Facebook Twitter

№ას-543-516-2014 11 მარტი, 2016 წელი,

ას-543-516-2014-მ-ნი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ნ. მ-ნი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ხ. ნ-აია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 20.07.1999 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხ. ნ-აიამ (შემდეგში მოსარჩელემ ან პირველმა მესაკუთრემ) ვ. ლ-სგან იყიდა 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მდებარე, ქ.თბილისი, დ-ი მეურნეობა). მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე საჯარო რეესტრში აღირიცხა შეძენილი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი #...) მესაკუთრედ.

2. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 08.04.2003 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ. მ-ნის (შემდეგში მოპასუხის ან მეორე მესაკუთრის) საკუთრებას წარმოადგენს ქ.თბილისში, დ. მეურნეობაში მდებარე უძრავი ნივთი დაზუსტებული ფართობით: 1100 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: #...).

3. მოსარჩელისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მომიჯნავე ნაკვეთებია.

4. 09.02.2011 წელს მეორე მესაკუთრემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.02.2011 წლის გადაწყვეტილებით, მეორე მესაკუთრის სახელზე რიცხულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციაზე, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებაზე დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N… დასკვნის მიხედვით, წარდგენილი დოკუმენტაციის მონაცემების შედარების შედეგად დადგინდა, რომ #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფარავს დღეის მდგომარეობით შემოღობილი მიწის ნაკვეთი ფართით 408.96 კვ.მ.

6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N… დასკვნის მიხედვით, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრები და ფაქტობრივად შემოღობილი მიწის საზღვრები არ ემთხვევა ერთმანეთს.

7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N… დასკვნის მიხედვით დადგენილია შემდეგი:

- ადგილზე დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ მეორე მესაკუთრის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (...) ფაქტობრივი მდგომარეობით შემოფარგლულია მხოლოდ სამი მხრიდან. შესაბამისად, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ზუსტად რა ფართი აქვს დაკავებული მეორე მესაკუთრეს;

- ადგილზე ჩატარებული აზომვების შედეგად დადგინდა, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ბეტონის მყარი მიჯნა კვეთს 385.14 კვ.მ ფართით (დანართი N2);

- ექსპერტიზის მიერ განხორციელდა ადგილზე მყარი მიჯნებით შემოსაზღვრული მიწის ნაკვეთების კოორდინატების დადგენა, რომლის მონაცემებისა და საკადასტრო რუკების მონაცემების ურთიერთშედარებით დადგინდა, რომ ... – … საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების განივი ზომები, ფართები, ასევე, მათი ადგილმდებარეობა არ ედრება ფაქტობრივ მდგომარეობას, ასევე, არ შეესაბამება არც საკადასტრო მონაცემები და არც ფაქტობრივი მონაცემები მიღება-ჩაბარების აქტებში მოცემულ მონაცემებს;

- მოსარჩელის კუთვნილი 385.14 კვ.მ მიწის ფართი მოქცეულია მოპასუხის მფლობელობაში.

8. 11.02.2011 წელს მეორე მესაკუთრემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის (პირველი მესაკუთრის) მიმართ, მოპასუხის 29.12.2010 წლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც დაზუსტდა მესამე პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. სარჩელი ემყარებოდა შემდეგ გარემოებებს: მეორე მესაკუთრე არის ქ.თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. აღნიშნულ ნაკვეთზე, რომელიც მეზობელი ნაკვეთებისაგან კაპიტალური ღობით არის გამოყოფილი, მოსარჩელის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 11.04.2003 წელს. საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ახალი სისტემის დანერგვასთან და გეოდეზიური კოორდინატების შემოღებასთან დაკავშირებით, განხორციელდა მისი კუთვნილი და მეზობელი მიწის ნაკვეთების საკადასტრო გეგმების დამზადება, რომელთა მიხედვით დაფიქსირდა ცდომილება მიწის ნაკვეთების მდებარეობის თვალსაზრისით. აღნიშნული უზუსტობის გასწორების მიზნით 09.02.2011 წელს მეორე მესაკუთრემ განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მისი მიწის ნაკვეთის ნაწილი მოქცეული იყო მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში. პირველი მესაკუთრის სახელზე არსებული რეგისტრაცია უკანონოდ ზღუდავდა მეორე მესაკუთრის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 სექტემბრის გადწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

10. პირველმა მესაკუთრემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან 385.14 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოთხოვა (უძრავი ნივთი მდებარე ქ.თბილისში, დ. მეურნეობაში, ს/კ ...), მოპასუხის მიერ თვითნებურად აღმართული ღობის დანგრევა და მიწის ნაკვეთებს შორის ახალი სასაზღვრო მიჯნის აღმართვის დავალება.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება (მდებარე, ქ.თბილისი, დ.ი მეურნეობა, ფართი 385.14 კვ.მ (...), დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 172.1 მუხლზე და მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა ამ ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, მოპასუხე ფლობდა მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას და მოპასუხეს არ ჰქონდა ამ ქონების ფლობის უფლება, შესაბამისად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

13. სასამართლომ მიიჩნია, რომ ღობის დანგრევა და ახალი სასაზღვრო მიჯნის აღმართვა მოპასუხეს არ უნდა დავალებოდა, რადგან სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეეძლო, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრისათვის მოეთხოვა მონაწილეობის მიღება მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში და არა მხოლოდ ამ უკანასკნელისათვის დაეკისრებინა აღნიშნული მოქმედების განხორციელება, ამასთან, გამიჯვნის ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად უნდა განაწილებულიყო.

14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

16. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.

17. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 172.1 მუხლზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასაბუთება ვინდიკაციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად კანონით გათვალიწინებული წინაპირობების კუმულატიურად არსებობის აუცილებლობაზე.

18. პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე, შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, პალატამ განმარტა, რომ საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია ნიშნავს არა მარტო ნივთზე უფლების მფლობელის ვინაობის აღრიცხვას, არამედ _ ნივთის საიდენტიფიკაციო მონაცემების რეგისტრაციასაც, შესაბამისად, უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის დროს იმავდროულად რეგისტრირდება ნივთის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც საკადასტრო მონაცემებად იწოდება.

19. საჯარო რეესტრის ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საკადასტრო გეგმა და საკადასტრო რუკა გაიცემა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის მიწის ნაკვეთის და ნაგებობის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკადასტრო გეგმა არის მიწის ნაკვეთის საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, მისი ფართობის, კონფიგურაციის, დანიშნულების, საკოორდინატო ბადის, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების (მათ შორის მშენებარე) და მათი სართულიანობის, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საკადასტრო გეგმა არის მიწის ნაკვეთის საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, მის ფართობის, კონფიგურაციის, დანიშნულების, საკოორდინატო ბადის, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობებისა (მათ შორის მშენებარე) და მათი სართულიანობის, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამავე ნორმის მე-5 პუნქტის თანახმად, საკადასტრო რუკა არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო მონაცემებს, ინფორმაციას ამ ტერიტორიაზე უფლებარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების, ნაგებობების, მათი საკოორდინატო ბადისა და საკადასტრო კოდის შესახებ, ასევე ამ მიწის ნაკვეთსა და ნაგებობებზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრის ინსტრუქციის 25-ე მუხლის თანახმად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, პალატამ განმარტა, რომ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები შეიცავს ინფორმაციას ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფართობის, საზღვრების, გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში მისი ადგილმდებარეობის, მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის, ამ შენობის ფართობის და კონფიგურაციის შესახებ, შესაბამისად, რეგისტრირებული მონაცემების სისწორის პრეზუმფცია ვრცელდება როგორც რეგისტრირებულ უფლებაზე და უფლების მფლობელის ვინაობაზე, ისე რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებზე – უძრავი ნივთის ადგილმდებარეობაზე, ფართობზე, საზღვრებზე ვიდრე კანონით განსაზღვრული წესით არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

20. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი სარჩელი საკადასტრო მონაცემების უსწორობასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, დადგენილი იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების სისწორე, ასევე, დადგენილი იყო, რომ მოპასუხე ფლობდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ 385.14 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომლის ფლობის მართლზომიერი საფუძველი მას არ გააჩნდა, შესაბამისად, არსებობდა სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, რაც ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა.

21. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირების ჩაბმის შესახებ. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 89-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას არ ექვემდებარებოდა, ვინაიდან მოცემულ საქმეში დავის საგანი იყო მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და მიღებული გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენდა მოპასუხის მიერ დასახელებული პირების უფლებებსა და მოვალეობებზე რომელიმე მხარის მიმართ.

22. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

23. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

- სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის კუთვნილი 385.14 კვ.მ მიწის ფართი მოქცეულია მოპასუხის მფლობელობაში. ასეთი ფაქტის დადგენას გამორიცხავდა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთი შემოფარგლულია მხოლოდ სამი მხრიდან, შესაბამისად, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ზუსტად რა ფართი აქვს დაკავებული მოპასუხეს;

- სარჩელის დაკმაყოფილებით შეილახა მოპასუხის საკუთრების უფლება, ვინაიდან მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი ვეღარ იქნება 1100 კვ.მ, ანუ იმ ოდენობის, რაც მას უფლებადამდგენი დოკუმენტით ეკუთვნის;

- მოპასუხის მიერ სასაზღვრე მიჯნის დანგრევა და მისი აღმართვა რეგისტრირებულ საკადასტრო საზღვრებში ავტომატურად გამოიწვევს მომიჯნავე მიწის ნაკვეთების სასაზღვრე მიჯნების დანგრევას, ანუ დაიწყება დაუსრულებელი და მრავალი სასამართლო დავა მეზობლებს შორის. სასამართლო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა, რომ ცდომილება არსებობს ფაქტობრივ საზღვრებსა და რეგისტრირებულ საკადასტრო საზღვრებს შორის არა მხოლოდ მოდავე მხარეებთან, არამედ მოსაზღვრე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით და ეს არის საერთო პრობლემა.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

25. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

26. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

28. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სწორია სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

29. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

30. განსახილველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაზე და კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის კუთვნილი 385.14 კვ.მ მიწის ფართი მოქცეულია მოპასუხის მფლობელობაში. დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხეს მის მფლობელობაში მოქცეული მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

31. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, განხორციელებულია ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების, სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული, წინაპრობები, კერძოდ, მოსარჩელე სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა, რომელსაც ფლობს მოპასუხე და ამ უკანასკნელს მისი ფლობის მართლზომიერი საფუძველი არ გააჩნია.

33. კასატორის მოსაზრებით, არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელის კუთვნილი 385.14 კვ.მ მიწის ფართი მოპასუხის მფლობელობაში იმყოფება. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ამ პრეტენზიას, ვინაიდან, ჯერ ერთი, სადავო გარემოება დადგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N… დასკვნით, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ მოსარჩელის კუთვნილი 385.14 კვ.მ მიწის ფართი მოქცეულია მოპასუხის მფლობელობაში, მეორეც, არსებობს ადმინისტრაციულ დავაზე მიღებული და კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია, რომ საჯარო რეესტრში, უფლების დამდგენი საბუთის საფუძველზე, მოსარჩელის საკუთრების ობიექტი სწორადაა რეგისტრირებული. სწორედ ეს გარემოება დაედო საფუძვლად მეორე მესაკუთრის ადმინისტრაციული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რომელიც ეფუძნებოდა მოსარჩელის საკუთრების შესახებ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების უსწორობას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის უკანონო მფლობელობაშია მოსარჩელის კუთვნილი სადავო ფართი, რომელიც, სსკ-ის 172.1 მუხლის საფუძველზე, მართებულად იქნა გამოთხოვილი მოპასუხის მფლობელობიდან.

34. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოპასუხის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ნ. ჩ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300.00 ლარის (200.00 ლარის გადახდის თარიღი – 14 მაისი, 2014 წელი, საგადახდო დავალება №1; 100.00 ლარის გადახდის თარიღი – 15 მაისი, 2014 წელი, საგადახდო დავალება №1) 70% – 210.00 ლარი.

38. სსსკ-ის 104-ე და 407-ე მუხლების საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში 15.10.2014 წელს წარმოდგენილ განცხადებაზე დართული მტკიცებულებები, ვინაიდან საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებას და ახალი მტკიცებულებების წარდგენას, რამდენადაც ეს შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

39. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 263.4-ე, 391-ე მუხლით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. მ-ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ. მ-ნს დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ნ. ჩ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300.00 ლარის (200.00 ლარის გადახდის თარიღი – 14 მაისი, 2014 წელი, საგადახდო დავალება №…; 100.00 ლარის გადახდის თარიღი – 15 მაისი, 2014 წელი, საგადახდო დავალება №…) 70% – 210.00 ლარი;

3. კასატორ ნ. მ-ნს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში 15.10.2014 წელს წარმოდგენილ განცხადებაზე დართული მტკიცებულებები: ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ, თბილისის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება #..., თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 5.09.2014 წლის განჩინების ასლი (ტომი 2, ს.ფ. 130-139);

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი