Facebook Twitter

№ ას-137-133-2016 9 ივნისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ვ. ა-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ვ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. გ-ის მიმართ სასესხო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე და მოითხოვა მოპასუხისათვის 4 500 ლარისა და 2000 აშშ დოლარის დაკისრება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

2. მოსარჩელის განცხადებით, მან მ. გ-ს ასესხა 4 500 ლარი და 2000 აშშ დოლარი 2012 წლის პირველ დეკემბრამდე, თუმცა მოპასუხეს მისთვის აღნიშნული თანხა არ დაუბრუნებია. ამასთან, მ. გ-ი ვალად აღიარებდა მხოლოდ 3 500 აშშ დოლარს. ამრიგად, ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია შეთანხმების პირობები და არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, ეს გახდა სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის საფუძველი.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან არასდროს ყოფილა სახელშეკრულებო ურთიერთობაში, მის მიერ წარმოდგენილი ხელწერილი ვალის აღიარების შესახებ ყალბია და სიმართლეს არ შეეფერება. მოსარჩელეს აღნიშნული სესხის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი საბუთი არ გააჩნია.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის პირველ ოქტომბერს №2-1011-14 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ა-მა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ვ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ვ. ა-სა და მ. გ-ს შორის სასესხო ურთიერთობის ან/და ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობისა და მოთხოვნილ თანხაზე მოპასუხის ვალდებულების არსებობა. ამასთან, არ დამტკიცებულა 2004 წლის 15 აგვისტოს გარდაცვლილ გ. გ-სა (რომელიც წარმოადგენდა მოპასუხის მეუღლეს) და ვ. ა-ს შორის სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი.

8. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ა-მა ვალის აღიარებისა და ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად მიუთითა ხელწერილზე, თუმცა თავადაც ვერ მიუთითა მისი წარმომავლობაზე. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, იგი წერილობითი სახით გადასცა მოპასუხემ, რომელსაც, აღნიშნული ხელწერილი მისი თანდასწრებით არ დაუწერია და ზუსტად არ იცის, როდის და ვის მიერ მოხდა მისი დაწერა. ვ. ა-ის განმარტებით, მისთვის უცნობია, ხელწერილი მოპასუხეს ეკუთვნის თუ სხვა პირს. თავის მხრივ, მ. გ-მა უარყო ზემოთ მითითებული გარემოებები.

9. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ვერ დადგინდა საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის წარმომავლობა, არ დასტურდებოდა აპელანტის მოთხოვნის საფუძვლიანობა.

10. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 127-ე, 316-ე, 317-ე მუხლებით და განმარტა, რომ მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით და რომელსაც სადავოდ ხდის მეორე მხარე, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევას. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობაზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ვერ დადასტურდა მოსარჩელე ვ. ა-სა და მოპასუხე მ. გ-ს შორის სასესხო ან/და ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობისა და მოთხოვნილ თანხაზე მ. გუგენაშვილის ვალდებულების არსებობა. საქმის მასალებით არ დადგენილა მოპასუხის მეუღლეს, გ. გ-სა და ვ. ა-ს შორის სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტიც.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო მართებული და არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ. ა-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

13. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მის მიერ წარმოდგენილ ვალის აღიარების ხელწერილზე და არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესი, რომლის შესაბამისად, მას უფლება ჰქონდა ზეპირი ფორმითაც გაესესხებინა თანხა.

14. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოდის, რომ ვ. ა-მა სესხის ნაცვლად ჩუქების ხელშეკრულება დადო მოპასუხესთან, რაც არასწორია. კასატორის განცხადებით, თავად მ. გ-მა ზეპირად არაერთხელ აღიარა ვალის არსებობა და ბოლოს წერილობითი ფორმითაც გასცა იგი, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს გარემოება.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის განჩინებით ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, სადაც განმარტებულია სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების, როგორც დაუმოუკიდებელ ხელშეკრულებად მიჩნევის წესი და პირობები (იხ. სუს 2013 წლის 11 ნოემბრის #ას-1485-1401-2012 განჩინება, 2015 წლის 19 თებერვლის #ას-1227-1168-2014 განჩინება, 2013 წლის 8 ნოემბრის #ას-392-371-2013 განჩინება).

21. ერთ-ერთ საქმეში უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან და მისი მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ვალის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ხდება ნების გამოვლენა, ან თუ მხარეები არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან მის ფარგლებში მოქმედებენ.

22. ვინაიდან ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. ამასთან, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე... არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. პალატის მოსაზრებით, არსებითად უნდა ჩაითვალოს ისეთი პირობები, როგორიცაა: მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, ფასი, შესრულების ვადა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანმხდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე“ (იხ. სუს 2013 წლის 11 ნოემბრის #ას-1485-1401-2012 განჩინება).

23. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს არსებულ პრაქტიკას და ზემოთ მოცემულ განმარტებებს. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი; კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე