Facebook Twitter

11 მარტი, 2016 წელი

№ას-885-835-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ნ.ო გ-ია

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ვ. ი-ანი, ნ. მ-ლი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2014 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ. გ-იამ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა სასამართლოს ამხანაგობა „გ-ის“ (შემდეგში ამხანაგობის) დამფუძნებლების - ვ. ი-ისა და ნ.ი მ-ლის (შემდეგში მოპასუხეების) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის, სოლიდარულად, 30 000 აშშ დოლარის დაკისრება.

2. მოსარჩელის განმარტებით, 13.10.2005 წელს, მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ამხანაგობას, 13.10.2007 წლამდე, მოსარჩელისათვის უნდა აეშენებინა და საკუთრებაში გადაეცა 119.5 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა და 18.00 კვ.მ ფართის ავტოფარეხი. ხელშეკრულებით, ბინის ფასი განისაზღვრა 47000 აშშ დოლარით, ხოლო ავტოფარეხის - 4000 აშშ დოლარით. მოსარჩელის განმარტებით, მან ამხანაგობას გადაუხადა 30 000 აშშ დოლარი. ამხანაგობამ საცხოვრებელი სახლი ააშენა, მაგრამ მოსარჩელეს 13.10.2005 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინა და ავტოფარეხი არ გადასცა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 316-ე, 317-ე, 405-ე, 465-469-ე მუხლებზე.

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეს 30000 აშშ დოლარი ამხანაგობისათვის არ გადაუხდია.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს ამხანაგობისათვის 30000 აშშ დოლარი არ გადაუხდია, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მოთხოვნა, სსკ-ის 352-ე მუხლის საფუძველზე, ამხანაგობისათვის გადაცემული თანხის უკან დაბრუნების თაობაზე.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 11.12.2014 წელს 14:00 საათზე, რის თაობაზეც მოსარჩელე ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით. 11.12.2014 წელს, 10:47 და 12:59 საათზე, სასამართლოს, სხდომის გადადების თხოვნით (ფაქსით) მიმართეს მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა. სხდომის გადადების საფუძლვლად ისინი მიუთითებდნენ თავიანთ ავადმყოფობაზე.

9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გააჩნდა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი - ავადმყოფობა, მაგრამ, მის წარმომადგენელს, რომელიც ვალდებული იყო გამოცხადებულიყო სხდომაზე, ავადმყოფობის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მხარის წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 387.1 მუხლზე (თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) და მიიჩნია, რომ, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო, კერძოდ, მოსარჩელეს უარი უნდა თქმოდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩენილიყო.

11. დაუწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

12. საჩივრის საფუძვლები:

- მოსარჩელე არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, არც მხარეს და არც მის წარმომადგენელს არ ჩაბარებია სასამართლო უწყება. საქმეში არსებულ გზავნილზე არ იყო წარმომადგენლის ხელმოწერა;

- მოსარჩელის წარმომადგენელმა სხდომის თაობაზე შეიტყო 10.12.2015 წელს, როდესაც იგი თავად დაუკავშირდა სასამართლოს, რათა გაეგო, თუ რა მდგომარეობაში იყო საქმე;

- მოსარჩელის წარმომადგენელი იყო ავად და არ შეეძლო სხდომაზე გამოცხადება. ეს გარემოება დასტურდებოდა სამედიცინო ცნობით;

- თავად მოსარჩელეც იყო ავად და არ შეეძლო სხდომაზე გამოცხადება.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განჩინებით:

- მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

14. უპირველესად, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის წარმომადგენელმა, სასამართლო სხდომაზე, უარი განაცხადა საჩივრის იმ ფაქტობრივ საფუძველზე, რომლითაც ის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად უთითებდა მის ავადმყოფობას (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმი, 12:14:54 საათი), შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე აღარ იმსჯელებდა.

15. პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მხარე არ იყო მოწვეული საქმის გახილვაზე კანონით დადგენილი წესით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით დგინდებოდა, რომ აპელანტის წარმომადგენლისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება, 2014 წლის 14 ნოემბერს, წარმომადგენლის მიერ მითითებულ მისამართზე, ჩაბარდა მის დეიდაშვილს. აპელანტის წარმომადგენლის განმარტებით, პირი, რომელმაც მის სახელზე გაგზავნილი უწყება ჩაიბარა, არ იყო მისი დეიდაშვილი და, შესაბამისად, მხარე კანონით დადგენილი წესით სასამართლო სხდომაზე მოწვეული არ ყოფილა. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 102.1 და 103.1 მუხლებზე და განმარტა, რომ ზემოხსენებული გარემოების მტკიცების ტვირთი საჩივრის ავტორს ეკისრებოდა, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოება. პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი მტკიცებულებების შესწავლით, იგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის წარმომადგენლისა და უწყებაზე ხელმომწერი პირის ნათესაური კავშირის არსებობა ამ მტკიცებულებებით ვერ გამოირიცხებოდა.

16. გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატამ ყურადღება გაამახვილა აპელანტისა და მისი წარმომადგენლის მიერ, 2014 წლის 11 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ფაქსის საშუალებით წარდგენილ განცხადებებზე, რომლებითაც ეს პირები მოითხოვდნენ საქმის განხილვის გადადებას. მითითებულ განცხადებები არ შეიცავდა მითითებას იმაზე, რომ აპელანტს სხდომის შესახებ ეცნობა გვიან, სხდომის წინა დღეს. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენლისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება, 2014 წლის 14 ნოემბერს, ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, დეიდაშვილს, შესაბამისად, აპელანტი საქმის განხილვაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით (სსსკ-ის 70.1 და 74.1 მუხლები).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, საჩივარი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩენილიყო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

18. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე და დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

19. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

- სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მხარე არ მოიწვია საქმის განხილვაზე კანონით დადგენილი წესით;

- აპელანტის წარმომადგენლისათვის სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება ჩაბარდა პირს, რომელიც არ არის წარმომადგენლის დეიდაშვილი, შესაბამისად, უწყება ჩაბარებულებად ვერ მიიჩნევა;

- სხდომის თაობაზე აპელანტის წარმომადგენელმა შეიტყო 09.12.2014 წელს, სხდომამდე ორი დღით ადრე და ისიც მის მიერ სასამართლოში განხორციელებული ზარის შემდეგ.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე სასამართლოს 2016 წლის 29 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

21. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

22. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი (მოსარჩელე), რის გამოც სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა მისი სააპელაციო საჩივარი.

23. სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

24. ამდენად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

25. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ:

ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;

დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

26. ზემოხსენებულ ნორმაში აღწერილ შემთხვევათაგან ერთ-ერთის არსებობისას, სასამართლო არაა უფლებამოსილი გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო, თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, იგი უნდა გაუქმდეს.

27. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს სასამართლო სხდომაზე მისი მოწვევისას კანონის დარღვევის შესახებ და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელე კანონით დადგენილი წესით იყო მოწვეული საქმის განხილვაში.

28. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მისი წარმომადგენლისათვის გაგზავნილ სასამართლო უწყებაზე ხელმომწერი პირი არაა წარმომადგენლის დეიდაშვილი და, შესაბამისად, მისი ოჯახის წევრი. პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტის წარმომადგენელს სასამართლო უწყება გაეგზავნა მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე (ქ.ქუთაისი, გ.სააკაძის 1ი). სწორედ მითითებულ მისამართზე ეგზავნებოდა და ბარდებოდა მას ყველა სასამართლო გზავნილი. პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 74.1 მუხლის მიზნებისათვის, უნდა მივიჩნიოთ, რომ ნებისმიერი ქმედუნარიანი პირი, რომელიც მხარის მიერ მითითებულ მისამართზე უწყებას ჩაიბარებს, ამ უკანასკნელის ოჯახის წევრია. ასეთი ვარაუდის დაშვების გარეშე აზრი დაეკარგებოდა ზემოხსენებული ნორმის დანაწესს. საკასაციო პალატის აღნიშნული მსჯელობა ეფუძნება საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ ას-595-566-2013, 10.09.2013; სუსგ ას-1658-1555-2012, 04.03.2014; სუსგ ას-588-556-2015, 30.07.2015). განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათი, რომლითაც ირკვევა, რომ აპელანტის წარმომადგენლისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება, მისამართზე - ქ.ქუთაისი, გ.სააკაძის 1ი, ჩაბარდა მის დეიდაშვილს - ხ. ყ-ლს (პ/ნ …), რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის ხელმოწერით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 21). აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო უწყება ჩაჰბარდა აპელანტის წარმომადგენლის ოჯახის წევრს, რაც ნიშნავს, უწყების ჩაბარებას წარმომადგენლისათვის (სსსკ-ის 74.1 მუხლი), ხოლო, ამ უკანასკნელისათვის ჩაბარება კი, მიიჩნევა მხარისათვის ჩაბარებად (სსსკ-ის 70.1 მუხლი).

29. კასატორი, ერთ შემთხვევაში, აცხადებს, რომ უწყების მიმღები პირი არაა მისი წარმომადგენლის დეიდაშვილი და ოჯახის წევრი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, მიუთითებს, რომ ფოსტის მუშაკმა ქუჩაში დატოვა შეტყობინება. პირველ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ გააქარწყლა ვარაუდი იმის შესახებ, რომ უწყების მიღები პირი მისი ოჯახის წევრი არაა, ხოლო, რაც შეეხება მეორე პრეტენზიას, იგი შესაძლებელია მიუთითებდეს ფოსტის მუშაკის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, თუმცა ეს ფაქტი შესაძლებელია დადგინდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით, რაც, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ ყოფილა.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის წარმომადგენელს სასამართლო უწყება ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 14.11.2014 წელს და, შესაბამისად, მხარეს ჰქონდა გონივრული ვადა სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის (სსსკ-ის 70.2 მუხლი).

31. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სსსკ-ის 387.1 მუხლით და სწორად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის წინააღმდეგ, ასევე, სწორად არ დააკმაყოფილა აპელანტის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსსკ-ის 241-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები, ასევე, არ არსებობს ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი, შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს (სსსკ-ს 410-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და ამავე სასამართლოს 2014 წლის 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი