Facebook Twitter

28 ივლისი, 2016 წელი

№ა-1757-შ-43-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „კ-“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით:

1.1. შპს „კ-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა;

1.2. მოპასუხე შპს „კ.“-ს (საქართველო, ქ.თბილისი, რ.ჯ-ის 1-ლი შესახვევი ..., საიდენტიფიკაციო N...), შპს „კ-ს“ (61022, უკრაინა, ქ.ხ.ი, კ-აიას ქ.სახლი ...-ა, სახელმწიფო რეესტრი ...) სასარგებლოდ, დაეკისრა 24 342 აშშ დოლარისა (მიუწოდებელი საქონლის წინასწარი გადახდის თანხა) და 2 176.42 აშშ დოლარის (საარბიტრაჟო მოსაკრებლის ხარჯების ასანაზღაურებლად), სულ 26 518.42 აშშ დოლარის გადახდა.

2. 10.05.2016 წელს შპს „კ-ს“ წარმომადგენელმა შოთა ანდღულაძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს, ასევე, რომ შპს „კ.“-ს , შპს „კომპანია მიკოს“ სასარგებლოდ, დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 5 მარტს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინებით შპს „კ-ს“ შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

5. შუმდგომლობა, თანდართული მასალებით, გაეგზავნა და 2016 წლის 13 ივნისს ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს - შპს „კ.“-ს, რომელსაც რაიმე შუამდგომლობით ან განცხადებით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შპს „კ-ს“ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. დადგენილია, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხე შპს „კ.“-ს (საქართველო, ქ.თბილისი, რ.ჯ-ის 1-ლი შესახვევი 20, საიდენტიფიკაციო N...), შპს „კ-ს“ (61022, უკრაინა, ქ.ხ.ი, კ-აიას ქ.სახლი 99-ა, სახელმწიფო რეესტრი ...) სასარგებლოდ, დაეკისრა 24 342 აშშ დოლარისა (მიუწოდებელი საქონლის წინასწარი გადახდის თანხა) და 2 176.42 აშშ დოლარის (საარბიტრაჟო მოსაკრებლის ხარჯების ასანაზღაურებლად), სულ 26 518.42 აშშ დოლარის გადახდა.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად უნდა მიექცეს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

11. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „კ-ს“ შუამდგომლობაზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 150.00 ლარი. აქედან გამომდინარე – შპს „კ.“-ს, შპს „კ-ს“ სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150.00 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 53-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კ-ს“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე შპს „კ.“-ს (საქართველო, ქ.თბილისი, რ.ჯ-ის 1-ლი შესახვევი 20, საიდენტიფიკაციო N...), შპს „კ-ს“ (61022, უკრაინა, ქ.ხ.ი, კ-აიას ქ.სახლი 99-ა, სახელმწიფო რეესტრი ...) სასარგებლოდ, დაეკისრა 24 342 აშშ დოლარისა (მიუწოდებელი საქონლის წინასწარი გადახდის თანხა) და 2 176.42 აშშ დოლარის (საარბიტრაჟო მოსაკრებლის ხარჯების ასანაზღაურებლად), სულ 26 518.42 აშშ დოლარის გადახდა;

3. შპს „კ.“-ს, შპს „კ-ს“ სასარგებლოდ, დაეკისროს 150.00 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი