24 აგვისტო, 2016 წელი
№ას-674-645-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს ,,უ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ქ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,უ-ის“ (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა; დ. ქ-ეს (შემდეგში მოპასუხე) მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2 306.45 ლარის გადხდა;
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება; სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩნება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება.
5. 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟჲს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წრმოდგენა.
9. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2016 წლის 1 აგვისტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელს დ. მ-ს (მინდობილობა, ს.ფ. 32), რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 2 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 8 აგვისტოს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2016 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „უ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე