Facebook Twitter

საქმე №ას-387-371-2016 6 ივნისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. ბ-ის წარმომადგენელი კ. კ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევით წარმოშობილი დავალიანების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „თ-მა" სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ. გ-ასა და ვ. ბ-ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევით წარმოშობილი დავალიანების დაკისრების თაობაზე.

2. ხ. გ-ამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, ხოლო ვ. ბ-ემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სს „თ-ის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ხ. გ-ას და ვ. ბ-ეს სს ,,თ-ის“ სასარგებლოდ 2012 წლის 26 დეკემბრის №1880428-2252329 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ კრედიტის ძირითადი თანხა 11 010.76 (თერთმეტი ათას ათი ლარი და 76 თეთრი) ლარი; ხ. გ-ას და ვ. ბ-ეს სს ,,თ-ის“ სასარგებლოდ 2012 წლის 26 დეკემბრის №1880428-2252329 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ კრედიტის პროცენტი - 1 339.84 (ერთი ათას სამას ოცდაცხრამეტი ლარი და 84 თეთრი) ლარი; ხ. გ-ას და ვ. ბ-ეს სს ,,თ-ის“ სასარგებლოდ 2012 წლის 26 დეკემბრის №1880428-2252329 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარი; ხ. გ-ას და ვ. ბ-ეს სს ,,თ-ის” სასარგებლოდ 2012 წლის 26 დეკემბრის № 1880428-2252329 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ დაზღვევის დავალიანება 50.70 (ორმოცდაათი ლარი და 70 თეთრი) ლარი.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ-ემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის საოქმო განჩინებით ვ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 15 მარტს დანიშნული სასამართლო სხდომა, რომელსაც ესწრებოდა აპელანტი ვ. ბ-ე და მოწინააღმდეგე მხარის, სს „თ-ის’’ წარმომადგენელი, ბ. ბ-ე, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, მორიგების მიზნით გადაიდო 2016 წლის 29 მარტს, 10:00 საათზე. აღნიშნული სხდომის თაობაზე აპელანტს ეცნობა, რაც დასტურდებოდა მის მიერ ხელწერილზე დაფიქსირებული ხელმოწერით.

7. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე, 229-ე, 276-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, არსებობდა ვ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ. ბ-ის წარმომადგენელმა კ. კ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ არც თვითონ და არც მისი მარწმუნებელი, ვ. ბ-ე დანიშნული სხდომის თაობაზე ინფორმირებული არ იყვნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლო უწყება მათ არ ჩაბარებიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ბ-ის წარმომადგენლის, კ. კ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენებისა და ამ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

11. ვ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2016 წლის 15 მარტს, 16:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომას, რომელიც მხარეთა მორიგების მიზნით გადაიდო 2016 წლის 29 მარტს, 10:00 საათზე, ესწრებოდა როგორც აპელანტი, ვ. ბ-ე, ასევე მისი წარმომადგენელი, კ. კ-ა. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია საქმეში არსებული სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის სხდომის ოქმით (იხ. ტ. 2. ს.ფ. 38-42). ამასთან, სხდომის ოქმზე დართულია გაფრთხილების ხელწერილი მხარეებისათვის მომავალი სასამართლო სხდომის თარიღისა და სასამართლოში გამოუცხადებლობის შედეგების გაცნობის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს თავად აპელანტი, ვ. ბ-ე (იხ. ტ. 2, ს.ფ. 43).

12. დადგენილია ასევე, რომ 2016 წლის 29 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა არც აპელანტი, ვ. ბ-ე და არც მისი წარმომადგენელი, კ. კ-ა, ხოლო გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის (სს „თ-ის’’) წარმომადგენელმა, ბ. ბ-ემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. დასახელებული ნორმით გათვალისწინებულია აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი, თუმცა კანონის ამ სპეციალური დათქმის პარალელურად, საკითხის რეგულირებისათვის განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 299-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ხოლო 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია ასევე სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობა, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ განუხილველად დარჩეს სარჩელი.

15. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია როგორც აპელანტის ჯეროვანი ინფორმირების, ისე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობების არსებობა (აპელანტის გამოუცხადებლობა; მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა).

16. კერძო საჩივრის ავტორი მიღებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ სასამართლო სხდომის შესახებ უწყება არც მას და არც მის წარმომადგენელს არ ჩაბარებიათ.

17. მხარის ამ პრეტენზიის შესწავლის მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების (მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების) გაუქმების საფუძვლები და დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება (განჩინება) უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები; ე) მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. განსახილველ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ჩამოთვლილთაგან „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წინაპირობების არარსებობა, რაც შეეხება მხარის მითითებას, რომ მას სასამართლო უწყება არ ჩაბარებია, რის გამოც არ არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, პალატა განმარტავს, რომ, როგორც უკვე აღნიშნა, საქმეში წარმოდგენილია ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რასაც დაემყარა კიდევაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ხოლო საქმეში არსებული გაფრთხილების ხელწერილის გამაქარწყლებელი მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია, რისი წარდგენის ვალდებულებაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სწორედ მას ჰქონდა, მხოლოდ განმარტება, რომ აპელანტს და მის წარმომდგენელს უწყება არ ჩაბარებიათ, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ბ-ის წარმომადგენლის, კ. კ-ას კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ. ბ-ის წარმომადგენლის, კ. კ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. თბილსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 მარტის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე