Facebook Twitter

29 იანვარი, 2016 წელი,

№ას-989-933-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ს-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ-ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „თ-მ“ (შემდეგში მოსარჩელემ), სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში, „სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 14.05.2012 წლის #177 დადგენილების შესაბამისად, სამედიცინო მომსახურება გაუწია შპს სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფის“ (შემდეგში მოპასუხის) მიერ დაზღვეულ ბენეფიციარებს/დაზღვეულებს 2013 წლის აპრილში, ივნისსა და ივლისში.

2. მოსარჩელემ, მოპასუხესთან დაზღვეულ პაციენტებს, 2013 წლის აპრილში გაუწია 1140 ლარის, 2013 წლის ივნისში - 2140 ლარის, ხოლო 2013 წლის ივლისში - 1002 ლარის, სულ 4282 ლარის ღირებულების მომსახურეობა.

3. სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურის 2013 წლის 10 დეკემბრის რეკომენდაციით დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა ძირითადი თანხის - 5204 ლარის, პირგასამტეხლოს - 481.22 ლარის, პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ისა და მოსარჩელის მიერ მედიაციის პროცესში გადახდილი საფასურის - 500 ლარის გადახდა. აღნიშნული რეკომენდაცია მოპასუხეს არ შეუსრულებია.

4. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის 4282 ლარის, 18.10.2013 წლამდე დარიცხული პირგასამტეხლოს - 380.97 ლარის, 18.10.2013 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს - 4282 ლარის 0.1%-ისა და სამედიცინო მედიაციის პროცესში გაწეული ხარჯის - 500 ლარის გადახდის დაკისრება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.07.2014 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 4282 ლარის, პირგასამტეხლოს - 380.97 ლარის, გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს - 4282 ლარის 0.1%-ისა და სამედიცინო მედიაციის პროცესში გაწეული ხარჯის - 500 ლარის გადახდა.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით:

- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.07.2014 წლის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს - 08.08.2014 წლიდან აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირითადი თანხის - 4282 ლარის 0.1%-ის გადახდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

- მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 08.08.2014 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირითადი თანხის - 4282 ლარის 0.02%-ის ოდენობით;

- დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.07.2014 წლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

8. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361.2-ე, 417-ე, 418-ე მუხლები.

9. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მას არ წარმოშობია 2013 წლის აპრილში, ივნისსა და ივლისში გაწეული მომსახურების საფასურის - 4282 ლარის გადახდის ვალდებულება, ვინაიდან მხარეთა შორის არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტი, რაც სავალდებულო იყო საქართველოს მთავრობის 14.05.2012 წლის N177 -ე დადგენილების შესაბამისად.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო მიღება -ჩაბარების აქტები, რომლითაც დგინდებოდა, რომ მოსარჩელემ გადასცა, ხოლო მოპასუხემ მიიღო საანგარიშო პერიოდში - 2013 წლის აპრილში, ივნისსა და ივლისში დაზღვეულთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საანგარიშგებო დოკუმენტაცია.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 14.05.2012 წლის N177-ე დადგენილების მე-6 მუხლზე, რომლის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიწოდების დროს მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი წერილობითი ან ელექტრონული მიღება -ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს იმას, რომ მიმწოდებელმა მზღვეველს დროულად წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მზღვეველმა ჩაიბარა იგი. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მზღვეველი აგებს პასუხს ჩაბარებული დოკუმენტაციის დაკარგვისათვის ან შემთხვევითი განადგურებისათვის (პუნქტი 4). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეული შემთხვევის თაობაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. მზღვეველმა ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს არა უგვიანეს ამ პერიოდის დამთავრებიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში.

12. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საანგარიშგებო დოკუმენტების ინსპექტირება და ურთიერთშედარების აქტის გაფორმება მზღვეველის მოვალეობას წარმოადგენდა, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც უდავოდ იყო დადასტურებული მოპასუხის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღების ფაქტი, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მიღებული დოკუმენტაცია იყო ნაკლიანი და არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 14.05.2012 წლის N177-ე დადგენილების მოთხოვნებს, ეკისრებოდა მოპასუხეს.

13. პალატამ აღნიშნა, რომ ისეთ პირობებში, როცა მოსარჩელეს მოპასუხისათვის მიწოდებული ჰქონდა საანგარიშგებო დოკუმენტაცია და მოპასუხეს, თანხების კორექტირების თაობაზე, პრეტენზიის გაცხადების შესახებ რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია, მოპასუხის მხრიდან ურთიერთშედარების აქტის არგაფორმება, არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღურებაზე უარის თქმის საფუძველი.

14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ამ ქვეპუნქტის 01.09.2014 წლამდე მოქმედი მოქმედი რედაქციით, მზღვეველი ვალდებული იყო სამედიციო მომსახურების მიმწოდებლისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ამ წესით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებლის სასარგებლოდ გადაეხადა ასანაზღაურებელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებდა მზღვეველს მთლიანი თანხის გადახდის ვალდებულებისაგან. 01.09.2014 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დადგენილების ზემოხსენებული ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მზღვეველი ვალდებულია მიმწოდებლისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ამ წესით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებლის სასარგებლოდ გადაიხადოს 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0,1%, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0.02%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

15. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე იყო სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების თავისებურებებით განპირობებული ვალდებულების დარღვევისათვის ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს ნორმატიულად რეგულირების (შემცირების) შემთხვევა, რაც, პალატის მოსაზრებით, 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე შემცირებული პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო 08.08.2014 წლიდან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის - 4282 ლარის 0.1%-ის გადახდის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისრებოდა 08.08.2014 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის - 4282 ლარის 0.02%-ის ოდენობით.

17. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

18. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

- სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არ გაფორმებულა მიღება-ჩაბარების აქტი საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს არ გააჩნდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მომსახურების თანხის გადახდის ვალდებულება;

- გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო, ასევე, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც, ვინაიდან ძირითადი ვალდებულების არარსებობა გამორიცხავდა პირგასამტელოს დაკისრების შესაძლებლობას.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სწორია სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის შესახებ.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ #942-892-2015, 04.12.2015წ., #ას-1003-947-2015, 29.01.2016წ., #ას-1205-1147-2014, #ას-1284-1226-2013წ.).

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოსარჩელის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 11.08.2015) 70% – 210.00 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ს-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება №..., გადახდის თარიღი 11.08.2015) 70% – 210.00 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი