საქმე№ა-1489-შ-35-2016 17 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ქ. ბ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ხ-ს მ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საბერძნეთის ქ. პაფოსის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საბერძნეთის ქ. პაფოსის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ქორწინება ქ. ბ-ძესა და ხ-ს მ. შორის გაუქმდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ქ. ბ-ძის წარმომადგენელმა ვ. ჯ-იამ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საბერძნეთის ქ. პაფოსის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის განჩინებით ქ. ბ-ძის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე ხ-ს მ. გაეგზავნა 2016 წლის 25 მაისს და ჩაბარდა 2016 წლის 3 ივნისს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ქ. ბ-ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, საბერძნეთის ქ. პაფოსის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საბერძნეთის ქ. პაფოსის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ქორწინება ქ. ბ-ძესა და ხ-ს მ. შორის გაუქმდა.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საბერძნეთის ქ. პაფოსის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, საბერძნეთის ქ. პაფოსის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ქ. ბ-ძის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის ქ. პაფოსის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის ქ. პაფოსის საოჯახო სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ქორწინება ქ. ბ-ძესა და ხ-ს მ. შორის გაუქმდა; უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე