№ ას-132-128-2016 8 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სს ,,თ-ი’’ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი. ჭ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სასესხო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს ,,თ-მა’’ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ჭ-ის მიმართ სასესხო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
2. 2012 წლის 10 მარტს მოსარჩელესა და ი. ჭ-ეს შორის დაიდო განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხის სახელზე გაიცა კრედიტი 750 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებლის, 42%-ის დარიცხვით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი კალენდარული თვის 10 რიცხვში. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენდა ათვისებულ თანხას და მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, განაწილებულს 10 თვეზე. ხელშეკრულების 2.1.17 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის 20 ლარი ერთჯერადად და დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. მოსარჩელის განმარტებით, ი. ჭ-ის მიერ დაირღვა განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მისმა დავალიანებამ სს ,,თ-ის’’ წინაშე 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით შეადგინა 3 033,18 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხა იყო - 741 ლარი, პროცენტი - 949,83 ლარი და ჯარიმა - 1342,35 ლარი.
4. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო მხოლოდ ძირითადი თანხისა და პროცენტის - და არა პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში. მას არ უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოსა და პროცენტის გადახდა, ვინაიდან სს ,,თ-ისათვის“ კანონით მინიჭებული სასამართლოსთვის მიმართვის სამწლიანი ვადის მიუხედავად, მოსარჩელე მხარეს, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის შემდეგ შეეძლო დროულად გამოეყენებინა ზემოხსენებული უფლება და სასამართლოს მეშვეობით მოეთხოვა თანხის გადახდევინება, თუმცა მან აღნიშნული უფლება არ გამოიყენა მანამ, სანამ არ მოხდა დიდი ოდენობით პირგასამტეხლოსა და პროცენტის დაგროვება, რაც ზემოხსენებული უფლების ბოროტად გამოყენებას წარმოადგენდა. ამასთან, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი, ვინაიდან სასამართლო პრაქტიკის თანახმად, პირგასამტეხლო შეიძლება განისაზღვროს 0,05%-ის ოდენობით, მოცემულ შემთხვევაში კი, განსაზღვრულია 0,5%-ით.
5. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. ჭ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სს ,,თ-ის’’ სარჩელი ი. ჭ-ის მიმართ დავალიანების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
6. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სს ,,თ-მა’’ წარადგინა საჩივარი, რაც ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
7. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 სექტემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს ,,თ-მა’’.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სს ,,თ-ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2015 წლის 2 სექტემბრის განჩინება.
9. პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10. ფოთის საქალაქო სასამართლოს განჩინებით სს „თ-ის“ სარჩელზე მოპასუხე ი. ჭ-ის მიმართ სასესხო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2015 წლის 22 ივლისს, 11:30 საათზე, რის შესახებაც მოსარჩელეს ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, საფოსტო გზავნილის თანახმად, სხდომის შესახებ უწყება მოსარჩელის წარმომადგენელს ჩაბარდა 2015 წლის 16 ივლისს, 13:11 საათზე, თუმცა ის სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.
11. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე, 241-ე, 233-ე, 102-103-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სს „თ-ის“ წარმომადგენელს ფოთის საქალაქო სასამართლოსათვის არ მიუთითებია, კონკრეტულად რა გახდა სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის მიზეზი და არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. აპელანტის მითითება მგზავრობისას გამოვლენილი პრობლემების თაობაზე, სასამართლომ ზოგადი ხასიათის მსჯელობად მიიჩნია და განმარტა, რომ იგი არ შეიცავდა კონკრეტული ფაქტის, ვითარების აღწერას, რაც შეიძლებოდა მიჩნეულიყო ობიექტურ და დაუძლეველ გარემოებად და შეფასებულიყო სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლელობას, შესაბამისად არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს ,,თ-მა’’ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გაანჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:
15. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექის 233-ე და 241-ე მუხლები, რადგან მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. კასატორმა აღნიშნა, რომ სატრანსპორტო მგზავრობის გამო ხელი შეეშალა პროცესზე დროულად გამოცხადებაში, ხოლო მოსარჩელის სხვა წარმომადგენელი აღნიშნული პროცესის შესახებ არ იყო ინფორმირებული, ამასთან, მას სხვა პროცესში უნდა მიეღო მონაწილეობა, რის გამოც ვერ მოახერხებდა სხდომაზე დასწრებას.
16. კასატორის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის პროცესზე გამოუცხადებლობა არ ნიშნავდა იმას, რომ მან საქმისადმი ინტერესი დაკარგა, რადგან მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით და ამის შესახებ არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სს ,,თ-ის’’ წარმომადგენელს ფოთის საქალაქო სასამართლოსათვის არ მიუთითებია კონკრეტულად რა გახდა სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის მიზეზი და არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. თუმცა, კასატორის აზრით, მოცემულ შემთხვევაში, შეუძლებელი იყო მტკიცებულების წარმოდგენა, ვინაიდან მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სატრანსპორტო საშუალების გამო მგზავრობის შეფერხების მიზეზით. მართალია, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარი სანქციაა იმ მხარის მიმართ, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე, თუმცა აუცილებელი იყო საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასება, რომელიც აღნიშნულ შემთხვევაში არ ქმნიდა სამართლებრივ წინაპირობებს და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძველს.
18. კასატორის განცხადებით, გარდა იმისა, რომ მისი მხრიდან საპატიო მიზეზის გამო ვერ მოხდა სასამართლოს გაფრთხილება სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ, რაც სრულიად საკმარისი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაუქმებლად, მოცემული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს წაერთვა უფლება ხელშეკრულებით დარღვეულ ვალდებულებაზე დაეცვა მისივე ინტერესები.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,თ-მა’’ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 დეკემბრის განჩინების გაუქმება, რომლითაც ძალაში დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2015 წლის 2 სექტემბრის განჩინება.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 მარტის განჩინებით სს ,,თ-ის’’ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
24. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
25. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოსარჩელე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე აცნობა სასამართლოს. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.
26. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 229-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოსარჩელისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოსარჩელის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
27. მოცემულ შემთხვევაში სადავოა, მოსარჩელის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება, ჩაითვალოს საპატიოდ.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
29. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა რაიმე ობიექტური გარემოების გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად.
30. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და კასატორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 22 ივლისს დანიშნული სხდომის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის. იგი დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მგზავრობისას შეექმნა პრობლემები, რამაც ხელი შეუშალა დროულად გამოცხადებულიყო სასამართლოში, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია.
31. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის შესახებ, რომ მხარის მხოლოდ ზეპირი მითითება სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზის თაობაზე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, რადგან მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, შესაბამისად, მისი განმარტება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებებით გამყარებული არ არის.
32. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „თ-ის’’ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ სს „თ-ის’’ (ს/კ: .....) დაუბრუნდეს შპს „ტ-ს’’ (ს/კ: .....) მიერ 2016 წლის 29 თებერვალს №1456729010 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე