ საწარმოს ქონების გასხვისებასა და საწარმოს სახელით გარიგებების დადებას დამფუძნებლის თახმობის გარეშე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 338).
17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საწარმოს პარტნიორი, ასევე, ვერ ჩაებმება საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს სსსკ-ის 89-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობის არსებობას, კერძოდ იმას, რომ ამ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. ამ წინაპირობის გაუთვალისწინებლად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის გაზიარების შემთხვევაში, საწარმოს მონაწილეობით მიმდინარე ნებისმიერ დავაში ამ საწარმოს პარტნიორები მესამე პირებად უნდა ჩაგვერთო, რაც ეწინააღმდეგება როგორც სსსკ-ის 89-ე მუხლის შინაარსს, ასევე, საპროცესო ეკონომიის პრინციპსა და დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტი არ არის სსსკ-ის 364-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის სუბიექტი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, ასევე, აპელანტს სწორად ეთქვა უარი მესამე პირად (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით) საქმეში ჩაბმაზე.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
20. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჰ-ის“ 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის - ი. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ.ალავიძე
ზ.ძლიერიშვილი