29 იანვარი, 2016 წელი,
№ას-1047-987-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ. შ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ს-ის #1 საჯარო სკოლა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2013 წლის 15 სექტემბერს მზია შ-სა (შემდეგში მოსარჩელესა) და სსიპ ს-ის #1 საჯარო სკოლას (შემდეგში მოპასუხეს) შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 15 სექტემბრამდე, ხოლო ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 378.20 ლარით.
2. პედაგოგისათვის შეუფერებელი არაეთიკური ქცევისათვის, მოსარჩელეს, სხვადასხვა დროს (1995,1996, 2008-2009 წლებში), არაერთხელ გამოეცხადა საყვედური სკოლის დირექტორის ბრაძანებებითა და სკოლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებებით.
3. 02.05.2014 წელს შედგა N1 საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომა, რომელზედაც მოუსმინეს ამავე სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც დაადასტურეს ფაქტი იმის შესახებ, რომ, 01.05.2014 წელს, მუსიკის გაკვეთილის მსვლელობისას, მოსარჩელემ სცემა მათი თანაკლასელი. ამ ფაქტის გამო და, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს სხვა დროსაც არაერთხელ ჩაუდენია პედაგოგისათვის შეუფერებელი არაეთიკური საქციელი, სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა მიიჩნია, რომ მოსარჩელე უნდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან.
4. სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 02.05.14 წლის N1კ-13 ბრძანებით, მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება და, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ-ის) 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იგი გათავისუფლდა სამსახურიდან ამავე სკოლის დისციპლინური კომიტეტის დასკვნის შესაბამისად.
5. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
6. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 21.01.2015 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერი იყო. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ ხსენებული ნორმის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. სასამართლომ მიუთითა, ასევე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დირექტორი უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში. სასამართლომ მიუთითა „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანების მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. მასწავლებელი, სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე. მასწავლებელი, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, ასვე, რომ მოსარჩელეს, მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება, ავალდებულებდა, შეესრულებინა საჯარო სკოლის წესდებით, შინაგანაწესითა და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები, ეზრუნა თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაეცვა მოსწავლის უფლებები და ინტერესები, ეზრუნა მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, დაეცვა მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი.
7. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის, ასვე, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან დასაქმებულის მიერ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, ამავე ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, დამსაქმებელს ანიჭებდა უფლებამოსილებას, დასაქმებულთან შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა.
8. სასამართლომ, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, მათ შორის, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომითი ხელშეკრულების 4.1, 4.2. 4.6. 4.11. მუხლების მოთხოვნები, ასევე, მან ჩაიდინა სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედება, რითაც დაარღვია მასწავლებლის ეთიკის კოდექსი. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სკოლის დირექტორი უფლებამოსილი იყო, სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და შრომითი ხელშეკრულების 7-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე გაეთავისუფლებინა სამსახურიდან.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა არსებულიყო ამ უფლების განხორციელების შესაბამისი მართლზომიერი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით, ასეთი საფუძველი იყო მოსარჩელის მიერ შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების უხეში დარღვევა. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის პრეტენზია სკოლის შინაგანაწესის სიყალბის თაობაზე და აღნიშნა, რომ შინაგანაწესის არსებობისა თუ არარსებობის ფაქტის დადგენა საქმის შედეგზე რაიმე ზეგავლენას ვერ მოახდენდა, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილი იყო მოსარჩელის მიერ პროფესიული ეთიკის კოდექსით დადგენილი მოვალეობების დარღვევა.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
- სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმის შესახებ, რომ სკოლის ადმინისტრაციამ გააყალბა შრომის შინაგანაწესი;
- წლების წინ ჩადენილი დსციპლინური გადაცდომებისათვის მოსარჩელე არ უნდა დესაჯათ, ვინაიდან გასული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადები.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სწორია სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
21. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა მასწავლებლის სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედება, კერძოდ, 01.05.2014 წელს, მუსიკის გაკვეთილის მსვლელობისას, სცემა სკოლის მოსწავლე.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოების მიმართ კასატორს, არათუ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), არამედ, საერთოდ არავითარი პრეტენზია არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოება სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
23. საკასაციო პალატა, ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოების მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ, სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და 15.09.2013 წლის შრომის ხელშეკრულების 7.4 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე, სადავო ბრძანებით, მართლზომიერად გათავისუფლდა სამსახურიდან.
24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვერც სკოლის შინაგანაწესის გაყალბების ფაქტის დადგენა და ვერც ადრე ჩადენილი გადაცდომებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მართლზომიერების საკითხის გარკვევა, გავლენას ვერ მოახდენს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებზე, ვინაიდან სადავო ბრძანება ეფუძნება მოსარჩელის მიერ 01.05.2014 წელს ჩადენილ კონკრეტულ ქმედებას - მასწავლებლის სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელ ქმედებას, რომელიც, ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, ქმნის მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების მართზლომიერ საფუძველს.
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოსარჩელის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება №..., გადახდის თარიღი 22.10.2015) 70% – 210.00 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. შ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ მ. შ-ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება №..., გადახდის თარიღი 22.10.2015) 70% – 210.00 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი