28 დეკემბერი, 2015 წელი,
№ას-974-923-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ნ. შ-ი, მ. ფ-ნი, გ. ხ-ვა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ-ლი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „მ-ლსა“ (შემდეგში მოსარჩელესა) და ნ. შ-ს (შემდეგში პირველ მოპასუხეს ან მსესხებელს) შორის, 21.05.2013 წელს, დაიდო №… საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პირველმა მოპასუხემ კრედიტის სახით მიიღო 18 000 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით (2014 წლის 21 მაისამდე), თვეში 4% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა, ასევე, პირგასამტეხლოს - გადაუხდელი ძირითადი თანხის 0.5%-ს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის - შემდეგში სსკ-ის, 867-ე, 868-ე, 417-ე და 418-ე მუხლები).
2. ზემოხსენებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 21 მაისს, მოსარჩელესა და გ. ხ-ვას (შემდეგში მეორე მოპასუხესა ან თავდებს) შორის გაფორმდა №… სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მეორე მოპასუხემ, პირველ მოპასუხესთან ერთად, იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 22 500 აშშ დოლარით (სსკ-ის 891-ე, 892-ე, 895-ე და 898-ე მუხლები).
3. 21.05.2013 წლის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, 21.05.2013 წელს, იპოთეკით დაიტვირთა მ. ფ-ნის (შემდეგში მესამე მოპასუხის) კუთვნილი უძრავი ქონება (მდებარე - ქ.თბილისი, დ... მ/რ-ნი, კორპუსი №…, ბინა 26, ფართი - 43.00 კვ.მ.; საკადასტრო კოდი №...), (სსკ-ის 286-ე და 289.1-ე მუხლები).
4. პირველმა მოპასუხემ კრედიტის დაფარვის გრაფიკი დაარღვია ზედიზედ ორჯერ. მოსარჩელის მიერ მიცემული დამატებითი ვადის მიუხედავად, მსესხებელმა ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც, საკრედიტო ხელშეკრულების მე-7 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელემ, 05.09.2013 წელს, მსესხებელთან შეწყვიტა ხელშეკრულება (სსკ-ის 873-ე მუხლი) და მოითხოვა 21 253.46 აშშ დოლარის (კრედიტის - 18 000 აშშ დოლარის; სარგებლის - 2450.68 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 802.78 აშშ დოლარის) პირველი და მეორე მოპასუხისათვის სოლიდარულად დაკისრება, ასევე, 18 000 აშშ დოლარის 0.1%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 05.09.2013 წლიდან ვალდებულების შესრულებამდე (მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით.
5. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, კრედიტის ძირითადი თანხის - 18 000 აშშ დოლარისა და 3 თვის პროცენტის - 2 123.58 აშშ დოლარის, სულ 20 123.58 აშშ დოლარის ნაწილში.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 07 მაისის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- პირველ და მეორე მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 20 950.68 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 18 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 2450.68 აშშ დოლარი, ხოლო, პირგასამტეხლო - 500 აშშ დოლარი;
- პირველ და მეორე მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს - 18 000 აშშ დოლარის 0.02%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 05 სექტემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა;
- თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 22 500 აშშ დოლარით;
- დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მესამე მოპასუხის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონება;
- მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 850 ლარის გადახდა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
8. სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან პირველმა მოპასუხემ დაარღვია კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკი ზედიზედ ორჯერ და არც დამატებით ვადაში არ შეასრულა ვალდებულება, სსკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა მასთან საკრედიტო ხელშეკრულება და მოეთხოვა კრედიტის დაბრუნება, ხოლო სსკ-ის 868-ე მუხლის საფუძველზე - პროცენტის გადახდაც. ამასთან, პირველ მოპასუხესთან ერთად, მეორე მოპასუხეც სოლიდარულად აგებდა პასუხს კრედიტორის წინაშე წარმოშობილ დავალიანებაზე სსკ-ის 895-ე მუხლის საფუძველზე. რაც შეეხებოდა პირგასამტეხლოს, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალი იყო და, სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, უნდა შემცირებულიყო 0.02%-მდე.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება (პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში) და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით:
- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
12. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუსაბუთებელი იყო აპელანტების პრეტენზია იმის შესახებ, რომ მათ ზედმეტად დაეკისრათ პროცენტის გადახდა, ასევე, არასწორად დაეკისრათ პირგასამტეხლოს გადახდაც.
13. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეთა ზემოხსენებული პრეტენზიები, კერძოდ, პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც პირველ მოპასუხეს არ შეუსრულებია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, რის გამოც მოსარჩელემ მართლზომიერად შეწყვიტა მასთან ხელშეკრულება, სრულიად დაუსაბუთებელი იყო აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მათ არ უნდა დაკისრებოდათ პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდა.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
15. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
15.1. სასამართლომ მოპასუხეებს ზედმეტად დააკისრა 790.68 აშშ დოლარის გადახდა, კერძოდ, ნაცვლად 20 160 აშშ დოლარისა, სასამართლომ მათ დააკისრა 20 950.68 აშშ დოლარის გადახდა. კასატორების მოსაზრებით, მათ სარჩელი ცნეს ძირითადი თანხის - 18000 აშშ დოლარისა და სამი თვის პროცენტის - 2160 აშშ დოლარის (სულ 20160 აშშ დოლარის) ნაწილში. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ იგი აკმაყოფილებდა მოსარჩელის მოთხოვნას ძირითადი თანხისა და სამი თვის პროცენტის ნაწილში, თუმცა საბოლოოდ დაკისრებულმა თანხამ შეადგინა 790.68 აშშ დოლარით მეტი;
15.2. სასამართლომ მოპასუხეებს არასწორად დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, ვინაიდან მოსარჩელეს არ მოუთხოვია პირგასამტეხლოს სახით 500 აშშ დოლარის დაკისრება;
15.3. მოპასუხეებს არასწორად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის - 95.72 ლარის გადახდა;
15.4. მოპასუხეებს არასწორად დაეკისრათ ადვოკატის ხარჯის - 850 ლარის გადახდა (იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩივარი).
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სწორია სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
21. საკასაციო პალატა არ იზიარებს წინამდებარე განჩინების 15.1. პუნქტში მითითებულ კასატორების პრეტენზიას, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხულმა საპროცენტო სარგებელმა შეადგინა 2450.68 აშშ დოლარი, კერძოდ, სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 19), მსესხებელს, პროცენტის სახით, 21.06.2013 წელს უნდა გადაეხადა 733.81 აშშ დოლარი, 21.07.2013 წელს - 715.60 აშშ დოლარი, 21.08.2013 წელს - 674.17 აშშ დოლარი, ხოლო, 21.09.2013 წელს - 676.00 აშშ დოლარი. ამასთან, ვინაიდან 21.08.2013 წლიდან საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტამდე (05.09.2013 წლამდე) სრული თვე არ იყო გასული, მსესხებელს დაერიცხა 14 დღის სარგებელი, რამაც შეადგინა 327.10 აშშ დოლარი (676/30*14). მითითებული თანხების ჯამი, როგორც აღინიშნა, შეადგენს სწორედ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებულ 2450.58 აშშ დოლარს. სხდომის ოქმით დასტურდება, რომ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი არ განუმარტავს და არც ის უთქვამს, რომ მოპასუხეებს მხოლოდ სამი თვის სარგებლის გადახდა უნდა დაკისრებოდათ. რაც შეეხება თავად გადაწყვეტილებას, სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ მოპასუხეებს დაეკისრათ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი სრულად. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორების პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლომ გადწყვეტილების შინაარსის განმარტებისას სხვა თანხა დაასახელა, ხოლო გადაწყვეტილებაში სხვა თანხა მიუთითა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 868-ე მუხლის საფუძველზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მართებულად დაეკისრათ 2450.58 აშშ დოლარის გადახდა.
22. დაუსაბუთებელია, ასევე, წინამდებარე განჩინების 15.2. პუნქტში მითითებული კასატორების პრეტენზია, ვინაიდან მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა 21 253.46 აშშ დოლარის, მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული პირგასამტეხლოს - 802.78 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის დაკისრებას. აღნიშნული თანხა, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ მართებულად შეამცირა 500 აშშ დოლარამდე. ამ თანხის კიდევ უფრო მეტად შემცირების საფუძველი, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს. რაც შეეხება 18000 აშშ დოლარის 0.02%-ის გადახდის დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 404-ე, 411-ე მუხლები.
23. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების პრეტენზიას სახელმწიფო ბაჟის არასწორად დაკისრების თაობაზე, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც მოპასუხეებს არ უცვნიათ და რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა, შეადგენს 2586.68 აშშ დოლარს (790.68+500+1296). სწორედ მითითებული დავის საგნის ღირებულებიდან გამოიანგარიშა სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და, სსსკ-ის 53.1 მუხლის საფუძველზე, მართებულად დააკისრა მისი გადახდა წაგებულ მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
24. დაუსაბუთებელია წინამდებარე განჩინების 15.4. პუნქტში მითითებული კასატორების პრეტენზიაც, ვინაიდან წაგებული მხარისათვის, მოგებული მხარის სასარგებლოდ, ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის დაკისრება შეესაბამება სსსკ-ის 53.1 მუხლის დანაწესს.
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ #ას-162-158-2016; #ას-1127-1074-2013; #ას-652-900-04, #ას-562-533-2015; #ას-255-247-2012).
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოსარჩელის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ჯ. ხ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, გადახდის თარიღი – 18/11/2015 წელი, საკრედიტო საგადახდო დავალება №…) 70% – 210.00 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 391-ე მუხლით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. შ-ის, მ. ფ-ნისა და გ. ხ-ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს - ნ. შ-ს, მ. ფ-ნსა და გ. ხ-ვას დაუბრუნდეთ მათ საკასაციო საჩივარზე ჯ. ხ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, გადახდის თარიღი – 18/11/2015 წელი, საკრედიტო საგადახდო დავალება №…) 70% – 210.00 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი