Facebook Twitter

საქმე №ას-417-400-2016 7 ივლისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნ. ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. თ-ე (მოსარჩელე), ნ. ბ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ. თ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ბ-ის და ნ. ბ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სარჩელი ნ. ბ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნ. ბ-ეს ნ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 57100 აშშ დოლარის გადახდა; ნ. თ-ის სარჩელი ნ. ბ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-ემ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 აპრილის განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის, 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.

7. აღნიშნული განჩინება პირადად ჩაბარდა აპელანტს, ნ. ბ-ეს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მას ხარვეზი არ შეუვსია, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. ბ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

9. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. სასამართლომ აპელანტს დააკისრა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი და ხარვეზის შესავსებად მისცა 14 დღიანი ვადა, რაც იმთავითვე აბსურდი და კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებაა, რადგან უმუშევარი ადამიანი 14 დღეში ვერც სამსახურს იშოვის და ვერც ამხელა თანხას. სწორედ ამის გამო იშუამდგომლა მან სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აქვს გაკეთებული განმარტება, რომ სასამართლოს უარი, განიხილოს საჩივარი ფასდება, როგორც უარი მართლმსაჯულების განხორციელებაზე, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება კონვენციის მე-6 მუხლს, რომლითაც განმარტებულია სამართლიანი სასამართლოს უფლების არსი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ბ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ და აპელანტს დაევალა 14 დღის ვადაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამასთან, საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (იხ. ს.ფ. 353-357).

14. დადგენილია ასევე და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად 2016 წლის 1 მარტს (იხ. ს.ფ. 372). სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამოიწურა 2016 წლის 15 მარტს, ხოლო აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია და არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა შუამდგომლობაში მის მიერ მითითებული გარემოებები და გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ვინაიდან იგი იყო უმუშევარი და 14 დღის ვადაში ვერც სამსახურს იშოვიდა და ვერც ამ თანხას გადაიხდიდა.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

17. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

18. მოცემულ შემთხვევაში, მხარემ გადახდისუუნარობის დასასაბუთებლად სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა მეზობლების, მ. კ-ისა და გ. გ-ის ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება, სადაც აღნიშნული პირების მიერ დადასტურებულია, რომ ნ. ბ-ე არის დროებით უმუშევარი (იხ. ს.ფ. 344).

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, ვინაიდან მეზობლების მიერ დადასტურებული ფაქტი, რომ ის არის დროებით უმუშევარი, არ შეიძლება მივიჩნიოთ მისი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად. აღნიშნული განცხადების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მხარის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რომლებიც სააპელაციო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

21. მითითებული ნორმა გარკვეულწილად ზღუდავს სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით და აღნიშნული ვადის გაგრძელებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას მხარე მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ და საკუთარი ინიციატივით აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებით დროს ვერ განუსაზღვრავს.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

23. მოცემული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივით კვლავ გაეგრძელებინა ვადა აპელანტისთვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობებს ქმნიდა.

24. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო მას შეეზღუდა საკუთარი კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით დაცვის უფლება, საკასაციო სასამართლო აღნიშნულს უსაფუძლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს და განმარტავს შემდეგს:

25. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემული სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით. მხარის საპროცესო მოვალეობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობის თაობაზე კი, დადგენილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, რაც სასამართლოსათვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელ წესს წარმოადგენს. შესაბამისად, მხარის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მხარის კანონიერი უფლებების ხელყოფად ვერ შეფასდება.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე