ბს-982-568(კ-05) 9 თებერვალი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმება, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.04წ. ¹3625-პ ბრძანებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დ. ლ-ე – ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის ......... განყოფილების (აუდიტი) უფროსი ინსპექტორი, რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო 01.10.04წ. გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.
დ. ლ-ემ 27.10.04წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.04წ. ¹3625-პ ბრძანების ბათილად ცნობა, თბილისის საგადასახადო ინსპექციაში ტოლფას თანამდებობაზე დაუყოვნებელი აღდგენა და იძულებითი განაცდურის (ხელფასი, პრემია) ანაზღაურება 2004წ. 1 ოქტომბრიდან უკანონოდ გათავისუფლების მთელ პერიოდში.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მუშაობდა ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის ........ განყოფილების (აუდიტი) უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. «ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიებისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ» ფინანსთა მინისტრის 23.08.04წ. ¹550 ბრძანების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებში განხორციელდა რეორგანიზაცია, ხოლო «ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ» ფინანსთა მინისტრის 10.09.04წ. ¹586 ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა საშტატო რიცხოვნობის შემცირება. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 01.10.04წ. ¹3625-პ ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი სამასახურიდან გათავისუფლებისას უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ», ვინაიდან იგი არის საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლის მონაწილე. სამსახურის ადმინისტრაციამ ასევე არ გაითვალისწინა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის «ა» «ბ» და «გ» ქვეპუნქტების იმპერატიული მოთხოვნები სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების თაობაზე. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს და მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას დასახელებული კანონის ნორმები, რომელთა მიხედვით რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, ხოლო თუ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. ის განყოფილება და თანამდებობა, რომელზედაც მოსარჩელე გათავისუფლებამდე მუშაობდა, შენარჩუნებულია რეორგანიზაციის შემდგომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის სტრუქტურაშიც. ვინაიდან საგადასახადო დეპარტამენტის მხრიდან სხვა თანამდებობის შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია, საგადასახადო დეპარტამენტი არ იყო უფლებამოსილი მოსარჩელე გაეთავისუფლებინა სამსახურიდან. სამსახურის ადმინისტრაციის მიერ ასევე იგნორირებული იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ დაწესებულების ხელმძღვანელი შტატების შემცირებისას უფლებამოსილია გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები, რომელიც მოსარჩელეს გავლილი აქვს 2004წ. მაისის თვეში და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნის შესაბამისად მისი საქმიანობა შეფასებულია დაკავებული თანამდებობის შესაფერისად. მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის «ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ» მე-7 მუხლით აღიარებული უფლება იმის შესახებ, რომ «მოქალაქეს ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები».
მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა არ ცნო დ. ლ-ის სასარჩელო განცხადება და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 16.02.05წ. გადაწყვეტილებით დ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 01.10.04წ. ¹3625-პ ბრძანება აღიარებულ იქნა არაკანონიერად და გაუქმდა მისი შედეგით, მოსარჩელე დ. ლ-ე აღდგენილ იქნა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო ინსპექტორის ტოლფას თანამდებობაზე და მასვე აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასისა და დანამატების ჩათვლით, სარჩელის მოთხოვნას დაუყოვნებლივ აღდგენის მიქცევის ნაწილში ეთქვა უარი. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. ლ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც მას უარი ეთქვა სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენაზე. აპელანტმა მოითხოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 16.02.05წ. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა აგრეთვე მოპასუხის მიერ. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა თავისი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 16.02.05წ. გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 25.04.05წ. განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 16.02.05წ. გადაწყვეტილება დ. ლ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 01.10.04წ. ¹3625-პ ბრძანების არაკანონიერად აღიარებისა და მისი სამუშაოზე აღდგენის ნაწილში. დ. ლ-ის წარმომადგენლის მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 16.02.05წ. გადაწყვეტილება მოსარჩელე დ. ლ-ის თბილისის საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო ინსპექტორის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში მიქცეული იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, დ. ლ-ის სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენის ნაწილში არის იურიდიულად დაუსაბუთებელი და მოსარჩელის სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილება გადაცემული უნდა იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 268-ე მუხლით განსაზღვრულია იმ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალი, რომლებიც მხარის თხოვნით შესაძლებელია სასამართლომ გადასცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნულ ჩამონათვალში შედის გადაწყვეტილება უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ. გარდა ამისა, კანონის «საჯარო სამსახურის შესახებ» 127.2 მუხლის მოთხოვნით, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას. ის გარემოება, რომ რაიონულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ სადავო ბრძანება აღიარა არაკანონიერად და დაადგინა მისი სამუშაოზე აღდგენა, ქმნის სამართლებრივ საფუძველს იმისათვის, რომ გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენის ნაწილში გადაცემული იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ზემოთ დასახელებული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე დ. ლ-ე გათავისუფლებამდე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის ........... განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე, საიდანაც დათხოვნილი იქნა საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.04წ. ¹3625-პ ბრძანებით, რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების საფუძვლით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 97-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით. «ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიებისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ» ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 აგვისტოს ¹550 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საგადასახადო ორგანოების რეორგანიზაცია, ფინანსთა მინისტრის 10.09.04წ. ¹586 ბრძანებით «ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ» განისაზღვრა საგადასახადო ორგანოების სტრუქტურა და საშტატო განრიგი. საქმეში არსებული საშტატო განრიგის მიხედვით რეორგანიზაციამდე თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის ........ განყოფილებაში იყო 111 საშტატო ერთეული. ამასთან, აღნიშნული განყოფილების ფუნქციები განსაზღვრული იყო ფინანსთა მინისტრის 03.05.04წ. ¹299 ბრძანებით, ამ ბრძანების მე-2 მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად მის სამოქმედო ტერიტორიად და უფლებამოსილებად განსაზღვრული იყო თბილისის დანარჩენი ზონალური საგადასახადო ინსპექციის .............. ჩატარება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს საგადასახადო ინსპექციაში არსებული .......... განყოფილების ბაზაზე შეიქმნა ანალოგიური ფუნქციების მატარებელი სამმართველო რეორგანიზებულ თბილისის საგადასახადო ინსპექციაში, 90 საშტატო ერთეულით.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მეორე პუნქტი, რომლის თანახმად, თუ რეოორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების შემთხვევაშიც მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა მისთვის სხვა თანამდებობის შეთავაზების გარეშე წარმოადგენდა კანონის მოთხოვნების დარღვევას. დავას არ იწვევს, რომ მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობა სამსახურის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული არ ყოფილა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ იგი რეალურად მოკლებული იყო შესაძლებლობას შეეთავაზებინა მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობა, ვინაიდან სათანადო დასაბუთება აღნიშნულის თაობაზე არ იქნა წარმოდგენილი. პირიქით საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის მიხედვით დადგენილია, რომ საგადასახადო ინსპექციის ......... სამმართველოში საშტატო თანამდებობებზე დაინიშნენ ახალი, ატესტაცია გაუვლელი მუშაკები მოვალეობის შემსრულებლებად. ამდენად სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის საგადასახადო ინსპექციაში რეალურად არსებობდა საშტატო განრიგით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობები, რომელთაგან შესაძლებელი იყო დ. ლ-თვის შეთავაზების მიცემა.
სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამსახურის ადმინისტრაციამ მოსარჩელის მიმართ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები სამუშაოზე უპირატესი დარჩენის უფლების თაობაზე, რომლის გამოყენებაც სასამართლომ სავალდებულოდ მიიჩნია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლის იმ მოთხოვნიდან გამომდინარე, რომ შრომის კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით. კერძოდ, სააპელაციო პალატის მოსაზრებით სამსახურის ადმინისტრაციამ შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნისას, არ გამოიკვლია და არ დაასაბუთა ის პირობები და გარემოებები, რომელიც მოსარჩელეს სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას (ან პირიქით) ანიჭებდა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულით მოსარჩელის მიმართ დარღვეულ იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-13 მუხლში მოცემული მოთხოვნა საქართველოს მოქალაქისათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის თაობაზე, მათი უნარის და პროფესიული მომზადების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ რაიონულმა სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზრაურების თაობაზე, ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 112-ე მუხლის მოთხოვნით სამასახურიდან უკანონოდ დათხოვნილ მოხელეს აუნაზღაურდება იძულებითი განაცდური ხელფასი, რომელიც ამავე კანონის 37.1 მუხლის მიხედვით მოიცავს: თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და სხვა დანამატებს.
ვინაიდან სადავო ბრძანება, თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შრომითი სამართლებრივი ხასიათის გარიგების შეწყვეტის თაობაზე გარიგებას,სკ-ის 54-ე მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, იგი ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული, რის გამოც ბათილია მისი სამართლებრივი შედეგიც, რაც იწვევს მოსარჩელის თავის უფლებებში აღდგენას.
ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 25.04.05წ. განჩინება, და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორმა მიუთითა, რომ ფინანსთა მინისტრის 23.08.04წ. ¹550 ბრძანებით საგადასახადო სისტემაში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით. ამავე ბრძანებით ფუნქციონირება შეწყვიტა ადრე მოქმედმა საგადასახადო სტრუქტურებმა და შეიქმნა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია. ქ. თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციაში არსებული ......... განყოფილების (სადაც მუშაობდა 111 სპეციალისტი) ბაზაზე შეიქმნა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ანალოგიური ფუნქციების მატარებელი სამმართველო ორი განყოფილებითა და 90 საშტატო ერთეულით. აღსანიშნავია, რომ კამერალური შემოწმების განყოფილება ახალი სტრუქტურაა შემოწმების სამმართველოში, ხოლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების განყოფილებაში დარჩა 48 საშტატო ერთეული, სადაც უფროსი ინსპექტორის მხოლოდ 13 შტატია გათვალისწინებული, ე. ი. ადგილი ჰქონდა შტატების მნიშვნელოვან შემცირებას და მათ შორის შემცირდა დ. ლ-ის მიერ ადრე დაკავებული თანამდებობა. კასატორის აზრით სასამართლომ იგნორირება გაუკეთა იმ ფაქტს, რომ რეორგანიზაცია მოხდა შტატების შემცირების გზით, რასაც ითვალისწინებდა მინისტრის ბრძანება. კასატორი არ ეთანხმება აგრეთვე სააპელაციო პალატის მოტივაციას დ. ლ-თვის სხვა თანამდებობის შეთავაზების ნაწილში, ვინაიდან შტატების შემცირებისას არ არსებობს შესათავაზებელი ვაკანტური თანამდებობა. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე იყო საჯარო მოხელე და მასზე ვრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოთხოვნები, სადაც კონკრეტულად გათვალისწინებულია გათავისუფლების წესი და პირობები.
კასატორმა განჩინება ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია იძულებითი განაცდური ხელფასისა და დანამატების ანაზღაურების ნაწილშიც, ვინაიდან დანამატები საჯარო მოხელეებს ეძლეოდათ «განვითარების ფონდიდან», რაც ვერ მოექცევა ბიუჯეტიდან დასაფინანსებელ თანხებში, ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37.4 მუხლის თანახმად მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და ამიტომ მისი ანაზღაურება შეუძლებელია. მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს არ შეესაბამება მოსარჩელის აღდგენა ტოლფას თანამდებობაზე, ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127.5 მუხლის მოთხოვნა, რომ სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე ექვემდებარება აღდგენას, გულისხმობს მის მიერ ადრე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენას, «ტოლფასი» თანამდებობის ცნებას არც «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი და არც შრომის კანონთა კოდექსი არ ითვალისწინებს. განჩინება უსაფუძვლოა მოსარჩელისსამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენის ნაწილშიც, ვინაიდან ვაკანტური საშტატო ერთეულის არ არსებობის პირობებში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება გამოიწვევს კანონიერად დანიშნული სხვა მოხელის უსაფუძვლო გათავისუფლებას სამუშაოდან, რაც ახალი სარჩელის წარმოშობის საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობს საჯარო-სამსახურებრივი სამართალურთიერთობებიდან, დ. ლ-ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას და გათავისუფლების დღიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სამსახურიდან დ. ლ-ის გათავისუფლების ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და არა ადმინისტრაციულ გარიგებას, შესაბამისად საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო ურთიერთობები უნდა გადაწყდეს სკ-ის 54-ე მუხლის და სზაკ-ის 70-ე მუხლის მიხედვით. ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 თავი და მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტი, აგრეთვე ადმინიტსრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის «ბ» ქვეპუნქტი, 251 მუხლი ითვალისწინებენ «ადმინისტრაციული ხელშეკრულების» ცნებას, რაც სამართლებრივად არსებითად განსხვავდება მანამდე კანონმდებლობაში დამკვიდრებული ადმინისტრაციული გარიგების ცნებისაგან და გამორიცხავს ცალმხრივი ადმინისტრაციული გარიგების არსებობას ადმინიტსრაციულ სამართალურთიერთობაში. ამრიგად საკანონმდებლო ნოვაციების გათვალისწინებით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება (ბრძანება) მიჩნეული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ აქტად, კერძოდ სზაკ-ის მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტით და IV თავით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ დავები განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შესახებ დავებად, სასკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა სზაკ-ის აქტის გამოცემის მომწესრიგებელი შესაბამის ნორმებთან და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის ნორმებთან.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტში»ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიებისა და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ» ფინანსთა მინისტრის 23.08.04წ. ¹550 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო ორგანოებში განხორციელდა რეორგანიზაცია და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის, მთაწმინდა-კრწანისის, ვაკე-საბურთალოს, ისან-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის საგადასახადო ინსპექციების ბაზაზე ჩამოყალიბდა ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების – საგადასახადო დეპარტამენტის გამგებლობაში მყოფი ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია, რასაც «ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ» ფინანსთა მინისტრის 10.09.04წ. ¹586 ბრძანების საფუძველზე თან სდევდა შტატების შემცირება.რეორგანიზაციამდე .......... განყოფილების ფუნქციები განსაზღვრული იყო «ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის და უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ» ფინანსთა მინისტრის 03.05.04წ. ¹299 ბრძანებით, რომლის თანახმად ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექცია წარმოადგენდა განსხვავებული უფლებამოსილების მქონე ინსპექციას, მის სამოქმედო ტერიტორიად და უფლებამოსილებად განსაზღვრული იყო თბილისის დანარჩენი ზონალური საგადასახადო ინსპექციის ....... ჩატარება. ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციაში არსებულ ......... განყოფილების ბაზაზე შეიქმნა ანალოგიური ფუნქციების და დასახელების სამმართველო რეორგანიზებულ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში. რეორგანიზაციამდე თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის ........ განყოფილებაში საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრებოდა 111 საშტატო ერთეულით, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ შეიქმნა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის .......... სამმართველო ორი განყოფილებითა და 90 საშტატო ერთეულით. რეორგანიზაციის შედეგად ......... განყოფილებაში დარჩა 48 საშტატო ერთეული, ხოლო ახლად ჩამოყალიბებულ ........ განყოფილებაში 42 საშტატო ერთეული.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობის შემცირება თავისთავად არ ადასტურებს «დ. ლ-ის გათავისუფლების შესახებ» ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.04წ. ¹3625-პ ბრძანების მართლზომიერებას. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს შემცირებასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლების წესს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მოხელის გათავისუფლება არ დაიშვება, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტი წარმოადგენდა არა საგამონაკლისო ნორმას, არამედ რეორგანიზაციის შედეგად მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო წესს. მიუხედავად ამისა, საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ადმინისტრაციას დ. ლ-თვის სხვა თანამდებობაზე დანიშვნა არ შეუთავაზებიათ. ამდენად არ არსებობდა საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.04წ. ¹3625-პ ბრძანებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლზე მითითებით, დ. ლ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. საკასაციო პალატა თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.04წ. ¹3625-პ ბრძანება დ. ლ-ის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის ......... განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და გამოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, კერძოდ, დ. ლ-ის სამსახურიდან დათხოვნისას ადმინისტრაციის მიერ არ იქნა დაცული «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა. ის გარემოება, რომ რეორგანიზაციას თან ახლდა შტატების შემცირება არ ათავისუფლებდა ადმინისტრაციას მოხელისათვის კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის შეთავაზებისაგან, ადმინისტრაცია ვალდებულია, დაიცვას ხსენებული ნორმის მოთხოვნა, რომელიც დათხოვნამდე სხვა სამუშაოს შეთავაზებას ითვალისწინებს სწორედ შტატების შემცირების დროს და შესასრულებლად სავალდებულოა ყველასათვის. ამდენად, დაწესებულების რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, შეიძლება იქცეს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, უკეთე მოხელე უარს იტყვის სხვა შეთავაზებულ თანამდებობაზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 23.12.05წ. კანონით «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონში შეტანილ ცვლილება-დამატებები, კერძოდ კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის გაუქმება ვერ იქონიებს ზემოქმედებას განსახილველი ურთიერთობების მიმართ, ვინაიდან სადავო ურთიერთობები წარმოქმნილია 23.12.05წ. კანონის ძალაში შესვლამდე (01.01.06წ.) «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ნორმატიულ აქტს უკუქცევითი ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ასეთ მითითებას 23.12.05წ. კანონი არ შეიცავს. არ დაიშვება კანონისათვის უკუქცევითი ძალის მინიჭება, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ბრძანების კანონიერება ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დადგინდეს.
სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით დ. ლ-ე აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე. თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში განჩინება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის 30.12.04წ. ¹1556-პშ ბრძანებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის და 30-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, დ. ლ-ე დაინიშნა ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სპეციალურ გამოკვლევათა სამსახურის ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად კონკურსის წესით დასანიშნი კანდიდატურის შერჩევამდე. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სამსახურში მოსარჩელის დაუყოვნებლივ აღდგენის დაუშვებლობის შესახებ ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო.
რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ დ. ლ-ეს სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნული ნაწილი მართებულად დაკმაყოფილდა, ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 112-ე მუხლის მოთხოვნით სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილ მოხელეს აუნაზღაურდება იძულებითი განაცდური ხელფასი, რომელიც ამავე კანონის 37.1 მუხლის მიხედვით მოიცავს: თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და სხვა დანამატებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სსკ-ის 41-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 25.04.05წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.