14 ივლისი, 2016 წელი საქმე №ას-163-153-2015 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორები (მოპასუხეები) – ი-ი, გ-ი
წარმომადგენელი - მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. ხ-ე
წარმომადგენელი - ი. დ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა თ. ხ-ემ (შემდეგში მოსარჩელემ) ი-ისა და გ-ის (შემდეგში მოპასუხეების) მიმართ და მოითხოვა:
1.1. 12.06.2012 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტა;
1.2. მოპასუხეებისათვის 33 000 აშშ დოლარის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა:
– შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის 2012 წლის 19 ივნისს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
– მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 33 000 აშშ დოლარის გადახდა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინებით:
– სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
– უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მოპასუხეების საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსს-კის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
7. 2016 წლის 14 ივლისს საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, მოითხოვეს მისი დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
8. წარმოდგენილი მორიგების აქტის მიხედვით:
8.1. მხარეები ადასტურებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.03.2014 წლის #2/6488-13 გადაწყვეტილებით შეწყდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმებული 2012 წლის 19 ივნისს ნოტარიუს ნ.ჯ-ის მიერ (რეესტრის #...) და ი-ს და გ-ს თ. ხ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 33000 (ოცდაცამეტი ათასი) აშშ დოლარის გადახდა, ასევე, 1630.13 ლარისა და 1655 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.12.2014 წლის #2ბ/2741-14 განჩინებით. აღნიშნული გადაწყვეტილება ი-ისა და გ-ის მიერ გასაჩივრებულია საკასაციო წესით;
8.2. მხარეები ადასტურებენ, რომ 06.03.2014 წლის გადაწყვეტილებით დაკისრებული 33000 აშშ დოლარიდან მოწინააღმდეგე მხარეს, თ. ხ-ეს მიღებული აქვს 28000 აშშ დოლარი. დარჩენილ თანხაზე, რომელიც მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 5700 აშშ დოლარით, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
- კასატორები ი-ი და გ-ი უარს ამბობენ საკასაციო საჩივარზე, ამავე დროს, იღებენ ვალდებულებას, რომ დარჩენილი 5700 აშშ დოლარს თ. ხ-ეს გადაუხდიან 2018 წლის 15 იანვრამდე. იმ შემთხვევაში, თუ ი-ი და გ-ი არ შეასრულებენ აღნიშნულ პირობას, მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების დამტკიცების შესახებ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებაზე გაიცემა სააღსრულებო ფურცელი და მიექცევა იძულებით აღსასრულებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
12. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
13. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები მორიგდნენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, შესაბამისად, კასატორებს სრულად უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3498.00 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-3, 49.(2)(4), 272.(დ), 273-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
1.1. მხარეები ადასტურებენ, რომ 06.03.2014 წლის გადაწყვეტილებით დაკისრებული 33000 აშშ დოლარიდან მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს), თ. ხ-ეს, მიღებული აქვს 28000 აშშ დოლარი. მხარეთა შეთანხმებით, დარჩენილი გადასახდელი თანხა შეადგენს 5700 აშშ დოლარს;
1.2. კასატორები ი-ი და გ-ი უარს ამბობენ საკასაციო საჩივარზე და იღებენ ვალდებულებას, რომ დარჩენილ 5700 აშშ დოლარს თ. ხ-ეს გადაუხდიან 2018 წლის 15 იანვრამდე. იმ შემთხვევაში, თუ ი-ი და გ-ი არ შეასრულებენ აღნიშნულ პირობას, მხარეები თანხმდებიან, რომ მორიგების დამტკიცების შესახებ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებაზე გაიცემა სააღსრულებო ფურცელი და მიექცევა იძულებით აღსასრულებლად.
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება;
3. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება;
4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
5. კასატორებს - ი-სა და გ-ს დაუბრუნდეთ მათ საკასაციო საჩივარზე ი. დ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (საგადახდო დავალება №..., გადახდის თარიღი - 02.03.2015) – 3498.00 ლარი;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი