№ ას-1082-1019-2015 14 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ს-ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „სადაზღვევო კომპანია ა-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება
დავის საგანი – საბანკო გარანტიის საფუძველზე ფულადი თანხის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ს-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ მიმართ სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის საფუძველზე და მოითხოვა მასსა და შპს „ბ-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისათვის საგარანტიო თანხის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით:
2. 2013 წლის 19 მარტს შპს „ს-ასა“ და შპს „ბ-ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ბ-ს“ შპს „ს-ისათვის“ უნდა მიეწოდებინა 1100 ცალი კონტეინერი. აღნიშნული ხელშეკრულების შესრულება უზრუნველყოფილი იყო მოპასუხის მიერ გაცემული საბანკო გარანტიით №ფრი/13020032 საერთო თანხაზე 12 795 ლარი. შპს „ბ-მა“ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მას წარმოეშვა უფლება სადაზღვევო კომპანიისათვის მოეთხოვა საბანკო გარანტიის თანხა. მოთხოვნა გაფორმდა წერილობითი ფორმით და ჩაბარდა შპს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ უფლებამოსილ თანამშრომელს, მოპასუხის ცხელი ხაზის მეშვეობით მიღებული მითითების შესაბამისად. აღნიშნული დასტურდება თანამშრომლის ხელმოწერით და სამსახურებრივი ბეჭდით. მოპასუხეს აღნიშნული თანხა არ გადაუხდია.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ს-ამ“ საგარანტიო თანხა მოითხოვა საბანკო გარანტიის ვადის გასვლის შემდეგ. კერძოდ, 2013 წლის 23 ივლისს, რაც გამორიცხავდა საბანკო გარანტიის თანხის გაცემის საფუძველს.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ს-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „სადაზღვევო კომპანია ა-ს“ შპს „ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 12 795 ლარის გადახდა.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „სადაზღვევო კომპანია ა-მა“.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ს-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა-იმ” 2013 წლის 27 თებერვალს გასცა საბანკო გარანტია შპს ,,ს-ის” მიმართ, რომლითაც იკისრა პასუხისმგებლობა შპს ,,ბ-ის“ მიერ შპს ,,ს-ის” წინაშე ვალდებულების შესრულებაზე 12 795 ლარის ფარგლებში; საბანკო გარანტია ძალაში იყო 2013 წლის 22 ივნისის ჩათვლით.
9. შპს „ბ-მა“ დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულება, რის გამოც შპს ,,ს-ამ” შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა-ისადმი” თანხის გადახდის თაობაზე წერილობითი მოთხოვნა 2013 წლის 21 ივნისს ჩააბარა ექიმ ი. პ-ს.
10. სააპელაციო პალატის განმარტებით, შპს ,,ს-ას” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესით, არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ექიმი ი. პ. იყო სათანადოდ უფლებამოსილი პირი, მიეღო შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა-ისადმი” განკუთვნილი კორესპონდენცია, კერძოდ, არ იყო დადასტურებული, რომ ექიმი ი. პ. დასაქმებული იყო შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა-ში” და მას სამსახურებრივად ევალებოდა ამგვარ კორესპონდენციაზე სათანადო რეაგირების განხორციელება. ასევე არ დასტურდებოდა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა-ის” ცხელი ხაზის მეშვეობით შპს ,,ს-ას” მიეცა მითითება წერილობითი მოთხოვნა ჩაებარებინა სწორედ ექიმ ი. პ-სათვის.
11. პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სხვა წერილობითი მოთხოვნა, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, შპს ,,ს-ას” 2013 წლის 22 ივნისის ჩათვლით შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა-ისათვის” არ წარუდგენია.
12. სასამართლომ აღნიშნა, შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა-მა” (გარანტმა), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის შესაბამისად, 2013 წლის 27 თებერვალს გაცემული საბანკო გარანტიის ძალით, პრინციპალის - შპს „ბ-ის“ თხოვნით, იკისრა წერილობითი ვალდებულება, პრინციპალის კრედიტორისათვის (ბენეფიციარი) - შპს ,,ს-ისთვის” გადაეხადა ფულადი თანხა, გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
13. პალატამ სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ შპს ,,ს-ას” საბანკო გარანტიიდან გამომდინარე თანხის გადახდის მოთხოვნა შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა-ისათვის” საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში არ წარუდგენია, რის გამოც გარანტის უარი თანხის გადახდაზე კანონიერი იყო. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შპს „ს-ამ“ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება შემდეგი დასაბუთებით:
15. კასატორის განცხადებით, საქმეში დევს წერილობითი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მოთხოვნის დროულად ჩაბარების ფაქტს, მასზე აღბეჭდილია შპს ა-ის ბეჭედი და წარმომადგენლის ხელმოწერა.
16. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 316-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო ურთიერთობის ყველა მონაწილე ვალდებულია გამოიჩინოს განსაკუთრებული გულისხმიერება მეორე მხარის უფლებების მიმართ. განსახილველ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარემ დაარღვია აღნიშნული მუხლის მოთხოვნები და ცხელი ხაზის მეშვეობით შეცდომაში შეიყვანა კასატორი არასწორი მითითებების შედეგად. მხარე ვალდებული იყო სათანადოდ მოემზადებინა თავისი თანამშრომლები, რათა მათ მიეცათ სწორი მითითებები ცხელ ხაზზე დასმულ შეკითხვებზე. იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ი. პ. და სხვა ექიმები, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის სახელით ღებულობენ პაციენტებს, აძლევენ მათ დანიშნულებებს და, რაც მთავარია, სარგებლობენ შპს „ა-ის“ სველი ბეჭდებით, არ არიან კომპანიის წარმომადგენლები, ისინი გაფრთხილებული უნდა ყოფილიყვნენ მათი კომპენტენციის ფარგლების თაობაზე. მხარეს რომ გამოეჩინა სათანადო გულისხმიერება თუნდაც ერთ შემთხვევაში, სს „ს-ას“ მიეცემოდა შესაძლებლობა მიეღო კუთვნილი თანხა გარანტიის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში კი სახეზეა ბოროტი განზრახვა.
17. სასამართლოს აზრით, არ იქნა დამტკიცებული ის გარემოება, რომ ექიმი ი. პ. იყო უფლებამოსილი ჩაებარებინა მოთხოვნა.
18. კასატორის განმარტებით, აპელანტი სააპელაციო საჩივარში თავადვე აღიარებს, რომ კონტრაქტორ საავადმყოფოებში გამოყოფილი იყო მუშაკები (მათ შორის ი. პ.), რომლებიც ღებულობდნენ აპელანტის პაციენტებს და ახორციელებდნენ ამ გზით მათ წარმომადგენლობას. ექიმი ი.პ-ე ამასთან ერთად სარგებლობდა სველი ბეჭდით, რომელზეც დატანილი იყო მოწინააღმდეგე მხარის რეკვიზიტები და სხვა მონაცემები. შესაბამისად, არ არსებობდა ი. პ-ის კომპეტენციაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
19. არასწორია სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ექიმ ი. პ-ის კომპეტენციას ამგვარი კორესპოდენციის ჩაბარებაზე. კასატორის აზრით, აღნიშნულის მტკიცების ტვირთი მას არ უნდა დაკისრებოდა. მსგავსი უფლება-მოვალეობები გაწერილია საწარმოს შიდა დოკუმენტებში და მესამე პირებისათვის ხელმისაწვდომი არ არის. მოცემულ შემთხვევაში წერილის ჩაბარებაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს უარი რომ განეცხადებინა, მაშინ ორგანიზაცია სხვაგვარად მოახდენდა მის ჩაბარებას. საქმეში მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადგენილია, რომ ცხელი ხაზის მეშვეობით სს „ს-ამ“ მიიღო მითითება წერილის ი. პ-ისთვის ჩაბრების შესახებ. აღნიშნულ გარემოებას სასამართლოც დადგენილად მიიჩნევს. თუმცა მხედველობის მიღმა რჩება ის ფაქტი, რომ კასატორი მოკლებულია შესაძლებლობას იქონიოს აღნიშნულის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება - სატელეფონო ჩანაწერი, რაც საჭიროებს სპეციალურ აპარატურას და სათანადო სამართლებრივ ნებართვას.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
24. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
26. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 639.75 ლარის 70% – 447.825 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ შპს „ს-ას“ (ს/კ: .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 8 ოქტომბერს №5 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 639.75 ლარის 70% – 447.825 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე