Facebook Twitter

27 მაისი, 2016 წელი,

№ას-458-437-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ვ-ე, ლ. ვ-ე, ხ. ვ-ე (მოსარჩელეები), გ. კ-ე, ე. ქ-ლი, თ. ჯ-ი, ი. კ-ე, ლ. ვ-ია, ე. ლ-ი, მ. ზ-ე (მოპასუხეები)

მეორე კასატორი (მოპასუხე) – მ. ზ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე), ზ. ვ-ე, ლ. ვ-ე, ხ. ვ-ე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, სარგებლობის შეწყვეტა, ქონების თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზ. ვ-ემ (შემდეგში პირველმა მოსარჩელემ), ხ. ვ-ემ (შემდეგში მეორე მოსარჩელემ) და ლ. ვ-ემ (შემდეგში მესამე მოსარჩელემ) სარჩელით მიმართეს სასამართლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდეგში პირველი მოპასუხის ან პირველი კასატორის), გ. კ-ის (შემდეგში მეორე მოპასუხის), ი. კ-ის (შემდეგში მესამე მოპასუხის), ე. ლ-ის (შემდეგში მეოთხე მოპასუხის), მ. ზ-ის (შემდეგში მეხუთე მოპასუხის ან მეორე კასატორის), ე. ქ-ლისა და თ. ჯ-ის (შემდეგში მეექვსე და მეშვიდე მოპასუხის), ლ. ვ-იას (შემდეგში მერვე მოპასუხის) მიმართ და მოითხოვეს:

1.1. პირველმა მოპასუხემ აუნაზღაუროს მეორე მოპასუხეს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის 35.77 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება 35 090.37 ლარი და მეორე მოპასუხეს შეუწყდეს სარგებლობა მის მიერ ქ.ბათუმში, ზ-ლის ქ№...-დან მე-2 სართულზე დაკავებულ №24, №25 და №23 ოთახებზე და ზ/აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს პირველ და მესამე მოსარჩელეს;

1.2. პირველმა მოპასუხემ აუნაზღაუროს მესამე მოპასუხეს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის 38.00 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება 31464.00 ლარი და მესამე მოპასუხეს შეუწყდეს სარგებლობა მის მიერ ქ.ბათუმში, ზ-ლის ქ№…-დან მე-2 სართულზე დაკავებულ №7 და №4 ოთახებზე და ზ/აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს მეორე და მესამე მოსარჩელეს;

1.3. პირველმა მოპასუხემ აუნაზღაუროს მეოთხე მოპასუხეს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის 22.06 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება 18 265.68 ლარი და მეოთხე მოპასუხეს შეუწყდეს სარგებლობა მის მიერ ქ.ბათუმში, ზ-ლის ქ№…-დან მე-2 სართულზე დაკავებულ №33 და №34 ოთახებზე და ზ/აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს მეორე მოსარჩელეს;

1.4. პირველმა მოპასუხემ აუნაზღაუროს მეხუთე მოპასუხეს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის 23.80 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება 21919.80 ლარი და მეხუთე მოპასუხეს შეუწყდეს სარგებლობა მის მიერ ქ.ბათუმში, ზ-ლის ქ№...-დან მე-2 სართულზე დაკავებულ №3 ოთახზე და ზ/აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს მეორე მოსარჩელეს;

1.5. პირველმა მოპასუხემ აუნაზღაუროს მეექვსე და მეშვიდე მოპასუხეს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის 57.00 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა - 25 547.00 ლარი და მეექვსე და მეშვიდე მოპასუხეს შეუწყდეს სარგებლობა მის მიერ ქ.ბათუმში, ზ-ლის ქ№...-დან მე-2 სართულზე დაკავებულ №15, №8 და №9 ოთახებზე და ზ/აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს პირველ მოსარჩელეს;

1.6. პირველმა მოპასუხემ აუნაზღაუროს მერვე მოპასუხეს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის 37.00 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება 32 967.00 ლარი და მერვე მოპასუხეს შეუწყდეს სარგებლობა მის მიერ ქ.ბათუმში, ზ-ლის ქ№...-დან პირველ სართულზე დაკავებულ №21 და №22 ოთახებზე და ზ/აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს პირველ მოსარჩელეს.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, ამავე კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე მოპასუხე ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე იყვნენ შესახლებული, ქ.ბათუმში, ზ.გ-ის ქ№...-ში მდებარე, მოსარჩელეთა საკუთრებაში რიცხულ საცხოვრებელ სახლში, შესაბამისად, მათზე უნდა გავრცელებულიყო ზემოხსენებული კანონის მოთხოვნები.

4. სასამართლომ მიუთითა, ასევე, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, იმ მესაკუთრეს, რომლის საცხოვრებელ სადგომშიც ადმინისტრაციული აქტით შესახლებულ იქნა მოსარგებლე, შეუძლია მოსარგებლეს მოსთხოვოს ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარგებლეს სახელმწიფო აუნაზღაურებს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებას. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, მოსარგებლე ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ კომპენსაციას სახელმწიფოსგან მიიღებს მესაკუთრის ან მოსარგებლის მოთხოვნით სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, ამავე კანონით განსაზღვრულია, რომ ამ მუხლით საცხოვრებელ სადგომად განისაზღვრება ის ფართი, რომელზედაც თავდაპირველად არსებობდა გარიგება მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ან გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული აქტით.

5. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს, როგორც სადაო საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეებს უფლება ჰქონდათ, მოეთხოვათ მოსარგებლეებისათვის მათ სარგებლობაში არსებულ ფართზე მფლობელობის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარგებლეს სახელმწიფო აუნაზღაურებდა დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებას.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს პირველმა და მეხუთე მოპასუხემ. პირველმა მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მეხუთე მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8.1. ქ.ბათუმში, ზ.-ის №...-ში მდებარე 740 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, ქ.ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 23 მაისის №… გადაწყვეტილების თანახმად, წარმოადგენს მოსარჩელეთა საკუთრებას;

8.2. პირველი მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება 196.33 კვ.მ ფართი, მეორე მოსარჩელის საკუთრებაში - 200.60 კვ.მ ფართი, ხოლო, მესამე მოსარჩელის საკუთრებაში - 201.47 კვ.მ ფართი. 1991 წლის 19 აპრილის რეალური გაყოფის №… ხელშეკრულებით მოხდა 740 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს შორის რეალურად განაწილება.

8.3. მეორე მოპასუხეს დაკავებული აქვს ქ.ბათუმში, ზ.-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ქონებაში მეორე სართულზე განთავსებული №23, №24 და №25 ოთახები, საერთო ფართით 35.77 კვ.მ. მეორე მოპასუხესა და მის ოჯახს აღნიშნული ფართი გადაეცა 1964 წლის 09 აპრილის ბათუმის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №… გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც მეორე მოპასუხის დედა შესახლებული იქნა აღნიშნულ მისამართზე და 1964 წლის 17 აპრილს გაიცა ორდერი №…. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 21 აგვისტოს №… დასკვნით დადგენილია, რომ ქ.ბათუმში, ქუჩა ზ-ის №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსებული მეორე მოპასუხის სარგებლობაში არსებული №23, №24, №25 ოთახების ფართის 1 კვ მეტრის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შედგენს 981 ლარს. შესაბამისად, მეორე მოპასუხის მიერ დაკავებული 35.77 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებაა 35090.37 ლარი (981*35.77 =35090.37);

8.4. მესამე მოპასუხეს დაკავებული აქვს ქ.ბათუმში, ზ.-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ქონებაში მეორე სართულზე განთავსებული №4 და №7 ოთახები, საერთო ფართით 38.00 კვ.მ, რომელშიც მესამე მოპასუხის ოჯახი შესახლებულ იქნა ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. თავდაპირველად, მესამე მოპასუხის ოჯახზე გაცემული იყო ორდერი 18.00 კვ.მ ფართის ერთ ოთახზე, მაგრამ, საბოლოოდ, აჭარის ასსრ მშრომელ დეპუტატთა ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური განყოფილების საბინაო სამმართველოს 1974 წლის 29 იანვრის №... ორდერის საფუძველზე, მათ გადაეცათ 38.00 კვ.მ ფართი. მართალია, მესამე მოპასუხე ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და მუდმივად არ ცხოვრობს მითითებულ სახლში, მაგრამ მას და მის ოჯახს წლების განმავლობაში დაკავებული ჰქონდათ ხსენებული ოთახები, რომელშიც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მესამე მოპასუხის მამა, რომლის სამკვდროც მიიღო მესამე მოპასუხემ. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 04 ივნისის №... დასკვნით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ქუჩა ზ-ის №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსებული მესამე მოპასუხის სარგებლობაში არსებული №7 ფართის 1 კვ მეტრის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შედგენს 828 ლარს, შესაბამისად, მესამე მოპასუხის მიერ დაკავებული 38 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებაა 31464.00 ლარი (828*38 =31 464.00);

8.5. მეოთხე მოპასუხეს სარგებლობაში აქვს ქ.ბათუმში, ზ.-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ქონებაში მეორე სართულზე განთავსებული №33 და №34 ოთახები, საერთო ფართით 22.06 კვ.მ. ფართი. მეოთხე მოპასუხე ამ ფართში შესახლებულ იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 1990 წლამდე, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა კომუნალურ საცხოვრებელ ფართს. მეოთხე მოპასუხე რეგისტრირებულია სადაო ფართში 1959 წლიდან, როგორც მოსარგებლე, და დღემდე სარგებლობს ამ ფართით. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 04 ივნისის №... დასკვნით დადგენილია, რომ ქ.ბათუმში, ქუჩა ზ-ის №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსებული № 33 და №34 ფართის 1 კვ მეტრის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 828 ლარს, შესაბამისად, მეოთხე მოპასუხის მიერ დაკავებული 22.06 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებაა 18 265.68 ლარი (828*22.06 =18265.68);

8.6. მეხუთე მოპასუხე არის ქ.ბათუმში, ქუჩა ზ-ის №...-ში მდებარე სადაო საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსებული №3 ოთახის მოსარგებლე, რომლის ოჯახიც აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში შესახლებული იქნა ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე და 1950-იანი წლებიდან დღემდე ცხოვრობს ამ ფართში. მეხუთე მოპასუხეს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე გადაცემული ჰქონდა 23.8 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, რომელშიც შედიოდა მის მიერ დაკავებული 20.6 კვ.მ ფართის №3 ოთახი და 3.2 კვ.მ ფართის აივანი. რაც შეეხებოდა 2.4 კვ.მ დამხმარე ფართს, ეს ფართი მეხუთე მოპასუხეს არ ჰქონია სარგებლობაში გადაცემული ადმინისტრაციული აქტით. ეს ფართი წარმოადგენდა საერთო სარგებლობის კორიდორის ნაწილს, რომელიც მეხუთე მოპასუხემ მოგვიანებით გადატიხრა და თვითნებურად სარგებლობდა ამ ფართით. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 21 აგვისტოს №... დასკვნით დადგენილია, რომ ქ.ბათუმში, ქუჩა -ის №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსებული მეხუთე მოპასუხის სარგებლობაში არსებული №3 ფართის 1 კვ მეტრის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შედგენს 921 ლარს, შესაბამისად, მეხუთე მოპასუხის მიერ დაკავებული 23.8 კვ.მ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებაა 21 919.80 ლარი (921*23.8 =21 919.80);

8.7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის კანონიერ ძალაში შესული №3-27/07 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მეექვსე და მეშვიდე მოპასუხე წარმოადგენენ ქ.ბათუმში, ქუჩა -ის №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსებული №15, №8 და №9 ოთახების მოსარგებლეებს, რომლებსაც სარგებლობის უფლება მოპოვებული აქვთ ადმინისტრაციული აქტით. მათ სულ დაკავებული აქვთ 57.00 კვ.მ საცხოვრებელი სადგომი. ამავე გადაწყვეტილებით, ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეექვსე და მეშვიდე მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა ამ ფართების სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდა 25 547.00 ლარის ოდენობით, რომელიც დღემდე გადახდილი არ არის;

8.8. მერვე მოპასუხე წარმოადგენს ქ.ბათუმში, ქუჩა -ის №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული №21 და №22 ოთახების მოსარგებლეს, რომლებიც მას მიღებული აქვს ადმინისტრაციული აქტით, კერძოდ, ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 16 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით, რომლითაც იგი შესახლებული იქნა ქ.ბათუმში, გ-ს (ამჟამად ზ-ის) ქ№...-ში მდებარე ბინაში და 1989 წლის 15 მაისს, მასზე გაცემული იქნა №... ორდერი. თავდაპირველად, მერვე მოპასუხეზე გაცემული იქნა ორდერი მხოლოდ ერთ ოთახზე, რომელიც შეადგენდა 18.00 კვ,მ-ს,მაგრამ, 1989 წლის 15 მაისს გაცემული ბინის პირადი ბარათით და, ასევე, 1990 წლის 23 თებერვლის სქემით დგინდება, მერვე მოპასუხეს საბოლოოდ სარგებლობაში გადაეცა 37 კვ.მ ფართი. სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 04 ივნისის №... დასკვნით დადგენილია, რომ ქ.ბათუმში, ქუჩა -ის №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული №21 და №22 ფართის 1 კვ მეტრის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შედგენს 891 ლარს, შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მერვე მოპასუხის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებაა 32967.00 ლარი (891*37=32967.00).

9. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია პირველი მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მეორე, მეექვსე და მეშვიდე მოპასუხის მიმართ. პალატამ აღნიშნა, რომ, მეორე მოპასუხესთან მიმართებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არსებობს სხვა დავაზე და სხვა მხარეებს შორის და არა განსახილველ დავაში მონაწილე მხარეებს შორის. პალატამ აღნიშნა, ასევე, რომ მეექვსე და მეშვიდე მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრება განმეორებით კი არ მომხდარა, არამედ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირველ მოპასუხეს დაეკისრა ის თანხა, რაც უკვე იყო დაკისრებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

10. სააპელაციო პლატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტების კანონიერების საკითხი არ წარმოადგენდა დავის საგანს, ამიტომ პალატამ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის პრეტენზია ადმინისტრაციული აქტების კანონიერების ეჭვქვეშ დაყენების თაობაზე.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს, როგორც სადაო საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეებს, უფლება ჰქონდათ მოეთხოვათ მოსარგებლეებისათვის მათ სარგებლობაში არსებულ ფართზე მფლობელობის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარგებლეს სახელმწიფო აუნაზღაურებდა დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებას.

12. პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მეხუთე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი შემდეგ გარემოებათა გამო: მეხუთე მოპასუხე ძირითადად ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნით არასწორად შეფასდა მის სარგებლობაში არსებული ფართის ღირებულება. აპელანტის მოსაზრებით, მის მიერ დაკავებული ფართის ღირებულება უფრო მეტი იყო, ვიდრე ეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იყო დადგენილი. ამ გარემოების დასადასტურებლად აპელანტი მიუთითებდა აუდიტის დასკვნაზე. პლატამ არ გაიზიარა აპელანტის ეს პრეტენზია და განმარტა, რომ მის მიერ წარმოდგენილ აუდიტის დასკვნაში მითითებული საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას, აუდიტორმა შესაფასებელი ქონების ღირებულება განსაზღვრა თავად მეხუთე მოპასუხის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. პალატის მოსაზრებით, ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც დაეყრდნო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, არ შეიცავდა უსწორო მონაცემებს, შესაბამისად, აპელანტმა ვერ დაასაბუთა, რომ სასამართლომ, ექსპერტიზის დასკვნის გაზიარებით, არასწორად დაადგინა აპელანტის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა და მეხუთე მოპასუხემ.

13.1. პირველი კასატორის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

- სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოპასუხეები მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომების მართლზომიერ მფლობელებად, ვინაიდან საქმეში არაა წარმოდგენილი ორდერები;

- სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოს უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება სარჩელზე მეექვსე და მეშვიდე მოპასუხის მიმართ, ვინაიდან არსებობდა იმავე მხარეების მონაწილეობით გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;

- კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები არსებობს ასევე, ყველა სხვა მოპასუხის მიმართ, რომლითაც მათ უარი ეთქვათ საკომპენსაციო თანხის გადახდაზე.

13.2. მეორე კასატორის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

- სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მეხუთე მოპასუხის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება;

- სასამართლოს, სადავო საცხოვრებელი სადგომის ღირებულების დადგენისას, უნდა ეხელმძღვანელა მეხუთე მოპასუხის მიერ წარგენილი აუდიტის და არა ექსპერტიზის დასკვნით.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 მაისისა და 29 ივლისის განჩინებებით წარმოებაში იქნა მიღებული პირველი და მეხუთე მოპასუხის საკასაციო საჩივრები სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნენ მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სწორია სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

20. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეები მათ მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომებში შესახლებულნი იყვნენ ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე. ამ დასკვნამდე სააპელაციო სასამართლო მივიდა საქმეში წარმოდგენილი დასაშვები მტკიცებულებების - სახელმწიფოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული ადმინისტრაციული აქტებისა და ბინით სარგებლობის ორდერების, შესწავლისა და შეფასების შედეგად. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია პირველი კასატორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ, თითქოს, სადავო საცხოვრებელ სადგომებზე მოპასუხეთა მფლობელობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არაა. დაუსაბუთებელია, ასევე, პირველი კასატორის პრეტენზია ორდერების ხარვეზიანობის შესახებ (კასატორის მოსაზრებით, მათზე დატანილი სახელმწიფო ორგანოების ბეჭდები იმდენად მკრთალია, რომ არ იკითხება), ვინაიდან, ჯერ ერთი, აღნიშნული გამოწვეულია ამ ორდერების სიძველით, მეორეც, მოპასუხეთა მართზლომიერი მფლობელობა დასტურდება არა მარტო ორდერებით, არამედ ადმინისტრაციული აქტებითაც და, მესამე, კასატორს ორდერების სიყალბის თაობაზე არ განუცხადებია კანონით დადგენილი წესით (სსსკ-ის 137-ე მუხლი). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ პირველ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ასაბუთებენ მოსარჩელეთა მოთხოვნას, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების საფუძველზე.

21. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ, სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება მოსარჩელეთა მოთხოვნაზე პირველი, მეექვსე და მეშვიდე მოპასუხის მიმართ, ვინაიდან იმავე მოთხოვნაზე არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენდნენ მხარეს იმ საქმეში, რომელზედაც გამოტანილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, შესაბამისად, არ არებობს, ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული, საქმის წარმოების შეწყვეტის ერთ-ერთი წინაპირობა - საქმის განხილვაში იგივე მხარეები არ მონაწილეობდნენ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 43-50). გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირველ მოპასუხეს განმეორებით კი არ დაეკისრა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკვე დაკისრებული თანხა, არამედ სასამართლომ დაადგინა გადაწყვეტილების აღსრულების წესი (სსსკ-ის 251-ე მუხლი), კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით პირველ მოპასუხეს, მეექვსე და მეშვიდე მოპასუხის სასარგებლოდ, მართალია, დაეკისრა 25 547.00 ლარის ანაზღაურება, მაგრამ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ მხოლოდ აღნიშნული თანხის გადახდის შემდეგ უნდა შეწყვეტოდათ მფლობელობა ზემოხსენებულ მოპასუხეებს მათ მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტით კი, სასამართლომ დაადგინა, რომ პირველმა მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მეექვსე და მეშვიდე მოპასუხეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეუწყდეთ მათ მფლობელობა დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე.

22. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია, ასევე, პირველი კასატორის პრეტენზია მეორე მოპასუხის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭების თაობაზე. საკასაციო პალატა, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორის მიერ მითითებული გადაწყვეტილების მხარეებს არ წარმოადგენენ არც მოსარჩელეები და არც თავად კასატორი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 29-41), შესაბამისად, არ არებობს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების პრეიუდიციული ძალის მქონედ მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები მხოლოდ იმ შემთხვევაში არ საჭიროებენ დამტკიცებას, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

23. დაუსაბუთებელია პირველი კასატორის მოსაზრება დანარჩენი მოპასუხეების მიმართ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების არსებობის თაობაზე, ვინაიდან ასეთი რამ საქმის მასალებით არ დასტურდება. აღსანიშნავია, რომ თავად კასატორიც ვერ აკონკრეტებს, თუ კანონიერ ძალაში შესული რომელი გადაწყვეტილებები უნდა შეესწავლა და არ შეისწავლა სააპელაციო სასამართლომ.

24. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მეორე კასატორის პრეტენზიას მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების არასწორად განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ უნდა ეხელმძღვანელა სააპელაციო სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი ექსპეტიზის დასკვნით და რატომ უნდა მიენიჭებინა უპირატესობა აუდიტის დასკვნისათვის. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს მითითებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტი).

25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, პირველი კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო, მეორე კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1095.99 ლარის, გადახდის თარიღი – 27/07/2015 წელი, საგადახდო დავალება №1) 70% – 767.19 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

29. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

4. კასატორ მ. ზ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1095.99 ლარის, გადახდის თარიღი – 27/07/2015 წელი, საგადახდო დავალება №1) 70% – 767.19 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი