Facebook Twitter

28 ივლისი, 2016 წელი

№ას-473-454-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი (მოსარჩელე) – სს თ. „ც-ა“

წარმომადგენელი - ა. ბ-ია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ფ-ი“

წარმომადგენელი - ნ. ნ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულების მოშლა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს თ. „ც-ამ“ (შემდეგში მოსარჩელემ ან კასატორმა) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „ფ-ის“ (შემდეგში მოპასუხის) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხესთან დადებული 11.09.2014 წლის ხელშეკრულების მოშლა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.07.2015 გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსს-კის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. 2016 წლის 11 ივლისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს მხარეებმა, რომლებმაც წარმოადგინეს მორიგების აქტი, მოითხოვეს მისი დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

8. წარმოდგენილი მორიგების აქტით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:

8.1. შპს „ფ-ი“ კისრულობს ვალდებულებას, რომ სს თ. „ც-ას“ ტერიტორიაზე არსებულ საკანალიზაციო ქსელზე დაერთებულ საკანალიზაციო მილს (რომელიც გამოდის შპს „ფ-ის“ სუპერმარკეტიდან), 2017 წლის 02 ივლისამდე, გადაიტანს სს თ. „ც-ას“ ტერიტორიიდან;

8.2. შპს „ფ-ი“ კისრულობს ვალდებულებას, რომ 2017 წლის 02 ივლისამდე უზრუნველყოფს მილის/საკანალიზაციო ქსელის გამართულ მუშაობას და, ასევე, აცხადებს, რომ მილის დაზიანების/დახშობის შემთხვევაში, თავისი ხარჯით, დაუყოვნებლივ შეაკეთებს მილს/საკანალიზაციო ქსელს. თუ დაზიანება/დახშობა მოხდება სს თ. „ც-ას“ ტერიტორიაზე, სს თ. „ც-ას“ ადმინისტრაცია ვალდებულია დაუშვას მის ტერიტორიაზე შპს „ფ-ის“ წარმომადგენლები ან სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქსელის შეკეთებას/გაწმენდას;

8.3. მხარეები თანხმდებიან, რომ, წინამდებარე აქტის ხელმოწერის მომენტიდან, 2014 წლის 11 სექტემბრის ხელშეკულება ჩაითვლება შეწყვეტილად;

8.4. მხარეები თანახმანი არიან, რომ გაუქმდეს აღნიშნულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 30.03.2016 წლის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 10.07.2015 წლის გადაწყვეტილება;

8.5. მხარეები აცხადებენ, რომ ერთმანეთთან სამართლებრივი პრეტენზია არ გააჩნიათ;

8.6. მხარეებისათვის ცნობილია მორიგების პირობები და მორიგების სამართლებრივი შედეგები;

8.7. მხარეები ამ აქტზე ხელმოწერით კისრულობენ ვალდებულებას, რომ არ დაარღვევენ წინამდებარე აქტის პირობებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

12. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

13. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები მორიგდნენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, შესაბამისად, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300.00 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-3, 49.(2)(4), 272.(დ), 273-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

1.1. შპს „ფ-ი“ კისრულობს ვალდებულებას, რომ სს თ. „ც-ას“ ტერიტორიაზე არსებულ საკანალიზაციო ქსელზე დაერთებულ საკანალიზაციო მილს (რომელიც გამოდის შპს „ფ-ის“ სუპერმარკეტიდან), 2017 წლის 02 ივლისამდე, გადაიტანს სს თ. „ც-ას“ ტერიტორიიდან;

1.2. შპს „ფ-ი“ კისრულობს ვალდებულებას, რომ 2017 წლის 02 ივლისამდე უზრუნველყოფს მილის/საკანალიზაციო ქსელის გამართულ მუშაობას და, ასევე, აცხადებს, რომ მილის დაზიანების/დახშობის შემთხვევაში, თავისი ხარჯით, დაუყოვნებლივ შეაკეთებს მილს/საკანალიზაციო ქსელს. თუ დაზიანება/დახშობა მოხდება სს თ. „ც-ას“ ტერიტორიაზე, სს თ. „ც-ას“ ადმინისტრაცია ვალდებულია დაუშვას მის ტერიტორიაზე შპს „ფ-ის“ წარმომადგენლები ან სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქსელის შეკეთებას/გაწმენდას;

1.3. მხარეები თანხმდებიან, რომ, წინამდებარე აქტის ხელმოწერის მომენტიდან, 2014 წლის 11 სექტემბრის ხელშეკულება ჩაითვლება შეწყვეტილად;

1.4. მხარეები აცხადებენ, რომ ერთმანეთთან სამართლებრივი პრეტენზია არ გააჩნიათ;

1.5. მხარეები ამ აქტზე ხელმოწერით კისრულობენ ვალდებულებას, რომ არ დაარღვევენ წინამდებარე აქტის პირობებს.

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.

3. მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება.

4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. სს თ. „ც-ას“ დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (საგადახდო დავალება №154, გადახდის თარიღი - 16.05.2016) – 300.00 ლარი;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი