Facebook Twitter

№ა-1646-შ-38-2016 28 ივლისი, 2016 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შ. ჩ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ზ-აია

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ის ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. აშშ-ის ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით შ. ჩ-ესა და ა. ზ-აიას შორის შეწყდა ქორწინება.

2. 03.05.2016 წელს შ. ჩ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აშშ-ის ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 17 აპრილს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება აღსრულებულია აშშ-ის ტერიტორიაზე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 მაისის განჩინებით შ. ჩ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

5. შუმდგომლობა, თანდართული მასალებით, გაეგზავნა და 2016 წლის 16 ივნისს ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს - ა. ზ-აიას, რომელსაც რაიმე შუამდგომლობით ან განცხადებით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შ. ჩ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. დადგენილია, რომ აშშ-ის ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით შ. ჩ-ესა და ა. ზ-აიას შორის შეწყდა ქორწინება.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ზემოხსენებული მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, აშშ-ის ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ჩ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს აშშ-ის ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც შ. ჩ-ესა და ა. ზ-აიას შორის შეწყდა ქორწინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი