12 თებერვალი, 2016 წელი
№ას-1068-1007-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – რ. ხ-ლი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რ. ხ-ლსა (შემდეგში მოსარჩელესა) და ნ. გ-ს (შემდეგში მოპასუხეს) შორის, 15.11.2011 წელს, დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს 30000 აშშ დოლარად მიჰყიდა მისი კუთვნილი უძრავი ქონება (მდებარე ქ.ქუთაისი, ჭ-ი №…, ბ. #2). მითითებული ბინა იპოთეკით იყო დატვირთული ც. ს-ის (შემდეგში იპოთეკარის) სასარგებლოდ. აღნიშნულ ბინაზე რეგისტრირებული იყო, ასევე, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება (იხ. ს. ფ. 20-21).
2. 15.11.2011 წელს მოსარჩელსა და მოპასუხეს შორის დაიდო მეორე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს 40000 აშშ დოლარად მიჰყიდა მისი კუთვნილი უძრავი ქონების 1/3 ნაწილი (მდებარე ქ.ქუთაისი, ფ-ის ქ.№…, ბ-ის №…, ლ-ის ქ.№…), (იხ. ს.ფ. 23-24).
3. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის 16500 აშშ დოლარის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ გაყიდული ქონების ღირებულება შეადგენდა 82400 აშშ დოლარს, მოპასუხეს კი გადახდილი ჰქონდა მხოლოდ 65900 აშშ დოლარი, შესაბამისად, მას გადასახდელი ჰქონდა 16500 აშშ დოლარი.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას სრულად ჰქონდა შესრულებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ, მოსარჩელის ნაცვლად, შეასრულა ვალდებულება ამ უკანასკნელის კრედიტორების წინაშე, კერძოდ, იპოთეკარს გადაუხადა 12400 აშშ დოლარი, ხოლო, შპს „გ-ს“ – 22500 აშშ დოლარი, სულ 34900 აშშ დოლარი. მოპასუხემ მოსარჩელეს გაუქვითა, ასევე, ვალი 31000 აშშ დოლარი და გადაიხადა მოსარჩელის საგადასახადო ვალი - 616.40 ლარი. სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, ნასყიდობის ხელშეკრულებების ფასი შეადგენდა 70000 აშშ დოლარს, მაგრამ მხარეთა შეთანხმებით, ზემოხსენებული თანხების სანაცვლოდ, მოსარჩელემ მოპასუხეს საკუთრებაში გადასცა ორი უძრავი ქონება. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ნასყიდობის ფასის მოთხოვნის უფლება აღარ ჰქონდა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებით:
- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა კანონიერ ძალაში შესულ 06.06.2014 წლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით, მოსარჩელემ, 15.11.2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, მოპასუხეს საკუთრებაში გადასცა მისი კუთვნილი ორი უძრავი ქონება, რის სანაცვლოდაც, მოპასუხემ გაისტუმრა მოსარჩელის ვალი, ჯამში 34900 აშშ დოლარი. თავის მხრივ, მოპასუხემ მოსარჩელეს გადახდილად ჩაუთვალა 07.07.2011 წლის ვალის აღიარების ხელშეკრულებით გათვალისწინებული 31000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ მხარეებმა ურთიერთვალდებულებები შესრულებულად მიიჩნიეს და მათ ერთმანეთის მიმართ მოთხოვნები აღარ გააჩნდათ (იხ. ს.ფ. 25-36).
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 106-ე და 266-ე მუხლებზე და, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები გაქვითული იყო, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმას ნიშნავდა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 427-ე და 428-ე მუხლების საფუძველზე, ვალდებულება შეწყვეტილი იყო.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
- სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელის კუთვნილი ორი უძრავი ქონება გაიყიდა 70000 აშშ დოლარად, რადგან არ გაითვალისწინა ამ ქონებებზე გადმოყოლილი იპოთეკარის ვალდებულება - 12400 აშშ დოლარი და საგადასახდო გირავნობა - 616.40 ლარი, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელის მიერ გასასტუმრებელი ვალის ოდენობა;
- სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვ.ე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სწორია სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
19. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, მიუთითა რა კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, დაადგინა, რომ მოპასუხემ სრულად შეასრულა 15.11.2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, მან, შეთანხმების შესაბამისად, ნასყიდობის საფასურში მოსარჩელეს გაუქვითა 07.07.2011 წლის ვალის აღიარების ხელშეკრულებით (სსკ-ის 341-ე მუხლი) გათვალისწინებული 31000 აშშ დოლარი, ასევე, მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა ვალი - 34900 აშშ დოლარი (სსკ-ის 371-ე და 986-ე მუხლები) და ეს თანხაც ნასყიდობის საფასურში გაუქვითა (სსკ-ის 442-ე მუხლი).
20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
21. საკასაციო პალატა, ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ 15.11.2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ შეწყდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით სსკ-ის 442-ე მუხლის საფუძველზე.
22. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ნასყიდობის ფასის არასწორად დადგენის თაობაზე, ვინაიდან გასხვისებული უძრავი ქონების ღირებულება დადგენილია როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებებით, ასევე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის ფასის კვლევა სამართლებრივად მნიშვნელოვანი არაა, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 15.11.2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან (სსკ-ის 477-ე მუხლი), 07.07.2011 წლის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან (სსკ-ის 341-ე მუხლი) და სხვისი ვალის გასტუმრებიდან (სსკ-ის 986-ე მუხლი) გამომდინარე ვალდებულებები მხარეებს ერთმანეთის მიმართ აღარ გააჩნიათ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გამო.
23. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არასწორად გამოყენების თაობაზე, ვინაიდან სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარდგენისაგან და დამტკიცებას არ საჭიროებენ ისეთი ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ განსახილველ დავაში მონაწილეობენ იგივე მხარეები, რომელთა მიმართაც უკვე გამოტანილია გადაწყვეტილება და იგი შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს გააჩნიათ პრეიუდიციული მნიშვნელობა განსახილველი საქმისათვის.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოსარჩელის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ( 1898.00 ლარის, აქედან 808.00 ლარის გადახდის თარიღი – 26/10/2015 წელი, საკრედიტო საგადახდო დავალება №1; 1090.00 ლარის გადახდის თარიღი – 19/11/2015 წელი, საკრედიტო საგადახდო დავალება №…) 70% – 1328.60 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ხ-ლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ რ. ხ-ლს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ( 1898.00 ლარის, აქედან 808.00 ლარის გადახდის თარიღი – 26/10/2015 წელი, საკრედიტო საგადახდო დავალება №1; 1090.00 ლარის გადახდის თარიღი – 19/11/2015 წელი, საკრედიტო საგადახდო დავალება №0) 70% – 1328.60 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი