Facebook Twitter

საქმე №ას-382-366-2016 16 ივნისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – გ. ბ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ფ. მ-ე, ვ. ბ-ე, შპს „ბ-ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დამატებითი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. ბ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ფ. მ-ის, ვ. ბ-ისა და შპს „ბ-ოს“ მიმართ გარიგებების ბათილად ცნობისა და წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით ფ. მ-ის და ვ. ბ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა და გ. ბ-ას ფ. მ-ის და ვ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 4000 (ოთხიათასი) ლარის გადახდა.

5. 2016 წლის 29 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართეს ფ. მ-ემ და ვ. ბ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლო დავის დასრულებამდე გ. ბ-ასთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, დასახლება დ. დ., მიკრო/რაიონი ..., კორპუსი ..., სართული .., ბინა #.... (ს/კ ........) გასხვისების აკრძალვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინებით ფ. მ-ის და ვ. ბ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; გ. ბ-ას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისი, დასახლება დ.დ., მიკრო/რაიონი ...., კორპუსი ...., სართული ...., ბინა #..... (ს/კ ......) გასხვისება;

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე, 271-ე მუხლებით და გაიზიარა განმცხადებლების პოზიცია, რომ მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სამომავლოდ შესაძლოა გაძნელდეს ან შეუძლებელი გახდეს მოცემულ დავაზე მიღებული დამატებითი გადაწყვეტილების აღსრულება, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიმართ განმცხადებელებს გააჩნდათ დაცვის ღირსი ინტერესი, რის გამოც ფ. მ-ის და ვ. ბ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილებულიყო.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა გ. ბ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

9. სააპელაციო პალატის 2016 წლის 8 იანვრის განჩინებით გ. ბ-ას უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადავადებაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა სარწმუნო მტკიცებულებები მის მიერ ბაჟის გადახდის შესაძლებლობის თაობაზე, ხოლო 21 დღის შემდგომ სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ბ-ა ვერ შეძლებდა იურიდიული მომსახურების ხარჯის, 4000 ლარის გადახდას. საჩივრის ავტორის მითითებით, გაუგებარია, სასამართლოს რა აძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ გ. ბ-ას ფინანსური მდგომარეობა იმდენად გაუარესებულია, რომ აღსრულებისას ისეთი მიზერული თანხის გადახდასაც ვერ შეძლებს, როგორიცაა 4000 ლარი, მაშინ როდესაც სასამართლომ არ გაიზიარა გ. ბ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე ამ უკანასკნელის პოზიცია და მიიჩნია, რომ მისი მდგომარეობა იმდენად სტაბილური იყო, რომ უპრობლემოდ შეძლებდა სააპელაციო საჩივარზე სახ. ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდას; საჩივრის ავტორის განმარტებით, ფ. მ-ის და ვ. ბ-ის განცხადების განხილვისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში არ უნდა გამოეყენებინა უზრუნველყოფის ღონისძიება. ამასთან, საჩივრის ავტორის აზრით, გამოყენებული ღონისძიება მოთხოვნის პროპორციული არ არის, რადგან 4000 ლარის გამო აკრძალვა დაედო ქონებას, რომელიც საბაზრო ღირებულებით მინიმუმ 20-ჯერ აღემატება მოთხოვნას, მაშინ, როდესაც გ. ბ-ას გააჩნია სხვა მოძრავი ნივთები, რომელთა ღირებულებაც ბევრად აღემატება აღსრულებისთვის საჭირო მიზერულ 4000 ლარს და უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლებელი იყო მოთხოვნის ამ ნივთებით უზრუნველყოფა.

10. საჩივრის ავტორის განცხადებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შეტანის უფლება აქვს მხოლოდ მოსარჩელეს. ფ. მ-ე და ვ. ბ-ე კი არ არიან მოსარჩელეები.

11. ამასთან, სასამართლომ ისე მიიღო 2016 წლის 29 იანვრის განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რომ გ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი წარმოებაშიც არ ჰქონდა მიღებული, ხოლო შემდგომ ორივე განჩინება (უზრუნველყოფის შესახებ და სააპელაციო საჩივრზე ხარვეზის დადგენის შესახებ) ერთდროულად გადაეგზავნა მას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი ეჭვობს, რომ სასამართლო არის მიკერძოებული და ტენდენციური, ვინაიდან ამ ორი განჩინებით ფაქტიურად სასამართლომ მთლიანად გადაუკეტა მას თავისი დარღვეული და შელახული უფლებებისათვის ბრძოლის გზა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით გ. ბ-ას საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად, განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

13. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე და არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ რომ ფ. მ-ის და ვ. ბ-ის განცხადების განხილვისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში არ უნდა გამოეყენებინა უზრუნველყოფის ღონისძიება.

14. სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის რეგულირებისათვის არ ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილ მტკიცების სტანდარტს. ის, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მომთხოვნი პირი ვალდებულია უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით დაამტკიცოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, არ გამომდინარეობს არც სსსკ 191-ე და არც სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მარეგულირებელი სხვა ნორმებიდან. სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოთხოვნა სარჩელის (გადაწყვეტილების) უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების არსებობის ალბათობა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ შესაძლოა გაასხვისოს სადავო ქონება, გადასწონის ვარაუდს მისი არარსებობის, ანუ იმის შესახებ, რომ იგი არ გაასხვისებს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას (იხ. სუსგ 2012 წლის 3 დეკემბერი, #ას-1461-1379-2012).

15. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება, რომ ვინაიდან ფ. მ-ე და ვ. ბ-ე არ არიან მოსარჩელეები, მათ არ შეეძლოთ უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების წარდგენა. სასამართლოს განმარტებით, მართლია სსსკ-ის 191-ე მუხლი მიუთითებს მოსარჩელის უფლებებზე, თუმცა ამავე კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის დანაწესით და დამატებითი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენა შესაბამისი ღონისძიება.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარდგენილი საჩივარი არ შეიცავდა იმ ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ას საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 411-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერსების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.

20. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ას სარჩელი ფ. მ-ის, ვ. ბ-ისა და შპს „ბ-ოს“ მიმართ გარიგებების ბათილად ცნობისა და წილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

21. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით ფ. მ-ის და ვ. ბ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა და გ. ბ-ას ფ. მ-ის და ვ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 4000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდა.

22. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ფ. მ-ემ და ვ. ბ-ემ მოითხოვეს გ. ბ-ასათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე, ქალაქი თბილისი, დასახლება დ. დ., მიკრო/რაიონი ..., კორპუსი ..., სართული ...., ბინა #.... (ს/კ ......) გასხვისების აკრძალვა. განმცხადებლები თავიანთ მოთხოვნას აფუძნებენ იმ გარემოებას, რომ მათი ინფორმაციით, გ. ბ-ა არ აპირებს თანხის გადახდას და ყიდის უძრავ ქონებას, რათა გადაწყვეტილება არ მიექცეს აღსასრულებლად. გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა კი, მათი აზრით, დამოკიდებული იქნება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.

23. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლების მხოლოდ მითითება იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა გ. ბ-ას მიერ ქონების გასხვისების ალბათობა, საკმარისი იყო სასამართლოსათვის გამოეყენებინა უზრუნველყოფის ღონისძიება და კონკრეტულ შემთხვევაში აეკრძალა ბ-ასათვის მის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

25. მოცემულ შემთხვევაში პალატა იზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განმცხადებლების ზემოაღნიშნული ვარაუდი (ქონების მოსალოდნელი გასხვისების შესახებ) არ ემყარება საქმეში არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომელთა წარმოდგენის ვალდებულებაც მათ ეკისრებოდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების შესაბამისად. საქმეში ასევე არ მოიპოვება ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულების დამდგენი რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებულ თანხასთან გ. ბ-ას საკუთრებაში არსებული ქონების ღირებულების შესაბამისობას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინების გარეშე კი არ არსებობს იმის რალური საშიშროება, რომ მოპასუხე ამ ქონებას აუცილებლად გაასხვისებს და ამით საფრთხე შეექმნება გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც საკასაციო სასამართლოს აზრით, არ ქმნის მოცემული სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას.

26. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ჩამონათვალი, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მხარის მოთხოვნით სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებებიც, რომლებიც ამ ჩამონათვალში მითითებული არ არის (მაგ. დეპოზიტზე თანხის განთავსება), რომელიც უფრო შესაბამისობაში იქნება აღსასრულებელი გადაწყვეტილებით მიკუთვნებული თანხის ოდენობასთან.

27. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც საპროცესო კანონმდებლობა მხარეს სთავაზობს უზრუნველყოფის არაერთი ღონისძიების გამოყენების შესაძლეობლობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასახილველ შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქონების გასხვისების აკრძალვის გამოყენება არ მოხდა მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, რის შესახებაც არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარი პრაქტიკა.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილი საჩივარი საფუძვლიანია და არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. ბ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინება;

3. ფ. მ-ისა და ვ. ბ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გ. ბ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე, ქ. თბილისი, დასახლება დ. დ., …მ/რ, კორპ. …, სართ. .., ბ.#....(ს/კ: …..) გასხვისების აკრძალვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე