№ ას-170-165-2016 14 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ქ-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ქ-ის“ მიმართ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
2. 2013 წლის 30 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო №911 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინიტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებაზე. ხელშეკრულების 15.1 მუხლით მხარეებმა მომსახურების არაჯეროვნად ან უხარისხოდ შესრულებისათვის გაითვალისწინეს 10 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს შემსრულებლისათვის დაკისრება.
3. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, არ დაიცვა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და პროდუქციის ეტიკეტირების წესები, რაც დასტურდება 10.01.2014 წ №4, 06.03.2014 წ №51, 27.03.2015 წ №63, 10.04.2015 წ. №71, 14.05.2014 წ. №95 და 26.06.2015 წ. №122 აქტებით. თითოეული აქტის საფუძველზე მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო 10 000 ლარის, საერთო ჯამში კი 60 000 ლარის ოდენობით, რაც მას არ გადაუხდია.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, სარჩელთან ერთად წარმოდგენილ ყველა აქტში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ კერძების საგემოვნო მაჩვენებლები ნორმას შეესაბამებოდა. მითითებულია, რომ დაირღვა პროდუქციის ეტიკეტირების წესები, რაც გამოიხატა პროდუქციის დასახელების სტეპლერით მიმაგრებაში. მოპასუხის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი პროდუქციის უხარისხობაზე არ მიუთითებდა. მოსარჩელემ ასევე დარღვევად შეაფასა სამზარეულო ტექნიკის ნაკლებობა და ფუნქციონირების ხარვეზები, თუმცა ხელშეკრულების შესაბამისად, ტექნიკით მომარაგება სამინისტროს ვალდებულება იყო. ამასთან, მოპასუხეს არ ევალებოდა სასადილოსა და სამზარეულოში სადეზინფექციო სამუშაოების შესრულება.
5. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „ქ-ას“ დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 6000 ლარის გადახდა. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა თითოეული აქტის საფუძველზე პირგასამტეხლოს 10 000 ლარით განსაზღვრის შესახებ.
6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.
8. პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ქ-ას“ შორის, 2013 წლის 30 დეკემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება N911. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროსა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურება, კერძების გაზრდილი რაოდენობითა და საკვების მრავალფეროვნებით, რაც გულისხმობდა რამდენიმე სახეობის კერძის შეუზღუდავი რაოდენობით მიწოდებას დღეში სამჯერ, საკუთარი კვების პროდუქტებითა და მომსახურე პერსონალით, მათ შორის საველე პირობებშიც.
10. საქმეში წარმოდგენილი 10.01.2014წ. N4; 06.03.2014წ. N51; 27.03.2015წ. N63; 10.04.2015წ. N71; 14.05.2014წ. N95 და 26.06.2015წ. N122 აქტებით პალატამ დაადგინა, რომ 2014 წლის 10 იანვრის N4 აქტის (შემოწმებულია N10145 სამხედრო ნაწილი) თანახმად, საწყობის შემოწმებისას დაფიქსირდა შემდეგი: ლობიოს (3 ტომარა 25 კგ-იანი) ტომრებზე მარკირება მიმაგრებული იყო სტეპლერით, ხოლო ხუთ მუყაოს ყუთში, რომელზეც აღინიშნებოდა „რ-ა’’ ეტიკეტი მიწებებული აღმოჩნდა მითითებით - ვაშლის ჯემი, დამზადებულია საქართველოში, შპს „გ-ა’’, მოთავსებულია 16 კგ ვაშლის ჯემი. ამასთან, სასადილო დარბაზი იყო პატარა და გათვლილი მხოლოდ 160 სამხედრო მოსამსახურეზე, ხოლო სადილზე მათი რაოდენობა აღწევდა 450; სასადილოში არ მუშაობდა გაცემის ცხელი ხაზი, რის გამოც კვების პროცესის დამთავრებამდე ცხელი კერძები ცივდებოდა; სასადილოს სამზარეულოში, სამრეცხაოში, ხორცის, თევზისა და ბოსტნეულის დამამუშავებელ ოთახებში არ იყო სავენტილაციო სისტემა; მოწესრიგებას საჭიროებდა ელექტროგაყვანილობა; სამზარეულოსა და პროდუქტების დასამუშავებელ ოთახებში არ განთავსებულა საკმარისი რაოდენობის სანათები; სასადილოს ესაჭიროებოდა საყინულე და კარადა-მაცივრები; საყინულე-მაცივრის უქონლობის გამო პროდუქტები ინახებოდა -60 გრადუსზე კონტეინერ-მაცივარში; სამზარეულოში მწყობრიდან იყო გამოსული ელექტროსახარში ქვაბები, 1 ახალი ქვაბი კი საჭიროებდა დამონტაჟებას. კერძები მზადდებოდა ორ გაზქურაზე; სამრეცხაოში დამონტაჟებული ორი ონკანიდან არ მუშაობდა არცერთი; ინვენტარი ირეცხებოდა ხელით, წყლის ქვაბებში გაცხელებითა და სათლებით მისი გატანის მეშვეობით.
11. 2014 წლის 6 მარტს N51 აქტის (შემოწმებულია სამხედრო ნაწილი N10145) თანახმად, სასადილოს მომსახურე პერსონალს სამუშაო პროცესში არ ეცვა სპეციალური ტანსაცმელი; საწყობში მომრავლებული იყო ტარაკნები, ხოლო ჩაის ტომარაზე ეტიკეტი წებოვანი ლენტით იყო დამგრებული. ე.წ. ვაშლის ჯემი პოლიეთილენის პარკით მოთავსდა მუყაოს ყუთებში (სულ 8 ყუთი 16 კგ-იანი); ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია (დამზადეულია საქართველოში შპს „გ-ა“, ვაშლის ჯემი) არ შეესაბამებოდა მუყაოს ყუთზე მითითებულ ინფორმაციას (რ-ა); ყუთები იყო მეორადი; ხორცეული, თევზი, ძეხვი ინახებოდა ერთადერთ კონტეინერ-მაცივარში; რძის ნაწარმის და მზა კერძების სინჯები კი ერთად კარადა-მაცივარში 00-ზე; სასადილოს არ გააჩნდა პროდუქტების შესანახი მაცივრები; ესაჭიროებოდა სხვადასხვა სახის ინვენტარი: წვენის ჩამოსასხმელი აპარატი, დიდი და პატარა ზომის ქვაბები, სამარილეები, საპურეები, სასწორები, თერმომეტრები მაცივრებისთვის; ჭურჭლის მანქანის მწყობრიდან გამოსვლის გამო, ჭურჭელი ირეცხებოდა ხელით; სასადილო დარბაზში, სამზარეულოსა და საწყობში არ არსებობდა სავენტილაციო სისტემა, სასადილო საჭიროებდა დეზინფექციას.
12. 2014 წლის 27 მარტის N63 აქტის (შემოწმებულია N15818 სამხედრო ნაწილი) თანახმად, საწყობში დაფიქსირდა 6 ყუთი ჯემი, რომლის მარკირებაზე მითითებული ინფორმაცია (დამამზადებლის, შენახვის ვადის, ვარგისიანობის, შემადგენლობის, დასახელების და ა.შ) არ შეესაბამებოდა მუყაოს ყუთებზე მითითებულ ინფორმაციას; სასადილოს შენობა იყო ძველი, სარემონტო, სასადილო დარბაზის, სამრეცხაოს, სამზარეულოს და საწყობის ფართი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით ვერ უზრუნველყოფდა მომსახურებას; მაცივრების არასაკმარისი რაოდენობის გამო თევზი, ქათმის და საქონლის ხორცი ინახებოდა ერთად; სამრეცხაო და სამზარეულო განთავსებული იყო ერთ ფართში; რეცხვა ხდებოდა ხელით, რისი მიზნითაც, ცხელი წყალი გადაჰქონდათ სათლით.
13. 2014 წლის 10 აპრილის N71 აქტის (შემოწმებულია N10145 სამხედრო ნაწილი) თანახმად, სასადილოს მომსახურე პერსონალს კერძების მომზადებისა და საკვების გაცემის პროცესში არ ეცვა, არ გააჩნდა, სპეცტანსაცმელი; სასადილოს შენობაში დაფიქსირდა ტარაკნები, დეზინფექცია ჩატარდა 12 მარტს; საწყობში დაფიქსირდა 1 ყუთი 20 კგ-იანი კარაქი, რომელიც მოთავსებული იყო მეორად ყუთში. ყუთზე მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას; იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა; სასადილოსა და საწყობში არ არსებობდა სავენტილაციო სისტემა; სინჯები და რძის პროდუქტები ინახებოდა ერთად იმის გამო, რომ ორი მაცივარი იყო შესაკეთებელი; სასადილოს ესაჭიროებოდა ჩაისა და წვენების აპარატები, ქვაბები, სხვადასხვა ზომის სამარილეები, ჭურჭლის სარეცხი მანქანის მწყობრიდან გამოსვლის გამო, ჭურჭელი ირეცხებოდა ხელით.
14. 2014 წლის 14 მაისის N95 აქტის (შემოწმებულია N10145 სამხედრო ნაწილი) მიხედვით, სასადილოს მომსახურე პერსონალს არ ეცვა სპეცტანსაცმელი; მათ მიერ პერსონალის სანიტარული წიგნაკების წარმოდგენა ვერ მოხერხდა; სასადილოს ჰქონდა სამი კარადა და ამდენივე საყინულე მაცივარი, რაც არ იყო საკმარისი. ამასთან, საყინულე მაცივრებში ტემპერატურა განისაზღვრა -7-90 -ით, მხოლოდ კარაქის შესანახ საყინულე მაცივარში აღწევდა -180 გრადუსს; მაცივარში სადაც ინახებოდა ჯემი, დარღვეული იყო ჰერმეტულობა (კარი არ იხურებოდა); არ მუშაობდა ტემპერატურის მაჩვენებელი; ღორის ხორცი, ქათმის ბარკალი და თევზი ინახებოდა ერთად -70- ზე, ხოლო სინჯები და რძის ნაწარმთან ერთად საქონლის ხორცი, რომელიც ინახებოდა მაცივარში, იყო ნახევრად გამლღვალი; სასადილოს ესაჭიროებოდა 20-დან 100 ლიტრამდე ქვაბები, გაცემის ხაზის კონტეინერები, ხორცის და თევზის დასამუშავებელი დაფები.
15. 2014 წლის 26 ივნისის, მცხეთაში დისლოცირებული პირველი ქვეითი ბრიგადის სასადილოს და სასადილოს საწყობის შემოწმების შესახებ N122 აქტის თანახმად, სასადილოს პერსონალს არ ეცვა სპეციალური სანიტარული ტანსაცმელი; მომრავლებული იყო ბუზები; სასადილოს ესაჭიროებოდა სხვადასხვა ზომის ქვაბები და სამარილეები; საწყობში ვენტილაცია ხდებოდა ბუნებრივი გზით, ხოლო სასადილოში არ ფუნქციონირებდა გამწოვი სისტემა; საწყობში 50-ზე ერთად ინახებოდა ძეხვი, სოსისი, ქათმის ხორცი და თევზი, საყინულე კონტეინერ-მაცივრებში ტემპერატურა არ აღემატებოდა -70-სს.
16. ზემოაღნიშნული აქტების შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ კვებითი მომსახურების დროს დაირღვა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, გადაცემული სასადილო ტექნიკის შეკეთების ვალდებულება, სამზარეულოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალური საშუალებების შეძენის ვალდებულება, რაც, ხელშეკრულების მიხედვით ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას. თუმცა, სასამართლოს მითითებით, აღწერილი გარემოებები, მათი ხასიათისა და მნიშვნელობის გამო, არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ვალდებულების უხეშ დარღვევად, რადგან მოთხოვნის საფუძვლად არსებული წერილობითი აქტებით დადასტურდა, რომ ამ დარღვევებს გავლენა არ მოუხდენია ხელშეკრულების მთავარი პირობისა და მიზნის შესრულებაზე და მცხეთის რაიონის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ნაწილებში სამხედრო მოსამსახურეთათვის მომზადებული კერძები აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნორმასა და ხარისხს.
17. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე; 417-ე; 418-ე და 420-ე მუხლებით და განმარტა, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.
18. სასამართლოს აზრით, პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ აპელანტის მიერ წარმოდგენილი პრეტენზია და გარემოებები საჭიროებდა შეფასების გაკეთებას და მხოლოდ იმის მითითება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო არ იყო დასაბუთებული და მისი ოდენობა უნდა გაზრდილიყო სარჩელით მოთხოვნილ ოდენობამდე, არ იყო საკმარისი ამ გარემოების გასაზიარებლად.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდის შესახებ, დაუსაბუთებელი იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
21. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მოპასუხეზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 60 000 ლარის ნაცვლად 6000 ლარის დაკისრების ნაწილში, მაშინ როდესაც, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოების მიერ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი.
22. საკასაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ 2013 წლის 30 დეკემბრის №911 ხელშეკრულების დადების დროს სწორედ მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში მოხდა პირგასამტეხლოსა და მის ოდენობაზე შეთანხმება, ხოლო პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის მითითებიდან გამომდინარე, არ მომხდარა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა, რაც შეიძლებოდა გამხადარიყო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.
23. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით, სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი გამოეყენებინა სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლება და შეემცირებინა პირგასამტეხლო.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
25. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
28. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
29. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას 60 000 ლარიდან 6000 ლარამდე.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
31. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
32. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
34. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; სუს 2014 წლის 10 აპრილის Nას-23-23-2014 განჩინება; სუს 2013 წლის 20 მაისის Nას-1432-1351-2012 განჩინება).
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე