საქმე №ას-345-330-2016 6 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – „სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს სადაზღვევო კომპანია „ა-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საპროცესო ვადის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს სადაზღვევო კომპანია „ა-ის“ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, ასევე შეგებებული სარჩელი შეიტანა შპს სადაზღვევო კომპანია „ა-მა“ სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხე შპს სადაზღვევო კომპანია „ა-მა“ სარჩელი არ ცნო, ხოლო სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა“ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს სადაზღვევო კომპანია „ა-ის“ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა“.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 იანვრის განჩინებით სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 201-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ მოწინააღმდეგე მხარეს უგზავნის სააპელაციო საჩივარსა და მასზე დართულ დოკუმენტებს და განუსაზღვრავს მას ვადას სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოსადგენად.
7. განსახილველ შემთხვევაში პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლო გზავნილი სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ კანცელარიას, კერძოდ, ზ. გ-ს ჩაბარდა 2015 წლის 17 ნოემბერს.
8. პალატამ არ გაიზიარა საპროცესო ვადის აღდგენის საფუძვლად განმცხადებლის მითითება იმ ფაქტზე, რომ სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისათვის“ 2015 წლის 17 ნოემბერს ჩაბარებული სასამართლო გზავნილი გასაცნობად აიღო სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის და იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსმა, რომელიც 2015 წლის 27 ნოემბერს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან არაკომპეტენტურობისა და საკუთარ მოვალეობებთან ზერელე დამოკიდებულების გამო. მის ადგილზე 2015 წლის 1 დეკემბერს დაინიშნა თ. შ. თუმცა მას საქმეები არ გადაბარებია.
9. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოცემულ დავაში მხარეს წარმოადგენს სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“, რომლის კანცელარიასაც ჩაბარდა გზავნილი. ამდენად, მას წარმოეშვა განჩინებით დადგენილ ვადაში სააპელაციო შესაგებლის წარდგენის ვალდებულება. პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ 2015 წლის 27 ნოემბერს სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის და იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსი ა. ქ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, არ წარმოადგენს შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობის ობიექტურ გარემოებას. სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს“ გზავნილი სასამართლოში უნდა წარედგინა არა უგვიანეს 2015 წლის 24 ნოემბრისა, რა პერიოდშიც ა. ქ-ე იყო სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ თანამშრომელი. გარდა ამისა, ვინაიდან აპელანტი იყო სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“, შესაგებლის წარმოდგენა ევალებოდა სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს“ და არა უშუალოდ ა. ქ-ეს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა აპელანტისათვის საპროცესო ვადის აღდგენის საფუძველი.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა“ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
12. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მართალია სასამართლოს გზავნილი სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს“ ჩაბარდა 2015 წლის 16 ნოემბერს, მაგრამ სააპელაციო შესაგებლის წარდგენაზე პასუხისმგებელი პირი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსი, ა. ქ-ე, რომელიც 2015 წლის 27 ნოემბერს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან არაკომპეტენტურობისა და საკუთარ მოვალეობებთან ზერელე დამოკიდებულების გამო. აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა სხვა პიროვნება, რომლისთვისაც საქმეთა გადაბარება არ მომხდარა, რამაც გამოიწვია სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის დარღვევა.
13. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლო უწყებით სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ სასამართლოში დაბარებულია მოსამზადებელ სხდომაზე, ხოლო გზავნილში მითითებულია, რომ ეგზავნება 2016 წლის 17 მარტს 15:00 საათზე დანიშნული მთავარი სხდომის უწყება და 2015 წლის 6 ნოემბრის განჩინება მთავარი სხდომის დანიშვნაზე. დოკუმენტები ერთ პერიოდშია შედგენილი. ეს ყველაფერი კი მეტყველებს სასამართლოს მიერ საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებაზე, რადგან მხარეს კიდეც რომ ჩაბარებოდა გზავნილი, მაინც არ ექნებოდა შესაძლებლობა სწორად აეთვალა ვადა - გაურკვეველია, რა ვადაში უნდა წარედგინა მას შესაგებელი.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
16. საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ კანცელარიას სააპელაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილი დოკუმენტები ჩაბარდა 2015 წლის 17 ნოემბერს. შესაბამისად, მისთვის სააპელაციო შესაგებლის წარდგენისათვის დაწესებული 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 18 ნოემბერს და ამოიწურა 2015 წლის 24 ნოემბერს, 24:00 საათზე. დადგენილია ასევე, რომ სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა“ გაუშვა სააპელაციო შესაგებლის წარსადგენად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა.
17. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევას, რასაც იმით ასაბუთებს, რომ სააპელაციო შესაგებლის წარდგენაზე პასუხისმგებელი პირი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსი, ა. ქ-ე, რომელიც 2015 წლის 27 ნოემბერს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან არაკომპეტენტურობისა და საკუთარ მოვალეობებთან ზერელე დამოკიდებულების გამო. აღნიშნულ თანამდებობაზე კი დაინიშნა სხვა პიროვნება, რომლისთვისაც საქმეთა გადაბარება არ მომხდარა, რის გამოც ვერ მოხერხდა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარდგენა.
18. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის ზემოხსენებულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
20. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება - ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება, ვერ იქნება მიჩნეული განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად, ვინაიდან სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ იურიდიული პირია, შესაბამისად, მან ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა (მოცემულ შემთხვევაში იურიდიული სამსახურის მუშაობა), რომ ამა თუ იმ თანამშრომლის მიერ თანამდებობის დატოვებამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისაგან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ თანამშრომლის მიერ სააპელაციო შესაგებლის დაგვიანებით წარდგენა გამოწვეული იქნებოდა ობიექტური (საპატიო) მიზეზებით, აღნიშნული თავისთავად არ გამორიცხავდა სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიერ საკუთარი უფლებების სხვა თანამშრომლის/უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით დაცვის შესაძლებლობას.
22. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსი, გ. ქ-ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა ორგანიზაციის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, 2015 წლის 27 ნოემბერს. შესაბამისად, სააპელაციო შესაგებლისათვის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დაწესებული ვადის ამოწურვისას, 2015 წლის 24 ნოემბერს, იგი ჯერ კიდევ ასრულებდა თავის მოვალეობას სამსახურში, რაც უსაფუძვლოს ხდის კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიას, რომ ორგანიზაციის უფლებამოსილი თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო მოხდა სააპელაციო შესაგებლის წარდგენისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევა.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობდა სააპელაციო შესაგებლის წარდგენისათვის სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის აღდგენის საფუძველი.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. თბილსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე