27 მაისი, 2016 წელი
№ას-1085-1022-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) – ი. მ-ი, ნ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – გ. დ-ე, შპს „მ-ო“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2012 წლის 7 სექტებერს შპს „მ-ოს“ (შემდეგში მეორე მოპასუხის) კუთვნილი ავტომობილი, რომელსაც მართავდა გ. დ-ე (შემდეგში პირველი მოპასუხე), შეეჯახა რ. ა-ის (შემდეგში პირველი დაზარალებულის) კუთვნილ ავტომობილს.
2. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის სხვადასხა სახის დაზიანებები მიიღეს პირველმა დაზარალებულმა და ნ. ა-მა (შემდეგში მეორე დაზარალებულმა ან მეორე მოსარჩელემ). დაზიანდა, ასევე, პირველი დაზარალებულის კუთვნილი ავტომობილიც.
3. დაზარალებულები მოათავსეს სამედიცინო დაწესებულებაში. 07.10.2012 წელს, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, პირველი დაზარალებული გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაზარალებულს დაუდგინდა შემდეგი დიაგნოზი: მარჯვენა ლავიწის ძვლის მოტეხილობა.
4. ზემოხსენებულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, თუმცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის 2013 წლის 22 მარტის დადგენილებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პირველი მოპასუხის მიმართ არ დაიწყო სისხლისამართლებრივი დევნა და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა. გამოძიების შეწყვეტას საფუძვლად დაედო პირველი დაზარალებულის მეუღლის - ი. მ-ისა (შემდეგში პირველი დაზარალებულის უფლებამონაცვლის ან პირველი მოსარჩელის) და მეორე დაზარალებულის თანხმობა პირველი მოპასუხის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შესახებ.
5. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტამდე, 2013 წლის 21 მარტს, პირველმა მოპასუხემ, მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, დაზარალებულებს გადაუხადა 20 000 ლარი.
6. მოსარჩელეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს:
- მოპასუხეებისათვის, მოსარჩელეთა სასარგებლოდ, სოლიდარულად, 2000 ლარის დაკისრება მორალური ზიანის ასანაზღაურებლად;
- მოპასუხეებისათვის, მოსარჩელეთა სასარგებლოდ, სოლიდარულად, 2860 ლარის დაკისრება მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად (დაკრძალვის/ქელეხისა და ორმოცის ხარჯი);
- მოპასუხეებისათვის, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად, ყოველთვიური სარჩოს - 500 ლარის გადახის დაკისრება.
7. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ პირველმა მოპასუხემ დაზარალებულებს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად გადაუხადა 20 000 ლარი, რომელიც მოიცავდა როგორც მატერიალურ, ისე მორალურ ზიანს. სწორედ ამ თანხის მიღების შემდეგ დათანხმდნენ დაზარალებულები პირველი მოპასუხის მიმართ ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებას.
8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.04.2014 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო, კერძოდ, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ, 2013 წლის 21 მარტს, მხარეებს შორის გაფორმდა აქტი, რომლის თანახმად, პირველმა მოპასუხემ, ადვოკატის თანდასწრებით, დაზარალებულებს, ავტოავარიასთან დაკავშირებით, ზარალის - მორალურისა და მიყენებული ზიანის, ანაზღაურების სახით გადასცა 20000 ლარი, სანაცვლოდ მიიღო სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის განცხადება მის მიმართ „ამინისტიის შესახებ“ კანონის გამოყენების შესახებ. დაზარალებულების თანხმობის გამო, პირველი მოპასუხის მიმართ გამოყენებულ იქნა „ამნისტიის შესახებ“ 28.12.2012 წლის საქართველოს კანონი და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა. სასამართლოს მოსაზრებით, ზემოხსენებული აქტის შედგენით, მხარეებმა მხედველობაში მიიღეს ავტოსაგზაო შემთხევევის შედეგად დამდგარი ზიანი (როგორც მატერიალური, ასევე, მორალური) და შეთანხმდნენ მის ანაზღაურებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 992-ე, 999.1-ე, 408-ე, 413-ე მუხლებით.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 992-ე მუხლზე და განმარტა, რომ, ამ ნორმის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა მოსარჩელეებს უნდა დაემტკიცებინათ. პალატამ, მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაადგინა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზარალებულებს მიადგათ 8919 ლარის მატერიალური ზიანი და თუ მას დავუმატებდით მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილ მორალურ ზიანს, სულ მივიღებდით 10919 ლარს. პალატამ აღნიშნა, რომ პირველმა მოპასუხემ დაზარალებულებს გადაუხადა 20 000 ლარი, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელეებს სრულად ჰქონდათ ანაზღაურებული მიყენებული ზიანი.
13. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების პრეტენზია იმის თაობაზე, რომ პირველი მოპასუხის მიერ გადახდილი 20 000 ლარი მეორე დაზარალებულს არ მიუღია. პალატის მოსაზრებით, მეორე დაზარალებულის მიერ თანხის მიღების ფაქტი დგინდებოდა თავად თანხის გადაცემისას შედგენილი აქტის შინაარსით, სადაც მითითებული იყო, რომ პირველმა მოპასუხემ თანხა გადასცა დაზარალებულებს. აღნიშნული გარემოება დგინდებოდა, ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დადგენილებიდან, სადაც აღნიშნული იყო, რომ პირველი მოპასუხის განცხადება, თანხის გადაცემის თაობაზე, დაადასტურეს, როგორც პირველი დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, ასევე, მეორე დაზარალებულმა. გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ თანხის გადაცემის თაობაზე შედგა აქტი, რომელსაც, დაზარალებულების სახელით, ხელი მოაწერა ადვოკატმა, რომელიც 2012 წლის 6 დეკემბრიდან ორივე დაზარალებულის წარმომადგენელი იყო.
14. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მეორე დაზარალებულის მოთხოვნა ყოველთვიური სარჩოს დაკისრების თაობაზე. პალატამ მიუთითა სსკ-ის 408.2 მუხლზე (თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით) და აღნიშნა, რომ სარჩოს გადახდაზე დაზარალებულის უფლება დაკავშირებული იყო შრომის უნარის შემცირებასთან. იმის დასადგენად, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, შეუმცირდა თუ არა მეორე დაზარალებულს საერთო ან პროფესიული შრომის უნარი, სააპელაციო სასამართლომ რამდენჯერმე დანიშნა ექსპერტიზა. საბოლოოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 10 ივნისის დასკვნით დადგინდა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელი იყო. პალატამ აღნიშნა, ასევე, რომ, როგორც ექსპერტიზის დასკვნებით ირკვეოდა, მეორე დაზარალებულს, ექიმების რეკომენდაციების მიუხედავად, მკურნალობა არ გაუგრძელებია. აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მეორე დაზარალებულის დაავადება - ფსევდოართროზი გამოწვეული იყო, უმეტესად, არა მიღებული ტრავმით, არამედ დაზარალებულის მიერ სათანადო მკურნალობის ჩაუტარებლობით. პალატის მოსაზრებით, ასეც რომ არ ყოფილიყო, სსკ-ის 408.4 მუხლის მიხედვით, მეორე დაზარალებულს პირველი მოპასუხისგან უკვე მიღებული ჰქონდა კომპენსაცია მიყენებული ზიანისათვის, რითაც მოპასუხის ვალდებულება შეწყვეტილი იყო.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
16. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
16.1. დაკრძალვის ხარჯების ოდენობის გაანგარიშებისას, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, ვინაიდან ამ გადაწყვეტილების მიღებიდან გასულია დიდი დრო და დღეისათვის დაკრძალვის ხარჯები გაზრდილია. ამას ადასტურებს საკასაციო სასამართლოს ახალი პრაქტიკაც;
16.2. სარჩოს მოთხოვნის უფლება, მართალია, დაკავშირებულია დაზარალებულის შრომის უნარის შემცირებასთან, მაგრამ საკასაციო სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ დაზარალებულის დაავადება - ფსევდოართროზი გამოწვეული იყო, უმეტესად, არა მიღებული ტრავმით, არამედ დაზარალებულის მიერ სათანადო მკურნალობის ჩაუტარებლობით;
16.3. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა პირველი დაზარალებულის უფლებამონაცვლისათვის სარჩოს დანიშვნის თაობაზე;
16.4. მეორე დაზარალებულის მიერ პირველი მოპასუხისგან თანხის მიღების მტკიცებულებად სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია 21.03.2013 წლის აქტი, ვინაიდან ამ აქტს ხელს არ აწერს მეორე დაზარალებული.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სწორია სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
23. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის (როგორც მატერიალური, ასევე, მორალური ზიანის) ანაზღაურების მიზნით, პირველმა მოპასუხემ, 21.03.2013 წელს, დაზარალებულებს გადაუხადა 20 000 ლარი.
24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოება სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა პირველი მოპასუხის მიმართ შესაძლებელია დაეფუძნოს სსკ-ის 992-ე მუხლს, ხოლო მეორე მოპასუხის მიმართ - სსკ-ის 999-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მესამე წინადადებას. ამასთან, მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა გამორიცხულია, ვინაიდან სსკ-ის 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლი კი - ბრალის გარეშე, შესაბამისად, ამ ნორმების შეერთება სსკ-ის 998-ე მუხლთან შეუძლებელია (იხ. სუსგ ას-143-139-2016, 22.04.2016).
26. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა როგორც პირველი, ასევე, მეორე მოპასუხის მიმართ დაუსაბუთებელია, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მიზნით, პირველმა მოპასუხემ, 21.03.2013 წელს, დაზარალებულებს გადაუხადა 20 000 ლარი, რითაც მოპასუხეთა ვალდებულება დაზარალებულების მიმართ შეწყდა (სსკ-ის 427-ე მუხლი).
27. საკასაციო პალატა არ იზიარებს წინამდებარე განჩინების 16.4. პუნქტში მითითებულ კასატორების პრეტენზიას, ვინაიდან დადგენილია, რომ 21.03.2013 წლის აქტს, 20 000 ლარის მიღების შესახებ, ხელს აწერს მეორე დაზარალებულის წარმომადგენელი (ადვოკატი), შესაბამისად, ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები წარმოეშვა წარმოდგენილ პირს ანუ მეორე დაზარალებულს (სსკ-ის 103.1 მუხლი). დაუსაბუთებელია კასატორების მითითება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არარსებობაზე, ვინაიდან, ჯერ ერთი, განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილმა პირმა (მეორე დაზარალებულმა) თავად შექმნა ისეთი გარემოება (თანხმობა განაცხადა პირველი მოპასუხის მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენებაზე), რომ გარიგების მეორე მხარეს (პირველ მოპასუხეს) კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა (სსკ-ის 104.2 მუხლი), მეორეც, თუნდაც გარიგების დადებისას (თანხის მიღების აქტზე ხელმოწერისას) წარმომადგენელს არ მიეთითებინა თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, ეს გარიგება უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის (მეორე დაზარალებულისათვის) წარმოშობდა შედეგებს, ვინაიდან პირველ მოპასუხეს, ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, შეეძლო ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ (სსკ-ის 104.3 მუხლი). დაუსაბუთებელია, ასევე, კასატორების მოსაზრება იმის შესახებ, რომ მეორე დაზარალებულის მიერ თანხის მიუღებლობას ადასტურებს პირველი დაზარალებულის მინაწერი 21.03.2013 წლის აქტზე. აღნიშნული მინაწერით პირველი დაზარალებული ადასტურებს თანხის მიღების ფაქტს, რაც, ცხადია, იმას არ ნიშნავს, რომ გადაცემული თანხა მეორე დაზარალებულს არ მიუღია. როგორც აღინიშნა, თანხის მიღების ფაქტი აქტზე ხელმოწერით დაადასტურა დაზარალებულების წარმომადგენელმა.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლებრივად მნიშვნელოვანი აღაარაა იმ საკითხების გარკვევა, თუ რამდენად სწორად დაადგინა სასამართლომ დაკრძალვის ხარჯების ოდენობა ან მეორე დაზარალებულის ბრალის ხარისხი ზიანის დადგომაში (წინამდებარე განჩინების 16.1. და 16.2. პუნქტები), ვინაიდან, როგორც აღინიშნა, პირველმა მოპასუხემ, 20000 ლარის გადახდით, დაზარალებულებს აუნაზღაურა მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი, მათ შორის, გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯები და სარჩო (სსკ-ის 408.4 მუხლი).
29. საკასაციო პალატა არ იზიარებს წინამდებარე განჩინების 16.3. პუნქტში მითითებულ საკასაციო საჩივრის პრეტენზიას, ვინაიდან საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველ მოსარჩელეს სააპელაციო საჩივრით სარჩოს გადახდა არ მოუთხოვია (იხ. ტომი 1, ს.ფ. 277-289), შესაბამისად, ამ მოთხოვნის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და მასზე ვერც საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს (სსსკ-ის 406-ე მუხლი). ამასთან, თუნდაც დასაშვები იყოს ამ მოთხოვნის საკასაციო სასამართლოში განხილვა, წინამდებარე განჩინების 26-28-ე პუნქტებში განვითარებული მსჯელობა, გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას.
30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორები გათავისუფლებული არიან საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
34. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. მ-ისა და ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორები გათავისუფლებული არიან საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი