Facebook Twitter

29 იანვარი, 2016 წელი,

№ას-1091-1028-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი – სს „ს-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე/მხარეები – ტ. ს-ი, მ. ბ-ე, მ. ზ-ე, ვ. რ-ი, თ. შ-ი, ლ. უ-ა, გ. ქ-ია, ი. კ-ია, გ. მ-ე, ა. უ-ი, გ. ჩ-ე, ჯ. მ-ი, ლ. მ-ე, ო. ჭ-ე, დ. ფ-ი (მოსარჩელეები)

მე-2 კასატორი/კასატორები – ტ. ს-ი, მ. ბ-ე, მ. ზ-ე, ვ. რ-ი, თ. შ-ი, ლ. უ-ა, გ. ქ-ია, ი. კ-ია, გ. მ-ე, ა. უ-ი, გ. ჩ-ე, ჯ. მ-ი, ლ. მ-ე, ო. ჭ-ე, დ. ფ-ი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მე-2 კასატორის/კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კო.იას სარჩელით მიმართეს: ი. ა-ემ, ჯ. ს-ემ, გ. ო-მა, მ. კ-მა, დ. გ-მა, ტ. ს-მა, პ. კ-მა, კ. შ-ემ, თ. თ-ემ, ი. ზ-მა, ი. ყ-მა, ი. შ-ემ, მ. ბ-ემ, მ. ზ-ემ, ვ. რ-მა, გ. მ-მა, ი. წ-მა, თ. შ-მა, ლ. უ-ამ, ზ. ქ-ემ, ი. კ-იამ, დ. კ-მა, გ. გ-მა, ვ. ზ-მა, გ. ქ-იამ, ჯ. მ-მა, გ. ჭ-ემ, ბ. ზ-მა, რ. ხ-მა, გ. ტ-მა, ვ. ტ-ემ, გ. მ-ემ, დ. ფ-მა, ლ. მ-ემ, გ. ძ-ამ, გ. ნ-ემ, ო. ჭ-ემ, ჯ. მ-მა, გ. კ-მა, ა. ფ-ემ, გ. ჩ-ემ, ა. უ-მა, თ. კ-იამ და მ. ლ-ემ (შემდეგში მოსარჩელეებმა ან მეორე კასატორმა) სს „ს-ის“ (შემდეგში მოპასუხის ან პირველი კასატორის) მიმართ და მოითხოვეს მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2. მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხემ დასაქმებულები სამუშაოდან გაათავისუფლა უკანონოდ, კერძოდ, გაფიცვის მიმდინარეობის დროს, რაც, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ-ის) 36.6 მუხლის მიხედვით, დაუშვებელი იყო.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ, სშკ-ის 51.4 მუხლის მიხედვით, გაფიცვა უკანონო იყო, ვინაიდან დავის დაწყებამდე დასაქმებულებმა იცოდნენ მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და მათთან შრომითი ხელშეკრულებების მოშლის შესაძლებლობის შესახებ, შესაბამისად, მათი ქმედებები შეფასდა როგორც დისციპლინური გადაცდომა, რის გამოც ისინი გათავისუფლდნენ სამუშაოდან.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კო.იის 2014 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

- ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები;

- მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ სამუშაოზე;

- მოსარჩელეებს აუნაზღაურდათ იძულებითი განაცდური;

- დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით:

- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები;

- მოპასუხეს, მოსარჩელეთა სასარგებლოდ, დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ოდენობით;

- მოსარჩელეთა მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა;

- მოსარჩელეთა მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის დადებული იყო ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები. შვიდი მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 640 ლარს, ერთი მოსარჩელის - 760 ლარს, ხოლო დანარჩენი მოსარჩელეების - 920 ლარს;

7.2. 18.04.2013 წელს მოპასუხემ გამოსცა ბრძანებები მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. რვა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულებები შეწყდა 27.05.2013 წლიდან, ხოლო დანარჩენ მოსარჩელეებთან - 24.06.2013 წლიდან;

7.3. ზემოხსენებული ბრძანებების მიხედვით, მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მესამე პუნქტი;

7.4. 18.04.2013 წლის ბრძანებები დამსაქმებელს მოსარჩელეებისათვის არ გაუცვნია, შესაბამისად, მათ არ მისვლიათ დამსაქმებლის ნება მათი სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე;

7.5. 18.04.2013 წელს მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს მოპასუხეს და, სშკ-ის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, შეატყობინეს მხარეთა შორის დავის დაწყების შესახებ;

7.6. 19.04.2013 წელს მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს მოპასუხეს და, სშკ-ის 49-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილების შესაბამისად, აცნობეს, რომ წარმოშობილი დავის საგანი იყო მოსარჩელეთა შრომის პირობების მოსალოდნელი გაუარესება, რომლის თავიდან ასაცილებლად, 23.04.2013 წელს, 12:00-დან 14:00 საათამდე, მოსარჩელეები განახორციელებდნენ გამაფრთხილებელ გაფიცვას;

7.7. 24.04.2013 წელს მოსარჩელეთა წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს მოპასუხეს და აცნობეს, რომ მოსარჩელეები არ ყოფილან ინფორმირებულნი შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის თაობაზე, შესაბამისად, მათ ჰქონდათ გაფიცვის მოწყობის კანონიერი უფლება, რომელსაც გამოიყენებდნენ და გაფიცვას დაიწყებდნენ 25.04.2013 წელს. მოსარჩელეებს განცხადებაში არ მიუთითებიათ გაფიცვის ხანგრძლივობა, ამასთან, ისინი მზადყოფნას გამოთქვამდნენ მოლაპარაკებების დასაწყებად;

7.8. 26.04.2013 წელს მოპასუხემ გამოსცა ბრძანებები მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. სადავო ბრძანებების მიხედვით, მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი - მოსარჩელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა, კერძოდ, 26.04.2013 წელს სამუშაოზე გამოუცხადებლობა.

8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს 18.04.2013 წლის ბრძანებების გაცნობასა და ჩაბარებაზე, კერძოდ, პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აქტები შედგენილი იყო 18 აპრილის შემდეგ (მომდევნო დღეებში), ამ დროისათვის კი, მოპასუხე უკვე იყო ინფორმირებული მოსარჩელეების მხრიდან, სშკ-ის 47.2 მუხლის საფუძველზე, დავის დაწყებისა და მოსალოდნელი გამაფრთხილებელი გაფიცვის თაობაზე. აქედან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელეთა მიერ მოწყობილი გაფიცვა ვერ მიიჩნეოდა უკანონოდ, ვინაიდან სშკ-ის 51-ე მუხლის მეოთხე ნაწილი გაფიცვის უკანონოდ მიჩნევას უკავშირებდა დავის წარმოშობამდე შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ დასაქმებულების ინფორმირებულობას.

9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 49-ე მუხლის მე-10 ნაწილზე (გაფიცვა ან ლოკაუტი არ არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი) და მიიჩნია, რომ კანონიერი გაფიცვის დროს დასაქმებულების სამუშაოდან გათავისუფლებით, მოპასუხემ დაარღვია მათი უფლებები, რაც გათვალისწინებულია როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობით, ასევე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ გამოცემული სადავო ბრძანებები უნდა გაბათილებულიყო.

10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეთა შრომის ხელშეკრულებების მოქმედების ვადა გადაწყვეტილების გამოტანის დროს ამოწურული იყო, ამიტომ მოსარჩელეთა მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში ვერ დაკმაყოფილდებოდა.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 44-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს იძულებითი განაცდური უნდა ანაზღაურებოდათ შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის დღიდან ამ ხელშეკრულებების ვადის ამოწურვამდე.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოპასუხემ, ასევე, მოსარჩელეებმა.

12.1. პირველი კასატორის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

- 18.04.2013 წელს მოსარჩელეებისათვის ცნობილი იყო მოპასუხის ნება მათი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. ეს გარემოება დასტურდება მათივე წერილით, რომლითაც მოპასუხეს მიმართეს 18.04.2013 წელს. მოსარჩელეებმა სწორედ მოსალოდნელი გათავისუფლების საპასუხოდ მოაწყვეს გაფიცვა, რაც, სშკ-ის 51.4 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა უკანონო ქმედებას. უკანონო გაფიცვის დროს სამუშაოზე გამოუცხადებლობა მოპასუხემ მიიჩნია დისციპლინურ გადაცდომად და მოსარჩელეები გაათავისუფლა სამუშაოდან.

12.2. მეორე კასატორის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

- შრომის ხელშეკრულებები მოსარჩელეებთან დადებული იყო უვადოდ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელეები უნდა აღედგინა სამუშაოზე;

- სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელეებისათვის იძულებითი განაცდური უნდა მიეცა სრული ოდენობით და არა ნაწილობრივ.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეების საკასაციო საჩივარი, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელეების საკასაციო საჩივარი, სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნენ მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სწორია სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ.

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

20. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი) კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად, ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

21. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი კასატორის მოსაზრებას მოსარჩელეთა გაფიცვის უკანონობის თაობაზე. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა გაფიცვა იმ შემთხვევაში იქნებოდა უკანონო, თუ, სშკ-ის 51.4 მუხლის შესაბამისად, დასაქმებულები დავის წარმოშობამდე იქნებოდნენ ინფორმირებული შრომითი ხელშეკრულებების მოშლის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და სადავო არაა, რომ მოსარჩელეებმა, სშკ-ის 47-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს, 18.04.2013 წელს, წერილობით აცნობეს შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოების გამო დავის დაწყების შესახებ. მხარეთა შორის სადავოა, იცოდნენ თუ არა მოსარჩელეებმა სადავო ბრძანებების გამოცემის თაობაზე ზემოხსენებული წერილის წარდგენამდე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, სსსკ-ის 102.1 და 103.1 მუხლების შესაბამისად, სადავო გარემოების დამტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს. ამ უკანასკნელის განმარტებით, სადავო გარემოება დასტურდებოდა თავად მოსარჩელეთა მიერ მოპასუხისათვის გაგზავნილი 18.04.2013 წლის წერილით. კასატორის ამ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მითითებული წერილითა და, თავად კასატორის განმარტებით, ირკვევა, რომ მოსარჩელეებმა იცოდნენ საწარმოში მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და შტატების შესაძლო შემცირების შესახებ. პალატის მოსაზრებით, ეს გარემოება საკმარისი არაა, სშკ-ის 51.4 მუხლის საფუძველზე, გაფიცვის უკანონოდ ცნობისათვის, ვინაიდან ამისათვის აუცილებელია, რომ დასაქმებულები ინფორმირებული იყვნენ მათთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ და არა საწარმოს მოსალოდნელი რეორგანიზაციის თაობაზე, ანუ შრომითი ხელშეკრულების მოშლა უნდა არსებობდეს როგორც დამდგარი ფაქტი და არა როგორც დამსაქმებლის სამომავლო ქმედება. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელეებმა 18.04.2013 წელს არ იცოდნენ დამსაქმებლის მიერ ამავე დღეს გამოცემული სადავო ბრძანებების თაობაზე, რაც ადასტურებს დასაქმებულების გაფიცვის კანონიერებას. სშკ-ის 36.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გაფიცვა შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველია, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეჩერებისას, დაუშვებლია შრომითი ხელშეკრულების მოშლა, ასევე, სშკ-ის 49.10 მუხლის მიხევით, გაფიცვა ან ლოკაუტი არ არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.

22. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია პირველი კასატორის პრეტენზია გაფიცვის ხანგრძლივობის თაობაზე, კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ გაფიცვა მხოლოდ 25.04.2013 წელს მიმდინარეობდა, შესაბამისად, 26.04.2013 წელს მოსარჩელეთა სამუშაოზე გამოუცხადებლობა ისეთ დისციპლინურ გადაცდომად უნდა შეფასებულიყო, რაც დასაქმებულების სამუშაოდან გათავისუფლებას იწვევს. საკასაციო პალატა კასატორის ამ მოსაზრებას არ იზიარებს, ვინაიდან მოსარჩელეებმა, 19.04.2013 წლის წერილით, მოპასუხეს აცნობეს 23.04.2013 წელს 12:00-დან 14:00 საათამდე გამაფრთხილებელი გაფიცვის მოწყობის შესახებ (სშკ-ის 49-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები), ხოლო, 24.04.2013 წლის წერილით კი, მოპასუხეს აცნობეს, რომ გაფიცვას იწყებდნენ 25.04.2013 წელს. მართალია, ხსენებულ წერილში გაფიცვის ხანგრძლივობა მითითებული არაა, მაგრამ, ჯერ ერთი, სშკ-ის 49.6 მუხლის მიხედვით, გაფიცვა 24 საათზე ნაკლები არ შეიძლება იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ 25.04.2013 წელს ბანკის სამუშაო საათებში დაწყებული გაფიცვა 26.04.2013 წელსაც გაგრძელდებოდა და, მეორეც, გაფიცვის 25.04.2013 წელს დაწყება არ ნიშნავდა მის დამთავრებას 24 საათში, ვინაიდან ზემოხსენებული ნორმის მიხედვით, გაფიცვა შეიძლება გაგრძელდეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

23. მეორე კასატორის/კასატორების საკასაციო საჩივარი სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში, როგორც აღინიშნა, დარჩა განუხილველად, შესაბამისად, საკასაციო პალატა ვეღარ იმსჯელებს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას იძულებითი განაცდურის ოდენობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ეს პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან, სშკ-ის 44-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, კასატორების ზიანი, მოცემულ შემთხვევაში, არის სწორედ ის ხელფასი, რომელიც მათ ვერ მიიღეს და რომელსაც მიიღებდნენ შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე რომ ემუშავათ დამსაქმებელთან. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კასატორების პრეტენზია გადაწყვეტილების აღსრულებამდე ზიანის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან ამ მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1276-1216-2014; ას-1238-1497-09).

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მეორე კასატორი/კასატორები გათავისუფლებული არიან საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო პირველ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000.00 ლარის, საგადახდო დავალება №..., გადახდის თარიღი - 24.08.2015 წელი) 70% – 5600.00 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღ.ლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „ს-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000.00 ლარის, საგადახდო დავალება №..., გადახდის თარიღი - 24.08.2015 წელი) 70% – 5600.00 ლარი;

3. ტ. ს-ის, მ. ბ-ის, მ. ზ-ის, ვ. რ-ის, თ. შ-ის, ლ. უ-ას, გ. ქ-იას, ი. კ-იას, გ. მ-ის, ა. უ-ის, გ. ჩ-ის, ჯ. მ-ის, ლ. მ-ის, ო. ჭ-ისა და დ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი